ივანიშვილი პოლიტიკაში

არის ასეთი ოცნება

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება დააარსა. ამავდროულად, ბიზნესმენი თავის აქამდე ღიად გაცხადებულ მოკავშირეებს – რესპუბლიკურ პარტიასა და ალასანიას თავისუფალ დემოკრატებს – სამსუბიექტიანი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე შეუთანხმდა. ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებით, კოალიცია მას შემდეგ შეიკვრება, რაც ივანიშვილი პარტიას დააარსებს. ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, ის ამჟამად პარტიას ვერ ქმნის და ვერც სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს აფინანსებს. ივანიშვილი სასამართლოში ასაჩივრებს მოქალაქეობის დაკარგვას. ბიზნესმენს პრეზიდენტისთვის მისი მინიჭების თხოვნით არ მიუმართავს. თუ მოქალაქეობა არ აღუდგა, ის არ გამორიცხავს, რომ პარტიას სათავეში მისი რომელიმე ახლო ნათესავი ან უფროსი ვაჟი ჩაუდგება. ამ უკანასკნელი გზით მისი გვარი გახმიანდება და ძალების ივანიშვილის ირგვლივ კონცენტრირება მოხდება.

კოალიციამ სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებთან, შესაძლოა, საარჩევნო ბლოკიც შექმნას. შეთანხმება უკვე შედგა კონსერვატორების ლიდერ ზვიად ძიძიგურთან და ხალხის პარტიის ლიდერ კობა დავითაშვილთან. ეს უკანასკნელები ბოლო პერიოდში პოლიტიკურ პროცესებს გარიდებულები იყვნენ. ძიძიგური და დავითაშვილი გამონაკლისები არ არიან – ივანიშვილის გვერდით, დაპირებული ახალი სახეების ნაცვლად, სხვა მეტ-ნაკლებად მივიწყებული პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ. ქართული ოცნების პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, პარტია ნეიტრალური საქართველოს ლიდერი ვალერი კვარაცხელია, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვაჟა ლორთქიფანიძე, გია მაისაშვილი, გოგა ხაინდრავა და სხვები. ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები – მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები. „დადგა დრო, საქართველოს დავუბრუნოთ წარსული და ავაშენოთ ღირსეული მომავალი”, – განაცხადა პრეზენტაციაზე ივანიშვილმა.

მილიარდერი ბიზნესმენის განცხადებით, ქართული ოცნება შეიქმნა, როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა. მან უნდა აკონტროლოს სახელმწიფოს განვითარება და გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე. მოძრაობა შექმნის რეგიონალურ სტრუქტურებსაც. მათი უმთავრესი ფუნქცია სამართლიანი საარჩევნო გარემოს მისაღწევად ძალების კონსოლიდაციაა. მოძრაობამ უნდა მიიზიდოს „გამოცდილი პროფესიონალებიც”, რომლებიც „განვითარების ეფექტურ მოდელებს” შეიმუშავებენ სხვადასხვა მიმართულებით – დაწყებული მართლმსაჯულებიდან, დამთავრებული სპორტით. საზოგადოებრივი მოძრაობა ეცდება, მიაღწიოს ისეთი სახელმწიფოს აშენებას, სადაც „წარმატების საწინდარი იქნება პატიოსნება, ღირსება და პროფესიონალიზმი”; „აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება”; დასაქმება, „ღირსეული” შემოსავლის უზრუნველყოფა და სხვა.

ივანიშვილმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო ხელისუფლების კრიტიკასაც. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას აქვს – „რომ შესაძლებელი იყო კონფლიქტის ესკალაციის არიდება” და „სამშვიდობო პროცესების წარმატებით განვითარება, რომ არა ხელისუფლების მიერ დაშვებული მძიმე შეცდომები”. ასევე ის, რომ ხელისუფლებას არ აქვს კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიული ხედვა და გეგმა. თავი რომ დავანებოთ თავად პრეზიდენტ მედვედევის აღიარებას, თუ რა მიზნები ჰქონდა რუსეთს 2008 წელს, საინტერესოა ივანიშვილის აქამდე გაცხადებული ხედვაც კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ის აპირებს შეარბილოს რიტორიკა მოსკოვის მისამართით და დეოკუპაციის საკითხიც საერთაშორისო დონეზე აქტიურად აღარ დააყენოს. ივანიშვილის აზრით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თბილისმა კონფლიქტის მხარეებად უნდა აღიაროს – სტრატეგია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება 2003 წლამდე მისდევდა და რუსეთის „შუამავლობით” აპირებდა ქვეყნის გამთლიანებას.

ივანიშვილი აქამდე მეტ-ნაკლებად ერიდებოდა რელიგიასა და ეკლესიაზე აპელირებას პოლიტიკური ქულების დასაწერად. თუმცა, ამჯერად მას საქართველოს ხელისუფლების მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებაში დადანაშაულება არ დავიწყებია. ბიზნესმენის თქმით, რომ არა პატრიარქის სიბრძნე, გარდაუვალი იქნებოდა კონფრონტაცია კონფესიებსა და ეროვნებებს შორის. ეკლესიის დევნაში ხელისუფლება ფეხბურთელმა კახი კალაძემაც დაადანაშაულა, რომელიც მოძრაობის ერთ-ერთი წევრია.

კომენტარები