იტალია

იტალიის კოსმეტიკური პოლიტიკა

0 კომენტარი

იტალია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. მიზეზი ქვეყანაში დაგროვილი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემებია. მოსახლეობაში სტაგნაციის, გერონტოკრატიისა და უძრაობის შეგრძნება უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. ბევრი მყიფე ეროვნულ იდენტობაზეც მიანიშნებს. მმართველი ელიტა ძირეული რეფორმების გატარების მაგივრად, მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლება. რადიკალური ზომების მიღება მოკლე პერიოდში არაპოპულარული ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. დრო კი იტალიის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ვითარება მართლაც საგანგაშო შეიძლება ჩანდეს. დღეს იტალიის საჯარო ვალი მშპ-ის 120% და მსოფლიოში სიდიდით მესამეა. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების” ინდექსის მიხედვით, იგი მე-87 ადგილზეა, რითიც ბელარუსსა და მონღოლეთსაც კი ჩამოუვარდება. ფინანსური კრიზისის ფონზე ეკონომიკა ზომიერი ტემპებით ვითარდება: თუ ამ წელს მან 0,6%-იანი ზრდა აჩვენა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომავალი წლისთვის კიდევ უფრო დაბალ, 0,3%-იან წინსვლას ელოდებიან. ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ის 4%-ია. ეკონომიკა არაპროდუქტიული მუშახელით, არაკონკურენტუნარიანი კომპანიებითა და სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ აქტივობებში მაღალი ჩარევით ხასიათდება. იტალიის წინსვლას მოძველებული ინფრასტრუქტურაც აფერხებს, რაც ინვესტორების მხრიდან ფულის დაბანდებისადმი მცირე ინტერესს განაპირობებს. გამოკითხვების მიხედვით, იტალია უცხოელი ბიზნესმენებისთვის, ინვესტიციების ჩასადებად, საფრანგეთზე, ესპანეთსა და პორტუგალიაზე ნაკლებად მიმზიდველი ქვეყანაა. ხშირად მთავრობა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თავად უწყობს ხელს მონოპოლიების არსებობას. შედეგად, ბიზნესი ვერ ვითარდება – კომპანიები არ ფართოვდება, რაც დასაქმებას აფერხებს. მართალია, რამდენიმე იტალიურმა კომპანიამ შეძლო გლობალიზაციის ფერხულს აჰყოლოდა, თუმცა საშუალო და პატარა ფირმების უმეტესობა მხოლოდ შიდა ბაზარზე დამკვიდრებითაა დაკავებული. მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების სიმცირეცაა. გარდა ამისა, ბიზნესსაქმიანობის წახალისების ნაცვლად ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადი 68,5%-ია, რითაც იტალია მდიდარი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, 42%--ს, მკვეთრად აღემატება.

ბიზნესი ნაღდი ფულით აწარმოებს თავის საქმიანობას. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არალეგალურ ეკონომიკურ საქმიანობას უწყობს ხელს. ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ამ ტიპის ეკონომიკური ქმედებები მშპ-ის 16%-ს შეადგენს. ბიზნესით დაკავებული ადამიანების გარკვეული ნაწილი გადასახადისგან თავის არიდებას ახერხებს, ხოლო კანონმორჩილი ადამიანებისთვის გადასახადი არასამართლიანი და მძიმე ტვირთია. არალეგალური ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას იმიგრანტების ზრდამაც შეუწყო ხელი. ამ უკანასკნელებს მაღალ სოციალურ და ეკონომიკურ მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებათ. როგორც წესი, მათ „შავი” სამუშაოებისთვის იყენებენ. შედეგად, ეს ადამიანები კრიმინალური ორგანიზაციების წევრები ხდებიან.

ეკონომიკის კიდევ ერთი მახასიათებელი სახელმწიფოს ჩარევის არსებობაა. ხელისუფლება საჯარო კომპანიებზე საკმაოდ ფართო წილების მფლობელია. მაგალითად, ნავთობისა და გაზის კომპანია Eni-ის 30%-სა და ელექტროენერგიის მიმწოდებელი Enel-ის 31%-ს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო აკონტროლებს.

სახელმწიფოს ამგვარი ინტერვენცია და ბიზნესისთვის დამატებითი ბარიერების შექმნა ეკონომიკურ წინსვლას ყოველთვის აფერხებს. იტალიაში ბიუროკრატია ყვავის. ქვეყანა ბიზნესის კეთების ინდექსით 87-ე ადგილზეა. 158-ე ადგილი კი ბიზნესთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სიმარტივის ხარისხის მიხედვით დაიკავა – სუდანზე, ტოგოსა და კოსოვოზე ცუდი შედეგები აჩვენა. მაგალითად, რომის ერთ-ერთ დასახლებაში სასამართლო პროცესს 1210 დღე სჭირდება.

ქვეყნის პროდუქტიულობის ხარისხზე განათლების დონეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. არც ამ მხრივაა სახარბიელო მდგომარეობა: 25-34 წლებს შორის მოქალაქეთა მხოლოდ 20%-ს აქვს უმაღლესი განათლება მიღებული. განათლების სისტემა მოდერნიზებას საჭიროებს. ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი საგამოცდო სისტემა, რის გამოც ყველა უნივერსიტეტის ხარისხს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ჩრდილოეთისა და ცენტრალური იტალიის სასწავლებლებში სწავლის დონე გაცილებით მაღალია სამხრეთთან შედარებით. საჯარო უნივერსიტეტებში კორუფციის დონე მაღალია, პროფესორების აყვანა, კონკურენციის მაგივრად, თვითნებური გადაწყვეტილებებით ხდება. შედეგად, საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტის ასეულში ვერცერთი იტალიური სასწავლებელი მოხვდა. ამ დროს კი იტალიელ მეცნიერებსა და მკვლევრებს საზღვარგარეთ წარმატებული კარიერა აქვთ აწყობილი. ბევრი არსებული ვითარებიდან გამოსავალს საჯარო უნივერსიტეტების პრივატიზაციაში ხედავს. თუმცა, ისინიც კი, ვინც პრობლემის არსებობას აღიარებენ, უფრო ზომიერი რეფორმების გატარებას ემხრობიან.

არაეფექტურ საგანმანათლებლო სისტემას თავად დამქირავებელთა პოზიციაც ემატება. ახალმა შრომის კოდექსმა ახალგაზრდა თაობა არამომგებიან მდგომარეობაში ჩააყენა. შრომის ბაზარზე ახლადშესულები მოკლევადიანი და დროებითი კონტრაქტებისა და დაბალი ხელფასების პირობებში აჰყავთ სამსახურში. სტაჟიან მუშებს ადგილები გარანტირებული აქვთ და მაღალი შეღავათებითაც სარგებლობენ. შედეგად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული გლობალური კონკურენტულობის ანგარიშის მიხედვით, იტალია შრომითი ბაზრის ეფექტურობის მიხედვით, 123-ე ადგილს იკავებს.

იტალიისთვის კიდევ ერთი გამოწვევა მოსახლეობის დაბერებაა. ქვეყანაში კვლავაც ძლიერია ძველი ელიტა. გერონტოკრატიის ნიშნებზე 1990 წლიდან დღემდე პრემიერ-მინისტრების ასაკიც მიანიშნებს – ყველა მათგანი 62 წელს ზემოთ იყო. 15-29 წლებს შორის თაობის წარმომადგენლების მეხუთედი არც მუშაობს და არც სწავლობს. მშპ-ის 14% კი პენსიებს ხმარდება. მათთვის არამიმზიდველი გარემოს გამო ახალგაზრდა თაობა ქვეყნის დატოვებას არჩევს. წინასწარი გათვლებით, 2030 წლისთვის ყოველ ერთ პენსიონერზე, ორი 20-64 წლის ადამიანი იქნება წარმოდგენილი.

იტალიის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი დაბალი პროდუქტიულობა, დიდი ოდენობის გადასახადები, ბიუროკრატია და არასათანადო განათლების სისტემაა.

ეკონომიკური ცვლილებების გასატარებლად სტაბილური პოლიტიკური ვითარებაა აუცილებელი. იტალიაში ამ მხრივ პოლარიზებული სიტუაციაა. სილვიო ბერლუსკონის პარტიაშიც კი, რომ არაფერი ითქვას მის კოალიციურ მთავრობაზე, არ არსებობდა ერთიანობა. კიდევ უფრო დანაწევრებულნი არიან ქვეყნის ცენტრისკენული-მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანებები. მათ კრიზისის ფონზე მოსახლეობისთვის ალტერნატივის შეთავაზებაც ვერ მოახერხეს.

პოლიტიკური ვაკუუმის არსებობა რეფორმების მუხტს ანელებს. თანაც, რადიკალურ ცვლილებებს კულტურულ-სოციალური შედეგებიც ექნება. საზოგადოება მიჩვეულია სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების მიღებას. შრომისა და საპენსიო კანონში ცვლილებების შეტანა მათ, ერთი შეხედვით, არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებთ. მართლაც, სტრუქტურული რეფორმები მოკლე ვადაში მეტად მტკივნეული აღმოჩნდება. თანაც, როგორც ცნობილია, იტალიის პოლიტიკაზე პროფკავშირები დიდი გავლენით სარგებლობენ. ამ ბერკეტის ხელიდან გაშვებას კი ისინი მარტივად არ შეეგუებიან.

ბევრი, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების წყაროდ ბერლუსკონის მმართველობის ფორმას მიიჩნევს. მართლაც, ეს უკანასკნელი, შესანიშნავი კარიერის მიუხედავად – 74 წლის ასაკში იგი მედიაიმპერიის შემქმნელი, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი და 1994 წლიდან დღემდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია – წარუმატებელი ქვეყნის მმართველი აღმოჩნდა. ამაზე რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია მის წინააღმდეგ წაყენებული ფინანსური ბრალდებები: თაღლითობა, მექრთამეობა, გადასახადის არიდება. პოლიტიკოსი, რომელიც ამომრჩეველს თავდაპირველად ბიუროკრატიული ბარიერების აღმოფხვრასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას დაჰპირდა, სასამართლოს თავად დაუპირისპირდა. მიზეზი მარტივია: მან საკუთარ ბიზნესინტერესებს სახელმწიფო ინტერესები ანაცვალა და ხელისუფლებაში ყოფნა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ყველაზე საყურადღებო ჩავარდნა კი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისადმი ნაკლები ყურადღების დათმობაა. თანაც, ბერლუსკონიმ 2008 წლის არჩევნებით პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა და ძირეული რეფორმების გატარებისთვის არაფერი უშლიდა ხელს.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექსპერტი იტალიის წინაშე არსებული პრობლემების ამხსნელად ქვეყნის თავისებურებას ასახელებს. მათი თქმით, ეკონომიკური რყევები უკვე იტალიის ქრონიკულ დაავადებად იქცა. როცა ევროპული ეკონომიკები განსაცდელში ვარდებიან, იტალია მათთან შედარებით კიდევ უფრო უკან იხევს. თუმცა, ეკონომიკური აყვავების პერიოდში, იტალიის ზრდის მაჩვენებლები ზომიერია და მის მეზობლებს მკვეთრად ჩამოუვარდება. მაგალითად, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ზიმბაბვესა და ჰაიტის მშპ უფრო სწრაფად იზრდებოდა. ამის მიზეზი შესაძლოა ისიცაა, რომ წლების განმავლობაში, პრობლემების მრავალფეროვნების მიუხედავად, უცვლელი რჩებოდა მთავრობა, ქვეყნის კონსტიტუცია და პოლიტიკური ელიტა.

ზოგი უფრო შორს მიდის და არგუმენტად ქვეყნის გაერთიანების ფორმასაც იშველიებს. გაერთიანების მოძრაობაში ჩრდილოეთის ახალგაზრდა პატრიოტები უფრო აქტიურობდნენ. ამან შექმნა ისეთი წარმოდგენა, თითქოს სამხრეთს ჩრდილოეთმა საკუთარი კანონები თავს მოახვია. საპირისპირო ჩივილები ისმის ჩრდილოეთის მოსახლეობის მხრიდანაც. მაგალითად, ბერლუსკონის მთავრობის კოალიციის წევრი ჩრდილოეთის ლიგა, ქვეყნის პრობლემების საწყისად გაერთიანებას ხედავს, რის გამოც შედარებით ნაკლებად განვითარებული სამხრეთი ჩრდილოეთისთვის შემაფერხებელი ტვირთი გახდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ამ პოლიტიკური ძალის გაძლიერება, მსგავსი სენტიმენტების გაზრდის მთავარ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. მის რამდენიმე წევრს დღეს მინისტრის პოსტი უკავია. მათ ეკონომიკური მაჩვენებლებიც უმაგრებთ ზურგს: იტალიის ბანკის მონაცემების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ ჩრდილოეთის მოსახლეობის შემთხვევაში, სამხრეთში 40%-ით ნაკლებია. თანაც ეს მაჩვენებელი 30 წლის განმავლობაში საერთოდ არ გაუმჯობესებულა. მათი ხედვა ერის ერთიანობის საკითხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს კი, რიგ შემთხვევებში, სუსტი ინსტიტუტებისა და არაეფექტური მთავრობის მიზეზი ხდება.

თუმცა, ოპტიმისტები ხშირად იხსენებენ 1990-იანი წლების პერიოდს, როცა ევროზონის მიღმა დარჩენის შესაძლებლობით დაშინებულმა იტალიის ლიდერებმა გასაოცარი რეფორმების გატარება დაიწყეს. მათი კურსის გაგრძელება, ლიბერალური ცვლილებების ინიცირებით, ბერლუსკონიმაც სცადა. თანაც, გაჩნდა იმედი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქრისტიან დემოკრატების მონოპოლიის დასრულებითა და ორი ალტერნატიული ძალის გაჩენით, ნორმალური დემოკრატიის განვითარების შანსი გაჩნდა. ბერლუსკონის ბევრი ახალ მარგარეტ თეტჩერადაც კი ასახელებდა.

მართლაც, რეფორმების წყალობით, ქვეყანამ საბიუჯეტო დეფიციტი შეამცირა. ევროზონის კრიზისის დაწყებისას მისი ფინანსური მდგომარეობა სხვა პარტნიორებთან შედარებით უკეთესი გახლდათ. იმის მაგივრად, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირისგან დახმარება ეთხოვა, ოფიციალურ რომს თავად შეჰქონდა ფული დახმარების ფონდში სხვა ქვეყნების მხარდასაჭერად. თუმცა, საბოლოო ჯამში, მის მიერ გატარებული ზომები მაინც ზედაპირული აღმოჩნდა. სუსტი ოპოზიციის პირობებში ბერლუსკონის პარტიამ პოზიციები თანდათან უფრო გაიმყარა. მართალია, კრიზისის პირველ ეტაპს ქვეყანა გადაურჩა, თუმცა, როცა ევროპის სხვა ქვეყნებმა გამოკეთება დაიწყეს, იტალიაში ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელო იყო.

იტალიის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საკმაოდ ცნობილი პროდუქციის (Prada, Benetton, Ferrari) ექსპორტზე. მართალია, ეს ქვეყანას მსოფლიოს მეექვსე ინდუსტრიულ ცენტრად აქცევს, მაგრამ მას ბრიტანეთზე ნაკლები მანქანა გააქვს ქვეყნიდან. თანაც რამდენიმე წელია სავაჭრო დეფიციტსაც განიცდის.

მთავარი მიზეზი, რაც იტალიას კრიზისების აცილებაში ეხმარება, საშინაო დანაზოგების დიდი რაოდენობაა. ეს დანაზოგები, როგორც წესი, საბანკო ანგარიშებსა და სამთავრობო ვალებში იდება.

რეცესიის მოახლოებასთან ერთად, ზომიერი ცვლილებები უკვე არაეფექტური აღმოჩნდა. აშკარაა, რომ დაგროვილ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს მხოლოდ ძირეული და ფუნდამენტური სტრუქტურული რეფორმები თუ გაუმკლავდება. იტალიის ბანკის ყოფილმა მმართველმა, მარიო დრაგიმ, პროდუქტიულობის სტაგნაციაზე მიანიშნა. მისი მტკიცებით, ხელისუფლება ხელს უშლის ცვლილებებს. იგი მთავარ პრობლემებად სამოქალაქო სამართლის სისტემაში არსებულ გამოწვევებს, სუსტ უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო სექტორში ნაკლებ კონკურენციას და დიდი ფირმების სიმცირეს ასახელებს.

ბერლუსკონის ხელისუფლებიდან წასვლაც კოსმეტიკურ ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს. მთავარია, ქვეყნის ტექნოკრატიულმა მთავრობამ რეფორმების წინააღმდეგ ჯიუტი დამოკიდებულება შეცვალოს.

იტალიას ბევრი დრო არ აქვს: ივლისამდე მან საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა დაფაროს. მართალია, დღეს მისი ეკონომიკური მაჩვენებლები ესპანეთსა და საბერძნეთთან შედარებით დამაიმედებელია, მაგრამ ამ უკანასკნელებმა უკვე დიდი ხანია აღიარეს შეცდომა და მკაცრი ფინანსური ზომების გატარება დაიწყეს. წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკური ვითარება 2012 წლისთვის უფრო გამძაფრდება. იტალიის ეკონომიკა სიდიდით მერვეა მსოფლიოში, რის გამოც ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება, ევროპულ და მსოფლიო ბაზარზე სავალალო შედეგებს გამოიღებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები