მექსიკა

მექსიკა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

0 კომენტარი

მექსიკაში, მემარცხენე ძალებმა, არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე, პრაიმერის წესით, პრეზიდენტობის კანდიდატი გამოავლინეს. გამოკითხვაში მემარცხენე ძალების 6 ათასი მხარდამჭერი მონაწილეობდა. ლოპეს ობრადორმა მეხიკოს მერი მარსელო ებრარდი დაამარცხა.

არჩევნებზე მის კანდიდატურას დემოკრატიული რევოლუციის პარტია (PRD) წარადგენს. ებრარდი, ობრადორის კანდიდატურას შედეგების გამოცხადებისთანავე მიესალმა და მას არჩევნებზე დახმარებაც აღუთქვა.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ობრადორს საარჩევნო კამპანიის წარმოების მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ფელიპე კალდერონმა მას ხმების მხოლოდ 0.58%-ით მოუგო. მემერცხენეთა ლიდერმა მაშინ არჩევნების შედეგები გაყალბებულად, თავი კი ლეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა და მომხრეებს ხმების დასაცავად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. მეხიკოს ცენტრალური უბანი მიტინგების გამო თვეების განმავლობაში პარალიზებული იყო. რეალური შედეგის მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა: სასამართლომ მემარცხენეთა საჩივარი არ გაითვალისწინა.

2012 წელს, ობრადორი ქვეყნის სათავეში მოსვლას მეორედ შეეცდება. თუმცა, სხვადასხვა გამოკითხვებიდან ირკვევა, რომ მისი რეიტინგი 2006 წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ამ პერიოდში PRD-ის რეიტინგიც საგრძნობლად შემცირდა. მიმდინარე წელს ჩატარებულ გუბერნატორების არჩევნებში, მათ პოზიციები რამდენიმე შტატში დათმეს.

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ფელიპე კალდერონი ამჯერად ობრადორის კონკურენტი ვერ იქნება. კონსტიტუცია მოქმედ პრეზიდენტს მეორე ვადით კენჭისყრის უფლებას არ ძლევს. ამ ეტაპზე მმართველ, ეროვნული მოქმედების პარტიას გამოკვეთილი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს. თუმცა, მექსიკური პრესა კალდერონის შემცვლელად განათლების ყოფილ მინისტრს, ხოსეფინა ვაზკეზ მოტას მოიაზრებს.

წინასაარჩევნოდ ეროვნული მოქმედების პარტია მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება. უშედეგოდ მიმდინარეობს ბრძოლა კარტელების წინააღმდეგ, რაც წლების განმავლობაში კალდერონის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ომს დაახლოებით 40 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, პრობლემა დღეს ისევ აქტუალურია. Transparency International-ის მონაცემებით, კორუფციის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. მექსიკის მოსახლეობის დაახლოებით 40% სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. საზოგადოება ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას სწორედ მმართველ გუნდს აკისრებს.

ამ ფონზე, ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის (PRI) რეიტინგი, წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2000 წლამდე PRI მექსიკას უწყვეტად მართავდა 71 წლის განმავლობაში. მიმდინარე წელს მათ რამდენიმე შტატში საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს PRD-ის კანდიდატები. ნოემბერის დასაწყისში კი მიჩოაკანში, კალდერონის მშობლიურ შტატში, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. გუბერნატორის პოსტისთვის ბრძოლაში PRI-ის კანდიდატმა პრეზიდენტის და დაამარცხა.

მექსიკის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ფინანსური თუ საეთერო დროის გამოყოფის საკითხი, საყოველთაო არჩევნების შედეგების მიხედვით განისაზღვრება. ვისაც ჰყავს მეტი გუბერნატორი, მას მეტი ფინანსური დახმარება და სატელევიზიო დრო აქვს ამომრჩეველთან სამუშაოდ.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, პოლიტიკური მიმომხილველების უმრავლესობა, პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად, სწორედ ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის კანდიდატს, ენრიკე პენია ნიეტოს მიიჩნევს.

 

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები