ინტერვიუ

ინტერვიუ აბრაამ შმულევიჩთან

აბრაამ შმულევიჩი: საქართველოს კავკასიური პოლიტიკა ─ ნაბიჯი წინ, ნაბიჯი ადგილზე, ნაბიჯი უკან

ისრაელელი პოლიტოლოგი, აღმოსავლეთის პარტნიორობის ინსტიტუტის პრეზიდენტი, რაბინი, ჩერქეზთა კონგრესის მრჩეველი აბრაამ შმულევიჩი წლების განმავლობაში კავკასიის პრობლემებით არის დაკავებული. გასულ კვირაში იგი თბილისში სწორედ ჩრდილო კავკასიის შესახებ ლექციების ჩასატარებლად იმყოფებოდა. პოლიტოლოგმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებაში. შმულევიჩმა ტაბულასთან ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს პოლიტიკის შესაძლო მიმართულებებზე და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა.

რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს დღეს რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა – არჩევნებმა და საპროტესტო აქციებმა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე?

რუსული რეჟიმი ჯერჯერობით საკმაოდ მდგრადია. მმართველი სისტემა კრიზისშია, თუმცა კრიზისი საკმაოდ დიდხანს გრძელდება და ბოლო მოვლენები რეჟიმის ცვლილებას არ გამოიწვევს. რუსეთში არ არსებობს იდეოლოგია, არ არსებობს ძალა, რომელიც რევოლუციისკენ თანმიმდევრულად მოუწოდებდა. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ნამდვილად რევოლუცია მოხდა, საქართველოა. აქ ელიტისა და მმართველი პარადიგმების ცვლილება ყველა დონეზე მოხერხდა.

რუსეთში არ არის მოსალოდნელი ისეთი მასობრივი გამოსვლები, რომლებიც რეჟიმს შეარყევდა. რეჟიმი გადარჩება. თუმცა პუტინი დასაყრდენის ძებნას დაიწყებს. ვფიქრობ, ერთადერთი ძალა, რომელზე დაყრდნობაც მას შეუძლია, რუსული ნაციონალიზმია. რეჟიმი ამას უკვე აკეთებს, თუნდაც როგოზინის ფიგურის გააქტიურებით.

თუ რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებს დავაკვირდებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლოზუნგი „კმარა კავკასიის რჩენა” პირველ პლანზე წამოიწევს. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კავკასიისგან გაუცხოებას გრძნობს – კრიმინალური, ეკონომიკური და სხვა მიზეზების გამო. ეს ერთადერთი ლოზუნგია, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერას დაიმსახურებს და პუტინს მისცემს საშუალებას ცვლილებების ილუზია შექმნას. თუმცა, რეალური ცვლილებების უნარი მათ არ გააჩნიათ.

ფული, რომელიც დღეს ჩრდილოეთ კავკასიას ხმარდება, უკმაყოფილებას იწვევს. რუსული ეკონომიკა კრიზისშია, ნავთობი, როგორც ჩანს, აღარ გაძვირდება. რთული გეოპოლიტიკური სიტუაციაა. ამიტომაც, ჩრდილო კავკასიისთვის დოტაციების უცვლელად შენარჩუნების საშუალება აღარ არის. ამას რაიმე იდეოლოგიური დასაბუთება სჭირდება. ამიტომაც „კმარა კავკასიის რჩენა” ლოზუნგის ქვეშ, ადგილობრივი ელიტების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებენ.

სამზადისი დაწყებულია – უკვე რამდენიმე თვეა, დაღესტანში და ყაბარდო-ბალყარეთში ФСБ-ს ადგილობრივი წარმომავლობის ოფიცრებს ქვეყნის ცენტრალური რაიონებიდან რუსებით ანაცვლებენ. შესაძლოა, კავკასიის რეგიონებს სამართლებრივი სტატუსი შეეცვალოთ. მოსკოვისთვის სრულიად მიუღებელია, რომ, მაგალითად, ჩეჩნეთი რუსეთის კანონებით არ ცხოვრობს.

დასავლეთი დღემდე რუსეთს კავკასიაში სტაბილურობის მომტანად აღიქვამს. მაგრამ კრემლი ვერ ართმევს თავს რეგიონის მართვას და მადესტაბილიზებელ ფაქტორად იქცა. მის მცდელობას უკუშედეგი მოაქვს – მაგალითად, ტერაქტების მაჩვენებელი ყველაზე მეტი ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანშია. ისინი ყველაზე ბევრ დოტაციას იღებენ.

ამ ვითარებაში, როგორ შეფასებას მისცემდით საქართველოს პოლიტიკას ამ რეგიონთან დაკავშირებით?

აქ ვერ შევნიშნე, რომ საქართველო კავკასიური ქვეყანაა. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქვეყანამ, რომელმაც ევროპისკენ აიღო გეზი, სრულად მოიჭრა ყველა კავშირი კავკასიასთან. ეს ნონსენსია. საქართველო არ არის შვეიცარია, არც სკანდინავია და არც ჯორჯიის შტატი. საქართველო კავკასიის ნაწილია.

კავკასია გეოპოლიტიკურად, გეოეკონომიკურად და კულტურულად ერთიანი რეგიონია. სტაბილურობის გარანტირებაც რეგიონის მხოლოდ ნაწილში შეუძლებელია. დღეს, უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, თბილისი უფრო ახლოსაა მახაჩყალასთან, ვიდრე მოსკოვი. თუ ჩრდილოეთ კავკასიაში რამე მოხდება, სად წავლენ დევნილები? უფრო აქ, ვიდრე ჩრდილოეთში. ამავე დროს, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა საქართველოს მხარეს რომ ყოფილიყო, 2008 წლის ომი ვერ მოხდებოდა, ვინაიდან რუსეთს კავკასიაში მხარდაჭერა სჭირდება. საქართველოში ამას ვერ აცნობიერებენ.

რატომ? რაღაც ნაბიჯები გადაიდგა – უვიზო რეჟიმი, ჩერქეზთა გენოციდის აღიარება...

ქართული პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ ასე გამოიყურება – ნაბიჯი წინ, ნაბიჯი ადგილზე, ნაბიჯი უკან. რაც გაკეთდა, სწორი იყო. თუმცა ეს საკმარისი არ არის.

საქართველომ მხოლოდ სანახევრო ნაბიჯები გადადგა. აღიარა ჩერქეზთა გენოციდი, იხსნება მონუმენტი. თუმცა რუსეთმა ეს ინიციატივა ხელში ჩაიგდო, აქტიურად მუშაობს ჩერქეზულ დიასპორასთან, მართავს კონფერენციებს. მიდის კონტრპროპაგანდა, მუშაობენ სპეცსამსახურები. საქართველო კი ამას არაფერს უპირისპირებს.

თბილისს მკაფიო სტრატეგია არ აქვს და კავკასიის მიმართულებით დაწყებული საქმე შეაჩერა. ამის მიზეზი ევროპისა და აშშ-ის უკმაყოფილება იყო. ისინი კი რუსეთის უკმაყოფილებამ შეაშფოთა. თანაც, საქართველოს ნაბიჯები დასავლეთში აღიქმება არა როგორც თანმიმდევრული პოლიტიკა, არამედ როგორც სააკაშვილის პირადი შურისძიება პუტინისადმი. დასავლეთმა ვერ დაინახა, რომ საქართველო ჩრდილო კავკასიისკენ შემოტრიალდა. ასეთი ხედვა არც ქართველ ოფიციალურ პირებს და საზოგადოებას აქვთ. დასავლეთისთვის არავის აუხსნია, რომ ეს მართლაც რეალური პოლიტიკაა, რომელიც საქართველოს ინტერესებთან არის დაკავშირებული და მასზე ქვეყნის არსებობა და უსაფრთხოებაა დამოკიდებული.

ამავე დროს, საერთაშორისო არენაზე არსებობს ამოცანა, რომლის შესრულება მხოლოდ საქართველოს შეუძლია. ეს არის ჩრდილო კავკასიის ინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროში.

რას გულისხმობთ ამაში და რა როლი ეკისრება საქართველოს?

ეს უნდა იყოს რეგიონის ინტეგრაციის სტრატეგია. უნდა გულისხმობდეს მუშაობას როგორც ელიტებთან, ასევე ფართო მასებთან. საუბარი შეიძლება იყოს საზღვრისპირა თანამშრომლობაზე, კულტურულ კონტაქტებზე. ჩრდილოკავკასიელებს ხომ საქართველოსთან ისტორიულად მჭიდრო კავშირი აქვთ.

