ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალი: არშემდგარი კომპრომისი

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისი ვერ მოგვარდა. 14 დეკემბერს „პრეზიდენტობის” გამარჯვებული კანდიდატის, ალა ჯიოევას მომხრეებმა ცხინვალში საპროტესტო აქციები განაახლეს. ოპოზიციამ ედუარდ კოკოითი 9 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

დაპირისპირება ალა ჯიოევას მომხრეებსა და მოქმედ რეჟიმს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ” 27 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ბათილად გამოაცხადა. საბაბად ოპოზიციონერი კანდიდატის მხრიდან დარღვევები დასახელდა. მეორე ტურში ალა ჯიოევამ პროსახელისუფლებო კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. ბიბილოვი მოსკოვის ღია მხარდაჭერით სარგებლობდა. განმეორებითი არჩევნები მომავალი წლის 25 მარტისთვის დაინიშნა, თუმცა, ჯიოევას „სასამართლომ” მასში მონაწილეობა აუკრძალა.

თითქმის ორი კვირის განმავლობაში ჯიოევას მომხრეები, რომელთა უკან რეჟიმის გავლენიანი ოპონენტები – ანატოლი ბარანკევიჩი და ჯამბოლათ თედეევი იდგნენ, კანდიდატის გამარჯვების აღიარების მოთხოვნით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციებს მართავდნენ. მოსკოვმა თავდაპირველად ადგილობრივი „სასამართლოს” გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. მოგვიანებით, ცხინვალში სიტუაციის დასარეგულირებლად მედვედევის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი ვინოკური მიავლინა.

მოლაპარაკებები ედუარდ კოკოითისა და ალა ჯიოევას შორის წერილობითი შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. დოკუმენტის თანახმად, კოკოითი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო. მანამდე ყველაზე ოდიოზური მხარდამჭერები – გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვი – უნდა გადაეყენებინა. ალა ჯიოევას მომავალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლეოდა, “პრეზიდენტის” მოვალეობა კი არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრ ვადიმ ბროვცევს უნდა შეესრულებინა. შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჯიოევამ ოპოზიციის მომხრეებს დაშლისკენ მოუწოდა.

10 დეკემბერს კოკოითი გადადგა და შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები შეასრულა. თუმცა, 14 დეკემბერს მისმა ერთგულმა დეპუტატებმა კენჭი უყარეს ხუგაევისა და ბიჩენოვის გათავისუფლებას და ისინი თანამდებობებზე დატოვეს.

ალა ჯიოევამ და მისმა მხარდამჭერებმა ეს შეთანხმების დარღვევად შეაფასეს და მოსკოვს მიმართეს. ჯიოევას განცხადებით, კოკოითიმ რუსეთის შუამავლობითა და გარანტიით დადებული შეთანხმება დაარღვია და მასზე ზეგავლენა სწორედ მოსკოვმა უნდა მოახდინოს. „პასუხისმგებლობა მოვლენების ნეგატიურ განვითარებაზე კრემლის მოხელეებს დაეკისრებათ. კოკოითი დიდი ხანია დაემხობოდა (მოსკოვის მხრიდან) ძლიერი პატრონაჟის გარეშე”, – განაცხადა ჯიოევამ.

მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ კოკოითის გადადგომით საბოლოო გამარჯვებას მაინც ვერ მიაღწიეს, ვინაიდან მისი ხალხი თანამდებობებზე რჩება. ოპოზიციონერები დარწმუნებულნი არიან, რომ ხუგაევი და ბიჩენოვი ყველაფერს გააკეთებენ, რათა 25 მარტის არჩევნებზეც ჯიოევას გამარჯვება არ დაუშვან.

ედუარდ კოკოითი ფაქტობრივი ძალაუფლების დათმობას არ აპირებს. ეს 11 დეკემბერს, მისი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ გაცხადდა. მან საზოგადოებას უკვე მმართველი პარტიის ლიდერის რანგში მიმართა. კოკოითიმ მკაცრად გააკრიტიკა თანაპარტიელები და პარლამენტის ვიცე-სპიკერები – იური ძიცოითი და მირა ცხოვრებოვა, რომლებიც მას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

თავად ძიცოითიმ „კომერსანტთან” საუბრისას კოკოითის განცხადება რეპრესიების დაწყების მუქარად შეაფასა. მისი თქმით, თუ პრემიერ-მინისტრი ბროვცევი მტკიცე ნებას არ გამოიჩენს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობას და ძალოვან სტრუქტურებს „საკუთარი ბინიდან” ისევ კოკოითი უხელმძღვანელებს.

„თოვლის რევოლუციამ” ცხინვალში, ფაქტობრივად, მარცხი განიცადა – ადგილობრივი საზოგადოების არჩევანი არც მოქმედმა რეჟიმმა და არც მოსკოვმა გაითვალისწინეს. რეგიონის მმართველად რუსეთიდან მოვლენილი ჩინოვნიკი ვადიმ ბროვცევი რჩება, რომელიც კოკოითისთან დაპირისპირების გამო, წინა რამდენიმე თვის განმავლობაში ცხინვალში არ გამოჩენილა და მთავრობაზე მხოლოდ პირობითი ზეგავლენა აქვს. რეჟიმის ოპონენტებმა, უკეთეს შემთხვევაში, მოსკოვიდან პირდაპირი მმართველობა, უარეს შემთხვევაში კი – კოკოითის ძალაუფლების გახანგრძლივება მიიღეს.

კომენტარები