მხატვრობა

"მე ჩავკეტე ლაბირინთი..." – ლოგიკა კლიშეების წინააღმდეგ

0 კომენტარი

ინტერვიუ გელა ზაუტაშვილთან

შენი ბოლოდროინდელი ნახატები, თუნდაც ეს აღმოსავლური და ტანტრისტული გამოფენა “ლაბირინთი”, ჩემი აზრით, ე.წ. ოკულტურას მიეკუთვნება, თუ ეს უბრალოდ გულწრფელობაა შენთვის ძვირფასი პირადი სამყაროს შესახებ? არის ასეთი ნახევრად ირონიული ტერმინი ოკულტურა, რაც კულტურას და ოკულტიზმს აერთიანებს, როდესაც რომელიმე არტისტის შემოქმედება ოკულტურ იდეებზე კონცენტრირდება.

მე ეს თემატიკა მხოლოდ შემოქმედებითი იმპულსის დონეზე მაინტერესებს. საერთოდ, იდეებით ვიკვებები, ხელოვნებაშიც და ცხოვრებაშიც. აქ არის ავანტიურაც და თამაშიც. ეს გამოფენა ჩემთვის უფრო გულახდილია. ადრინდელი გამოფენა გალერეა კოპალაში ცოტა მძაფრი იყო და დაძაბულობაც ამიტომ მოიტანა. არ შემიძლია ერთ რაღაცაზე გაჩერება. მხატვრებს, ზოგადად, ახასიათებთ ეს. ადრე აბსტრაქციას ვხატავდი ათი წლის განმავლობაში და ეს ჩემთვის სრულიად ახალი ეტაპია.

ბევრი ნიშნები, სიმბოლოები და კონტექსტებია. შენმა ნამუშევრებმა მაყურებელზე ქვეცნობიერად უნდა იმოქმედოს, თუ ისინი მაინც აქტიურად და ყურადღებით წასაკითხია?

არის სურათები, სადაც უნდა იცოდე კანონიკა. თუ რატომ აქვს, ვთქვათ, ენა გამოყოფილი ქალღმერთ კალის. საბოლოო ჯამში, რა მნიშვნელობა აქვს გაცნობიერებული იქნება ეს მაყურებლისთვის თუ არა. ჩემს ცხოვრებაში ეს მედიტაციური პერიოდია.

იდეების ილუსტრაციულობა და პათეტიკა თანამედროვე ხელოვნებისთვის “ცოდვაა”. ხომ არ გინდოდა თანამედროვე არტის ამ მოსაწყენი და სტერილური ერთფეროვნებიდან გამოსულიყავი?

მე ნამდვილად მიყვარს რაღაცების მოყოლა. ცხოვრებაში ძალიან არაკომუნიკაბელური ვარ და საერთოდ არ ვლაპარაკობ. არსად დავდივარ – მარტო სახელოსნო და სახლი. მეორე მხრივ, არ მაკმაყოფილებს თანამედროვე ხელოვნების ერთგვარი ასკეტურობა მასალაში, მისი მინიმალიზმი და რედუქცია. მესმის, რომ ახალ ტექნოლოგიებს წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ მე ძველმოდური ვარ და საღებავი და ფუნჯი მიყვარს. ეს მირჩევნია.

ამ ტიპის ტანტრისტული შინაარსის გამოფენა გქონდა უცხოეთში? 

მქონდა ვენაში და 2012 წელს ინდოეთში ვაპირებ, დელიში. ინდოეთთან დაკავშირებით ეს გამოფენა საკმაოდ სერიოზულად მაქვს მოსაფიქრებელი. არსებობს რაღაც კანონიკური წესები, რისი გათამაშებაც არ შეიძლება. მე მინდა, რომ ჩემი დამოკიდებულება სათუთი იყოს. ინდოეთში არიან შესანიშნავი, ჩემზე გაცილებით მაგარი მხატვრები და ისინი ჩემზე 10-ჯერ ნაკლებ ფასად იყიდებიან. შეიძლება თანამედროვე ხელოვნებაში ყველა მაგარი არ არის, მაგრამ მე არ შემიძლია მათთან კარგად გააზრებული გამოფენა არ ჩავიტანო.

რამდენად იყიდება შენი ნამუშევრები?

5 ათას დოლარად, დაახლოებით.

შენს ნამუშევრებში ორი მთავარი მძაფრი ხაზი იკვეთება, სექსის და ეგზისტენციის. აქ არის ადამიანური ძალადობის და ფრუსტრაციის ამსახველი მომენტებიც ღმერთებთან ერთად. გინდა თქვა, რომ ცხოვრება ძალზე დამაბნეველი და ცუდია?

ცხოვრება არის ფანტასტიკურად კარგი, ლამაზი და საყვარელი. შენ ახსენე სიტყვა სექსი. კაჯურაჰოში შვიდი ტაძარია დახუნძლული კამა სუტრას სცენების რელიეფებით. ვერ წარმოიდგენ, იქ პატარა ბავშვები ისეთი სიყვარულით გიყვებიან ღმერთების სექსუალურ ისტორიებს და ერთი წამითაც არ არის მათ მონაყოლში რაიმე უხამსობა. აქ საერთოდ ყველა სხვა განზომილებაში ცხოვრობს. ერთხელ ერთ ბიჭს ვკითხე, რამდენი წლის ხარ-მეთქი და დაფიქრდა. მერე მითხრა, პასპორტი მაქვს და ჩვიდმეტის უნდა ვიყოო.

