პოლიტიკური პარტიები

ერიკ რუბინი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკ რუბინი შეხვდა პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს. საქართველოში აშშ-ს საელჩოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე , ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი კახა შარტავა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ჟურნალისტებს განუმარტეს რა საკითხები წამოწიეს ერიკ რუბინთან საუბრისას.

ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა ცვლილებები გამოიწვია ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ და რამდენად ”მნიშვნელოვანია აშშ-მ ყურადღებით შეისწავლოს ის თავდასხმები” რომლებსაც ალასანიას თქმით , საგადასახადო სამსახური და მედია პოლიტიკურ ალიანსზე ახორციელებს. ალასანიამ აღნიშნა ისიც, რომ საუბარი შეეხო საქართველოს და ნატოს თანამშრომლობას და აშშ-ს წარმომადგენელს გადაეცა თხოვნა, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე მისმა ქვეყანამ მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოს ნატოსთან დაახლოებას.

ახალი -მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ამერიკელ სტუმარს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და საგარეო გამოწვევებზე ესაუბრა. მისი მხრიდან ხაზი გაესვა , რომ ალიანსში გაწევრიანების შეფერხება დიდ სტიმულს აძლევს რუსეთს საქართველოზე ზეწოლის გასაძლიერებლად . ახალი მემარჯვენეების ლიდერის განმარტებით, საუბრის თემები ასევე იყო : მომავალი წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, რეალური პოლიტიკური კონკურენციის შექმნა, მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბება, დამოუკიდებელი სასამართლო , ადამიანის უფლებები.

შეხევდრის შემდეგ განმარტება გააკეთა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმაც. გიორგი თარგამაძის თქმით , საქართველოს დემოკრატიული განვითარება, წარმატებულ და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებ გადამწყვეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელ რეგიონში პროცესების პოზიტიური მიმართულებით წარმართვისთვის . ” ჩვენ სწორედ იმ დეტალებზე ვისაუბრეთ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, საზოგადოების კონსოლიდაციას და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი გეგმების განხორციელებას", - განაცხადა თარგამაძემ.

ერიკ რუბინი არის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე და მის მოვალეობაშია კავკასიის ქვეყნებთან, ასევე საბერძნეთთან, თურქეთთან და კვიპროსთან ურთიერთობების კურირება . ერიკ რუბინამდე ამ ფუნქციას თინა ქეიდენაუ ასრულებდა.

 

 

 

კომენტარები