ფეხბურთი

კარგი გასაჭორები

ცუდი გოგოები და ცუდი ბიჭები ისტორიას კრავენ. მხოლოდ დადებითზე მოყოლა და კეთილი ნიღბების გამოფენა უინტერესოა. სადღაც, ვიღაც ცუდი უნდა იყოს. ნეგატივი პოზიტივს უფრო პოზიტიურს ხდის. ცუდი ხალხი სპორტშიც დიდი დოზით არის. აქ უკვე ვის რა მოსწონს. ჰოკეიში უეინ გრეცკი პირველი და ბოლო კაცია. პირველია ჰოკეიში. და გრეცკი ედმონტონში თითქმის არ ჩადის, ვერ ჩადის, ედმონტონს ერიდება. უეინმა ოილერზის პროვინციული სითბო ლოს ანჯელესის ხმაურზე და მილიონებზე გაცვალა. უეინიც ცუდი ბიჭი, მოღალატეა. ფეხბურთში ბევრმილიონიანი ტრანსფერები უფრო ყვირის და თუ რომელიმე ვარსკვლავი გუნდს იცვლის, ეს უფრო ჩანს, ვიდრე როჯერ კლემენსის ვოიაჟი ბოსტონიდან ტორონტოში და ტორონტოდან იანკიზის სამოთხეში. დღეს ფეხბურთის ცუდ ბიჭებზე წავიჭორაოთ.

. ლუიშ ფიგუ

ფიგუ ბურთთან ერთად ცეკვავდა და იმ, რეალური რეალის სოლოისტი იყო. ზიდანთან, რაულთან, რობერტო კარლოსთან, რონალდოსთან, სხვა კოპერფილდებთან ერთად, ფიგუმ ფეხბურთით სიამოვნება და ბევრი მილიონი დოლარი მიიღო. ფიგუ სულ ფიქრობდა. ლუიში ფეხბურთის ბოსხია და თემების, კონტრასტების შერჩევაში შეცდომებს თითქმის არ უშვებდა. ერთი შეცდომა მაინც ვერ დაიჭირა. ლუიში ბარსელონას ტოვებს და მადრიდში, რეალის სანატორიუმში მიფრინავს.

ბარსელონაში ფიგუ სხვებზე უფრო უყვართ და რეალში ფიგუ მხოლოდ ფეხბურთით არის პოპულარული. ბარსელონაში ლუიში კატალონიურ გლიასეს ურტყამდა და მადრიდში გლიასე მხოლოდ რაულისთვის მიაქვთ. პორტუგალიელი მშვიდი, უინტერესო ტიპია გაზეთ მარკასთვის და რეალის სხვა ბეჭდური გამოცემებისთვის. ბარსელონასთვის ფიგუ დღესაც აქტუალური თემაა. ბარსელონაში თავისი ხალხი ახსოვთ. ბარსელონაში კარგი ბიჭების ცუდი ტრანსფერებიც ახსოვთ. თუ ვინმე რეალიდან მოდის, ამშვიდებენ, მაგრამ მაინც გამოსაცდელ წრეზე უშვებენ. თუ ვინმე რეალში მიდის, ბარსელონაში იმის სახელზე კოლუმბის ძეგლიდან აფურთხებენ. და სტადიონზე ღორის თავს ესვრიან.

ფიგუმ რეალში 165 ტესტში 36 გოლი შეაგროვა. ბარსელონაში ლუიშმა (შესაბამისად) 172 და 30 შეკრა. თითქმის იდენტური სტატისტიკაა. ბარსელონაში ფიგუ დღესაც აქტუალურია. კოლუმბის ძეგლთან ერთად. ლუიში მოედანზე თითქმის არ უშვებდა შეცდომებს. ალბათ, რეალში გადასვლაც არ იყო მისთვის განსაკუთრებული ამბავი. უბრალოდ, ბარსელონაში ამას არ ეთანხმებიან და არც დაეთანხმებიან.

. რონალდო

რონალდო სხვისი მუხლით და გაწყვეტილი მყესებით მაინც ცელქობდა. რონალდო ონავარი ბავშვის თვალებით დარბოდა, სულ სადღაც, რაღაცის გაფუჭებას ცდილობდა. რონალდო გოლებით, ბურთთან ძმაკაცობით სხვას ნერვებს უფუჭებდა. მერე უოლტ დისნეის ერთი პერსონაჟივით ჩაიხითხითებდა და სეირნობდა. რონალდო საკლუბო დონეზეც ბევრს სეირნობდა. და იმ სეირნობაშიც პირველი იყო.

ბარსელონა, რეალი, ინტერი, მილანი – რონალდო ოთხ ისეთ საფეხბურთო მეგაპოლისში ერთობოდა, რომლიდანაც ორი ორის მტერია. რონალდოს გარდა ამ ოთხ საინტერესო ექსკურსიაზე არავინ წასულა. გიდი რაღაცებს ყვებოდა, ისტორიული ნანგრევებიდან ბევრი მოგონება მოდიოდა და რონალდო ერთობოდა. იმ ექსკურსიებზე რონალდოს კობი ბრაიანტის კონტრაქტებს აძლევდნენ. რონალდო ფეხბურთში კობია. აზრზე არ არის, ვინ არის ბრაიანტი და მაინც კობია.

ზედმეტი წონით, რონალდო ზედმეტი არსად იყო. შემსრულებელი ბუთხუზა ტიპი, რომელიც ფეხბურთს ბრაზილიურად ყომარობდა. რონალდო აგვიანებდა ვარჯიშზე, დროზე მიდიოდა რომელიმე ღამის კლუბის გახსნაზე და ცოტას ვარჯიშობდა. ბევრს დარბოდა, ბევრგან დარბოდა და დღეს ისვენებს. ოთხ ტიტანში ითამაშა და ყველაზე უკომპლექსო ტიტანი იყო.

 

. ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ცივი, ბრექი პერსონაჟი. არაპოპულარული პოპულარულ ტიპებში. გამტანი. ყველგან გამტანი. და მსუქანი, ქონიანი კონტრაქტების ფანი. ზლატანში ამაზე ბევრიც ეტევა. იბრაჰიმოვიჩი ყველაზე ჭრელი და უხერხემლო ტიპია.

ზლატანი ორჯერ მიდის შვედეთის ნაკრებიდან. ერთხელ არ მოეწონა, რომ მწვრთნელმა სხვების წინ საყვედური უთხრა, ლიხტენშტაინთან ტესტის წინ ღამის კლუბში ფასიანი სექსისთვის რომ გაიქცა. მეორედ, შვედეთი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოში უმოტივაციოდ დარჩა და ზლატანმაც, უჩემოდ გაქაჩავთო. იბრაჰიმოვიჩი შეკრებიდან მალდივებზე მიდის და ალბათ, ცუდ დროს არ ატარებს.

საკლუბო ამბებშიც ბევრს ასწრებს. აიაქსიდან წამოსულს, იუვენტუსმა შვედს ყველაფერი მისცა. შვედმა იუვენტუსის ტრადიცია ინტერის მილიონებზე გაცვალა. მაშინ, იტალიური მაფიოზობანა რომ გამოიძიეს, იუვენტუსი ერთი სერიით უკან გაუშვეს. დელ პიერო, ბუფონი და ნედვედი გროსეტოებთან ტესტებისთვის გუნდში რჩებიან. იბრაჰიმოვიჩი ინტერში მიდის. იქ კარგ ფეხბურთს თამაშობს და მერე ბარსელონაში ისვენებს. დღეს მილანშია. ისევ კარგად თამაშობს. და მალე აწიკვინდება, სხვაგან წასვლას მოითხოვს. ზოგი რამ არ იცვლება. არც იბრაჰიმოვიჩი.

. იან რაიტი

მაგარი კაცი. არსენალში თითქმის პოლ მაკარტნი გახდა. მანამდე, კრისტალ პალასში როჯერ უოტერსი იყო. რაიტი გოლებს აგროვებდა და ჩიფსების, როლინგების და დედოფლების ქვეყანაში, ერთ-ერთი წარმატებული კოლექციონერი იყო. იან რაიტი არსენალში კრისტალ პალასიდან წავიდა. იმ მომენტშიც გაზარდა კოლექცია. და მეგობრობის დღიურიდან პალასის ფურცელი ამოხია.

კრისტალ პალასი საინტერესო გუნდი იყო. რაიტს ნორმალური სესიური ფეხბურთელები მიუყვანეს და იანმა თავისი მელოდია შეუბერა. რაიტმა 254 ბისზე 100 გოლი შეაგროვა. იანი კრისტალ პალასში კარგი ბიჭების, პაბების კლიენტების ძმაკაცია. ერთხელ იმ პაბში არსენალის ბოსებიც შევიდნენ. იანთან ერთად ორი ჭიქა წააქციეს და რაიტი არსენალში წავიდა. პალასმა ჯოკერი დაკარგა და დღემდე გაბრაზებულია.

არსენალში იანმა აკრიფა. მერე არსენალი კრისტალ პალასს შეხვდა. რაიტმა რაიტული შეაგდო, მეკარეს დამატებაზე წაართვა ბურთი და ბალახზე ჯექსონივით გასრიალდა. იანის იმ გოლმა კრისტალ პალასი პირველ დივიზიონში გაუშვა. გუნდი პაბიდან იან რაიტმა გააგდო და იანი ბედნიერი იყო. არსენალის მაშინდელმა ბოსმა, ჯორჯ გრემმა რაიტს თითი დაუქნია. რაიტს ბოდიში არ მოუხდია. კრისტალ პალასი იმ გოლმა დაშალა. იქ ახსოვთ ეს.

. ბერნდ შუსტერი

ბერნდი მომთაბარე პროფესორი იყო. კიოლნში ლაბორანტობა დაიწყო და ბარსელონაში პროფესორი გახდა. სადღაც, რაღაც პროექტის ბოლომდე მისაყვანად სპონსორები დიდ ფულს აძლევდნენ. შუსტერი ლაბორატორიიდან იშვიათად გამოდიოდა. თუ გამოდიოდა, უკან აღარ ბრუნდებოდა და ახალ სპონსორს ეძებდა. ბერნდს ამ პროცესში ლამაზი ცოლი, გაბი ეხმარებოდა.

შუსტერი მიდის ბარსელონაში და იქ თითქმის ღმერთია. ბერნდი ბარსელონაში ბარსელონელებზე ბარსელონელი იყო. რვა სეზონი ერთ ლაბორატორიაში და ბერნდი უკვე მადრიდშია. რეალში. იქ უფრო თავისუფლად მუშაობს. ერთხელ, სუფთა ჰაერზე, მოსაწევად გამოდის და ხვდება, რომ ახალი ლაბორატორია აქვს გასაკეთებელი. სხვაგან წასვლა ეზარება და იქვე, მადრიდში რჩება. შუსტერის ახალი სპონსორი ატლეტიკოა.

ბერნდი ატლეტიკოში ერთობა, ლაბორატორიაში აღარ შედის და ძირითადად, ლექციებს კითხულობს. ლექციებზეც სპონსორებს ეძებს და ძველ ამბებს იხსენებს. ბარსელონას, რეალს, ატლეტიკოს იხსენებს. ცოლი იქვე უზის. ბერნდის ცოლი ბერნდის მენეჯერია.

დღეს ბერნდი ლექციებსაც აღარ კითხულობს. არც რეალს და ბარსელონას იხსენებს. ცოლიც არ ჰყავს. ვიღაც საინტერესო გოგონას ხვდება და სულ სხვა თემებზე ესაუბრება. გაბი ისტორიაა. ბერნდის პროფესორობაც.

შუსტერის ლექციებზე ბევრი პოტენციური ცუდი ბიჭი დადიოდა. გერმანელს უსმენდნენ და საინტერესო ჩანაწერებს აკეთებდნენ რობერტო ბაჯო (ფიორენტინადან იუვენტუსში რომ გაიგულავებს), ღლაპი ფერნანდო ტორესი (ლივერპულიდან ჩელსიში), კენი მილერი (რეინჯერსიდან სელტიკში და უკან, რეინჯერსში), უილიამ გალასი (ჩელსიდან არსენალში), უეინ რუნი (ევერტონიდან სერ ალექს ფერგიუსონამდე), ეშლი კოული (არსენალიდან აბრამოვიჩთან).

ისტორიას ცუდი ბიჭები კრავენ. მხოლოდ დადებითზე მოყოლა და კეთილი ნიღბების გამოფენა უინტერესოა. სადღაც, აუცილებლად ვინმე ცუდი უნდა იყოს და ყველაფერს მუღამი უბრუნდება. ლუიშ ფიგუს, რონალდოს, რაიტის, ბერნდ შუსტერის, ფლეგმა იბრაჰიმოვიჩის მუღამი. ფეხბურთში ბევრმილიონიანი ტრანსფერები უფრო ყვირის და თუ რომელიმე ვარსკვლავი გუნდს იცვლის, ეს უფრო ჩანს, ვიდრე გრეცკის ექსკურსია ედმონტონიდან კალიფორნიაში.

ცუდი ბიჭები უფრო კარგი გასაჭორები არიან.

 

 

კომენტარები