ანტისემიტიზმი

დაუსრულებელი შური და სიძულვილი

ნიუ იორკში სექტემბერში დაწყებულმა ე.წ. უოლ სტრიტის ოკუპაციის საპროტესტო აქციებმა, გლობალურ მედიაში ფართო გამოხმაურება ჰპოვა. აქცია, რომელიც ამერიკის ფინანსურ კრიზისს, ბანკების პოლიტიკასა და უმუშევრობის მაღალ დონეს აპროტესტებს, ტელევიზიების, პრესისა და ინტერნეტგამოცემების ერთ-ერთი მთავარი თემაა. თუმცა, სკრუპულოზურად გაშუქების მიუხედავად, პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა ცალკეული მონაწილეების მიერ ანტისემიტიზმის გამოვლინებები. ამის ამსახველი ვიდეომასალები YouTube-ზეც გავრცელდა. ცხადია, მთლიანად პროტესტი ანტისემიტურ ხასიათს არ ატარებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მსოფლიო ანტისემიტიზმის დაავადებისგან ჯერ კიდევ ვერ განიკურნა. სიმპტომები თავს განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის დროს იჩენენ ხოლმე.

ანტისემიტიზმი ყოველივე ებრაულისადმი (უკიდურეს) ნეგატიურ დამოკიდებულებას ნიშნავს და მათ წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლასაც გულისხმობს. ის განსხვავებული ფორმებით საუკუნეების მანძილზე არსებობდა, პოლიტიკურ მოძრაობად კი მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა.

მათ მიმართ ანტიპათიური დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი მათი წარმატებაა. ებრაელები დედამიწის მოსახლეობის 0.2 და ამერიკის მოსახლეობის 2 პროცენტს შეადგენენ. თუმცა ნობელის პრემია დაახლოებით 190 ებრაული წარმოშობის ადამიანს აქვს მიღებული, რაც საერთო რაოდენობის 22 პროცენტია (ამერიკელ ნობელიანტთაგან 36% ებრაული წარმოშობისაა). ნობელის პრემიის ლაურეატ ებრაელთა რაოდენობა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში 14% იყო, მეორე ნახევარში – 29%, 21-ე საუკუნეში კი – 32%. ქალ ნობელიანტთა შორის 38% ებრაელია (პრემიის ამერიკელ ქალ რეციპიენტთა შორის – 50%).

ებრაული წარმოშობის ადამიანები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებულ სხვა პრემიებშიც დომინირებენ. ნობელის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ვოლფის პრემიის რეციპიენტთა შორის ებრაელთა რაოდენობა 33 პროცენტს აღწევს. ამერიკული მეცნიერების ნაციონალური პრემიის მიმღებთა რიცხვში 38% ებრაელია, ისევე როგორც იაპონური კიოტოს პრემიის ლაურეატთა მეოთხედი.

ამ ეროვნების წარმომადგენელთა არაორდინარული წარმატების გარდა, ანტისემიტიზმს სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზებიც ასაზრდოებს. ამერიკის მიერ ისრაელის მხარდაჭერა, ანტიამერიკული ძალების სამიზნედ აქცევს. ალ-ყაიდა აშშ-ს დიდ, ისრაელს კი პატარა სატანას უწოდებს. ამერიკისა და ისრაელის ანტიპათიისთვის მემარცხენე პოლიტიკურ ძალებს კი იდეოლოგიური მიზეზები აქვთ. ამერიკა მსოფლიოში დასავლური მასკულტურის ექსპორტიორია (მაკდონალდსი, ჰოლივუდი, კოკა-კოლა და სხვა), მემარცხენეებს კი სძულთ კაპიტალიზმი, გლობალიზაცია და დიდი კორპორაციები.

მემარცხენეები ამერიკასა და ისრაელს კოლონიალიზმშიც ადანაშაულებენ. მათი აზრით, ამერიკა მესამე სამყაროს ქვეყნების ექსპლუატაციის ხარჯზე ცხოვრობს, სიონისტები კი, ჰოლოკოსტის სინდისის ქენჯნის გამო, პალესტინელი არაბების ტერიტორიებზე დაასახლეს. 1967 წლის შემდეგ, როდესაც ისრაელმა დასავლეთ ნაპირისა და ღაზის სექტორის ოკუპაცია განახორციელა, კრიტიკოსებისთვის უფრო მიმზიდველი სამიზნე გახდა. თუმცა დასავლეთ ნაპირისა და ღაზის სექტორის ოკუპაციის შედეგები 1987 წლისათვის (როდესაც პირველი ინტიფადა – არაბული მოსახლეობის სახალხო აჯანყება – დაიწყო) ამგვარი იყო: ორივე ტერიტორია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ეკონომიკას წარმოადგენდა. მათი მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად დაახლოებით 30 პროცენტით იზრდებოდა. არაბული მოსახლეობის რაოდენობა გასამმაგდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 43 წლიდან 74-მდე გაიზარდა.

ისრაელის ეკონომიკური წარმატება, მემარცხენეთათვის, მისდამი უარყოფითი დამოკიდებულების კიდევ ერთი მიზეზია. ისრაელმა დამოუკიდებლობისთანავე (1948) სოციალისტური ეკონომიკური კურსი აირჩია. ქვეყანას მსოფლიოში გაფანტულმა ასეულ ათასობით ებრაელმა მიაშურა. მიუხედავად განათლებული ადამიანების შემოდინებისა, ისრაელის ეკონომიკური განვითარება მძიმედ მიმდინარეობდა. იმიგრანტების ნაწილი უტოპიურ სოციალისტურ კოლექტიურ მეურნეობებში, კიბუცებში საქმდებოდა, რაც მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების ფლანგვას უდრიდა.

1960-იანი წლების დასაწყისისთვის, ისრაელში მუშახელის ნაწილი კვალიფიკაციის შესაბამისზე გაცილებით მაღალ ხელფასს იღებდა. სოციალისტური რედისტრიბუციის პოლიტიკის გამო, არაკომპეტენტური მუშახელი სამუშაო ადგილს მაინც ინარჩუნებდა. 56-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადები კერძო ინიციატივებს ახშობდა. გართულდა უცხოური კაპიტალის შემოდინება, მრავლად იყო ბიუროკრატიული ბარიერები.

1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო ეკონომიკური რეფორმები. ლომის წილი ისრაელის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს მიუძღვის, რომელსაც პრემიერის პოსტი 1996-1999 წლებშიც ეკავა, 2003-2005 წლებში კი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იყო. შემცირდა გადასახადები და რეგულაციები, გაადვილდა ინვესტიციების განხორციელება, გამარტივდა ბიუროკრატიული პროცედურები, შეიზღუდა პროფკავშირების ძალაუფლება. პრივატიზაციის შედეგად, სამთავრობო წილმა კორპორაციებში 60-დან 20 პროცენტამდე იკლო.

1990-იანი წლების ბოლოსთვის, ეკონომიკამ სრული ტრანსფორმაცია განიცადა. ახალი კორპორაციების შესაქმნელად ჩადებული ინვესტიციების მოცულობამ 1991 წელს 58 მილიონი ამერიკული დოლარიდან, 2000 წლისათვის 60-ჯერ, 3.3 მილიარდამდე მოიმატა. ყოველწლიურად შექმნილი კომპანიების რაოდენობა 100-დან 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების შემოსავალი 1.6 მილიარდიდან 12.5 მილიარდ დოლარამდე ავიდა. 1999 წლისათვის ისრაელის ეკონომიკური ზრდის 70% უახლესი ტექნოლოგიების სფეროზე მოდიოდა, რითაც ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა. 2001-2005 წლებში, ისრაელში დამწყები ტექნოლოგიური კომპანიების დასაარსებლად დახარჯული თანხა, მხოლოდ კალიფორნიის (სილიკონის ველის) მაჩვენებელს ჩამორჩებოდა. ამჟამად ქვეყანა, ერთ სულ მოსახლეზე ტექნოლოგიური ინოვაციების მხრივ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, აბსოლუტური მაჩვენებლებით კი – მეორეზე.

თავისუფალი ეკონომიკის უპირატესობა ისრაელის მაგალითზე ნათლად გამოჩნდა. შემდგომში, ეს ჩინეთშიც დადასტურდა, რომელმაც ეკონომიკური განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც გეგმიურ ეკონომიკაზე უარი თქვა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე ნაბიჯ-ნაბიჯ გადასვლა დაიწყო.

კულტურული რელატივიზმის (მოძღვრება, რომელიც მოცემულ ქმედებას კულტურულ კონტექსტში განმარტავს) დამახინჯებული გაგება, ანტიისრაელურ პათოსს კიდევ უფრო აძლიერებს. მემარცხენე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ისრაელს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო მუდმივად აკრიტიკებენ. თუმცა არაბულ ქვეყნებში არსებულ ანალოგიურ პრობლემებზე რეაქცია თითქმის არ აქვთ. მემარცხენე იდეოლოგია განსხვავებულ კულტურებს განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს. როგორც ჩანს, განვითარებად ქვეყნებს ეპატიებათ საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებების შეზღუდვა.

ანტიისრაელურ განწყობაში გარკვეულ როლს რელიგიური ფაქტორებიც თამაშობს. ქრისტიანული რელიგია ბევრ ადამიანს უბიძგებს პალესტინელი ღარიბი, ქვებით შეიარაღებული ახალგაზრდების გულისტკივილი უფრო გაიზიარონ, ვიდრე თანამედროვე იარაღით აღჭურვილი ისრაელელი სამხედროებისა.

სეკულარისტული ფასეულობების მემარცხენეებს ებრაელების იუდაისტურ რელიგიასთან ახლო კავშირი აღიზიანებთ. რელიგია ებრაელთა ნაციონალური იდენტობის საყრდენია, მემარცხენეები კი ნაციონალიზმს არ სწყალობენ.

რადიკალი მემარცხენეების აზრით, ამერიკის რესპუბლიკური პარტია კორპორაციებისა და ქრისტიანი ფუნდამენტალისტებისგან იმართება, ისრაელის სახელმწიფოს კი ფანატიკური რელიგიური იდეებით შეპყრობილი ადამიანები განაგებენ.

იუდაიზმი, თავისუფალ ეკონომიკურ საქმიანობას ყველა რელიგიაზე მეტად ახალისებს. ამერიკის, როგორც ამოუწურავი შესაძლებლობების ქვეყნის წარმატება, გარკვეულწილად, სწორედ ამ ფასეულობებზეა დაფუძნებული.

ანტისემიტიზმი არც მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის არის უცხო. მე-5 საუკუნის კონსტანტინოპოლის პატრიარქის, იოანე ოქროპირის ქადაგებანი ებრაელთა წინააღმდეგ (Adversus Judaeos), ზოგი ისტორიკოსის აზრით, ქრისტიანული ანტისემიტიზმის საფუძველი გახდა. რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ებრაელებს პოგრომებს (დარბევა) უწყობდა და ძალით ნათლავდა.

ანტიისრაელური განწყობის კიდევ ერთი მიზეზი ე.წ. group think (ჯგუფური აზროვნება) – მასობრივი აზრის უპირობოდ გაზიარებაა. ამერიკული უნივერსიტეტების უმრავლესობაში მემარცხენე ფასეულობებია გაბატონებული. სტუდენტებისათვის უფრო მარტივია გაიზიარონ ისრაელისადმი კრიტიკულად განწყობილი მასის აზრი, ვიდრე დაუპირისპირდნენ მათ. მემარცხენეთა არგუმენტების მიხედვით, ისრაელი პალესტინელებს თვითგამორკვევის საშუალებას უსპობს და თავისუფლებას ართმევს. მეორე მხრივ, არაბული ქვეყნების მოსახლეობის დიდ ნაწილს არც თვითგამორკვევის საშუალება ეძლევა და არც პოლიტიკური თავისუფლებით სარგებლობს. მემარცხენეთა ყურადღების მიღმა რჩება პალესტინელთა მიერ სახელმწიფოებრიობის მოპოვების ძალადობრივი მეთოდებიც.

ანტისემიტიზმს არც აკადემიური წრეების გამოჩენილი წევრები თაკილობენ. ისრაელში დაბადებულმა ბრიტანელმა ჯაზმენმა და მწერალმა გილად ათზმონმა, გამოსცა წიგნი The Wandering Who?, რომელიც ანტისემიტური სტერეოტიპებითა და პასაჟებით არის გაჟღენთილი. ავტორს საკუთარ ბლოგზე ისრაელი ნაცისტურ გერმანიაზე უარეს სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული. მის ნაშრომს კი გამოჩენილმა მკვლევრებმა, ჩიკაგოსა და პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ჯონ მირშაიმერმა და პიტერ ფალკმა დადებითი შეფასება მისცეს. მსგავსი ნაშრომები ისრაელის კრიტიკასა და ანტისემიტიზმს შორის არსებულ ზღვარს კვეთენ. ცნობილი მეცნიერების მიერ მათი მხარდაჭერა კი, შეიძლება ითქვას, ანტისემიტიზმის ლეგიტიმაციის საფუძველს ქმნის.

ანტიამერიკული და ანტისემიტური განწყობით მრავალი თანამედროვე მემარცხენე მოაზროვნეც გამოირჩევა. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ მათ შორის არიან წარმოშობით ებრაელი ადამიანებიც, მაგალითად, ნოამ ჩომსკი და ნორმან ფინკელშტაინი. ყოფილი სტალინისტი ჩომსკი ათწლეულების წინ კამბოჯის წითელი ქხმერების რეჟიმს უჭერდა მხარს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის 20% გაანადგურა. ფინკელშტაინმა ერთხელ განაცხადა, რომ ვისაც თავისუფლების სჯერა, ჰეზბოლას უნდა მიბაძოს (ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელსაც ისრაელის განადგურება სურს). მემარცხენე ინტელექტუალთა ნაწილისათვის ისრაელისა და ამერიკის წინააღმდეგ ბრძოლა ერთგვარ სამეცნიერო დამსახურებად იქცა.

ანტისემიტიზმს მემარცხენე მოძრაობასთან ისტორიული კავშირებიც აქვს. სოციალიზმი კერძო საკუთრებას, ღია ეკონომიკასა და კომერციას მტრობს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ებრაელებთან ასოცირდებოდა – მათი საქმიანობის სფერო საერთაშორისო ვაჭრობა და ფინანსური მომსახურებები იყო.

მე-18 საუკუნის ბოლოდან კაპიტალიზმსა და ებრაელებზე იერიში ფრანგმა უტოპისტებმა მიიტანეს. საფრანგეთიდან ანტიკაპიტალისტური განწყობა მალე გერმანიაშიც გავრცელდა. არაერთ შემთხვევაში კაპიტალიზმის კრიტიკა ებრაელთა სიძულვილში გადაიზარდა. კაპიტალიზმის სოციალისტურ კრიტიკასა და ანტისემიტიზმს მსგავსი არგუმენტები გააჩნდათ.

კარლ მარქსს, რომელიც წარმოშობით ასევე ებრაელი იყო, უხვად აქვს დაწერილი ანტისემიტური სტატიები. ის ვერ იტანდა კერძო საკუთრებასა და კომერციას. მარქსის ადრეულმა მიმდევრებმა გადაწყვიტეს ამ იდეოლოგიისა და ანტისემიტიზმის დაკავშირება. მათ სწამდათ, რომ თუ საზოგადოება შეიძულებდა ებრაელ კაპიტალისტებს, შეიძულებდა ზოგადად კაპიტალიზმსაც.

ანტისემიტიზმი ზოგადად წარმატებულ ადამიანთა მიმართ შურის გამოძახილია. ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება, არა მხოლოდ ებრაელთა, არამედ ყველა იმ ხალხთა ჯგუფის მიმართ არსებობდა, რომლებიც საზოგადოებაში სხვებზე მეტ წარმატებას აღწევდნენ. მაგალითად გამოდგებიან იბოსა და იორუბას ეთნიკური ჯგუფები ნიგერიაში, სომხები ოსმალეთის იმპერიაში, ინდოელები სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩინელები სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.

ისრაელისა და ებრაელთა წარმატებას ამერიკელი მწერალი ჯორჯ გილდერი მსოფლიოს წინაშე არსებულ ტესტს უწოდებს. გილდერის აზრით, ებრაელების მიღწევებით აღტაცება, ან პირიქით – შური, დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებებისადმი დამოკიდებულების მაჩვენებელია. ვისაც სძულს ებრაელები, სძულს ადამიანთა განსხვავებულობა და თავისუფლება. გილდერის მსგავსად ფიქრობდა სოციალისტური რეალიზმის ლიტერატურული ჟანრის ფუძემდებელი მაქსიმ გორკიც. მისი თქმით, ებრაელები სძულთ იმიტომ, რომ ისინი მეტს მუშაობენ, უკეთ მუშაობენ და, შესაბამისად, უკეთეს შედეგებსაც აღწევენ.

გილდერი აღნიშნავს, რომ ანტიკაპიტალისტები და ანტისემიტები, ყოველთვის ხალხთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებების აღმოფხვრას ესწრაფვოდნენ. განსხვავებები შემოსავლებში, პირად მიღწევებში, სოციალურ სტატუსში, მემარცხენე იდეოლოგიის სამიზნეები იყო, მაგრამ მის გამთანაბრებელ პოლიტიკასა და ე.წ. სოციალურ სამართლიანობას – სტაგნაცია და გაჭირვება მოჰქონდა.

ებრაელთა საქმიანობა ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობისა და არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების საზომადაც გამოდგება. გასაკვირი არ არის, რომ ებრაელებმა ყველაზე დიდ წარმატებას ამერიკაში, თავისუფალი ეკონომიკისა და შეუზღუდავი შესაძლებლობების პირობებში მიაღწიეს. ისინი საკუთარ მიღწევებს უკვე ისრაელშიც იმეორებენ. მათი წარმატება კი დანარჩენი მსოფლიოსთვის ტესტია, რომელსაც თანამედროვე ეპოქისთვის შეუფერებლად, ბევრი ადამიანი ვერ აბარებს.

 

კომენტარები