ფეხბურთი

კონტეს მეორე წრე

იუვენტუსი სულ გუნდია. იუვენტუსი იტალიაა. ცუდ, მტრედებისთვის აშენებულ დელე ალპიზეც იუვენტუსი იყო და ახალ, იუვენტუს არენაზეც თავისას უბერავს. სადღაც მანჩესტერივით შლის ფლანგებს, სადღაც ბარსელონას ნიღაბს ირგებს და ძირითადად, მაინც თავისას თამაშობს. იტალიური სერიალი აბრამოვიჩის იახტებმა და ესპანურმა კორიდამ მიაჩოჩა. ყველაზე იტალიურად ისევ იუვენტუსი საუბრობს და ეს ტონი მშვიდი, გაწონასწორებული პერსონის ტონია. თითქმის იმავე ტემპში და ტემბრით მარჩელო ლიპი საუბრობდა. ლიპის იუვენტუსი უფრო სრულყოფილი და რაფინირებული იყო. ეს იუვენტუსი ჯერ პატარაა და ცოტა მობალასტო ხალხით თითქმის კარგ ფეხბურთს თამაშობს. მალე უკეთესად, მეტი გემოვნებით დახატავს.

ლიპის ერთ-ერთ სეზონში ცუდი, დაღლილი გუნდი დარჩა. დაილეწა ალესანდრო დელ პიერო, ზიდანი რაღაც მომენტში აიჭრა და უფრო მაიგერით აგდებდა სხვას, ვიდრე „პად სებიათი”, ინძაგი პოდიუმზე გავიდა. 1999-ში ლიპის ბიჭები ჩემპიონთა ლიგაზე არიან და სხვა თამაშს თამაშობენ. ფეხბურთი ჯიუჯიცუს და ჯონა ლომუს ელემენტებით. იმ გუნდმა ლიგის პირველ ეტაპზე ექვსიდან ხუთი თამაში ვერ მოიგო, იქსები დასვა. მეექვსე გარჩევაში ტურინში რუსენბორგს 2:0 დაუტოვა. ლიპიმ გუნდი 1 მოგებით და 5 ფრით ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანა. დელ პიერო ისევ კლინიკაშია, ანესთეზიოლოგს კერავს. იუვენტუსი ფლეი-ოფში ოლიმპიაკოსზე გავიდა და შემდეგ რაუნდში ანტონიო კონტემ გაიყვანა. თითო გოლი იტალიაში და ათენის ოლიმპიურ არენაზე. კონტემ გაადავა და იუვენტუსი სერ ალექსის ბულდოგებზე მიუშვეს.

კონტემ მანჩესტერშიც მიზერი ითამაშა. იუვენტუსმა ის სერია სამჯერ მოიგო და ერთხელ წააგო. ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი მიდის და ლიპის ბრიგადა ისვენებს, დელ პიეროსთან ფორთოხლებით და ახალი მოკასინებით მიდის. მაშინ კონტეს არავინ დაეხმარა. ინძაგი გოლებს აგროვებდა და ორი მეტრიდან ბურთს ვერ ხედავდა. კონტე მერე წავა. ჯერ დაისვენებს. აიღებს მწვრთნელის ლიცენზიას. წრეზე წავა. გაჩერდება არეცოში, ბარიში, ატალანტაში, სიენაში. კონტე იუვენტუსიდან იუვენტუსამდე მიდიოდა. ანტონიო ტურინში დაბრუნდა. იუვენტუსიც დაბრუნდა. კონტესთან ერთად.

ახალი იუვენტუსი არ გღლის. კონტეს ძველ გუნდში დეშამი, ტორიჩელი, დი ლივიო, პესოტო, სოუზა, იუგოვიჩი ჰაერს გართმევდნენ. დღეს ვიდალი, მარკიზიო და ლიხტშტაინერი ტემპს აგდებენ. პირლო ნელი ფეხებით და სწრაფი აზროვნებით ტემპს ცვლის და შავ-თეთრი პეიზაჟის უკან, ძირითად კონტურებში ბევრი ფერი შედის. პირლო ფერებს გემრიელად ანაწილებს. რასაც ხედავს, სხვა იმას ვერ ამჩნევს. პირლო მილანში უკვე იღლებოდა. კონტესთან პირლო ისვენებს. პირლოსთან კონტე ისვენებს.

იუვენტუსი-მილანი 2:0 მორჩა. მარკიზიომ ორჯერ გაიტანა ლელო. მარკიზიო ამ იუვენტუსში კონტეა. ანტონიო მარკიზიოს უყურებს და ძველი, ცოტა მოძველბიჭო კონტე ახსენდება. კონტე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თურქეთს გაუტანა, კონტე, რომელმაც ინტერთან მოტეხილი ხელით ირბინა და გასახდელში გაითიშა. კონტე, რომელიც გაიზარდა. კონტე, რომელიც მარკიზიოს ზრდის. და მარკიზიო უკვე კონტეზე პოპულარულია.

იუვენტუსმა ინტერი მილანში ორჯერ დაჭრა. ერთხელ ინტერმაც აუსვა. უფორლანო, ცუდმა ინტერმა. ახალ, მარკიზიოს, ვუჩინიჩის, მატრის და პეპეს იუვენტუსს. ლიპი ინტელექტს და ნიჭს აგროვებდა. კონტე კონტეებს აგროვებს. და იგებს. იუვენტუსი ისევ მოკლე პასებით აგდებს ტემპს და მოკლე პასებით გახრჩობს. ბარსელონა სხვა თემაა. იქ პუიოლი ერთი-ერთზე უფრო მოგტეხავს, ვიდრე მატრი. და მატრი კონტეს ჯოკერია.

კონტეს დელ პიერო დარჩა. ლიპის სამხატვრო აკადემიის ბოლო კურსდამთავრებული. დელ პიერო კონტეზე, დღევანდელ იუვენტუსზე და მთელ იტალიურ კალჩოზე წონადია. დელ პიერო თბილი, შოკოლადის კრუასანია. დანარჩენები მოკბეჩილი ჩიზბურგერებივით ერთჯერადები არიან. კონტე ერთჯერადობით იგებს და ბონუსებს ხსნის. ლიხტშტაინერი ლიპის ბანდაში პირსახოცებს ჩამოატარებდა. ვიდალი ლიპის გემოვნებაში ვერ ჯდება. ბარძალი დაცვაში სუსტია და ბარძალის ბონუჩი ავსებს. ბონუჩი ყველაფერს ვერ შიფრავს და ბონუჩის ბარძალი აზღვევს. კონტემ ამ გენერაციას დაზღვევა ასწავლა. თუ ბევრს ირბენთ და ერთმანეთისთვის ითამაშებთ, ბევრს მოვიგებთ. თუ ჩვენი ფიატიდან რომელიმე ნაწილი ზედმეტი ხდება, ფიატი დგება, ჩერდება, აღარ იქოქება. კონტეს ფიატში ჯერ ყველა ნაწილი მუშაობს. მექანიკოსი კონტეა.

დელ პიერო წამსვლელია. რომ წავა, კაპიტანზე კიდევ ვიტყვით. დელ პიერო იუვენტუსში მარადონაა და იტალიის ნაკრებმა ალეს პიჟონობით საფრანგეთთან ფინალი ვერ მოიგო. დელ პიერო მშვიდი, უინტერესო პერსონაა. უინტერესო სკანდალისტებისთვის და საინტერესო გურმანებისთვის. დელ პიეროც გურმანია. ცოტა დაიღალა და ბურთს მაინც ეფერება. ლიპისთან ალესანდრო ზიდანზე მთქმელი იყო. კონტესთან დელ პიერო ზედმეტია. პალერმოსთან კონტემ ალე ბოლოში ათამაშა. დელ პიერო ცხრა წუთში უფრო გამოჩნდა, ვიდრე მატრი ცხრა ტურში.

11 ტურის შემდეგ იუვენტუსი პირველია. ექვსი ტესტი მოიგო, ოთხი იქსი დასვა და ერთი გარჩევა უამინდობის გამო გადაიდო. იუვენტუსი აკურატულად, იტალიურად იგებს და იუვენტუსში ყველაზე კარგი დამზღვევი ისევ ბუფონია. კონტეს ნდობის წრეში არიან მატრი, ვუჩინიჩი, ბონუჩი, ბარძალი, ბუფონი, ლიხტშტაინერი, პირლო, მარკიზიო, პეპე, ვიდალი, პაციენცა, კვალიარელა.დელ პიეროს ნდობა არ ეხება. არც ფეხბურთი. დელ პიეროს კონტეც არ ეხება. ასვენებს.

იუვე ბრუნდება და მალე უფრო გემოვნებით დახატავს. ყველა კონტეს ელოდება – როდის მორჩება ძველი მოტივაციის და სიმძლავრის აღდგენა-გადახურვას.

 

 

 

კომენტარები