დემოკრატია

გვინდა კი დემოკრატიზაცია?

0 კომენტარი

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ სამუშაო მრგვალ მაგიდას დავესწარი, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს განიხილავდნენ. ეს ის პერიოდია, როცა სინგაპურზე საუბარი შემოვიდა მოდაში. ერთ-ერთმა უცხოელმა სტუმარმა ასეთი რჩევა მოგვცა – რას იტანჯავთ თავს დემოკრატიაზე დისკუსიით, თუ განვითარება გსურთ და სინგაპურის მოდელი გხიბლავთ, თქვით და ჰქენით, შინაურისთვისაც გასაგები იქნება და გარეულისთვისაცო. მას მერე, ისე მოხდა, რომ შეხვედრებზე იშვიათად დავდივარ და ყოველდღიურ საზოგადო სჯა-ბაასსაც ნაწყვეტ-ნაწყვეტ თუ მოვკრავ ხოლმე ყურს. არადა, როგორც აღმოვაჩინე, თემა „მოდერნიზაცია”vs. „დემოკრატიზაცია”, იგივე „სინგაპური”vs. „ევროპა” არც ახლა ყოფილა ძველი. „საქართველოს არჩევანი”, „საქართველო, სინგაპური, ევროკავშირი”, „ჰეგემონური დემოკრატია” – თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ ეს თემები საქართველოში ისევ აქტუალურია.

კაცმა რომ თქვას, რა თქვა არასწორი ჩვენმა მეგობარმა უცხოელმა? თუ ფაქტებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ბოლო ათწლეულებში ყველაზე წარმატებული ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა იმ ქვეყნებმა უფრო შეძლეს, სადაც დემოკრატია სულაც არ უსწრებდა წინ ეკონომიკურ მოდერნიზაციას, პირიქით, მერე თუ მოჰყვა მას. მდიდარი ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი სულაც არაა დემოკრატია. დემოკრატიზაცია სუსტი ეკონომიკისა და ინსტიტუტების პირობებში ხელსაც კი შეიძლება უწყობდეს არასტაბილურობას და კონფლიქტების გაჩაღებას. ლოგიკურად ისმის კითხვა – მაშ, რატომ დემოკრატია?

ერთი არგუმენტია, რომ დემოკრატიობანას თამაშს დამატებითი მატერიალური სარგებელი აქვს, დახმარება მოაქვს დემოკრატიული ქვეყნებისაგან. სტრატეგიული რესურსიაო, – იტყვიან სხვები, – თუ დემოკრატია არ ხარ ან არ გსურს ამ მიმართულებით წახვიდე, არც არავინ დაინტერესდება შენითო. პრაგმატულად თუ შევხედავთ, ერთიც სუსტი არგუმენტია და მეორეც. დემოკრატიზაციისთვის გაწეული დახმარება კაპიკებია, ხოლო ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას სხვა ფაქტორები განსაზღვრავს და დემოკრატიულობა-არადემოკრატიულობა მხოლოდ გარეგნულად აკეთილშობილებს მას.

მეტიც, კვლევების დიდი ნაწილი აჩვენებს, რომ განვითარებას ხელს უწყობს არა უშუალოდ დემოკრატია, არამედ კანონის უზენაესობა. კანონის უზენაესობა ქმნის მყარ მოლოდინებს ეკონომიკაში, იცავს კერძო საკუთრებას, განსაკუთრებით სწყალობს ინვესტორებს, ეს კი ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. კანონის უზენაესობა კი არაა აუცილებელი, მხოლოდ დემოკრატიაში არსებობდეს. კანონი მთავარია ადეკვატური იყოს და ეფექტიანად აღესრულებოდეს, თორემ მონაწილეობის რა ხარისხითაა იგი მიღებული, არავინ დაგიდევს. მეტიც, ვაი იმ დემოკრატიას, სადაც კანონი მიიღება, მაგრამ არ კანონობს. ისტორიული მაგალითები აჩვენებს, რომ ასეთი დემოკრატიების ბოლო ისევ დიქტატურაა.

რას მიგვანიშნებს ეს ყველაფერი ერთად? გვეუბნება კი რამეს დემოკრატიის სასარგებლოდ? ალბათ, მაინც კი და თანაც იქ, სადაც პასუხებს არ ველით. მანამდე, ისევ ფაქტებს გადავავლოთ თვალი. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარული რეჟიმების ნაწილმა მოახერხა სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა, იმავე სახის რეჟიმების ძალიან დიდმა ნაწილმა ეს ვერ შეძლო და სამოქალაქო ომებისა და გადატრიალებების კასკადში ჩაეფლო; დემოკრატიების აბსოლუტური უმრავლესობა იმავდროულად განვითარებული ქვეყნებია, ხოლო მდიდარი ავტორიტარული ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი რესურსებზე დამოკიდებული სისტემებია და მართალია, ეკონომიკის მაღალი მაჩვენებლები აქვს, მაგრამ არ გამოირჩევა ცხოვრების მაღალი ხარისხით. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორიც, ჩამოყალიბებული დემოკრატები უფრო მშვიდობისმოყვარენი არიან, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმები, რაც საბოლოოდ (საერთაშორისო ვაჭრობის გზით) ისევ განვითარებას უწყობს ხელს.

დემოკრატიზაციის სასარგებლო ყველაზე მთავარი არგუმენტი მაინც მიკროდონეზე – აქტორების არჩევანშია. ამის საილუსტრაციოდ თამაშის მარტივი ფორმალური მოდელი გამოდგება. თამაშში ჩართული მხარეები (პოლიტიკური აქტორები) დღეს ფლობენ მთავარ ინფორმაციას, რომელიც ემპირიული გამოცდილებიდან მომდინარეობს. კერძოდ, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, შეუძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელისუფლების შენარჩუნება. ცხადია, „ხანგრძლივი” პირობითი ცნებაა და 40 წლამდეც კი შეიძლება იჭიმებოდეს, მაგრამ ემპირიული დაკვირვება აჩვენებს, რომ რაც უფრო ხანგრძლივია ხელისუფლებაში ყოფნის დრო ავტორიტარიზმში, მით უფრო ძალადობრივი შეიძლება იყოს მისგან ჩამოშორების ფორმა. მართალია, ამგვარ მოდელს ეწინააღმდეგება რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება, მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, სტატისტიკურად ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. შესაბამისად, აქტორები, სავარაუდოდ, გამოდიან იმ დაშვებიდან, რომ მათ შემთხვევაში ზოგადი ტენდენცია უფრო ალბათური იქნება. ამგვარი ცოდნის პირობებში, პოლიტიკური აქტორებისათვის ნულჯამიანი თამაში ვეღარ იქნება რაციონალური სტრატეგია, რადგან აბსოლუტური მოგება შემცირებულია გრძელვადიანი რისკებით. ასევე, თანამშრომლობის სტრატეგიის სარგებელი გაძლიერებულია იგივე ინფორმაციის არსებობით, რომელიც ამ შემთხვევაში პოზიტიურ მოტივაციას აღძრავს აქტორებში, რომ მათ ერთმანეთთან ითანამშრომლონ. საინტერესოა, რომ თანამშრომლობის არჩევანი ხელისუფლებაში მყოფ ძალას საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს პოლიტიკური ძალაუფლება, რადგან შეუძლია თანდათანობით გახსნას პოლიტიკური ველი. ცხადია, რაციონალური მოდელი ვერ ხსნის ყველა დეტალს, მათ შორის, აქტორების პრეფერენციებსა და საგარეო ჩარევებს, მაგრამ მოდელის დონეზე აჩვენებს დემოკრატიზაციის უპირატესობას პოლიტიკური სტაბილურობისა და ე.ი. განვითარებისათვის.

ხსნის ეს მოდელი საქართველოში არსებულ ვითარებას? სავარაუდოდ – კი. 2007 წლის შემდგომ პროცესებში ნათლად იკვეთება პოლიტიკური თანამშრომლობის ნიშნები. განსაკუთრებით თვალშისაცემია ის საარჩევნო სფეროში, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კონსტიტუციის რეფორმირება, მედიის საკანონმდებლო რეგულირებაში მომხდარი ცვლილებები. ასევე, საგულისხმო ფაქტია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დღეს ჩართულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ნდობის ჯგუფის, მარეგულირებელი კომისიისა და სხვა ინსტიტუტების საქმიანობაში. ის, რომ ეს თანამშრომლობა ყოველთვის იდეალური არაა, ხშირად კულისებს მიღმა მიმდინარეობს და „დამოუკიდებელი ექსპერტების” აღტაცებას ვერ იმსახურებს, არ ნიშნავს, რომ პროცესი უმნიშვნელოა. მეტიც, პროცესი მთლიანად თანხმობაშია თამაშის მოდელის მთავარ პოსტულატთან – თანამშრომლობა სტრატეგიული ინტერაქციის შედეგია, სადაც პირობითად ორი მხარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ერთმანეთზე რეაგირებს. ანუ, შედეგები დგება არა მყისიერად, არამედ ეტაპობრივად და ჯამურად მაქსიმალურად მომგებიანია მხარეებისთვის მაშინ, როცა ისინი არ აკეთებენ მათთვის მომგებიან არჩევანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საარჩევნო კოდექსზე შეთანხმება სწორედ ამგვარ ინტერაქციათა შედეგს წარმოადგენს, სადაც შეიძლება ყველასთვის ცალ-ცალკე საუკეთესო შედეგი არ დადგა, მაგრამ შესაძლებელთან მაქსიმალურად ახლო შედეგი მიიღწა.

დემოკრატია არაა ნორმატიული კატეგორია. ის რომ ასეთი იყოს, განუხორციელებელი დარჩებოდა სხვა ბევრი უტოპიის მსგავსად. დემოკრატიზაცია აქტორების სტრატეგიული ინტერაქციის შედეგია და ციდან მოვლენილი გარღვევების ნაცვლად, რუტინული მომაბეზრებლობით ხასიათდება. სწორედ ესაა მისი უპირატესობა და პრაგმატული ალტერნატივა არა აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები