ფოტოგრაფია

დიენ არბუსი: სიცილსა და ცრემლებს შორის

0 კომენტარი

-იანი წლების ამერიკაში, როდესაც ცივი ომის რეჟიმში მყოფი ქვეყანა, საგარეო მტრის ხატის შექმნით იყო დაკავებული, ამერიკული საზოგადოება აუზიანი ვილების და თანაბრად გაკრეჭილ ბალახზე დასვენებულ ახალთახალ კადილაკებზე ოცნებებით ცდილობდა უარესზე ფიქრისგან თავის დაღწევას. სწორედ ამ პერიოდში Vogue-ის, Glamour-ის და Harper’s Bazaar-ის ფოტოგრაფ დიენ არბუსს ეჭვი შეაქვს ამერიკული ოცნებების მითებში და მანჰეტენის ელიტურ წვეულებებს ნიუ იორკის გეტოებზე ცვლის. მას სურს ამერიკული რეალობის სრულიად განსხვავებული სახე აღბეჭდოს ფირზე.

დიენის ფოტოგრაფიული კარიერა მისი მეუღლის, ალან არბუსის გლამურული ფოტოგრაფიის სტუდიაში დაიწყო. სწორედ ალანმა აჩუქა მას პირველი ფოტოაპარატი. „Fashion” სამყაროსგან მობეზრებულმა, მალევე მიატოვა სტუდიური ფოტოგრაფია და ნიუ იორკის ქუჩებში, განსხვავებული რეალობის აღსაბეჭდად გავიდა. არბუსების პროფესიულ განხეთქილებას, 1959 წელს მათი ოფიციალური გაყრა მოჰყვა. „ყოველთვის ვგრძნობდი, რომ დიენი ფოტოგრაფად ჩვენმა განშორებამ ჩამოაყალიბა, – იხსენებდა ალანი. – მის ცხოვრების წესს მე ვერასდროს შევურიგდებოდი. ხშირად ის „იმ” ადამიანებს სახლშიც სტუმრობდა და მათი თავშეყრის ადგილებში, ბარებსა და ღამის კლუბებშიც ხშირად დადიოდა”.

განსხვავებულობა სწორედ ის სიტყვაა, რომელსაც მოგვიანებით არტკრიტიკოსები ყველაზე ხშირად გამოიყენებენ არბუსის ფოტოგრაფიაზე საუბრისას. მისი ფოტოებიდან მართლაც განსხვავებული სახეები და სხეულები უმზერენ მაყურებელს. ის ადამიანები, რომლებიც მანჰეტენის გლამურული სამყაროსთვის ზედმეტად დაბალი ან ზედმეტად მაღალი, ზედმეტად მახინჯი, ღარიბი, ზედმეტად გამომწვევი, უგემოვნო, მუქი ან სულაც ზედმეტად ფერმკრთალნი იყვნენ. ერთი სიტყვით, მარგინალები, რომლებიც თავიანთი გარეგნობით, ცხოვრების სტილით ან თუნდაც შეხედულებებით საფრთხეს უქმნიდნენ იმხანად მოძლიერებულ საშუალო ფენას და მათი ამერიკული ოცნებების ხორცშესხმას.

ხეიბრები, ჯუჯები, გოლიათები, ტრანსვესტიტები, ტრანსგენდერები, ნუდისტები, უსახლკაროები, ლოთები, ლათინოამერიკელები და აფროამერიკელებიც, თავის მხრივ, საოცარი გახსნილობით და თავდაჯერებულობით პოზირებდნენ არბუსის აპარატისთვის. მოგვიანებით, ჩანაწერებში დიენი თავადაც აღნიშნავს, რომ მთავარი საშვი ამ ადამიანების ცხოვრებაში მისი 35მმ-იანი Nikon-ის ფოტოაპარატი იყო. რკინის ყუთი, რომელსაც ისინი უბრალო ადამიანური ყურადღების გამოხატულებად აღიქვამდნენ და ამიტომ, გადაღებასაც სიამოვნებით თანხმდებოდნენ. დიენის პიროვნული ქარიზმაც დიდ როლს თამაშობდა ამ ხალხის „გახსნილობაში” – „მათ მართლა მოვწონვარ, ისინი კი... უბრალოდ, საოცრებები არიან. იმას არ ვგულისხმობ, რომ მინდა მე ან ჩემი შვილები ჰგავდნენ, მაგრამ რაღაც მომენტში ყოველთვის ვახდენ მათთან იდენტიფიცირებას”, – წერდა არბუსი.

იდენტიფიკაციის მომენტი მაყურებელსაც არ ტოვებს. ხელოვანის ყველა ფოტოში საზოგადოების მიერ გარიყული ადამიანები პირდაპირ ობიექტივს, ანუ მაყურებელს უყურებენ. თვალში გაყრილი თამამი მზერა კი სიბრალულის, განსჯის ან ზიზღის საშუალებას არ უტოვებს დამთვალიერებელს. პირიქით, ისიც თავის მხრივ საკუთარ ნაკლზე იწყებს ფიქრს, რადგან აცნობიერებს, რომ როლები შეიცვალა – იგი თავად ხდება ფოტოდან მომართული მზერის სამიზნე და, შესაბამისად, განსჯის ობიექტიც.

„როგორც ჩანს, არ შემიძლია ადამიანი ფოტოზე ლამაზად გამოვიყვანო, – წერდა არბუსი, – რამდენიმე ასეთი მცდელობის შემდეგ, ფოტო მაინც უვარგისი გამომდიოდა”. ამის გამო სიუზენ ზონტაგი მას „საშინელებათა ხელოვანს” უწოდებდა. ზონტაგის შეფასება, შესაძლოა, ზედმეტად მორალისტური მოგვეჩვენოს. ის წერს, რომ შეძლებული ოჯახიდან გამოსული არბუსი საზოგადოების „სიმახინჯეების” აღბეჭდვისას, მათთან გაიგივების ნაცვლად, საკუთარ პრივილეგირებულ პოზიციას უფრო უსვამდა ხაზს. გაურკვეველია, იცოდნენ თუ არა დიენის ნდობით აღჭურვილმა ადამიანებმა ფოტოსესიის საბოლოო შედეგის შესახებ; იცოდნენ თუ არა, რომ ფოტოს მთავარი პერსონაჟები მათ ნაცვლად, მათი „ნაკლოვანებები” იქნებოდა. დიენ არბუსი მოვლილი და შეძლებული ამერიკელების ფოტოებშიც ოსტატურად ახერხებდა მათი ნაკლოვანებების გამოვლენას, ამჯერად, ფსიქოლოგიურის. საილუსტრაციოდ ყველაზე კარგად ამერიკული საშუალო ფენის საოჯახო ფოტო სახელწოდებით – A family on the lawn one sunday in Westchester, N.Y. გამოდგება. მზეს მიფიცხებული ცოლ-ქმრის და ბალახზე მოთამაშე ბავშვის ფოტო, რომელიც ოჯახური იდილიის ნაცვლად, გულგრილობის და მოწყენილობის ასოციაციებს უფრო იწვევს მნახველში.

48 წლის ასაკში დიენ არბუსმა ბარბიტურატების დიდი დოზა მიიღო, აბაზანაში ჩაწვა და ვენები გადაიჭრა. ერთი წლის შემდეგ, 1972 წელს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA) მისი 125 ფოტო საჯარო შეფასებისთვის პირველად გამოიფინა. შოკის და აღფრთოვანების ემოციური ნაზავის ქვეშ მყოფმა კრიტიკოსმა პიტერ შიელდალმა, ფოტოების შეფასებებისას მას „რევოლუციონერი ფოტოგრაფი” უწოდა (The New Yorker, 2005). ხოლო ლეო რუბინფინიმ (Art in America, 2005) აღნიშნა, კაფკას და ბეკეტის შემდეგ, არავის გაუვლია ასე დახვეწილად ხაზი სიცილსა და ცრემლებს შორისო.

სიცილსა და ცრემლებს შორის გავლებული ხაზების აღმოსაჩენად, ამჯერად დამთვალიერებელს პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი Jeu du Paume მასპინძლობს. 22 ოქტომბერს გახსნილი რეტროსპექტივა 2012 წლის 5 თებერვლამდე გასტანს. Jeu du Paume-ის გალერეაში გამოფენილი 200 ნამუშევრიდან, ნაწილი დიენის ადრეული ფოტოებიცაა. ისინი ჯერ არსად გამოფენილა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები