სათამაშო კონსოლი

ახალი სათამაშო მამაკაცებისათვის

0 კომენტარი

გასული საუკუნის ბოლოს, ოპერაციული სისტემა ლინუქსის შემქმნელი, ლინუს ტორვალდსი ბერკლის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც ფართო აუდიტორიის წინაშე ტექნოლოგიების როლზე და ადამიანთა ცხოვრებაში მათ დანიშნულებაზე უნდა ესაუბრა. ყველასგან მოულოდნელად ფინელმა პროგრამისტმა ცხოვრების აზრზე დაიწყო საუბარი და იკითხა – რა არის სამი უმთავრესი მამოძრავებელი ფაქტორი ადამიანთა ცხოვრებაში? – რაზედაც თავადვე შეეცადა პასუხის გაცემას პირადი გამოცდილების ფონზე. მისი განმარტებით, ყველაფერი, მათ შორის ტექნოლოგიებიც, თვითგადარჩენის, სოციალიზაციის და გართობის სამ ეტაპს გაივლის. ტორვალდსმა განაცხადა, რომ სწორედ ეს სამი ფაქტორი უდევს საფუძვლად ყოველივეს – სექსიდან დაწყებული რელიგიით დამთავრებული, თუმცა მე აქ ტექნოლოგიებზე სასაუბროდ მოვედი და მოდი, ტექნოლოგიებზე ვისაუბროთო.

გასულ კვირას ტორვალდსის თეორია კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ლონდონის ერთ-ერთი პაბის ტუალეტში კომპანია Captive Media-ს შექმნილი სიახლე დაამონტაჟეს. პაბის „საჭირო ოთახის” ვიზიტორები გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც პისუარის თავზე დამონტაჟებული 12-დიუმიანი LCD მონიტორები დახვდათ, პისუარის ცენტრში კი სენსორული ღილაკი იყო წარწერით: START. კომპანია Captive Media-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათ ცარიელი ნიშა შეავსეს და მამაკაცებს ახალი ტიპის კომპიუტერული თამაში შესთავაზეს. თამაშის პრინციპი მარტივია: როგორც კი START-ზე სითხის ჭავლი ხვდება, ეკრანზე პინგვინები ჩნდებიან და მათ ასაცილებლად ქულები უნდა დავაგროვოთ, „ჯოისტიკის” საშუალებით ჭავლი მარჯვნივ და მარცხნივ უნდა მივმართოთ. თამაში ჭავლის შეწყვეტასთან ერთად სრულდება და რეკორდის დაგროვების შემთხვევაში პაბის მეპატრონეები კლიენტებს პრიზებს ჰპირდებიან.

პაბის მეპატრონეთა განცხადებით, ახალმა სათამაშო კონსოლმა კლიენტურის ჟივილ-ხივილი გამოიწვია. თუკი ტუალეტში ისინი ზედმეტი ტვირთის მოსაშორებლად შედიოდნენ, ახლა სულ სხვა შემართებითა და აზარტით მიიწევენ, რათა პირადი რეკორდი გააუმჯობესონ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ვინაიდან ეს თამაში სიზუსტეს და აკურატულობას მოითხოვს, პაბის მეპატრონეები გვარწმუნებენ, რომ ერთიორად გაიზარდა სისუფთავის დონე მათ საპირფარეშოებში. Captive Media-ს ჩანაფიქრით, მათ ახალ სარეკლამო სივრცეს მიაგნეს, რის საილუსტრაციოდაც სტატისტიკური მაჩვენებლები მოჰყავთ: მამაკაცები საპირფარეშოს ერთ ვიზიტში საშუალოდ 55 წამს ხარჯავენ, მთლიანად  ცხოვრების განმავლობაში – 9 თვეს, რაც ბრიტანეთის მასშტაბით, წელიწადში ერთ მილიარდ წუთს უდრის. ახალი ტექნოლოგიების წყალობით, განმარტავენ ისინი, ჩვეულებრივი მოკვდავებისათვის ეს დრო გართობად იქცევა, კომპანიისთვის კი – შემოსავლად. ფემინისტებმა ამის საპასუხოდ უკვე მოასწრეს პროტესტის გამოხატვა და Captive Media გენდერულ დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. რაზედაც კომპანიის წარმომადგენლები მანდილოსნებს დაჰპირდნენ, რომ მათთვისაც მოიფიქრებენ რამეს.

ახალი ტიპის სათამაშოს მიმართ არავინ რჩება გულგრილი. თუ გამოხმაურებით ვიმსჯელებთ, Captive Media-მ კლიენტურის დიდი ხნის მოთხოვნა დააკმაყოფილა. გამოგონებას მრავალი ტაბლოიდი და საინფორმაციო სააგენტო გამოეხმაურა და დიდი შემართებით გააშუქა. არადა, კაცმა რომ თქვას, არაფერია ამ წამოწყებაში არასერიოზული. Captive Media-მ აჩვენა, რომ შესაძლებელია დაკარგული დროის გართობად გადაქცევა, მოსაწყენი საქმიანობის კი − აზარტად. სწორედ ამ აზარტის შესახებ საუბრით ააფორიაქა ბერკლის უნივერსიტეტში შეკრებილი პროფესორები ლინუს ტორვალდსმა, როდესაც სერიოზულ შეკითხვაზე არასერიოზულად სცადა პასუხის გაცემა. არადა, მართლაც არაფერია ამაში გასაკვირი: ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორებიც ხომ დადიან ტუალეტში?! 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები