კინოფესტივალი

ვენეციის და ბერლინის ტრიუმფატორები ლეო კარაქსთან ერთად

 დეკემბერს თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალს წელს საკონკურსო პროგრამა არ ჰქონდა. ორგანიზატორებმა ეს მცირე ბიუჯეტით ახსნეს. კინოფესტივალმა სახე იცვალა, თუმცა მაინც მოახერხა, მაყურებელი არაერთი საინტერესო ჩვენებით მოეხიბლა. 

ყველაფერი ალექსანდრ სოკუროვის „ფაუსტით” დაიწყო. ეს არაა გოეთეს „ფაუსტის” ზუსტი ეკრანიზაცია, უფრო რუსი რეჟისორის ფიქრებია, რომელიც ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ გაუჩნდა. ფაუსტი – ცინიკოსი, პირქუში პიროვნება – ადამიანის სულის ძიებაშია. ის მეფისტოფელს გაიცნობს. ამ უკანასკნელს აბსოლუტური სიკეთის არ სწამს და მიაჩნია, რომ მხოლოდ აბსოლუტური ბოროტება არსებობს. რეჟისორი ორი საათი და ოცი წუთი ამ ორი არსების ისტორიას გიამბობთ. სოკუროვი ძალიან ნელა ჰყვება და ეს ხშირად დამღლელია. ძნელი სათქმელია, სჯობდა თუ არა ეს ფილმი რომან პოლანსკის, დევიდ კრონენბერგის, სტივ მაქუინის ან ტომას ალფრედსონის ნამუშევრებს, მაგრამ ფაქტია – წელს ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო სწორედ „ფაუსტს” ერგო. ამირანში, ოქროს ლომის მფლობელი ფილმი ბერლინის ოქროს დათვის ლაურეატმა ნამუშევარმა, „ნადერი და სიმინი. გაყრა”,  ჩაანაცვლა. ასღარ ფარჰადიმ არატრადიციული ირანული სურათი გადაიღო. ნადერისა და სიმინის ისტორია, თანამედროვე ირანული ფილმებისგან განსხვავებით, გაექცა კლიშეებად ქცეულ თემებს. ის პირდაპირ არც ქალის ჩაგვრას ეხებოდა და არც ირანის დღევანდელ რეჟიმს, როდესაც სარწმუნოება თავისუფლებას კრძალავს. ფილმი უბრალო წყვილის ისტორიაა – სიმინს ირანიდან წასვლა სურს, შვილის უკეთეს ადგილას აღზრდის მიზნით. ნადერს არ უნდა ალცჰაიმერით დაავადებული მამა მარტო დატოვოს და ამიტომ დარჩენას ამჯობინებს. ნადერის ცხოვრებაში ფეხმძიმე დამლაგებელი ქალი და მისი მეუღლე გამოჩნდება და გაყრით დაწყებული პრობლემები ნელ-ნელა უფრო და უფრო ღრმავდება. ბრწყინვალე დრამატურგიის და მსახიობების ძალიან კარგი თამაშის წყალობით, ეს ორსაათიანი ფილმი წამითაც არ მოგბეზრდებათ. ფარჰადი მაყურებელს მორალს არ უკითხავს, არც დადებით და უარყოფით პერსონაჟებად ჰყოფს ოთხ მთავარ მოქმედ პირს, ფილმის ფინალს კი მთლიანად მაყურებელს ანდობს. აქ არავინაა მართალი და მტყუანი. უბრალო ადამიანების – მათი შეცდომების, პრობლემების ისტორიაა, სადაც რელიგიის თემატიკა, ურთიერთობის სირთულეები და თინეიჯერის პრობლემები საჭირო დოზითაა ნაჩვენები. ასღარ ფარჰადის ფილმმა ბერლინში 5 მთავარი ჯილდო მოიგო და სრულიად დამსახურებულად, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში, ოსკარის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ერთადერთი მნიშვნელოვანი ჯილდო (გრანპრი), რომელიც „გაყრას” არ ერგო, ბელა ტარის ნამუშევარს ხვდა წილად. „ტურინული ცხენი” მესამე მნიშვნელოვანი ფილმი იყო წლევანდელ თბილისის კინოფესტივალზე. ისევე როგორც უნგრელი რეჟისორის სხვა სურათები, „ტურინული ცხენი” მდორე, დაბალტემპიანი ფილმია, სადაც რეჟისორი დეტალებსა და ატმოსფეროს უდიდეს ყურადღებას აქცევს, მათ კი  ბრწყინვალე მუსიკითა და ოპერატორული ნამუშევრით ქმნის. ამ ფილმს თავიდან ბოლომდე ცოტა ადამიანი უყურებს და აღფრთოვანებული კიდევ უფრო ცოტა დარჩება. 

სოკუროვის, ტარისა და ფარჰადის წლევანდელი ფილმების გარდა, მაყურებელს საშუალება ჰქონდა საკულტო ფრანგი რეჟისორი, ლეო კარაქსი ენახა. ეს ის ხელოვანია, რომელიც იშვიათად იღებს ფილმებს, თავის თავს რეჟისორს არ უწოდებს და მიაჩნია, რომ მისი ნამუშევრები კინო არ არის – თუმცა ძნელია მას ამაში დაეთანხმოთ. რეჟისორის ფილმები სიყვარულზე, ურთიერთობაზე და კიდევ ერთხელ სიყვარულზეა. კარაქსი თავის სათქმელს მუდამ დენი ლავანის პირით ამბობს, მსახიობით, რომელიც მისი იდეების, ნააზრევის მატარებელია. მომავალ წელს რეჟისორი ახალი პროექტით ბრუნდება. საინტერესოა, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, თუ რისი თქმა სურს კარაქსს.

კარაქსი, წლის სამი მნიშვნელოვანი ფილმი, არაერთი ქართული, შვედური, ბრიტანული და ამერიკული ნამუშევარი – ამ ყველაფრის ნახვა მაყურებელს წლევანდელ თბილისის კინოფესტივალზე შეეძლო, რომელიც დაბალი ბიუჯეტისა და საკონკურსო პროგრამის არქონის მიუხედავად, მაინც შედგა. 

კომენტარები