რუსეთი

მეხუთე ხელისუფლების აისი რუსულ პოლიტიკაში

მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე გამართულმა 4 დეკემბრის რუსეთის სათათბიროს არჩევნებმა მასშტაბური სახალხო მღელვარება გამოიწვია. საპროტესტო აქციების მსვლელობისას უამრავი აქტივისტი დააკავეს. დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ აქციის ორგანიზატორები, ცნობილი ბლოგერი ალექსეი ნავალნი და მოძრაობა Солидарность-ის ერთ-ერთი ლიდერი ილია იაშინი.

ოფიციალური მონაცემებით, პუტინის Единая Россия-მ ხმათა 50%-ზე ცოტათი ნაკლები მიიღო. 2007 წლის არჩევნებთან შედარებით, ეს გაცილებით დაბალი მაჩვენებელია, რადგანაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პარტიას 64% ერგო. 450-კაციან პარლამენტში Единая Россия-მ 238 მანდატი მიიღო, 77-ით ნაკლები, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტში. აღსანიშნავია ისიც, რომ ოფიციალურ შედეგთან შედარებით, ეგზიტპოლები გაცილებით დაბალ მაჩვენებელს პროგნოზირებდნენ.

„მათ გააყალბეს, მაგრამ ეს გაყალბება ბოტოქსით გაახალგაზრდავების უშედეგო მცდელობა იყო”, – განაცხადა ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ბლოგერმა და არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლმა აქტივისტმა ალექსეი ნავალნიმ, რომელმაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, პუტინის პარტიას საჯაროდ ქურდებისა და თაღლითების პარტია უწოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლების ჰაკერთა სარეზერვო ძალებმა და კიბერკრიმინალების არარეგულარულმა არმიამ მომსახურებაზე განაწილებული უარით იერიშით (DDoS – distributed-denial-of-service attacks) თავდასხმა განახორციელეს, როგორც სოციალურ ქსელებზე, ბლოგგვერდებზე, ასევე სხვადასხვა ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებების საიტებზე. სოციალური ქსელი LiveJournal-ი, ახალი ამბების პორტალი slon.ru, Zaks.ru, News Times, გაზეთი Kommersant-ი, ჟურნალი Большой Город-ი და რადიოსადგურ Эхо Москвы-ს ვებგვერდები მასიური კიბერთავდასხმების მსხვერპლი გახდა.

Эхо Москвы-ს ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ ამ ფაქტთან დაკავშირებით, Twitter-ზე თავის მიმდევრებს შემდეგი ტექსტით მიმართა: „გაუგზავნეთ მოთხოვნა კონსტიტუციის გარანტორს (მედვედევს) Twitter-ზე, Facebook-ზე და ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომ ჩვენმა საიტმა განაგრძოს ფუნქციონირება. ერთხელ მაინც, თავის სიცოცხლეში, გამოიყენოს თავისი iPhone-ი სათანადოდ. იქნებ დაურეკოს და უბრძანოს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს, რომ შეაჩერონ ეს სიგიჟე”.

მასიური ჰაკერული თავდასხმების მსხვერპლი გახდა ასევე პუტინის მიერ იუდად შერაცხული არასამთავრობო ორგანიზაცია Голос-ი. არჩევნების დღეს DDoS თავდასხმამ ჩამოშალა Голос-ის საიტი Kartanarusheniy.ru, სადაც უბნების მიხედვით განთავსებული იყო საარჩევნო დარღვევების რუკა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა ასევე ვებგვერდზე მიბმული საიტებიც.

DDoS შეტევები მოსალოდნელიც იყო საპარლამენტო არჩევნებისათვის. ამგვარ სცენარს ჯერ კიდევ გაზაფხულზე, LiveJournal-სა და Новая Газета-ს წინააღმდეგ განხორციელებული მასიური კიბერშეტევების შემდგომაც წინასწარმეტყველებდნენ.

აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე განხორციელებული ინტერნეტრეიდის მთავარი მიზეზი გახდა სახალხო თავისუფლების პარტიის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სპეციალური მოხსენების, „პუტინი. კორუფცია”, LiveJournal-ზე გამოქვეყნებას. Новая Газета-ზე განხორციელებულ თავდასხმას კი უკავშირებდნენ მისი ახალი პროექტის – ონლიან-პარლამენტი – Рунет-ზე ჩაშვებას. სამიზნე სიაში აღმოჩნდა ნავალნის ბლოგგვერდი Rospil Info და ასევე მისი პირადი გვერდი LiveJournal-ზეც.

აქტიურმა, მეამბოხე ინტერნეტთაობამ, არაბულმა გაზაფხულმა და ლონდონის ამბოხებამ რუსეთის სახელისუფლებო პოლიტიკური ისტებლიშმენტი აშკარად შეაშფოთა. „შეხედეთ არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესებს, ეს სახიფათოა... ეს არის ის სცენარი, რომელსაც ისინი ჩვენთვის ამზადებენ”, – განაცხადა ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე მედვედევმა, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდგომ.

რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ კი, დსთ-ს ქვეყნების გენპროკურორებს, ლონდონში მიმდინარე ამბოხების შემდგომ საჯაროდ მიმართა: „თქვენ თავად ნახეთ, თუ რა მოხდა ლონდონში... მიმაჩნია, რომ პრობლემა სერიოზულია, ჩვენ გვჭირდება გონივრული მოქმედება, საჭიროა სოციალური ქსელების სათანადო კონტროლის ქვეშ მოქცევა, რათა დავიცვათ ჩვენი საკუთარი მოქალაქეების ინტერესები”.

სოციალური მედიის პოპულარობის ზრდით შეშფოთებულმა კრემლმა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ინტერნეტთაობას, სახელისუფლებო მოძრაობა Наши-დან შექმნილი ახალგაზრდული ფრთა, ახალი პროექტით „ეროვნული ღირსება ინტერნეტზე” დაუპირისპირა. თუმცა კრემლის „ეროვნულმა ღირსებამ” ინტერნეტზე არ გაამართლა. სრული სახელისუფლებო ბერკეტების მიუხედავად, მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს Рунет-ზე მიმდინარე პროცესები. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ინტერნეტზე არსებული მკაცრი კონტროლის, მასიური კიბერთავდასხმებისა და მკაცრი ინფორმაციული პოლიტიკის მიუხედავად, სწორედ ინტერნეტრესურსების საშუალებით გახდა ცნობილი არჩევნების ფალსიფიკაციის აშკარა ფაქტები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამ სივრცის აქტიური გამოყენების შედეგად მოხდა შესაძლებელი 10 დეკემბრის სახალხო მობილიზაციაც, როდესაც ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა არჩევნების შედეგები.

„ეს იქნება ბოლო არჩევნები, სადაც ტელევიზიები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ”, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა Эхо Москвы-ს მთავარმა რედაქტორმა და ცნობილმა ჟურნალისტმა ალექსეი ვენედიქტოვმა.

„ყველა სახელისუფლებო ვებგვერდს ერთად აღებულს არ ჰყავს იმხელა აუდიტორია, როგორც ნავალნის ბლოგგვერდს”, განუცხადა Moscow Times-ს ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა ვლადიმირ პრიბილოვსკიმ.

ბრიტანული კომპანიის ComScore-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რუსეთში დაახლოებით 80 მილიონი ადამიანი იყენებს ინტერნეტს, მათგან 60%-ზე მეტი აქტიური ინტერნეტმომხმარებელია. პუტინის რუსეთშიც კი მეხუთე ხელისუფლების ძალაუფლება დღითი დღე იზრდება. საპარლამენტო არჩევნებში რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლმა ინტერნეტთაობამ უდიდესი როლი ითამაშა.

გაყალბებული არჩევნების, ცენზურის, ჰაკერული თავდასხმების, უსაფრთხოების სამსახურების მიერ ინტერნეტზე სრული კონტროლის, Рунет-ზე არსებული ოპერატიული საგამოძიებო-სათვალთვალო (SORM-2) სისტემის თუ კონტროლის სხვა მექანიზმების მიუხედავად, მოხდა ის, რომ Единая Россия-ს 50%-ის აღებაც კი გაუჭირდა. რა მოხდა რუსეთში? იყო ეს რუსული არაბული გაზაფხულისადმი ერთგვარი შიშით, მოულოდნელი კიბერ-ოპტიკური შოკით, არაეფექტური სტრატეგიული გეგმით გამოწვეული, თუ სამივე ერთად აღებული?!

მიუხედავად მათი ძალისხმევისა, მათ ვერ შეძლეს ვირტუალური სივრცის სრული კონტროლი. საინტერესოა, მიღებული გამოცდილების შემდგომ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები Рунет-ზე და რა სახით გამოვლინდება საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლის კიბერინფორმაციული აგრესია.

ერთი რამ კი აშკარაა, ხშირი ინტერნეტრეპრესების მიუხედავად, მეხუთე ხელისუფლება რუსულ პოლიტიკაში ძალაუფლების პიკზეა. ინტერნეტთაობის აისი კი შესაძლოა რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების დაისითაც დასრულდეს.

 

კომენტარები