ღვინის კლუბი

როგორ გავაახალგაზრდავოთ ქართული ღვინო

0 კომენტარი

მემგონი დამეთანხმებით, რომ დღეს ქართული ღვინის კომპანიები განსაკუთრებულად გულგრილნი არიან ადგილობრივი ბაზრის მიმართ. ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში ბოთლის ღვინო პოპულარულ პროდუქტად იქცეს. არ წარმოებს სარეკლამო კამპანიები, ღვინო ვერა და ვერ იქცა მიმზიდველად, რადგან ზოგიერთს ხელოვნურად გაბერილი ფასი აქვს, ხარისხთან შეუსაბამო, სხვებს კი შეფუთვა არ უვარგათ. ამ, და კიდევ სხვა მიზეზების გამოა, რომ ბოლო მონაცემებით, 2010 წელს, საქართველოში მხოლოდ 1,5 მილიონი ბოთლი ღვინო გაიყიდა, რაც ქვეყანაში წარმოებული ღვინის მხოლოდ 2,3%-ს შეადგენს.

ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია ღვინის ქვეყნისთვის. ნუთუ მთელი ქვეყანა მხოლოდ თავის დაყენებულ ღვინოს მოიხმარს? იქნებ ყველა ლუდზე და არაყზე გადავიდა? ანდა, ვინ იცის, იქნებ კომპანიებმა საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი ადგილობრივ ბაზარზე?.. ბევრი ასეთი კითხვის დასმა შეიძლება და ის, რომ დღეს საქართველოში ღვინო ძალიან ცუდად იყიდება, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ცხადია, ერთ-ერთი სერიოზული შემაფერხებელი ამ თვალსაზრისით, იაფიანი ღვინის ძალზე მწირი არჩევანია – დღეს საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ 2-დან 5 ლარამდე საფასო კატეგორიის ღვინოს, რომელიც სასიამოვნო დასალევი იქნება, თუმცა არანაკლები მნიშვნელობის პრობლემად მიმაჩნია ქართული ღვინის ბრენდების ცნობადობა და ამ პროდუქტის მიმზიდველობა ფართო მასებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულ ღვინოს ხალისი და მომხიბლავობა აკლია, უფრო კონკრეტულად კი, ახალგაზრდული სული.

სწორედ ამის გამოცაა, რომ საქართველოში ახალგაზრდებს ხშირად წარმოდგენაც კი არ აქვთ ქართულ ღვინოზე, ძირითად ჯიშებზე, ღვინის ტიპებზე და მათ თვალში ღვინო ხშირად რაღაც დრომოჭმულთან და ფსევდოტრადიციულ რიტუალებთან ასოცირდება. არადა, მე ვფიქრობ, კომპანიებმა პირველ რიგში სწორედ ახალგაზრდებზე უნდა დაამყარონ იმედები და რაც შეიძლება თანამედროვე გახადონ ქართული ღვინის იმიჯი. ერთი-ორი მცდელობა იყო ბოლო ორი წლის მანძილზე, თუმცა მთლიანობაში ქართული ღვინო ჯერ კიდევ ინარჩუნებს უცნაურ სტატუსს. ეს უცნაური სტატუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ბოთლის ღვინოს ძირითადად სტუმრებისთვის ყიდულობენ, საჩუქრად.

გასაგებია, რომ ბევრისთვის ღვინო ჯერ კიდევ ფუფუნების საგანს წარმოადგენს, მაგრამ ხომ შეიძლება ამ თემის დემოკრატიზება? ნუთუ ასეთი ძნელია ადამიანებამდე მივიტანოთ პროდუქტი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით მზადდება საქართველოში და რომელზედაც ყველაზე დიდ იმედებს ვამყარებთ? იმედები მომავალს უკავშირდება, მომავალი კი ახალგაზრდების ხელშია, მათი, ვინც ხვალ ქართული ღვინის ელჩები შეიძლება გახდნენ აქაც და უცხოეთშიც, იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ისწავლიან ან იმუშავებენ. ნუთუ კომპანიები არ უნდა იყვნენ დაინტერესებული ადამიანებით, რომლებიც მოდურს გახდიან მათ ღვინოს? ეს ახალგაზრდები ხომ, ზოგადად, ქართული ღვინის სახის ჩამოყალიბებაში, მის გახალისებაში მიიღებენ მონაწილეობას და მათთან, როგორც გათვითცნობიერებულ (და არა ზერელე) მომხმარებელთან აქტიური და ნაყოფიერი ურთიერთობით სულ მალე მართლა შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა.

გული მწყდება ხოლმე, როცა ვხედავ, რომ ყველაზე ახალგაზრდული ღვინოებიც კი, მაგალითად, ვარდისფერი ღვინოები, ძალიან ძველმოდურად და მოსაწყენად იფუთება. იგივე შეიძლება ითქვას ღვინის ტურიზმზეც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ტურისტის, პირველ რიგში კი ახალგაზრდა, ცნობისწადილით სავსე ადამიანების გარეშე საქართველოში არაფერი ეშველება ღვინის ტურიზმს. განუწყვეტლივ მიწევს იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ უცხოელი ტურისტის იმედად ყოფნა სისულელეა, უფრო მეტიც, დანაშაული, ისევე, როგორც აბსურდულად მეჩვენება ქართული ღვინის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა, როდესაც ჩვენი ბოთლის ღვინის ყველაზე ფართო მომხმარებლად უკრაინელები და ყაზახები ითვლებიან და ისინი გაცილებით მეტ ქართულ ღვინოს სვამენ, ვიდრე თავად ქართველები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები