ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილის კონფლიქტოლოგია

ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა. გაზეთ რეზონანსისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „სერიოზული სტრატეგიული შეცდომა დაუშვა”, რადგან აფხაზურ და ოსურ მხარეებს კონფლიქტის მხარეებად არ აღიარებს.

ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ცხინვალთან და სოხუმთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებას არ აპირებს. შესაბამისად, „კონფლიქტის მოგვარება არ სურს”. ბიზნესმენი საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით დიალოგის რეჟიმის შექმნას უჭერს მხარს. ის რუსეთთან, აფხაზურ და ოსურ მხარეებთან „საგნობრივი მოლაპარაკებების” წარმოებას ემხრობა – როგორც უსაფრთხოების გარანტიებზე, ასევე ნდობის აღდგენაზე.

ამავე დროს, ივანიშვილი მიანიშნებს კონკრეტულ დათმობაზე, რომელზეც მზადყოფნას გამოთქვამს. ის აპირებს შეარბილოს რიტორიკა მოსკოვის მისამართით და დეოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დონეზე აქტიურად აღარ დასვას. ბიზნესმენის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მას არ სურს, „ყოველდღიურად უკიჟინოს” აშშ-სა და ევროკავშირს, რომ რუსეთი ოკუპირებული რეგიონებიდან გააძევოს. ივანიშვილის აზრით, ამით პრობლემის მოგვარების „მხოლოდ ილუზია” შეიქმნება. ბიზნესმენი სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთზე დასავლეთის ზეწოლის მიმართ – რომელსაც, მისი თქმით, მოსკოვი „ვერ გრძნობს” – „თუ არ ჩავთვლით ცალკეულ, თუმცა საკმაოდ პრინციპულ განცხადებებს”.

ბიზნესმენი აღიარებს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების პრობლემა რუსეთს „მძიმე ტვირთად” აწევს. ის მზადყოფნას აცხადებს, მოსკოვს ეს ტვირთი შეუმსუბუქოს.

მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლიდან ჟენევაში მიმდინარეობს. მასში სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. თუმცა, არა დამოუკიდებელი მხარეების სტატუსით, არამედ პერსონალურად, სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში – ისევე, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლები.

მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ უსაფრთხოების საკითხებია. თუმცა, მხარეების ხედვა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით განსხვავებულია. ეს კონსულტაციების ბოლო რაუნდზე 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დადასტურდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გაიმეორა მოსკოვის მთავარი მოთხოვნა თბილისის მიმართ. კრემლი სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების უპირობოდ ხელმოწერას ითხოვს. კარასინმა მთავარ პრობლემად დაასახელა საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის უარი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე.

რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებზე ყველა საკითხი დაბლოკეს. მათ განაცხადეს, რომ ნებისმიერ თემაზე, მათ შორის უსაფრთხოებასა და დევნილთა დაბრუნებაზე, საუბრის გაგრძელება მხოლოდ პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ არის შესაძლებელი.

თბილისი, ბუნებრივია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისა და მათთან რაიმე შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგია, რაც ამ რეჟიმებს ლეგიტიმურობას შესძენდა. მით უმეტეს, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის პირობა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ცალმხრივად უკვე დადო.

არსებულ სიტუაციაში, მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის კონსოლიდირებული პოზიციის პირობებში, სეპარატისტული რეჟიმების „მხარეებად” აღიარება მათი პირობების შესრულებას ნიშნავს. ეს გულისხმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას და მათთან შეთანხმების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. რაიმე „საგნობრივი” მოლაპარაკების წარმოება მათთან მხოლოდ ამ პირობებში იქნება შესაძლებელი.

იმის წარმოდგენა, რომ რაიმე საკითხში სოხუმი ან ცხინვალი კრემლისგან დამოუკიდებელ პოზიციას დაიკავებენ, ამ ეტაპზე ძნელია. აფხაზეთის ბიუჯეტის ფორმირება 70 პროცენტით რუსული დოტაციებით ხდება, სამხრეთ ოსეთის კი თითქმის 100 პროცენტით. მათ ტერიტორიაზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები და მოქმედებს რუსული უშიშროების სტრუქტურები.

აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” ცნო. კრემლი მათ სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს და საერთაშორისო დონეზე მათი „დამოუკიდებლობის” აღიარებას წარუმატებლად, მაგრამ მაინც ლობირებს. ამ პირობებში, ადგილობრივ რეჟიმებს, თბილისისკენ რაიმე კომპრომისული ნაბიჯის გადასადგმელად – თუნდაც დევნილების დაბრუნების საკითხში – არანაირი სტიმული არ აქვთ.

ივანიშვილის წინადადება სოხუმისა და ცხინვალის „მხარეებად აღიარების” თაობაზე სიახლეს არ წარმოადგენს – სწორედ ასეთ ფორმატში, რუსეთის „შუამავლობით”, აპირებდა კონფლიქტების დარეგულირებას წინა ხელისუფლება 2003 წლამდე. 2004-2008 წლებში თბილისი ცდილობდა, საერთაშორისო დონეზე სამშვიდობო ოპერაციების ფორმატის შეცვლის საკითხი დაესვა, რასაც მოსკოვი და სეპარატისტული რეჟიმები ეწინააღმდეგებოდნენ.

აგვისტოს ომის წინა პერიოდშიც თბილისი აფხაზურ და ოსურ მხარეებს უშუალო მოლაპარაკებებს უშედეგოდ სთავაზობდა. წინაპირობად კი მათგან კოდორის ხეობიდან ჯარის გაყვანის და ძალის გამოუყენებლობაზე დოკუმენტის ხელმოწერის მოთხოვნას იღებდა. ეს მოსკოვის პოზიციასთან სრულად თანხვდებოდა.

ივანიშვილის მტკიცებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “მხარეებად აღიარების” მოთხოვნა ტალიავინის კომისიის რეკომენდაციაა, რასაც თბილისი „იგნორირებას უწევს”. თუმცა, ევროკავშირის ფაქტების დამდგენი კომისიის ანგარიშის დასკვნითი, რეკომენდაციების ნაწილი, მსგავს მოთხოვნას არ შეიცავს. მოხსენების ავტორები საერთაშორისო თანამეგობრობას ურჩევენ, უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარებაში. ამავე დროს, აღნიშნავენ, რომ დაინტერესებულ მხარეებს (რუსეთს) სამშვიდობო პროცესში მედიატორისა და არბიტრის როლი არ უნდა მიეცეს.

კომენტარები