განათლება

როგორ ჩავაბაროთ დასავლურ მაგისტრატურაში

თეონა კოკიჩაიშვილი
0 კომენტარი

თუ გსურთ, მაგისტრის ხარისხი მიიღოთ, საერთო სამაგისტრო გამოცდები წარმატებით უნდა გაიაროთ. ამის შემდეგ საქართველოს რომელიმე აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდებით. გამოცდებისათვის რეგისტრაცია გაზაფხულზე იწყება. სპეციალობის გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ. არსებობს სხვა გზაც: შეგიძლიათ, სწავლა საზღვარგარეთის ამა თუ იმ უნივერსიტეტში განაგრძოთ.

როგორც წესი, უცხოეთის უნივერსიტეტები მიღებას კონკრეტული სფეროს წარმომადგენლებისთვის ან გარკვეული ასაკობრივი ჯგუფისთვის აცხადებენ. სხვადასხვა სასწავლებელი განსხვავებული კრიტერიუმის მიხედვით არჩევს სტუდენტებს. სტიპენდიების მოპოვება შრომატევადი და კონკურენტული პროცესია: დაფინანსების მიღების მსურველთა რაოდენობა დიდია, გასაცემი სტიპენდიების რაოდენობა კი – შეზღუდული. ყოველწლიურად იცვლება პროგრამების ჩამონათვალიც. ის, რაც წინა წელს ქართველი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იყო, ამ წელს, შესაძლოა, აღარ იყოს, ან პირიქით – ახალი პროგრამა გამოჩნდეს. გასათვალისწინებელია ვადებიც: სასწავლებელთა უმრავლესობა საბუთების მიღებას წლის ბოლოს ან დასაწყისში იწყებს. მანამდე, სასურველი უნივერსიტეტის შერჩევაც და აპლიკაციის გაგზავნაც უნდა მოასწროთ. უცხოეთის უნივერსიტეტებში მაგისტრის ხარისხის მოპოვების მსურველებს ტაბულა სამაგისტრო პროგრამების ზოგად მიმოხილვას გთავაზობთ.

პირველი ეტაპი საბუთების შეგროვებაა. თითქმის ყველა უნივერსიტეტი ითხოვს: ნოტარიულად დამოწმებულ უმაღლესი სასწავლებლის დიპლომსა და ნიშნების ამონაწერს იმ ენაზე, რომელენოვან ფაკულტეტზეც აბარებთ; უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს; სარეკომენდაციო წერილს; მოკლე ბიოგრაფიას და სამოტივაციო წერილს. რაც შეეხება უშუალოდ პროგრამებს, არჩევანი საკმაოდ ფართოა.

მაგალითად, მაასტრიხისა და აარჰაუსის უნივერსიტეტები, ევროპეისტიკის (European Studies) სამაგისტრო პროგრამებზე აცხადებენ მიღებას. მაასტრიხის უნივერსიტეტში პროგრამა 12-თვიანია (12 თვე სწავლა + 6 თვე სამუშაო პრაქტიკა), აარჰაუსის უნივერსიტეტში კი – 24-თვიანი. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. გამარჯვებულები ამ უნივერსიტეტებში სასწავლებლად სრულ დაფინანსებას მიიღებენ. მთავარი მოთხოვნა ინგლისური ენის კარგად ცოდნა და მაღალი აკადემიური მოსწრებაა. საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა 2012 წლის 6 თებერვალია.

ვისაც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) სწავლა სურს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე ონლაინ საგანაცხადო ფორმა 2012 წლის 25 იანვრამდე უნდა შეავსოს. საერთაშორისო განათლების ცენტრი ჯგუფურ კონსულტაციებს ყოველ ოთხშაბათს, 15:00 საათზე მართავს.

ერასმუს მუნდუსი რუსეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევებში საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე აცხადებს კონკურსს. ამ პროგრამის ასოცირებული პარტნიორი ილიას უნივერსიტეტია. პროგრამაში მონაწილეები პირველ სასწავლო წელს გლაზგოს უნივერსიტეტში გაატარებენ, მეორე წლის სამყოფელს კი თავად აირჩევენ 5 ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან (პოლონეთი, ფინეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ყაზახეთი). სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სტიპენდიის მისაღებად განაცხადი 2012 წლის 15 იანვრამდე უნდა წარადგინონ.

ერასმუს მუნდუსთან თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. თსუ-ს სტუდენტებს საბერძნეთის, ჰოლანდიის, პორტუგალიის, ბულგარეთის, საფრანგეთისა და იტალიის უნივერსიტეტებში შეუძლიათ სწავლის გაგრძელება.