დღეს მოსკოვი ვერაფერს სთავაზობს ჩრდილო კავკასიას. ამიტომ, შესაძლებელია ორმხრივი ან სამმხრივი შეთანხმება (მაგალითად, ევროკავშირის მონაწილეობით) ჩრდილო კავკასიის რაიმე განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. იმის შესახებ, რომ საქართველო, მოსკოვთან შეთანხმებით, შემოდის ამ რეგიონში. აქ საქართველოსა და კრემლის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ორივე მხარე სასიცოცხლოდ დაინტერესებულია სტაბილური, არაექსტრემისტული, ეკონომიკურად განვითარებული ჩრდილოეთ კავკასიით. საქართველოს შესაძლო ცივილიზაციურ-ინტეგრაციული როლი აბსოლუტურად ყველა მოთამაშეს აძლევს ხელს – დასავლეთს, თურქეთს და ა.შ. – კრემლის ჩათვლით.

დღეს რუსეთის ხელისუფლება ჩრდილო კავკასიის ავტონომიის შესაძლო ზრდას საფრთხედ აღიქვამს. კრემლს სხვა არჩევანი აღარ აქვს. საზოგადოება ანტიკავკასიურად არის განწყობილი, რეგიონი იქცა საფრთხედ რუსეთის მთლიანობისთვის. მოსკოვი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ კავკასიაში სტაბილურობის დამყარება არ შეუძლია. რუსეთი შესაძლოა დაინტერესდეს საქართველოსთან თანამშრომლობით, რადგან აქ მოსკოვისა და თბილისის ინტერესები ემთხვევა. მთავარია, ეს დასავლეთმაც გააცნობიეროს.

როგორ შეიძლება დაეხმაროს ამგვარი პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაწყვეტაში?

თავის დროზე, მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კარტის გათამაშება მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ნაწილის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სეპარატისტებს. აფხაზებიც და ოსებიც ჩრდილოკავკასიელების აზრს ყურადღებას აქცევენ. საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებამ გამოიწვია უთანხმოება ჩერქეზულ ეროვნულ მოძრაობასა და აფხაზებს შორის.

დღეს საქართველოს არ აქვს მოსკოვზე ზეგავლენის ბერკეტები, თუმცა აქვს საშუალება გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე ჩრდილო კავკასიაში. ეს არგუმენტი შეიძლება კრემლს მოლაპარაკებების დროს წაუყენო.

აფხაზურ და ოსურ მხარეებთან დიალოგი არ იმართება. მეტიც, თბილისში რეალურად არ სწავლობენ, თუ რა ხდება სინამდვილეში სოხუმში, ცხინვალში თუ ჩრდილო კავკასიაში. ამისთვის თუნდაც უცხოელი სოციოლოგების მოწვევა შეიძლებოდა, რათა რეგიონების მოსახლეობის აზრი გაგვეგო. თუ საქართველო სერიოზულად განიხილავს ტერიტორიების დაბრუნების საკითხს, უნდა იცოდეთ, იქ რა ხდება.

თავის დროზე კარგი კონტაქტი მქონდა მაქსიმ ღვინჯიასთან – სოხუმის მთავრობის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვუთხარი, რომ აფხაზეთს დღეს აქვს ორი შესაძლებლობა – ან სრული შთანთქმა რუსეთის მიერ და დამოუკიდებლობისა და ეთნიკური თვითიდენტიფიკაციის დაკარგვა, ან საქართველოსთან მოლაპარაკება ასოციაციის ამა თუ იმ ფორმაზე. მან ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ვერ მოიტანა.

მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ არცერთი მხრიდან არ არსებობს რაიმე მოძრაობა და ინიციატივა. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიციით, პირველ რიგში, დევნილები უნდა დაბრუნდნენ. აფხაზური მხარე ამას აღიქვამს როგორც არა მხოლოდ აფხაზური სახელმწიფოს, არამედ აფხაზური ეთნოსის არსებობის დასასრულს. თუ თქვენ გსურთ, რომ ეს მიდგომა შეიცვალოს, მათ უნდა ელაპარაკოთ, გამოიყენოთ სათანადო ინსტრუმენტები და პოლიტიკა. არსებობს უამრავი საშუალება დაარწმუნოთ აფხაზები, რომ მათი შიშები მცდარია.

თუმცა, თბილისს სტრატეგია ამ მხრივ არ აქვს. საკმაოდ გავლენიანმა პირმა თბილისში მითხრა, რომ საქართველოს საერთოდ არ მიაჩნია, რომ აფხაზები არსებობენ, რომ თბილისი მზადაა აწარმოოს მოლაპარაკება მხოლოდ მოსკოვთან. ამ პოზიციას ქართული საზოგადოებაც იზიარებს.

თუმცა, არსებობს ოფიციალური სტრატეგია – ჩართულობა თანამშრომლობის გზით...

ეს სტრატეგია სანახევროა და ამჟამად გაყინულია. ის გათვლილია ევროკავშირის დაფინანსებაზე, რაც ახლა შეუძლებელია, თუ ევროპაში ეკონომიკური სასწაული არ მოხდა. ამგვარი სტრატეგია უნდა იყოს მიმართული არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაზეც. არ შეიძლება ეს რეგიონები ცალცალკე განვიხილოთ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ საერთო-კავკასიური პოლიტიკის კონტექსტში არის შესაძლებელი.

აიღეთ თუნდაც არჩევნები სამხრეთ ოსეთში. საქართველომ ხელიდან გაუშვა მშვენიერი პროპაგანდისტული შესაძლებლობა. თბილისში არავის უთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთმა ვერ მიიღო დამოუკიდებლობა და რომ ოსები ახლა ბევრად უფრო მძიმე ვითარებაში არიან, ვიდრე საქართველოს შემადგენლობაში. ეს ცნობილია თქვენთვის, მაგრამ არა ჩრდილოეთ კავკასიისთვის. საქართველოში ჩრდილო კავკასიას ისე უყურებენ, თითქოს ის სადმე მთვარეზე მდებარეობს. ქართველთა ცნობიერებაში ის არ არსებობს. საქართველომ უნდა აუხსნას მეზობლებს, რა ხდება საქართველოში. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტელეარხი PIK კავკასიის პრობლემების გარდა ყველაფრით იყო დაკავებული. არ არსებობს ინფორმაციული ვებგვერდები, სადაც თუნდაც საკითხით დაინტერესებული ადამიანი ჩრდილო კავკასიიდან საჭირო ინფორმაციას მოიძიებდა, რომ არაფერი ვთქვათ მოსახლეობის ფართო მასებზე. საქართველოს სტრატეგია არ გააჩნია. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქართული საზოგადოების მოლოდინით, რუსეთი დაიშლება და ყველაფერს დაიბრუნებთ.

თქვენ ასეთ ვარიანტს გამორიცხავთ?

მოდი, მაშინ დავუშვათ, რომ რუსეთი ბუდიზმს მიიღებს და მთლიანად ჰიმალაიში გადასახლდება – პოლიტიკა სასწაულის მოლოდინზე არ უნდა იყოს აგებული. თუ რუსეთი დაიშალა, მით უარესი თქვენთვის და სხვებისთვისაც – მივიღებთ იმას, რაც ხდებოდა ჩეჩნეთში 1992-96 წლებში. გინდათ 1918 წლის რუსეთი? უმართავი სიტუაცია, მილიონობით დევნილი და ა.შ. იგივე მოხდება ახლაც – ეს იქნება პირდაპირი საფრთხე საქართველოსთვის.

რუსეთის დეზინტეგრაცია არარეალურია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს დასავლეთში არავის სურს. საბჭოთა კავშირის შემთხვევაში მოხდა არა დეზინტეგრაცია, არამედ გეგმაზომიერი, წინასწარ მომზადებული დანაწევრება. ეს იყო საბჭოთა ელიტის კოლექტიური გადაწყვეტილება. მსგავს გადაწყვეტილებას რუსეთთან დაკავშირებით არავინ მიიღებს. თუმცა, შესაძლებელია გადაწყვეტილება ჩრდილო კავკასიის გამოყოფის შესახებ, თუ გასაგები იქნება, სად მიდის კავკასია. არა მხოლოდ ნაციონალისტები, დღევანდელი ხელისუფლებაც ფიქრობს, როგორც მოიშოროს კავკასია თავიდან. თუმცა, ამის გაკეთება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ რომელიმე სხვა ძალა დაეხმარებათ. საქართველოს გარდა, ასეთი ძალა არ არსებობს.

მე ადრეც ვამბობდი, რომ რუსეთის იმპერიის დაშლა 20 წლის წინ არ შეჩერებულა. თუმცა, ეს პროცესი, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დაშლა, ცივილიზებულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. დამოუკიდებელი და სტაბილური კავკასია საქართველოს ინტერესებშია, ნებისმიერი ფორმით – იქნება ეს მეტი ავტონომია თუ ცალკე სახელმწიფოები. ამ საკითხის ქართული სტრატეგიის ფარგლებში შესწავლაა საჭირო, რომელიც დღეს არ არსებობს. აუცილებელია მისი შემუშავება, თუნდაც კრემლის დღევანდელი რეჟიმი ამას საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევდეს. დარწმუნებული ვარ, ასეთ სტრატეგიას დასავლეთიც გაგებით მოეკიდება.

 

 

 

კომენტარები