გლობალური დათბობა

კლიმატგეიტი 2.0

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატისადმი მიძღვნილი სესიის წინ, ინტერნეტში გამოქვეყნდა სკანდალური მიმოწერის ამსახველი მასალა, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ჯგუფისა და აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერების პირად საუბრებს გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებების შესახებ.

დაახლოებით 5 ათასზე მეტ შეტყობინებაში კლიმატოლოგთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში შესაძლოა გლობალური დათბობის თეორია თავდაყირა დადგეს. საქმე ის არის, რომ მეცნიერები თავიანთ „ფარულ” მიმოწერებში ეჭვქვეშ აყენებენ საერთოდ გლობალური დათბობის თეორიას და მას პოლიტიკურ კამპანიად უფრო აღიქვამენ, ვიდრე მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტად. წერილებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ავალებს აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის პროფესორი ფილ ჯონსი თავის თანამშრომელს, დამალოს ტემპერატურის ვარდნის ტენდენცია. ინფორმაცია  რომ შეგნებულად იმალებოდა, დასტურდება ამავე ფილ ჯონსის გამონათქვამიდან იმის შესახებ, რომ IPCC-ი ინფორმაციის მიღების თავისუფლებაზე მაღლა დგას.

აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში, საიდანაც მოხდა წერილების ძირითადი რაოდენობის გამოჟონვა, განაცხადეს, რომ ტექსტების ავთენტურობას ვერ დაადასტურებენ, რადგან ბოლომდე შესწავლილი არ აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ ამ შეტყობინებების გამოქვეყნება მიზნად ისახავს სიტუაციის ესკალაციას და ის ციტირებები, რომელიც მოყვანილია წერილებში, მთლიანად ამოგლეჯილია კონტექსტიდან.

აღსანიშნავია, რომ  მიმოწერის არაერთმა მონაწილემ უკვე დაადასტურა მათი რეალურობა. თუმცა, მათივე თქმით, ინფორმაცია არასწორადაა გაგებული, რადგან მეცნიერები ხშირად საუბრობენ იმგვარი ტერმინებითა და ლექსიკით, რაც სხვისთვის შესაძლოა ხშირად გაუგებარი იყოს.

გამოქვეყნებულ შეტყობინებებში უცნობმა ჰაკერებმა თავიანთი მესიჯიც დატოვეს, რომელიც იტყობინება, რომ 2030 წლისთვის ქვეყნები გამოყოფენ დაახლოებით 37 ტრილიონ დოლარს ახალ ენერგეტიკულ ტექნოლოგიებზე გლობალური დათბობის შესაჩერებლად, მაშინ როცა ფული სიღატაკესთან ბრძოლას შეიძლება მოხმარდეს.

თუმცა ეს სკანდალის მხოლოდ მეორე რაუნდია. 2009 წელს, ისევე როგორც წელს,  გაეროს კლიმატთან დაკავშირებული სესიის წინ, გამოაქვეყნეს წერილების ნაწილი, დაახლოებით ათასი ცალი. სავარაუდოდ, ახლახან გამოქვეყნებული მიმოწერებიც 2009 წლით თარიღდება. ამ მასალებიდან ირკვევა, რომ მეცნიერები პირადულ საუბრებში არ იზიარებენ იმ მოსაზრებას, თითქოს დედამიწაზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებები ადამიანის ჩარევის გამო ხდება. მაგრამ ყოველივე ამის საჯაროდ თქმას ერიდებიან.

  2009 წლის სკანდალი იმდენად დიდი იყო, რომ მას პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან დაკავშირებული Watergate-ის ცნობილი საქმის მსგავსად, climategate-ი უწოდეს. მაშინ კლიმატის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ ფილ ჯონსს პოსტის დატოვება მოუწია, თუმცა არაერთი გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ კლიმატოლოგებს თავიანთი კვლევის შედეგების ფალსიფიცირება არ მოუხდენიათ.

გაეროს განცხადებების მიხედვით, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დედამიწაზე ტემპერატურა იზრდება, არანაირ ეჭვებს არ იწვევს, სითბური აირების შედეგად ჰაერის ტემპერატურა უკვე 0.7 გრადუსით გაიზარდა, ხოლო 2100 წლისთვის კიდევ 5-6 გრადუსით აიწევს, რაც კატასტროფულად აისახება კაცობრიობასა და ბუნებაზე.

თუმცა ყველა მეცნიერი არ იზიარებს ამ მოსაზრებას, მაგალითად, ამერიკელი მკვლევარი ჯონ კრისტი, რომელიც ასევე IPCC-ის ყოფილი თანამშრომელია, თვლის, რომ ის მეტეოსადგურები, რომლებიც ბოლო 150 წლის განმავლობაში აგროვებდნენ მასალებს მთელი მსოფლიოს გარშემო, იმყოფებოდნენ იმგვარ ურბანულ ზონებში, რომ მათ შედეგებზე დაყრდნობა სასურველი არ არის. 

აღსანიშნავია როს მაკკიტრიკის კვლევა, რომლიდანაც ჩანს, რომ კლიმატური მაჩვენებლები დამახინჯებულია ინდუსტრიალიზაციის გავლენის შედეგად და, ასევე, სენსორების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების გამო. სწორედ მათ გამო ხდება გლობალური დათბობის გაზვიადება, ფიქრობს პროფესორი მაკკიტრიკი. ამ უკანასკნელის თეორიას ამყარებს ამერიკელი მეტეოროლოგის, ენტონი ვატსის კვლევაც, რომელმაც თავის ნაშრომს თან დაურთო ფოტომასალა, საიდანაც ჩანს, რომ ზოგიერთი მეტეოსადგური სითბოს გამომცემ ობიექტებთან ახლოს არის განლაგებული. მაგალითად, ზოგიერთი კონდიციონერებთან, ნაგვისგადამამუშავებელ  ქარხნებთან და ა.შ. მდებარეობს.

ვატსმა ზემოთქმულის დამადასტურებელი ფაქტები არა მხოლოდ აშშ-ში აღმოაჩინა, არამედ საზღვარგარეთაც. მაგალითად, რომის მეტეოსადგური აეროპორტში მდებარეობს და მასზე თვითმფრინავების რეაქტიული ძრავების მიერ გამოშვებული ცხელი ჰაერი მოქმედებს. ასევეა მანჩესტერის აეროპორტში მდებარე მეტეოსადგურთან დაკავშირებული მდგომარეობა.

არსებობს კიდევ თეორიები იმის შესახებ, რომ ბოლო 30 წელიწადში დაფიქსირებული „დათბობა” შეიძლება გამოწვეული იყოს დედამიწის შემთხვევითი რყევებით და ასეთი „დათბობები” დედამიწამ ბოლო ათასწლეულის განმავლობაში, სულ მცირე, ორჯერ გადაიტანა. ასევე აღსანიშნავია თეორია, რომლის მიხედვითაც კლიმატის ცვლილებას ციკლური ხასიათი აქვს და მზის აქტივობით არის გამოწვეული.

IPCC-ის მეცნიერების საქციელი შეიძლება არ გაგვიკვირდეს, თუ გავიხსენებთ, რომ ნებისმიერი ბიზნესმენი იყენებს სახელმწიფო პოლიტიკას იმისთვის, რათა მიიღოს უფრო მეტი მოგება. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება, ზოგიერთი ბიზნესის წარმომადგენელი ითხოვს პოლიტიკოსებისგან თუ მეცნიერებისგან გლობალური დათბობის წინააღმდეგ საჩქარო ზომების მიღებას, რათა შემდეგ უკვე ადვილად მიჰყიდოს კლიმატით შეშინებულ მსოფლიოს პროდუქტი, რომელიც შესაძლოა საერთოდ არარსებულ ფაქტთან საბრძოლველად გამოიყენება.

ამგვარი ბიზნესმენების რიცხვს ეკუთვნის აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალ გორი, რომელიც ერთდროულად არის პოლიტიკოსი, მებრძოლი და კერძო სააქციო მწვანეთა ფირმის დირექტორი. ერთ-ერთი ამგვარი ბიზნესის წარმომადგენელია მსოფლიოში უდიდესი ქარის ტურბინების დამამზადებელი კომპანია Vestas-ი, რომელიც არწმუნებს მთავრობებს, ქარის ტურბინების ბაზარზე ინვესტიციები განახორციელონ. რასაკვირველია, არსებობენ ბიზნესმენები, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებული გლობალური დათბობის საკითხებით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამგვარმა ბიზნესებმაც მილიარდობით მოგება ნახეს ევროპაში.

ფულის მოზიდვა უფრო ადვილი ხდება, რაც უფრო კატასტროფული სურათი იხატება, მაგალითად, ჯეიმს ლოველოკი აცხადებს, რომ ევროპა უდაბნოდ გადაიქცევა, ხოლო ლონდონი 30 წელიწადში წყლით დაიფარება; სერ კრიფპი ტიკელს სჯერა, რომ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა 2/3-ით უნდა შემცირდეს, რათა ქვეყანამ შეძლოს გლობალურ დათბობასთან გამკლავება. საყურადღებოა ასევე თიმოტი ფლანერის შეხედულება, რომლის მიხედვითაც ზღვის დონე 8-სართულიანი შენობის დონეს მიაღწევს.

 სამწუხაროდ, ეს რეალობაა და პოლიტიკოსები, მეცნიერები თუ ბიზნესმენები ახერხებენ და ამგვარი რიტორიკით სარგებელს შოულობენ. შედეგად კი მივიღეთ სიტუაცია, სადაც ხალხის მცირე რაოდენობა იღებს სარგებელს, სხვა ბევრის ხარჯზე. 

კომენტარები