გამოფენა

ინტერვიუ კამრან ადლესთან

სადაც დიალოგი არ არსებობს, მას წარმოიდგენენ

გალერეა 9 ირანელი ფოტოგრაფის კამრან ადლეს გამოფენას მასპინძლობს. მან ფოტოხელოვნება საფრანგეთში ისწავლა და ისლამურ რევოლუციამდე ირანის დედოფლის ფარაჰ დიბას ფოტოგრაფი იყო. 2011 წლის ნოემბერში კამრან ადლე საქართველოს ესტუმრა და თბილისისთვის დიალოგის თემაზე შესრულებული ნამუშევრები შეარჩია. ამ ფოტოებში ყველგან ადამიანები ჩანან, უმეტესად ირანელები, რომლებიც რაღაცას უყურებენ. იშვიათია ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში საგამოფენო დარბაზების და მაყურებლების ჩვენებით ასე იყოს გართული; მით უმეტეს ირანში, სადაც გვგონია, რომ პოსტმოდერნისტული თამაშები თითქოს არც უნდა არსებობდეს. ალბათ, საუბრის დაწყებაც აქედან იქნება ყველაზე საინტერესო.

არის თუ არა ირანში თანამედროვე ხელოვნება? თითქოს მსმენია, რომ თეირანში თანამედროვე ხელოვნების ბიენალე იმართება...

არანაირი ბიენალე იქ არ არის. მე ირანის ბოლო შაჰის მეუღლესთან ვმუშაობდი ფოტოგრაფად. იმ პერიოდში, ანუ რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე, 60-იან წლებში ირანში იყო თანამედროვე ხელოვნების საინტერესო ნიმუშები, მაგრამ რევოლუციის შემდეგ ირანის ხელოვნებაში ანარქია შემოვიდა. გაჩნდა სიცრუე და როდესაც გამოფენებს ვსტუმრობ, ყოველთვის ვცდილობ მივიდე მხატვრებთან და პირადად გავიგო, სინამდვილეში რისი გაკეთება სურთ მათ. რაც იფინება, არ შეესაბამება მხატვართა ნამდვილ ინტერესებს.

ამ გამოფენის თემა დიალოგია. ყოველთვის ასეთი პროექტებით მუშაობთ, როდესაც გამოფენა რომელიმე თემის გარშემოა თავმოყრილი?

დიახ, ყოველთვის რაღაც თემის გარშემო ვაერთიანებ გამოფენას. ეს მაშინ, როდესაც გინდა ხაზი გაუსვა, რომ შთაგონების წყარო ყველაფერი შეიძლება აღმოჩნდეს. მე მქონდა, მაგალითად, კარტოფილების სერია, ამით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ბუნების ნიმუშები უკვე თავისთავად წარმოადგენენ დასრულებულ ნამუშევრებს და მათი ფორმები ხშირად ადამიანის მიერ შექმნილ ხელოვნურ ფორმებს ჰგავს.

როგორც ჩანს, თქვენს ნამუშევრებში ნაჩვენებია დიალოგი ადამიანებსა და ისტორიულ არტეფაქტებს შორის. იქნებ კულტურებს შორის დიალოგის ჩვენებაც გინდოდათ? ამ ფოტოებში ხშირად ჩანს ირანელი ხალხი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ისტორიულ სიმბოლოებს უყურებენ.

სიურპრიზია, რომ აქ გამოფენილი სურათების თითქმის ნახევარში არ არის დიალოგი, ანუ არ ჩანს თუ რას უყურებენ ფოტოებში გადაღებული ადამიანები. მეორე ნაწილში კი ასეთი დიალოგი მართლაც არსებობს. მაგალითად, აი, ეს ფოტო გადაღებულია მილანის კათედრალში, სადაც მე მხოლოდ დამთვალიერებელთა ჯგუფი დავტოვე და დანარჩენი ყველაფერი წავშალე, თეთრი ფონით შევცვალე. მერე მასში ისპაჰანის კოლექციის ნახატი ჩავამატე, რასაც იაპონელი ტურისტები უყურებენ. აქ მაყურებელი საერთოდ ვერ მიხვდება, რომ მილანის კათედრალშია გადაღებული.

თეთრი ფონებით და კონტექსტიდან ამოვარდნილი რეალობით დიალოგის შეუძლებლობის ან გაუცხოების ჩვენება გინდათ?

ამას არანაირი სპეციალური დატვირთვა არა აქვს. უბრალოდ, უკვე რამდენიმე წელია ვიყენებ ამ ტექნიკას, ვექტორულ გრაფიკას ფოტოში და მომწონს სხვადასხვა რეალობების ერთად ჩვენება, ამით შინაარსის შექმნა. ასე ადვილი ხდება საგნების ერთმანეთის პირისპირ დაყენება. თავისი მნიშვნელობები ხელოვნებას თვითონ მოაქვს, ყოველგვარ თეორიულ კონცეფციებს მიღმა.

თქვენი მომავალი პროექტი რას შეეხება?

საქართველოში გადავიღე ირანული არქიტექტურული ძეგლები. სურვილი მაქვს გავაკეთო გამოფენა თეირანში და გამოვცე ფოტოალბომი.

 

 

 

კომენტარები