პრევენციის მექანიზმი

პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში

სახალხო დამცველმა გასულ კვირას პრევენციის ეროვნული მექანიზმის მორიგი ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტი დეტალურად აღწერს 2011 წლის პირველ ნახევარში სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის შედეგებს. ომბუდსმენის ოფისიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 32 გეგმიური და 241 არაგეგმიური, ხოლო შსს-ს მთავარი სამმართველოს იზოლატორებში 42 გეგმიური და 80 არაგეგმიური ვიზიტი განხორციელდა.

სპეციალურ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თავისუფლებააღკვეთილი ან თავისუფლებაშეზღუდული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ჯანდაცვის უფლების რეალიზაციასა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობის აღწერას. გარდა ამისა, განხილულია შესაბამის პერიოდში გარდაცვლილ პატიმართა სიკვდილიანობის მიზეზები და ტენდენციები.

ვრცელი ანგარიშის მიხედვით, პენიტენციური სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამართალდამცავები არასათანადოდ რეაგირებენ პატიმრების მიმართ უკანონო მოპყრობაზე. ეს დაუსჯელობის განცდას ტოვებს და პრობლემას აღრმავებს. როგორც ანგარიშიდან ჩანს, რიგ შემთხვევებში, პატიმრის მიმართ ციხის ადმინისტრაცია დასჯის არაჰუმანურ მეთოდებს იყენებს: ცემს, ჩაჰყავს განმარტოებით საკანში, აშიშვლებს და კეტავს დიდი ხნის განმავლობაში, უზღუდავს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გასეირნების უფლებას. ამასთან, მსჯავრდებულები ხშირად ხდებიან კოლექტიური სასჯელის მსხვერპლი – როდესაც ერთი პატიმრის დისციპლინარული დარღვევის გამო, ისჯება მთელი საკანი. დოკუმენტი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ხშირად პატიმარი უარს ამბობს ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული არაჰუმანური ქმედებები წერილობით დაადასტუროს, რადგან ის რჩება იმავე მეთვალყურეების ქვეშ, რომელთაც უნდა უჩივლოს.

ანგარიშში მოტანილია თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ არასათანადოდ მოპყრობის არაერთი კონკრეტული შემთხვევა. მაგალითად, ამა წლის 5 სექტემბერს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები N18 სამკურნალო დაწესებულებაში განთავსებულ პატიმარ მიხეილ ი.-ს შეხვდნენ. იგი ამბობდა, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში ყოფნისას სისტემატურად სცემდნენ. მონახულების დროისთვის პატიმარს სხეულზე დაზიანებებიც ეტყობოდა. მეორე დღესვე, იმავე დაწესებულებაში მივლინებულ სამედიცინო ექსპერტს, რომელსაც აღნიშნული დაზიანებები უნდა აღეწერა, პატიმარმა განუცხადა, რომ ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არ ახსოვდა, რა ახსნა-განმარტება მისცა წინა დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს. მან უარი თქვა სახალხო დამცველის დახმარებაზე. ადმინისტრაციის მხრიდან მსჯავრდებულებზე ზეწოლის მაგალითად მოტანილია იმავე დაწესებულებაში ილია მ.-ს მიმართ ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლა. ისინი პატიმარს „სამშობლოს მოღალატეს” და „ინტრიგანს” უწოდებდნენ, არ აძლევდნენ მედიკამენტებს, უზღუდავდნენ გასეირნების და აბაზანით სარგებლობით უფლებას. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციის აგრესიის მიზეზი მსჯავრდებულის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეტანილი სარჩელი გახდა. ომბუდსმენი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, პირად კონტროლზე აიყვანოს პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების საკითხი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც წლებია, დღის წესრიგში დგას, ციხეებში არსებული გადატვირთულობაა. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული სისხლის სამართლის კოდექსში 2011 წელს შესული ცვლილება – რომელიც შესაძლებლობას იძლევა, პატიმრობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ჩანაცვლდეს. ამ ცვლილების პრაქტიკულ გამოყენებას გადატვირთულობის პრობლემის შემსუბუქება შეუძლია. დღეისთვის ცალკეულ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა და კანონით დადგენილი ლიმიტი კვლავ შეუსაბამობაშია. გადატვირთულობის პრობლემა პენიტენციური სისტემის 9 ციხეს აქვს. პატიმართა დაშვებულზე მეტ რაოდენობას განსაკუთრებით ცუდი შედეგები ჯანდაცვის თვალსაზრისით მოყვება. ასეთი ვითარება ხელს უწყობს გადამდები დაავადებების გავრცელებას და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. გადატვირთულობასთან ერთად, არასათანადო კვებითი რაციონი, აირაციისა და ვენტილაციის სისტემის, ასევე გარემოს სხვა ფაქტორების მავნე ზემოქმედება ტუბერკულოზის ხელშემწყობი ფაქტორია. კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საანგარიშო პერიოდში გარდაცვლილი 77 პატიმრიდან 54%-ს სწორედ ტუბერკულოზი ჰქონდა, ხოლო სიკვდილის უშუალო მიზეზად სასამართლო ექსპერტიზამ 43% შემთხვევაში ტუბერკულოზი დაადასტურა. 2010 წლის მაჩვენებელთან აღნიშნული სტატისტიკა 5%-იან ზრდას აჩვენებს. 2011 წლის პირველ ნახევარში გამოვლენილია ტუბერკულოზის 924 ახალი შემთხვევა.

პენიტენციურ სისტემაში სიკვდილიანობას ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა. ომბუდსმენის აპარატის მიერ მოპოვებული მონაცემებით, ბოლო ხუთ-ნახევარი წლის მანძილზე სულ 509 პატიმარია გარდაცვლილი. წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, 2011 წლის პირველი ნახევარი მაქსიმალური მაჩვენებლით გამოირჩევა – ეს რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე ბოლო 6 წლის განმავლობაში ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა. შედარებისთვის, წელს გარდაცვალების მაჩვენებელი 5%-ით მეტია, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში. 77 გარდაცვლილიდან 3 ქალი და 74 მამაკაცია, საშუალო ასაკი კი – 46 წელი. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ახალგაზრდა ასაკის პატიმრების სიკვდილის მთავარი მიზეზი, შარშანდელის მსგავსად, სპეციფიკური დაავადებებია. ტუბერკულოზის გარდა, გავრცელების თვალსაზრისით, რიგით მეორე დაავადება ვირუსული ჰეპატიტებია. გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ იმატა ტრავმებისგან გამოწვეულმა სიკვდილმა (გარდაცვალების მაჩვენებლის 7%). უშუალოდ ციხეში გარდაცვლილი პატიმრების მიხედვით, პირველ ადგილზეა N15 დაწესებულება (ქსანი), სადაც საანგარიშო პერიოდში 4 პატიმარი გარდაიცვალა.

საბოლოო ჯამში, როგორც შესწავლამ აჩვენა, გარდაცვლილ პატიმართა დიდ ნაწილს მძიმე და განუკურნებული დაავადების დიაგნოზი ჰქონდა დადგენილი – ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათი მკურნალობა შეუფერებელ პირობებში მიმდინარეობდა, რაც ასევე არაჰუმანურ მოპყრობად ფასდება.

თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები შესაბამისი უწყებების მიმართ. ომბუდსმენი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტსაც – სისხლის სამართლისა და პატიმრობის კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანის თაობაზე.

კომენტარები