ბოლივია

ჩავესის მოწაფე საზოგადოებრივ მხარდაჭერას კარგავს

sincuento.com

ბოლივიაში ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები სასტიკად ჩაახშო. კონფლიქტის წყარო ტიპნისის ტერიტორიის გასწვრივ 300-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობაა. ტიპნისი ამაზონის ტროპიკული ტყეების გამყოფია, ბოლივიის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში, სადაც ისიბოროს უნიკალური ნაკრძალია. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამი ინდიელი ტომი სახლობს (სულ 50 ათასი ადამიანი), რომელთა მიწებზეც მაგისტრალი უნდა გაიჭრას. გზატკეცილის მშენებლობის წინააღმდეგ ეკოლოგებიც გამოდიან. მათი მტკიცებით, მშენებლობა ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის გაქრობას გამოიწვევს. ქალაქ იუკუმოში სამართალდამცავები ქუჩაში გამოსულ 1000-მდე მოქალაქეს ცრემლსადენი გაზითა და ხელკეტებით გაუსწორდა. 37 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათ შორის 7 ბავშვია.

ბოლივიის ქუჩებში ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობა ჩვეულებრივ ამბად იქცა. 2003 წელს პრეზიდენტი გონსალო სანჩეს დე ლოსადა, გაზის ექსპორტთან დაკავშირებული კონფლიქტის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა. 2005 წელს კარლოს მესამაც იგივე ბედი გაიზიარა. 2010 წლის ბოლოს, როდესაც მოქმედმა პრეზიდენტმა, ევო მორალესმა, საწვავზე სუბსიდიები გააუქმა, ქუჩაში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. ევო მორალესი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება მსგავს გამოსვლებს. ის იმ პროფკავშირის ლიდერი იყო, რომლის საპროტესტო აქციების შედეგადაც, ლოსადა 2003-ში და მესა 2005-ში – გადადგა.

საგზაო პროტესტებმა აჩვენა, თუ რამდენად დასცილდა ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ხალხის პოლიტიკურ იდეოლოგიას. თუმცა მორალესმა საზოგადოებრივ მოთხოვნებს ანგარიში გაუწია და შეტაკებებიდან რამდენიმე დღეში, პროექტის მშენებლობა შეაჩერა. ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის გამო თანამდებობა დატოვეს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა. თუმცა პრეზიდენტმა ახლო წრიდან შემცვლელები მალევე მოძებნა.

დაძაბული აღმოჩნდა ოქტომბრის შუა რიცხვებიც. სასამართლო არჩევნები მორალესისათვის კიდევ ერთ პრობლემად იქცა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ, ხელისუფლების მიმართ საკუთარი შეხედულება გაფუჭებული და შეუვსებელი ბიულეტენებით გამოხატა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ წინა წელთან შედარებით, პრეზიდენტის რეიტინგი 35%-ით შემცირდა. ეს მსოფლიოს ქვეყნების მეთაურთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიტინგია.

მოსახლეობა, ექსპორტის გასაფართოებლად, ამერიკასთან კავშირის გაუმჯობესებას ითხოვს. ამერიკასა და ბოლივიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს შეწყდა. მაშინ ევო მორალესმა აშშ-ის ელჩი და ნარკოტიკებთან მებრძოლი სამსახურის წარმომადგენლები ოპოზიციის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. იმ დროს ნავთობითა და გაზით მდიდარი რაიონები ავტონომიისათვის იბრძოდნენ. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმებას 2011 წლის 7 ნოემბერს მოეწერა ხელი.

ბოლივია სამხრეთ ამერიკაში შიდასაზოგადოებრივი პოლარიზებულობითა და სიღარიბით გამოირჩევა. ინდიელები ქვეყნის დასავლეთით, ხოლო მეტისები და თეთრკანიანები აღმოსავლეთით ცხოვრობენ. ინდიელების უმრავლესობას მეტისებისა და თეთრი უმცირესობის სიმდიდრე და პოლიტიკური ძალაუფლება აღაშფოთებს. მორალესი პირველი ინდიელი პრეზიდენტია. მან პოსტი 2006 წლის იანვარში, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ძლიერი მხარდაჭერის შედეგად დაიკავა. 2009 წელს კი, ხმათა 64 პროცენტით კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს. მისი რეიტინგის ვარდნა სახელმწიფოს დისკრიმინაციულმა პოლიტიკამ და უგო ჩავესის მიმბაძველობამ განაპირობა.

ბოლივიას დიდძალი ბუნებრივი რესურსები, მათ შორის – ბუნებრივი აირი და ლითიუმის რეზერვები გააჩნია. ქვეყანა ჰიპერკორუფციით იტანჯება, შესაბამისად, კერძო ინვესტიციებიც ნაკლებია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2011-12 გლობალური კონკურენტულობის ინდექსით, ბოლივია 142 ქვეყნიდან 114-ეა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, 123-ე ინსტიტუტების, 136-ე საკუთრების დაცვის უფლების, 136-ე საერთო საბაზრო ეფექტურობის მიხედვით. მიუხედავად ბუნებრივი პოტენციალისა, ამ პატარა ქვეყანაში კერძო ინვესტიციების მოზიდვა რთული იქნება, ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლებამ ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორების ნაციონალიზაცია მოახდინა, სასამართლო სისტემა მთლიანად დაიქვემდებარა, საჯარო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობა შეასუსტა და, რაც მთავარია, ვენესუელის მსგავსად, ავტოკრატიის შექმნა სურს.

კომენტარები