საარჩევნო კოდექსის პროექტი

ვენეციის კომისია საქართველოს საარჩევნო კოდექსის პროექტზე

ვენეციის კომისია საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტზე რეკომენდაციებს აქვეყნებს. მათი შეფასებით, ახალი კოდექსი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს. იგი კომისიისა და ეუთოს აქამდე გაკეთებული რეკომენდაციების ნაწილს ითვალისწინებს. თუმცა, აღნიშნავენ ზოგიერთი რჩევის გაუთვალისწინებლობას და გამოყოფენ შემდეგ პრობლემურ მიმართულებებს – საარჩევნო ოლქების საზღვრები, არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა, საარჩევნო საჩივრებისა და სარჩელების მარეგულირებელი ნორმები, პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიების დაფინანსების რეგულირება, შეზღუდვები ხმის მიცემასა და არჩევნებში მონაწილეობაზე და სხვა. ამავდროულად, კომისია აცხადებს, რომ კოდექსის პროექტი იღებს ზომებს, რათა არჩევნები გამჭვირვალედ წარიმართოს, დარეგისტრირებულ კანდიდატებს ჰქონდეთ წვდომა მედიაზე, ხმის მიცემის საშუალებას აძლევს უნარშეზღუდულებსა და იმ ადამიანებსაც, ვისაც არ შეუძლია ამის გაკეთება საკუთარ საარჩევნო უბნებზე, ბიულეტენები კი უმცირესობათა ენებზეცაა ხელმისაწვდომი.

ყველაზე დიდ ყურადღებას კომისია ოლქების საზღვრების ფორმირებას უთმობს. აღნიშნავს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა დაახლოებით თანაბარი ზომის ოლქების შექმნა, რითაც ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობა იქნებოდა მიღწეული შერეულ საარჩევნო სისტემაში. კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობა უნდა იყოს. კოდექსის პროექტის თანახმად, დეპუტატების რიცხვი 190-მდე იზრდება – 107-ს პარტიული პროპორციული, 83-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მაჟორიტართა რაოდენობის ზრდის შედეგად, 10 უმსხვილესი ოლქი უნდა გაიყოს. თუმცა, კომისიის განცხადებით, ეს პრობლემას ვერ აგვარებს და რიგ შემთხვევებში სხვაობა კვლავ დიდი რჩება. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ყველაზე პატარა და დიდ ოლქს შორის სხვაობა 6 ათასი ამომრჩევლიდან 150 ათასამდე მერყეობდა.

ვინაიდან მაჟორიტარული ოლქების საზღვრები მუნიციპალურ საზღვრებს ემთხვევა, ხელისუფლება აქამდე აცხადებდა, რომ ძალიან რთული იქნება ოლქებისა და მუნიციპალური საზღვრების ერთმანეთისგან გამიჯვნა და ოლქების თავიდან გადანაწილება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი იზიარებს შენიშვნას, რომ უმსხვილესი ოლქების გაყოფის შემთხვევაშიც სხვაობა კვლავ რჩება. თუმცა, იდეა, რომ ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს საკუთარი მაჟორიტარი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია აქვთ და შეცვლას არ აპირებენ. მოქალაქეებს ორივე სახის არჩევანი უნდა ჰქონდეთ – როგორც პარტიებს, ასევე კონკრეტულ პიროვნებებს შორის.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, დეპუტატების რიცხვი აღარ გაიზარდოს. ზრდა, მთავრობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, აისახა კოდექსის პროექტში და შემდგომში კონტროვერსია გამოიწვია. კუბლაშვილის თქმით, ეს მმართველი ძალის მხრიდან კომპრომისი იყო. თუმცა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამის სხვაგვარად შეფუთვას ცდილობენ. ჩნდება კითხვის ნიშნები. შესაბამისად, საკითხის გადასინჯვა მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ამ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებას არ აპირებენ.

მმართველი ძალა გაიზიარებს კომისიის რეკომენდაციას დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის კენჭისყრის უფლების მიცემაზე ერთმანდატიან ოლქებში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატის დასახელების უფლება მხოლოდ პარტიას, ან საარჩევნო ბლოკს აქვს. კიდევ ერთი შესაძლო გაზიარებული რეკომენდაცია გარკვეული კატეგორიის პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლებას გულისხმობს – მათთვის, ვინც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ეხება პარტიებისა და კამპანიების დაფინანსებისა და შემოწირულობების მარეგულირებელ ნორმებსაც. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიას ეს პროექტი გაეგზავნა, საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც დაფინანსების მხრივ განსხვავებულ რეგულაციებს აწესებს. ამჟამად მას ვენეციის კომისია განიხილავს და დასკვნას ელოდებიან. კუბლაშვილი აცხადებს, რომ კომისიის რეკომენდაციებთან ახალი კანონის თანხვედრაა აღსანიშნავი – მაგალითად, მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

კიდევ ერთი მიმართულება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაა. კოდექსის პროექტი მათი გამოყენების უფლებას იძლევა. თუმცა, იმ პირობით, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. კომისია თვლის, რომ ეს პრინციპი თანასწორობას უზრუნველყოფს, მაგრამ, პრაქტიკაში სახელისუფლებო პარტიებს რესურსებზე ხელი უფრო მიუწვდებათ. ამიტომ, ფიქრობენ, რომ ამის მარეგულირებელი დებულების გადახედვა სასურველია. ხსენებულ საკითხზე მმართველ გუნდს არ აქვს მზა პოზიცია, თუმცა გადახედვას აპირებენ. რაც შეეხება გუბერნატორებისა და მერის საარჩევნო აგიტაციაში ჩართვას, კუბლაშვილი ამბობს, რომ ისინი პოლიტიკური ფიგურები არიან. შესაბამისად, განსხვავებით საჯარო მოხელეებისგან, ამ პროცესებიდან ვერ გამოირიცხებიან.

კომისია ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო სიებზეც. კოდექსის პროექტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არის ვალდებული, არჩევნების დღეს სიები გამოაქვეყნოს. თუმცა, საბოლოო ოქმში უნდა მიუთითოს ამომრჩეველთა რაოდენობა. კომისიის რჩევაა, სიები საჯარო გახდეს გადასამოწმებლად და მხოლოდ კომისიის შენობებში არ იყოს ხელმისაწვდომი. კომისია რეკომენდაციას იძლევა იმ დებულებების დახვეწასა და გაუმჯობესებაზეც, რაც საარჩევნო სარჩელებისა და საჩივრებისთვის მარტივი და გამჭვირვალე პროცედურის შემოღებას გულისხმობს. მმართველ გუნდში ამ საკითხებზე მუშაობას აპირებენ. რაც შეეხება ქალთა მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობას (მათ შორის – გენდერული კვოტის დაწესების ინიციატივას), ისინი კოდექსში არ აისახება.

საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დამტკიცდება, კომისიას სექტემბერში გაეგზავნა შესაფასებლად. მათ საბოლოო დასკვნა დეკემბრის შუაში დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ.

 

კომენტარები