ადამიანთა უფლებები

დაბრუნების უფლება

უფლება, რომელიც საქართველოში ყველაზე უფრო ხშირად ირღვევა

ავტორი: თამარ ვაშაკიძე

კოალიცია სამართლიანობისთვის

ყოველწლიურად, 10 დეკემბერს, მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ პერიოდში, სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების ყველაზე გავრცელებულ დარღვევებზე და მათი დაცვის გზებზე მსჯელობა განსაკუთრებით აქტიურდება.

საქართველოში ადამიანის უფლებები დებატების ხშირი საგანია. თუმცა უფლებადამცველები, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, რატომღაც ყველაზე ნაკლებად საუბრობენ უფლებაზე, რომელიც საქართველოში ყველაზე ხშირად ირღვევა. 90-იან წლებში და შემდგომ, 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად, ქვეყანაში ყოველი მე-11 ადამიანი დევნილად იქცა, რაც გვაძლევს საბაბს თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველოში ყველაზე სისტემატიურად და ყველაზე მასობრივად სწორედ დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება ირღვევა.

ადამიანის უფლება – დაუბრუნდეს საკუთარ ქვეყანასა და წარმოშობის ადგილს – საერთაშორისო სამართალში დაბრუნების უფლების სახელწოდებით არის ცნობილი. დაბრუნების უფლება განმტკიცებულია – ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციით, სოციალური და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტითა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, ასევე გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებით იძულებით გადაადგილების შესახებ. ეს უკანასკნელი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების მარეგულირებელი სპეციალური დოკუმენტია, რომელიც დაბრუნების უფლების განმტკიცებასთან ერთად, დაბრუნების უფლების რეალიზების აუცილებელ კომპონენტებს განსაზღვრავს: სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ უფლება დაბრუნდნენ შინ ნებაყოფლობით, დაუბრკოლებლად, უსაფრთხოდ და ღირსეულად. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის მიზნებისთვის დაბრუნება მხოლოდ მოსახლეობის ფიზიკურ დაბრუნებას არ გულისხმობს. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ უფრო მნიშვნელოვანი იმ მექანიზმების შექმნაა, რომლებიც დევნილების დაბრუნების უფლების რეალიზაციიას, დაბრუნებულთა რეინტეგრაციას, მათი უსაფრთხოების დაცვასა და ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შექმნას უზრუნველყოფს.

უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დევნილებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების შესახებ 37 რეზოლუცია მიიღო. მიუხედავად ამისა, დევნილების დაბრუნების საკითხი გაყინული წერტილიდან არ იძვრის. პასუხი კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი დევნილების დაბრუნებაზე, ერთი შეხედვით, ცალსახაა. საერთაშორისო სამართალი დევნილების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობას ეროვნულ ხელისუფლებას აკისრებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში გაცილებით რთულ პოლიტიკურ რეალობასთან გვაქვს საქმე. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება მოახდინა, პასუხისმგებლობა ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვაზე კრემლს დაეკისრა. საერთაშორისო სამართლის თანახმად, სწორედ ოკუპანტი მხარეა პასუხისმგებელი მისი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვაზე.

ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთზე ერთობლივი ზეწოლაა, მოთხოვნით – უზრუნველყონ დევნილთა დაბრუნება. თუმცა ამ მიმართულებით, როგორც მსოფლიო პოლიტიკური ისტებლიშმენტის, ისე უფლებადამცველი ჯგუფების ერთგვარი პასიურობა იგრძნობა. მიუხედავად რიგი დეკლარაციული განცხადებებისა დევნილების დაბრუნების აუცილებლობის შესახებ, უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოში დევნილების პრობლემების შეფასებისას აქცენტს, უფრო მეტად დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებზე აკეთებენ. დაბრუნების უფლების საკითხს, როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებულ თემას, ხშირად გვერდს უვლიან. იგივე შეიძლება ითქვას დონორ ორგანიზაციებზე, რომლებმაც დაბრუნების ალტერნატიული, შედარებით მარტივი და პრაგმატული გამოსავლის ძიებაში, პრიორიტეტად დევნილთა ინტეგრაციის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება ჩათვალეს. დაბრუნების უფლებაზე მუშაობა მათ პროგრამულ პრიორიტეტებში თითქმის არ ფიგურირებს.