თუ კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩარიცხვა მოახერხეთ და დაფინანსების მოპოვება გსურთ, აუცილებლად დაგაინტერესებთ ბილ გეიტსის ფონდი, რომელიც ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს კემბრიჯის უნივერსიტეტში პოსტსაბაკალავრო დონეზე სწავლის მსურველთა დასაფინანსებლად. მოთხოვნები ამგვარია: აპლიკანტი არ უნდა იყოს ინგლისის მოქალაქე და ჩარიცხული იყოს კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლების პოსტსაბაკალავრო საფეხურზე, ან უკვე იყოს კემბრიჯის სტუდენტი და სტიპენდიაზე განაცხადი სწავლების შემდგომი საფეხურის დასაფინანსებლად შეჰქონდეს. განაცხადის ბოლო ვადა 2011 წლის 2 დეკემბერია.

მონტერეის ინსტიტუტის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა ბეთი და დევიდ ჯონსების 50 სტიპენდიას გასცემს. სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია, კანდიდატი ჩაირიცხოს საერთაშორისო პოლიტიკური მეცნიერებების, საერთაშორისო გარემოპირობების პოლიტიკის, სახელმწიფო მართვის, ტერორიზმის, საერთაშორისო ბიზნესის ან უცხო ენების მასწავლებლის სასწავლო პროგრამებიდან ერთ-ერთზე. გაიცემა ორი ტიპის სტიპენდია: ერთი, რომელიც ითვალისწინებს სწავლის გადასახადისა და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას და მეორე, რომელიც მხოლოდ სწავლის გადასახადს ფარავს. განაცხადის ბოლო ვადა 2012 წლის 1 თებერვალია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისაგან მიიღონ სტიპენდიები – ეგვიპტის, ჩეხეთის, თურქეთის, ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები.

მასკის სამაგისტრო პროგრამის (MUSKIE) ფარგლებში ქართველ ბაკალავრიატდამთავრებულებს, ყოველი წლის შემოდგომაზე შეუძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში სასწავლებლად სრული დაფინანსება მოიპოვონ.

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ უცხოეთში სწავლის დაფინანსებას: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2005 წლიდან აფინანსებს ქართველი სტუდენტების სწავლას საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ეს სისტემა სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებაზეა ორიენტირებული.

2012-2013 სასწავლო წლისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ზუსტი მეცნიერებები და არქიტექტურა. დაფინანსების მოპოვება შეუძლია ყველას, ვისაც ბაკალავრის ხარისხი აქვს და ასაკით 40 წელს არ აღემატება. მთავარი პირობაა, კანდიდატს, შესაბამის სპეციალობაზე ჩარიცხვის შესახებ, უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული თანხმობის წერილი ჰქონდეს. ამის შემდეგ კანდიდატი სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას გაივლის და აპლიკაციას ავსებს. მომდევნო ნაბიჯი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებაა. განაცხადის შევსების ბოლო ვადა 2012 წლის 31 მაისია.

ვინც პრიორიტეტულ მიმართულებებზე ჩაბარება ვერ მოახერხა ან არ ისურვა, მათთვის დაფინანსების მოპოვების ალტერნატიული გზები არსებობს: სხვადასხვა ფონდებისა და ორგანიზაციების მიერ დაწესებული გრანტები და სტიპენდიები.

მაგალითად, ფორდის ფონდის სტიპენდიების საერთაშორისო პროგრამა კანდიდატებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, საუნივერსიტეტო განათლების შემდგომ სტიპენდიებს სთავაზობს. აკადემიური გაცვლების ავსტრიის სამსახური (OAD) – ერნესტ მახისა და ფრანც ვერფელის სახელობის სტიპენდიებს გასცემს. თანამშრომლობის განვითარების გენერალური სამმართველო (DGDC) – ბელგიის სახელმწიფო ორგანიზაციების გრანტებს, დიდი ბრიტანეთი – Chevening Scolarships-ა და Shell Centrenary Scholarships-ის სტიპენდიებს. გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახური (DAAD) – კვიპროსის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტში საქმიანი ადმინისტრირების მაგისტრის მისაღებ სტიპენდიას, პორტუგალიის სააგენტო, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერის ფონდი – მაგისტრატურაში სწავლის გრანტებს გასცემს. აპლიკაციის შევსების ვადები და კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთა რაოდენობა ამ შემთხვევებშიც შეზღუდულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები