ქართული ესტრადა

შოუბიზნესი

0 კომენტარი

სადღაც სამოცდამეშვიდემილიონე სატელევიზიო თოქ-შოუ დამთავრდა. ის კვლავ ჯიუტად მიეძღვნა ქართული შოუბიზნესის ღრმა ჭაობიდან ამოთრევის უნაყოფო მცდელობათა სტატისტიკის გაუმჯობესებას. ამის შემდეგ, გაგიკვირდებათ და, ამ თემაზე წერილის დაწერა მომინდა – ერთგვარ მაზოხიზმად შეიძლება მოგეჩვენოთ ეს სურვილი, მაგრამ მე მჯერა, რომ ქვეყანაში, სადაც მეტრო დადის და პური ცხვება, შეუძლებელია სიმღერით ფულის შოვნა შეუძლებელი იყოს.

მაშინ რატომ იკრიბებიან ყველა მოყვითალო შეფერილობის ტელეშოუში წელიწადში ერთხელ ქართული საესტრადო ტანკლი-ტუკუნის ტკბილად მივიწყებული თუ კოშმარულად დაუვიწყარი სახეები და რატომ მოსთქვამენ შოუბიზნესში დატრიალებულ ცოდვა-ბრალზე ასეთი დაბალინტენსიური, მაგრამ ჯიუტი პერიოდულობით? – სხარტად იკითხავს ლოგიკური ტესტების გამოყვანაში გაწაფული მკითხველი და ქართველი მსახიობები რომ ეჭვს ცუდად თამაშობენ ხოლმე, ისე მოჭუტავს ცალ თვალს. იმიტომ, ჩემო საყვარლად თვითდარწმუნებულებო, რომ ეს ჩვენი „ვარსკვლავები” შეიძლება ცალ-ცალკე ვერა, მაგრამ ასე ყველა ერთად შეკრებილ-ჩაფიქრებულ-ამღერებულ-აყაყანებულები მშვენიერ სატელევიზიო რეიტინგს წერენ: იქ ნინო მოვა გუჩის კაბით, ან ნინა მარჯიელათი და ეგეც შენი პროცენტ-ნახევარი – თუ კაბა საკმარისად მოკლეა – მთელი ორი პროცენტიც; მერე ანრი გაიხსენებს რამე კურიოზს ეთერ კაკულიას ცხოვრებიდან – ეგეც პლუს ერთი, ჯამში უკვე 3 პროცენტია; ძველი თაობის კომპოზიტორიც გალანძღავს ყველას, ვინც ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ლამაზია – არ კიდია, დარბაზში მოკალათებული ბრბო მაინც ტაშს დაუკრავს და... ავედით ექვს პროცენტამდე; მერე შეკრებილთ შორის ყველაზე გლამურული პესიმისტი იტყვის, რომ ქართული შოუბიზნესი ვაფშე არც არსებობს!! ეეეო, ეგ როგორო, აბა მე ვინ ვარო?! – შეიცხადებს ეგზისტენციალიზმზე პირველად ჩაფიქრებული მავანი წვიმა-ჭექა-ქუხილზე მელოდიურად მოამბე მგოსანი, ამას მოჰყვება ყაყანი – ეგეც კიდევ 5 პროცენტი! – ყაყანზე გიჟდება ქართველი ტელემაყურებელი; მერე ვინმე, ვინც რაღაც ჯადოსნობით მუდმივად ახერხებს ხოლმე ერთდროულად იყოს უკიდურესად დიპლომატიურიც და საოცრად გულწრფელიც, სადღაც კუდუსუნიდან შიგან-ჯიგარის გავლით ლავასავით ამოტყორცნილ ოხვრას ამოაყოლებს სინანულს იმ საშინელ უსამართლობაზე, რომ თვითონ, ჯერ მარტო ამ დარბაზში ამდენი და ასეთი ნიჭიერები – ეხხხხ (სინანულის გამომხატავი შორისდებული) და ვიღაც უნიჭო და უგემოვნო იქა სუ შალახო-დიმპიტაურებით, მდაბალი ხარისხითა და ბუნებრივია, საეჭვო მხარდაჭერით „ზემოდან”. თორემ აბა ისე როგორ ახერხებს ყველა თავისი სიმღერა გააჰიტოს მსმენელის გემოვნების დეგრადაციის ხარჯზე!! – სანამ აღშფოთება ჩაივლის, ამ ახალ სარესტორნო ხიტსაც ჩააჟღერებენ კოხტად და რეიტინგიც უკვე ოც პროცენტს აცდა – პირობითი ნოდარიკოც იღიმის თავისი ამორალური, მაგრამ ყველაზე ადეკვატური ღიმილით – სულ არ აღელვებს, რომ ამ ყველაფრის დასრულებისას ტელემაყურებელს პირში ისეთი გემო გრჩება, როგორც შენი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ორალური სექსის შემდეგ!

, აბა სადღაა მაშინ გამოსავალი და რა ჯანდაბა მრჯის მეც ამ კვირა საღამოს კლავიატურის კაკუნში რომ ვატარებ?! – პირველ ეტაპზე, მინდა შექმნილი სიტუაციის ლოგიკურობა, მეტსაც გეტყვით, სამართლიანობა დავასაბუთო კონკრეტული მაგალითებით.

უპირველეს ყოვლისა, შოუბიზნესიც, ისევე როგორც ნებისმიერი ბიზნესი, ექვემდებარება ეკონომიკურ კანონებს, რომლებიც უმარტივესი არაა, მაგრამ არც დაუძლეველი სიბრძნის შემცველია ოცდამეერთე საუკუნის ადამიანისთვის. მაგალითად, პირველი კანონი: იმისათვის, რომ ადამიანს ფული გამოართვა რამეში, ჯერ ეს რამე უნდა გქონდეს! – ჩვენს შემთხვევაში – სიმღერა!

საიდან უნდა ჰქონდეს ადამიანს სიმღერა? – წყარო არის ოთხი:

ა) დაწეროს თვითონ;

თუ არ აქვს ნიჭი, მაშინ

ბ) იყიდოს სხვისგან;

თუ არც ნიჭი აქვს და არც ფული, მაშინ აიღოს ხელი თავმოყვარეობაზეც და

გ) მოიპაროს;

ხოლო თუ ისეთ უიშვიათეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ადამიანს არც ნიჭი აქვს, არც ფული, არც მარიფათი და შნო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აქვს სურვილი, იწოდებოდეს ვარსკვლავად, ასეთებს ვთავაზობ მეოთხე ვარიანტს:

დ) წამოიღოს;

მცირე განმარტება: „წამოღება”, ეს იგივე მოპარვაა, ოღონდ ხორციელდება დღისით, მზისით, დაუფარავად და მილიონობით მოწმის თანდასწრებით. ამ მეთოდით სარგებლობდნენ ძველი ბიჭები გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში და „ქუჩის ბიჭები” ამ საუკუნის პირველ წლებში.

თუ დავაკვირდებით ჩვენი ე.წ. ვარსკვლავების რეპერტუარს, ერთი რამ მაშინვე მოგვხვდება თვალში: ძალიან, ძალიან ცოტა სიმღერები აქვთ. რამდენი ქართველი „ვარსკვლავი” იცით, რომლის ათზე მეტი სიმღერის ჩამოთვლა შეგიძლიათ? – მე არცერთი! იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კონსტიტუციით არის შეზღუდული, რომ რეპერტუარში ყველას ჰქონდეს სულ სამი სიმღერა. ერთი გართობაზე, ცეკვაზე და კოლექტიურად ხელების აწევაზე; ერთი წვიმაზე, სევდაზე და ზოგადად მეტეოროლოგიური პირობებისა და ადამიანის განწყობის ურთიერთგავლენებზე და ერთიც, რა თქმა უნდა, აფხაზეთზე – ან ტკივილიან-ცრემლიანი და მოთქმა-გოდებითი, ანაც სამართლიანობის აღდგენითა და იქ დაბრუნების მუქარით გამთბარ-გაოპტიმისტებული – გააჩნია, სიმღერა აგვისტოს ომის შემდეგ დაიწერა თუ აგვისტოს ომამდე.

არადა, მარტივი ეკონომიკური კანონია, რაც უფრო მეტი პროდუქტი გაქვს გასაყიდი, მით უფრო მეტი შანსი გაქვს გაყიდო რამე; რაც უფრო მეტ ადამიანს მოსწონს შენი პროდუქტი, მით უფრო მეტი შანსი გაქვს, გაყიდო ბევრი; და რაც უფრო განხვავებული და გამორჩეულია შენი პროდუქტი ბაზარზე, მით უფრო მეტია მისი ფასი. ანუ, თუ გინდა იშოვო მეტი ფული, უნდა მიყიდო მეტი სიმღერა მეტ ადამიანს მეტ ფასად!

ავიღოთ მაგალითად ჯგუფი „მგზავრები” – მუსიკალური კოლექტივი, რომელმაც უამრავ ადამიანს საკუთარ თავში მინიმალური ესთეტიკის აღქმის უნარი აღმოაჩენინა, გაცილებით მეტს კი – ამ უნარის დათრგუნვის სიადვილე. ეს მონდომებითა და ხმაურით გამორჩეული ბიჭები არიან ცოცხალი დასტური იმისა, რომ თუ მუსიკოსი შოუბიზნესშიც იმდენს იმუშავებს, რამდენსაც მუშა მშენებლობაზე, ანუ მინიმუმ რვა საათს კვირაში ხუთი დღე; კონცერტზე მისულ მაყურებელს ფონოგრამაზე ურცხვად პირს არ გაუღებს და შეძლებისდაგვარად შეუსრულებს შეძლებისდაგვარადვე დაწერილ სიმღერებს; თან განსხვავება რომ არ აგრძნობინოს, მაინცდამაინც დახვეწილი ჟღერადობით სტუდიურ ჩანაწერებშიც არ გაანებივრებს, აუცილებლად მიაღწევს როგორც შემოქმედებით, ასევე ფინანსურ წარმატებას! ბუნებრივია, ეს წარმატება ამ ბიჭებისთვის გაცილებით ხელშესახები იქნებოდა, ჯგუფს რომ წევრების სასრული რაოდენობა ჰყავდეს, მაგრამ ეს არაა მთავარი, ისედაც ცხადია, რომ პატარა ქართულ ბაზარზე სიმღერით მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ ათასიონერი რომ გახდე, სავსებით შესაძლებელია, ათასიონერები კი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დღევანდელი დონის გათვალისწინებით, გლამურულ ბრჭყვიალსაც შეინარჩუნებენ ფანების თვალში და ამავდროულად საშუალო ფენასაც გაზრდიან – დემოკრატიული წყობის ხერხემალსა და სამშობლოს შეუქცევადად მდგრადი განვითარების გარანტს.

წარმატების კიდევ ერთი მაგალითია ნინო ჩხეიძე – ლამაზი გოგონა ოცდამეორე საუკუნის ჩაცმულობით და მეცხრამეტე საუკუნის რეპერტუარით. „გამახარე, დღეს კიდევ ერთხელ გამახარე, ჩემთან მოდი და წამიყვანე, სულ ხელის გულზე მატარე” – ალბათ არცერთ მომღერალს არ აუსახავს ასე ზუსტად და ზედმიწევნით საშუალოსტატისტიკური ქართველი გოგონას ოცნება, გაექცეს ამქვეყნიურ რუტინულ ერთფეროვნებას, ანუ გათხოვდეს! მატერიალიზმითა მატერიალიზმის დამთრგუნველი გადაწყვეტილებების ხელოვნების ნიმუშებით წახალისება ალბათ კიდევ დიდხანს იქნება მოდური ტენდენცია ფუნდამენტალიზმსა და რეფორმაციას შორის გაჭედილ ქვეყნებში, აგრეთვე დიდხანს გაგრძელდება ესთეტთა და ერთი შეხედვით პროგრესისტთა ვარამი, ქართული შოუბიზნესი რესტორნის დონეს ვერ ცდებაო, მაგრამ ეს ყველაფერი სრულიად სამართლიანია, ჩემი ძვირფასო ადამიანებო, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, რესტორანი, თავისი არსით, ძალიან კულტურული დაწესებულებაა, და მეორეც, აბა რა გგონიათ თქვენ, რას უნდა ჰგავდეს შოუბიზნესი ქვეყანაში, სადაც ერთადერთი ნარკოტიკი, რომელიც მოიპოვება, ალკოჰოლია?!

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები