რელიგია

ბერძენი ეპისკოპოსის ანტიკანონიკური ვიზიტი აფხაზეთში

„ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება გასცდეს თავი-სი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიების აღრევა”. კონსტანტინოპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონი.

წინა კვირას, აფხაზეთში ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წარმომადგენელი, ეპისკოპოსი პროკოპიოს პეტრიდისი იმყოფებოდა. ქრისტიანოპოლისის ტიტულარული ეპისკოპოსი, რომელიც საბერძნეთის ეკლესიის, ნიკეას მიტროპოლიტის დამხმარეა, აფხაზური სქიზმატური ჯგუფის ერთ-ერთ მეთაურს, მღვდელ ბესარიონ აფლიაას შეხვდა. ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაშია – უშუალოდ ემორჩილება ქვეყნის კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. იქ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის უნებართვოდ შესვლა, საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევაა. ამ ვიზიტით არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საერო კანონიც დაირღვა – ბერძენმა იერარქმა ქვეყნის საზღვარი საქართველოს სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად გადმოლახა.

აფხაზეთის ტელევიზიასთან კომენტარში მეუფე პროკოპიოსმა განაცხადა: „მე მომიწვია მამა ბესარიონმა, რომ გავცნობოდი აფხაზეთის სასულიერო დასს. ეკლესიური ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა ამ ადგილებში ყოფნა, რადგან აქ იმყოფებიან დიდი წმინდანები, ამ ადგილას გადმოასახლეს იოანე ოქროპირი. აქაურობა ძალიან საინტერესოა...”

პეტრიდისი ვიზიტს „არაოფიციალურს” უწოდებს. თუმცა სხვა ეკლესიის წარმომადგენლის მიწვევის უფლება ჰქონდა მხოლოდ ეპარქიის მმართველ ეპისკოპოსს, კათალიკოს ილიას და არა სქიზმაში მყოფ ბესარიონ აფლიაას. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ „შეხვედრის დროს, განხილვის მთავარი თემა იყო – არქიმანდრიტ დოროთე დბარის ქცევა 15 მაისს, ახალი ათონის მონასტერში”.

ტაბულა უკვე წერდა, რომ წელს, 15 მაისს არქიმანდრიტ დოროთე დბარის მეთაურობით „საეროთა და სასულიეროთა ყრილობამ” ანაკოფიის მიტროპოლია დააარსა, რომლის მმართველადაც კრებამ დბარი დანიშნა. აღნიშნული მოვლენების შემდეგ, აფხაზეთში ორი დაპირისპირებული სასულიერო ჯგუფი გაჩნდა, რომელთაგან ერთს აფლიაა, ხოლო მეორეს დბარი ხელმძღვანელობს. რუსეთის ეკლესია სქიზმატებს შორის დავაში აფლიაას ანიჭებს უპირატესობას.

2009 წელს აფხაზეთის ეპარქიაში მოღვაწე მღვდლებმა, ბესარიონ აფლიაას მეთაურობით, ავტოკეფალია გამოაცხადეს, რითაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან სქიზმა საბოლოოდ გაფორმდა. რასაკვირველია, ეს არ მომხდარა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდის ავლით. სასულიეროთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ მოსკოვის საპატრიარქოშია ნაკურთხი და მას ემორჩილება. არაოფიციალურად ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ქართული მიტროპოლია რეგიონთან მოსაზღვრე რუსი ეპისკოპოსების ხელშია. რუსეთის საპატრიარქო უარს ამბობს ოფიციალურად აღიაროს აფხაზური ავტოკეფალია, რადგან საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია მოსკოვისთვის მტკივნეული, უკრაინის ავტოკეფალია ცნოს.

არქიმანდრიტი დოროთე დბარი რუსების მიერ აფხაზური ავტოკეფალიის აღიარებას სკეპტიკურად უყურებს. მათ ნაციონალისტური რიტორიკით აკრიტიკებს და ავტოკეფალიის აღიარების მოპოვებას ბერძნულ საპატრიარქოებში აპირებს. მისი განცხადებები გამაღიზიანებელია რუსი სასულიერო იერარქიისთვის, რასაც უკვე მოჰყვა დბარის დაგმობა და აფხაზეთის ეპარქიაში აფლიაას უპირატესობის ხაზგასმა.

ისმის კითხვა, თუ რატომ დათანხმდა ბერძენი ეპისკოპოსი აფხაზეთში საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის დარღვევით ჩასვლას და შემდეგ, ორ არაკანონიკურ ჯგუფს შორის, სწორედ აფლიაას მხარეს დადგომას? დბარი მრევლს სწორედ ბერძნულ საპატრიარქოებში ჰპირდებოდა აფხაზეთის ეკლესიის ხსნას და ეპისკოპოსად კურთხევას – ურომლისოდაც ეკლესია ვერ იარსებებს – მათგან ელოდა. ბერძენი ეპისკოპოსის ვიზიტი ამ იმედებს მრევლის თვალში საბოლოოდ ანადგურებს.

ბერძენი ეპისკოპოსის რუსულ საეკლესიო თამაშში ჩაბმას, საეკლესიო ანალიტიკოსები მის ბიოგრაფიას უკავშირებენ. ეპისკოპოსი პროკოპიოსი ლენინგრადის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, კარგად ფლობს რუსულ ენას და წლებია, საბერძნეთის ეკლესიაში რუსეთთან და საქართველოსთან ურთიერთობა აქვს ჩაბარებული. მას კარგი ურთიერთობა აქვს რუსულ საეკლესიო დასთან და პრორუსულ იერარქად ითვლება.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრმა განაცხადა, რომ „ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ გააგზავნა წერილი ელადის მთავარეპისკოპოსთან, სადაც ითხოვს, ოფიციალურად ახსნას მეუფე პროკოპიოსის ვიზიტი აფხაზეთში”. მიიღო თუ არა საპატრიარქომ პასუხი, ტაბულამ ინფორმაცია ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქო ელადის ეკლესიისგან პასუხს ითხოვს, გაუგებარია, რატომ არ რეაგირებს მსგავსი სიმკაცრით, წლების მანძილზე რუსული ეკლესიის მხრიდან მისი იურისდიქციის ხელყოფაზე.

 

კომენტარები