ევროზონის 17 ქვეყანა ერთმანეთთან ხელშეკრულებას გააფორმებს. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნების ეროვნულ ბიუჯეტებზე კონტროლი და ახალი რეგულაციები დაწესდება. პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ეს რეგულაციები გაერთიანებული სამეფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნია. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები არ შეეხება. იმ სახელმწიფოებიდან, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებას დათანხმდა, კიდევ 3 – შვედეთი, უნგრეთი და ჩეხეთი საკუთარი პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.
გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, ცვლილებების შეტანა ლისაბონის ხელშეკრულების განახლებით სურდათ. ეს, მათი აზრით, ევროპის უფრო მეტ ინტეგრაციას უზრუნველყოფდა და წევრი ქვეყნების საბიუჯეტო დეფიციტს აღმოფხვრიდა. თუმცა პრემიერ-მინისტრ კამერონის ვეტომ ეს გეგმა ჩაშალა და წევრ ქვეყნებს ერთმანეთთან მოუწევთ ახალი ხელშეკრულების დადება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რამპოის თქმით, ხელშეკრულებები მომავალი წლის მარტამდე გაფორმდება. დოკუმენტს ოფიციალური ევროკავშირის ხელშეკრულების სტატუსი არ ექნება. ამდენად, მის აღსრულებაზე ზრუნვა ევროკავშირის ინსტიტუტებს, მათ შორის კომისიას, ვერ დაევალება.
თავად გაერთიანებულ სამეფოშიც პრემიერის გადაწყვეტილებას ზოგი შიშით შეხვდა. ვარაუდობდნენ, რომ დიდი ბრიტანეთი ერთგვარ იზოლაციაში მოექცეოდა და ევროკავშირის წევრების სხვა გადაწყვეტილებებს ჩამოშორდებოდა. თუმცა გამოცემა The Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კამერონის გადაწყვეტილება მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს. გამოკითხულთა 57% თვლის, რომ კამერონმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ 14% მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არასწორი იყო. კამერონს ვეტოს გამო მისი პარტიის კოალიციური პარტნიორები, ლიბერალ-დემოკრატები აკრიტიკებდნენ. თუმცა, როგორც The Times-ის გამოკითხვიდან გაირკვა, ლიბერალ-დემოკრატების ამომრჩევლების 49% კამერონის ვეტოს გაერთიანებული სამეფოსთვის მომგებიანად მიიჩნევს.
კამერონის ვეტომ ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ ფართო დისკუსია განაახლა. ბევრი ამ ურთიერთობათა ფუნდამენტურ გადახედვას ითხოვს. გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საერთო ბაზრად განიხილავს და არა პოლიტიკურ ერთობად. მას არ აქვს სურვილი საკუთარი სუვერენიტეტი ევროკავშირის ბიუროკრატიას გადასცეს.
კამერონი რომც დათანხმებოდა სარკოზისა და მერკელის გეგმას, მისი გატანა რეფერენდუმზე მოუწევდა. რეფერენდუმზე კი ეს გეგმა კრახისთვის იქნებოდა განწირული. ბრიტანეთში ევროსკეპტიციზმი ლამის მეორე სახელმწიფო რელიგიაა – ევროკავშირში წევრად დარჩენას მოქალაქეების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს. მმართველ კონსერვატიულ პარტიაში პოპულარულია იდეა, რომ შვეიცარიის, ნორვეგიის, ისლანდიისა და ლიხტენშტაინის მსგავსად, ბრიტანეთს ევროკავშირთან მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნდა აკავშირებდეს. გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლასა და ამერიკის, კანადისა და მექსიკის სავაჭრო ბლოკ ნაფტასთან შეერთებაზეც საუბრობენ.
თეტჩერისეული საგარეო პოლიტიკის დაბრუნება რეაქციაა ევროკავშირის მცდელობაზე უფრო მეტად ცენტრალიზებული გახდეს. და რაც უფრო ძლიერია ევროპის ინტეგრაციის მცდელობა, მით უფრო მძლავრდება გაერთიანებული სამეფოს უკურეაქცია.
თუმცა, ბევრისთვის გასაკვირად, სუვერენიტეტი და ფისკალურ პოლიტიკაში დამოუკიდებლობა არ იყო კამერონის ვეტოს გაცხადებული მიზეზები. ის მხოლოდ ვიწრო ინტერესის დასახელებით შემოიფარგლა – ახალი რეგულაციები სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ლონდონის ფინანსურ ბაზარს.
უკანასკნელი სამიტის შემდეგ, ზოგიერთმა დამკვირვებელმა შენიშნა მერკელისა და გერმანიის გავლენის ზრდა კავშირში. კავშირი, რომელიც გერმანიის გაკონტროლების მიზნით შეიქმნა, დღეს ამ ქვეყნის თითქმის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს მიჰყვება. საფრანგეთი ამ პროცესში მხოლოდ კოსმეტიკურ ატრიბუტად იქცა. ამას დამკვირვებლებმა ბებერი კონტინენტის მერკელიზაცია უწოდეს და ევროპული გერმანიის ნაცვლად გერმანული ევროპის წარმოქმნაზე დაიწყეს საუბარი.
დღეს ევროს კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მონეტარული პოლიტიკის წარმართვაში დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, ახალი ხელშეკრულებით, წევრმა ქვეყნებმა ფისკალურ პოლიტიკაზეც დაკარგეს სრული კონტროლი, რაც უარყოფითად აისახება მათი უმრავლესობის კონკურენტუნარიანობაზე და მხოლოდ გერმანიას აძლევს ხელს.
ბრალდების მიხედვით, გერმანელები ახალი ხელშეკრულებით, არა ევროპის სუსტი ეკონომიკების გაძლიერებას, არამედ ფინანსური რეგულაციებით მათი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მაქსიმალურად შესუსტებას ცდილობენ. ამით ისინი საკუთარ ეკონომიკას აძლიერებენ. ბრალდების ავტორები ალტერნატიულ გზად ევროზე უარის თქმას და ქვეყნებისთვის საკუთარი ვალუტის დაბრუნებას მიიჩნევენ.
თუმცა ბიუჯეტის დეფიციტის კონტროლი და დეფიციტისგან გათავისუფლება ნებისმიერი ეკონომიკისთვის გაჯანსაღებაა. გერმანიის აქტიურობა კი არა მხოლოდ ამ ქვეყნის ეკონომიკური ამბიციებით, არამედ მის მიმართ გაჩენილი მოლოდინებით – საბერძნეთის ბეილაუთისას ყველაზე დიდი ეკონომიკური მსხვერპლი სწორედ გერმანიამ გაიღო და მომავალი ბეილაუთების შემთხვევაშიც კრიზისის მთელი სიმძიმე მის ზურგზე გადაივლიდა – არის განპირობებული.
ფინანსური ბაზრის რეაქცია ახალ ხელშეკრულებაზე არც ისე პოზიტიური იყო, როგორც ამას ბევრი მოელოდა. ევროს კურსი დოლარის მიმართ, ბოლო თერთმეტი თვის განმავლობაში ყველაზე სუსტია.