საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ ომბუდსმენის სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმა სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში, რომელიც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებს სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდას ავალდებულებს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამით საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-19 მუხლის (რწმენის თავისუფლება) პირველი და მესამე პუნქტები ირღვეოდა, რადგან სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონი გამორიცხავს ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის შესაძლებლობას რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა შეხედულებებიდან გამომდინარე.

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული რწმენის თავისუფლება მოიცავს სავალდებულო სამხედრო სამსახურზე "კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის" გაცხადების უფლებას. პირს შეუძლია, საკუთარი რწმენის, რელიგიური, თუ სხვა შეხედულებების, შესაბამისად, უარი თქვას სამხედრო სამსახურზე და მოითხოვოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულება ალტერნატიული (არასამხედრო) შრომის ფორმით მოიხადოს. სადავო ნორმა კი პირს აიძულებდა, საკუთარი რწმენის, რელიგიური, თუ ეთნიკური, შეხედულებების საწინააღმდეგოდ ემოქმედა, რაც რწმენის თავისუფლებაში "გაუმართლებლად მძიმე ჩარევაა". გარდა ამისა, სადავო ნორმა არღვევდა დისკრიმინაციის ამკრძალავ მე-14 მუხლსაც, რადგან არ ითვალისწინებდა გამონაკლისებს იმ პირების მიმართ, ვისაც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა აქვს სამხედრო სამსახურის მიმართ.

 

კომენტარები