4G

მეოთხე თაობის ინტერნეტი საქართველოში

ერთგიგაბაიტიანი ფაილის ჩამოტვირთვას, მალე მხოლოდ 2 წუთი და 10 წამი დასჭირდება. თანაც, ამ ოპერაციის შესასრულებლად არც განსაკუთრებული სიჩქარის ინტერნეტი და არც ხელსაყრელი ადგილმდებარეობა იქნება საჭირო. დიდი ზომის ფაილს, ნებისმიერ დროს მაღალი ხარისხით მიიღებთ მაშინაც, თუ სულ გზაში ხართ.

დიდი ფაილებით ოპერირების კომფორტს ახალი – მეოთხე თაობის – 4G – საკომუნიკაციო სისტემა ქმნის. ეს სისტემა უკაბელო ინტერნეტის ოქროს სტანდარტია და ჯერ მხოლოდ მსოფლიოს 35 ქვეყანაში – მათ შორის, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, აშშ-ში, ჰონგკონგში, სინგაპურსა და ავსტრიაში დაინერგა. საქართველო ამ ქვეყნების რიგში ადგილს მას შემდეგ დაიმკვიდრებს, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია სიხშირეზე ლიცენზიას გასცემს. ამისთვის კომისიას დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა მიმართოს. საქართველოში ასეთი კომპანია (ბილაინი) უკვე გამოჩნდა.

კომპანია ბილაინმა უკვე მოახდინა მეოთხე თაობის ინტერნეტის მუშაობის დემონსტრირება. 4G-ის ტესტირებისთვის ბაკურიანი საგანგებოდ შეირჩა: შედარებით მაღალმთიან ტერიტორიაზეც უკაბელო ინტერნეტი შეუფერხებლად მუშაობდა. ამ ექსპერიმენტით საქართველო ამიერკავკასიაში პირველი ქვეყანაა, რომელმაც 4G-ის ტესტირება მოახერხა.

ბილაინის კონკურენტი კომპანიები – მაგთიკომი და ჯეოსელი – თანხმდებიან, რომ საქართველოს ბაზარზე 4G-ის მოთხოვნა ჯერ არ არსებობს. მაგთიკომი ამის მთავარ მიზეზად 4G მობილური ტელეფონების ბაზარზე ნაკლებობას და მათ მაღალ ფასს ასახელებს. ჯეოსელს კი ბაზარზე 4G-ის დაბალი მოთხოვნის მიზეზად, წინა თაობის ტექნოლოგიების არასრული განვითარება მოჰყავს. ორივე კომპანია აღნიშნავს, რომ გარკვეულ ეტაპზე 4G-ის დანერგვა გარდაუვალი აუცილებლობა იქნება. თუმცა მანამდე წინა თაობის ტექნოლოგიების რესურსი ბოლომდე უნდა ამოწურონ. ორივე კომპანიას 3.5G სიჩქარის ინტერნეტი აქვს. ბილაინში მიიჩნევენ, რომ სწრაფი ინტერნეტის მოთხოვნა ბაზარზე სულ არსებობს, ამიტომ თავიანთ ქსელში 2.5G-ს შემდეგ, 3G-ს დანერგვის აზრს ვერ ხედავენ.

სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაცია მომდევნო წლების განმავლობაში 4G ინტერნეტის ბაზრის მკვეთრ ზრდას ვარაუდობს: მაგალითად, ABI Research-ის მიხედვით, 2012 წლისათვის 4G-ის ბაზარი, სულ მცირე, 2 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. კიდევ ერთი კომპანია – Analysis-ი ვარაუდობს, რომ 2015 წლისთვის 4G-ის მომხმარებელთა რაოდენობა 400 მილიონს გადააჭარბებს. ამავე წელს, ფიჭური კავშირის ოპერატორთა საერთაშორისო გაერთიანების – UMTS forum-ის პროგნოზით, 4G-ით მიღებული საერთო შემოსავალი 150 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

მეოთხე თაობის ინტერნეტის სიჩქარე, მესამე თაობისგან განსხვავებით, დაახლოებით 11-ჯერ მაღალია.

კომენტარები