ყოველივე ზემოთქმულს პოლიტიკური კონფორმიზმის ელფერი დაჰკრავს. რა თქმა უნდა, დევნილების მასპინძელ საზოგადოებებში ინტეგრაცია და მათი სოციალური უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს დაბრუნების უფლების უგულებელყოფის ხარჯზე. სწორედ დაბრუნება წარმოადგენს არა მარტო მათ ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ უფლებას, არამედ აღნიშნული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ყველაზე ლოგიკურ და სამართლიან გზას. შესაძლოა საერთაშორისო საზოგადოებისათვის ამ ეტაპზე კომფორტულიც იყოს ამ საკითხის დროებით გვერდით გადადგება და მოკლევადიან პერსპექტივაში ინტეგრაციაზე ფოკუსირება. მიუხედავად ამისა, ეს მიდგომა შესაძლოა სრულიად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან იგი შეუსაბამოა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე რეგიონში კონფლიქტების მოგვარებისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნებთან.

დაბრუნების უფლებაზე საუბრისას, ხშირად ამბობენ, რომ თუ დევნილებს მიეცემათ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, წარსულში აქ მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირება, ამ ადამიანების გვერდიგვერდ ცხოვრებას შეუძლებელს გახდის. არავინ უარყოფს, რომ დაბრუნებისა და შერიგების პროცესი რთული იქნება, მაგრამ ეს შეფასებაც გადაჭარბებულია. საილუსტრაციოდ ბოსნია-ჰერცოგოვინის მაგალითიც კმარა: 1992-1995 წლებში ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა დევნილად. დღეს მათგან ნახევარზე მეტი უკვე დაუბრუნდა საკუთარ სახლ-კარს, ხოლო 99%-ზე მეტს შესაძლებლობა მიეცა აღედგინა კონფლიქტამდე საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლება.

ბალკანეთში, დევნილების დაბრუნება საერთაშორისო თანამეგობრობის უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელსაც 1995 წლის დეიტონის ხელშეკრულებამ ჩაუყარა საფუძველი. მხარეებმა აიღეს ვალდებულება უზრუნველეყოთ დევნილების ღირსეული, უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება საკუთარ სახლებში. მაშინ, დეიტონის ხელშეკრულებას, კონფლიქტის მხარეებთან ერთად ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა ჯონ მეიჯორმა, გერმანიის კანცლერმა ჰელმუტ კოლმა და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ჩერნომირდინმაც. სწორედ საერთაშორისო პოლიტიკის გავლენიანი მოთამაშეების უშუალო ჩართულობამ და ძალისხმევამ გახადა შესაძლებელი ისეთი რთული და კომპლექსური საკითხის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რასაც დევნილების დაბრუნება ჰქვია. როგორც ჩანს, ევროპის შუაგულში დევნილების უზარმაზარი კორპუსის არსებობა ბევრად უფრო აქტუალური იყო საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ასეთი აქტუალობით ჯერაც არ დამდგარა.

* * *

რამდენად რთულიც უნდა იყოს არსებული პოლიტიკური რეალობა, როგორ ჩიხშიც უნდა იყოს შესული სამშვიდობო მოლაპარაკებები და როგორი ხისტიც უნდა იყოს რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეგიონების პოზიცია დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ერთი რამ ცალსახაა: კონფლიქტების გრძელვადიანი გადაწყვეტა შეუძლებელია დაბრუნების უფლების უზრუნველყოფის გარეშე. ამ უფლების რეალიზება არის უმნიშვნელოვანესი პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში კონფლიქტების გადაწყვეტისა და შერიგების პროცესის მდგრადობისათვის და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კარგი იქნება, თუ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ გადახედავს საკუთარ პრიორიტეტებს და გაააქტიურებს ძალისხმევას დევნილთა ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლების – დაბრუნების უფლების დასაცავად. 400 ათასზე მეტი ადამიანი, უკვე წლებია, მოუთმენლად ელოდება შინ დაბრუნებას. მართალია, ისინი არა ევროპის შუაგულში, არამედ სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობენ, მაგრამ მათი უფლებები თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც თავს უფლებადამცველებად მოიაზრებენ.

კომენტარები