გადასახადები

საგადასახადო მონიტორინგის ახალი სისტემა

საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა. საწარმოებს საგადასახადო მონიტორები შეამოწმებენ. ძველი სისტემისგან განსხვავებით, გადასახადის გადამხდელები დაჯარიმებას აცდებიან, თუ დარღვევას დროულად გამოასწორებენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის რუსუდან კემულარიას განმარტებით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების მთავარი არსი ისაა, რომ ადმინისტრირება უფრო ლიბერალური და პრევენციაზე ორიენტირებული გახდეს. რაც თავისთავად ქვეყნის ლიბერალური ეკონომიკური კურსის გაგრძელებაა. 

კოდექსის ახალი 257-ე პრიმა მუხლის მიხედვით, მონიტორინგის მიზანია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შესახებ მონაცემების მოპოვება და დაბეგვრის ობიექტის, ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის შესაძლო რისკების გამოვლენა. ამ მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება ექნება საწარმოს მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე შესასწავლად ერთი, ან რამდენიმე საგადასახადოს თანამშრომელი (მონიტორი) მიამაგროს. 257-ე პრიმა მუხლით მონიტორინგის მაქსიმალური ხანგრძლივობა 6 თვით არის განსაზღვრული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამ ვადის გაგრძელება შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებითაა შესაძლებელი. 

კემულარიას განმარტებით, მონიტორები, შესაძლოა, იყვნენ როგორც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო უბნის ინსპექტორები, ისე მოკლევადიანი კონტრაქტით დაქირავებული თანამშრომლები. მონიტორინგის ინსტიტუტი შესამოწმებელ საწარმოებს შემოსავლების სამსახურის რისკების ელექტრონული სისტემის მიხედვით შეარჩევს. ამ ბაზაში უკვე არსებობს ინფორმაცია გადამხდელის მიერ დარღვევებთან დაკავშირებით. რისკიანად შეიძლება ჩაითვალოს ის საწარმოც, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ შემოწმებულა. ელექტრონული სისტემა დამოუკიდებლად არჩევს უფრო მეტად რისკიან საწარმოებს. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის რუსუდან კემულარიას განმარტებით, ასეთია, მაგალითად, აქციზური საქონელი. ამ შემთხვევაში მთავარი რისკი კონტრაბანდაა. თუ საწარმო გაუთვითცნობიერებლად არღვევს კანონს, მას მიეცემა დრო მის გამოსასწორებლად. საგადასახადო მონიტორებს მეწარმის პირდაპირ დაჯარიმების უფლება არ აქვთ. შეცდომის გამოსასწორებლად მას “გონივრული ვადა” უნდა მისცენ. 

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ პრევენციული მექანიზმის ამოქმედებით გადამხდელს ჯარიმის წნეხი შეუმსუბუქდება: საგადასახადო მონიტორინგი გარკვეულწილად აუდიტის ან კერძო კონსალტინგის ფუნქციას შეითავსებს. მეწარმეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა მხოლოდ განმეორებითი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაეკისრება. დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, საწარმოში საგადასახადო შემოწმებისას აღმოჩენილი პირველივე დარღვევისას მეწარმე შესაბამისად ჯარიმდებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილება უკვე შევიდა, ბევრი პუნქტი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მაგალითად, კონკრეტულად რამდენია „გონივრული ვადა”, ან რა იგულისხმება კანონის გაუთვითცნობიერებლად დარღვევაში, ან რის მიხედვით გადაწყდება, კომპანიას ერთი მონიტორი შეამოწმებს თუ რამდენიმე და კონკრეტულად რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს საგადასახადო შემოწმება. ამ ყველაფერს, როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, უახლოეს მომავალში ფინანსთა მინისტრი სპეციალური დადგენილებით განსაზღვრავს. 

კომენტარები