შვედეთი

ფიქრები სტოკჰოლმიდან

ნაწილი მეორე

ავტორი: პერ ეკლუნდი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში 2006-2010 წლებში

კვლავ არ თოვს, გაზეთები და სატელევიზიო არხები კი შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ანალიზით არიან დაკავებულნი. ეს პარტია შვედეთის პოლიტიკურ სცენაზე ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა და 35 წელი უწყვეტად იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ახლა მმართველობით და იდეოლოგიურ კრიზისს განიცდის. წევრების რაოდენობით, ის კვლავ ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტიაა, თუმცა მისმა ამომრჩეველთა მხარდაჭერამ ახლახან 30%-ით იკლო და პარტიამ 50%-იანი ხმათა რაოდენობით კოალიციურ მთავრობაში ამოყო თავი.

რა შეეშალათ? ზოგი სიახლის მოწინააღმდეგე ტრადიციული სოციალ-დემოკრატის თქმით, ყველაფერი რიგზეა; უბრალოდ, ხალხამდე გზავნილის მიტანა ვერ შეძლეს, რაც იმას გულისხმობს, რომ ხალხი ვერ ხვდება, რა ჯობია მათთვის. სხვებმა სულის სიღრმეებში დაიწყეს ძიება და სიტუაციის გასაანალიზებლად და პარტიის ახალი პროგრამის შესამუშავებლად კომიტეტები შექმნეს. ამჟამინდელმა მთავრობამ გადასახადები დაწია და სხვადასხვა სოციალურ სფეროში, როგორიც ჯანდაცვა, მოხუცებზე ზრუნვა და განათლებაა, სახელმწიფოს მონაწილეობა შეზღუდა. ისეთი საზოგადოებისაკენ დასაბრუნებელი გზა, რომელშიც ადამიანზე ჩანასახიდან გარდაცვალებამდე ზრუნავდნენ, მოჭრილია და როგორც ყოფილმა სოციალ-დემოკრატმა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ხალხი დაბალი გადასახადების და არჩევანის თავისუფლების ამ ახალ რეალობას შეეგუა.

კითხვაზე, რა შეეშალათ, პასუხის გაცემაში, ბიზნესის სამყაროსთან პარალელების გავლება დაგვეხმარება. მსოფლიოს ერთ-ერთმა გურუმ მენეჯმენტში, ჯიმ კოლინზმა, ბევრი წიგნი დაწერა იმაზე, თუ რას ემყარება ხანგრძლივი წარმატება ბიზნესში. მის ბოლო წიგნში, „ძლევამოსილთა კრახი” (How the Mighty Fall), გაანალიზებულია ის მექანიზმები, რომლებიც ძლიერი კომპანიის დაღმასვლას იწვევს. ანალიზი და დასკვნები, ალბათ, პოლიტიკური პარტიების შემთხვევაშიც გამოდგება...

ბიზნესის დაღმასვლის (და, ალბათ, პოლიტიკური პარტიისაც) ხუთი ფაზა არსებობს. პირველი ფაზა მოჭარბებული სიამაყეა. კომპანიას წარმატება გარანტირებული ჰგონია, ხოლო მიდგომა სწორი. ის ხედვები და იდეები, რამაც დომინირებულ მდგომარეობამდე მიიყვანა, თითქმის დავიწყებულია. ამას მეორე ფაზამდე – მეტის მოპოვების ჟინი – მიჰყავს. კომპანიას სურს, გახდეს უფრო დიდი, მეტად პატივდებული და აღიარებული, უფრო გაბატონებული. სხვა კომპანიების შესყიდვით, ფოკუსი ბუნდოვანდება ან იკარგება, ბიზნესის მთავარი მიზანი უგულებელყოფილია.

მესამე ფაზაში განგაშის ზარები იწყებს რეკას, თუმცა კომპანია მათაც უგულებელყოფს უარყოფის ან ახსნა-განმარტებების მეშვეობით. პრობლემებს დროებითად მიიჩნევს, ცუდ ამბებს ისხლეტს, კარგ ამბებს კი აბუქებს.

ვინც ამ სქემას თავს ვერ აღწევს და რეალობას თვალს ვერ უსწორებს, მალე მეოთხე ფაზაში ამოყოფს თავს – გადარჩენის გზებზე ფიქრის, ახალი სტრატეგიით პრობლემების სწრაფად მოგვარებაზე ოცნების, ახალი და ქარიზმატული ლიდერის ძიების ფაზაში. ამ ფაზამ შეიძლება დროებითი შვება მოიტანოს, თუმცა უფრო კაპიტულაციასა და უსარგებლობაში გადადის.

შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია ახლა მეოთხე ფაზაშია და მომავალ სტრატეგიასა და ამომრჩეველთა ნდობის აღდგენის გზებს კვლავ სიბნელეში ხელის ცეცებით ცდილობს.

როგორც ჯიმ კოლინზი ასკვნის, ყოველთვის შეიძლება ფეხზე ისევ დადგომა და მდგომარეობის გამოსწორება, თუმცა ამისათვის მკაცრი დისციპლინა და ხელმძღვანელობაა საჭირო. „ძლევამოსილთა კრახი” ის წიგნია, რომლის წაკითხვაც ბიზნეს და პოლიტიკურ ლიდერებს ერთნაირად არგებს. მასში გადმოცემული სიბრძნის გამოყენება ორივე სფეროში შეიძლება.

 

კომენტარები