ყირგიზეთი

მანასის ამერიკული სამხედრო ბაზა დაიხურება

ამერიკული სამხედრო ბაზა მანასის აეროპორტში უნდა დაიხუროს. განცხადება ამის შესახებ ყირგიზეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

მისი თქმით, სამხედრო ბაზა სამოქალაქო აეროპორტის ტერიტორიაზე ქვეყნისთვის საფრთხეს წამოადგენს. პრეზიდენტმა ამერიკული მხარე გააფრთხილა, რომ 2014 წლის შემდეგ კონტრაქტი ყირგიზეთში ამერიკულ სამხედრო ვაზის განლაგების თაობაზე აღარ განახლდება.

 

„2014 წელს ამერიკელები ან უნდა გავიდნენ მანასიდან, ან რუსეთთან ან სხვა ქვეყნებთან ერთად გადაზიდვების სამოქალაქო ცენტრი შექმნან“, - განაცხადა ატამბაევმა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას რუსეთის ზეწოლით არ მიუღია.

 

მანასის საავიაციო ბაზა ყირგიზეთის დედაქალაქის აეროპორტში 2001 წელს გაიხსნა. მისი დანიშნულება ავღანეთში ამერიკული სამხედრო ტვირთების ტრანზიტის უზრუნველყოფაა. ამერიკული ბაზის დახურვის პირობა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა დადო, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა, რამაც მოსკოვის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

კომენტარები