ნამუშევარი, სადაც ცენტრში ნაჩვენებია ადამი და ევა, გარეთ კი ჩანს ქალები, ხან მეძავის, ხან ფეტიშისტური ან სიბერის ნიშნებით, სამოთხიდან თითქოს გარეთ აღმოჩნდნენ. და ეს კარგია თუ ცუდი?

იმას ვიტყვი, რომ დასავლეთი ყურებამდე შეცდომებშია ჩაფლული. რასაც ვერ ვიტყვი აღმოსავლეთზე. აღმოსავლეთში ინდოეთსაც ვგულისხმობ და ჩინეთსაც. გარდა ამისა, ჩემი ნახატები უბრალოდ ხულიგნური თამაშია. თუ კარგად გახსოვს ეს ნახატი, იქ ევასაც აქვს პენისი და ეგ რას ნიშნავს? განა რამე რამეს ნიშნავს? ერთხელ ჟურნალისტი ეკითხება ფელინის – მაესტრო, ფილმში ეს კადრი ამას ნიშნავსო? რაზეც ფელინი პასუხობს, რა კარგი აზრია, აქამდე არც კი მომსვლია თავში, დიახო.

რამდენიმე ნახატში ჩანს წარწერები ცნობილი დასავლური ბრენდების, ანუ მაინც გინდა, დასავლეთიც აზიარო ამ მისტიკურ მარადიულობას?

რატომაც არა. ენდი უორჰოლმა გაჭრა ეს კარი, როდესაც ნაცნობი სამომხმარებლო გარემო სიმულაკრად აქცია. ამ კარში შესვლა ძნელია. მასთან შეიძლება მხოლოდ ახლოს მიხვიდე. მეც ვცადე.

შენს ნახატებში ხშირადაა გამოსახული ვაგინა. ინდოეთში კი ასე არაა, იქ უფრო ფალოსს, ლინგამს გამოსახავენ, რომელიც შივას წარმოადგენს. და, საერთოდ, მსოფლიოში ქალური ენერგია, ინტუიცია, ირაციონალური რეპრესირებულია მამაკაცურის და ფორსირებულის სანაცვლოდ. ამის ჩვენება გინდა?

საინტერესო რამეს ამბობ. მაგრამ ლინგამი იონის გარეშე არასოდეს გამოისახება. ინდოეთში ქალები ძროხის ნაკელისგან აკეთებენ იონის ფორმის რგოლებს და მერე ამ რგოლებს ალაგებენ ერთმანეთზე, როგორც ლინგამს. საერთოდ, იონის ეს კულტი საკმაოდ დაფარულია.

არიან სხვა მხატვრები, ვისთანაც არის ასეთი შინაარსები?

როგორ არა. ბოისთან არ არის ეს? ან პოლკესთან ან კლემენტესთან?

მე მგონია, რომ შენთან ძალიან გამოკვეთილია. ეს ნამუშევრები სამყაროს თაყვანისცემაა თუ ლაბირინთიდან გამოსავლის ძიება?

ერთიც და მეორეც. ლაბირინთიც თამაშია.

რა არის ლაბირინთის ბოლოს?

ახალი ეტაპი. ახალი თავსატეხი. ლაბირინთს ვერ დაამთავრებ.

მაგრამ ხომ აქვს ბოლო ოთახი?

მე ჩავკეტე იქ შესასვლელი. და თუ გახსოვს, ამ სურათში მე ლაბირინთის გარეთ ვდგავარ.

უფრო მთავარი გულწრფელობაა თუ ის, რომ მაგარი იყო? შენ თითქოს მიდიხარ ამ რისკზე, უბრალოდ გულწრფელი დარჩე. რა გაძლევს ამის გამბედაობას?

ჩემი წესიერება. მე გამოვრიცხე ჩემი ცხოვრებიდან აღვირახსნილობა, ნარკომანია, ლოთობა. ელენა ბლავატსკაიას აქვს ნათქვამი, აუცილებელია სწორად განალაგო ობიექტური საგნები, რომ საბოლოოდ დაინახო – ერთადერთი ჭეშმარიტი სამყარო სუბიექტურია. ცოტას თუ თამაშობ კიდეც და გულწრფელიც ხარ, ძალიან მაგარია.

ამ ნახატებიდან შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ აღვირახსნილობას აღმერთებ?

პირიქით, ამიტომაც ვათავსებ იქვე დალაი ლამას და ბუდას სახეებს. ყველაფერი ლოგიკურია, თქვა დალაი ლამამ, როდესაც ტიბეტი დაიკარგა და ინდოეთში, ბუდიზმის სამშობლოში დასახლდა. ამ სიმძაფრეების გვერდით მე დალაი ლამას სურათს ვკიდებ.

P.S. გამოფენა “ლაბირინთი” გალა გალერეაში იმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები