ფეხბურთი

საფეხბურთო წელიწადი: ნაკრებები ციფრებში

ეროვნული ნაკრები

საქართველოს მთავარმა საფეხბურთო გუნდმა 2011 წელი მოგებით დაიწყო და დაასრულა: თემურ ქეცბაიას ნაკრებმა 9 თებერვალს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სომხეთს 2:1 სძლია, 10 ნოემბერს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოლდოვას უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. ორივე მატჩი ამხანაგური იყო.

ექსსაბჭოელებთან თამაშებს შორის კიდევ 7 საერთაშორისო შეხვედრა შედგა, რომელთაგან ეროვნულმა თითო მოიგო და ფრედ დაასრულა, 5 კი წააგო.

შემოდგომით საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დაასრულა. სამწუხაროდ, ტრადიციულად ძალიან ცუდად: გუნდი, რომელიც საწყის ტურებში დაუმარცხებელი იყო, საბოლოოდ ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე გავიდა – ლატვიასთან და საბერძნეთთან საშინაო შეხვედრების წაგება და მალტაზე ვერმოგება ცხრილში ჩვენი გუნდის პოზიციაზე ლოგიკურად აისახა...

თემურ ქეცბაიას გუნდის შარშანდელი დაუმარცხებელი სერია გაზაფხულზე ორი მატჩით გაგრძელდა: კვიპროსში, სომხეთთან გამარჯვებას ევრო 2012-ის საკვალიფიკაციოში შინ, ხორვატებთან ძალიან მნიშვნელოვანი მოგება მოჰყვა. ჩვენი მთავარი გუნდი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა, მაგრამ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მეტისთვის ეროვნული მზად არ აღმოჩნდა. სლავენ ბილიჩის ნაკრებთან წარმატების მეორე დღეს ეროვნულში განხეთქილება მოხდა – გოგიტა გოგუამ ზედიზედ მესამე მწვრთნელთან ვერ გამონახა საერთო ენა და შეკრება დაატოვებინეს, ორიოდ დღეში კი საქართველოსთვის სარეკორდო, 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ისრაელში დასრულდა – 0:1. ამას ხორვატიაში, პოლონეთში ამხანაგურ მატჩში და ლატვიასთან შინ წაგებები მოჰყვა.

13 სექტემბერს, ბალტიისპირელებთან შინ შერცხვენის და მალტაზე ვერმოგებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თემურ ქეცბაიასთან ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა კიდევ ორი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ალექსანდრე ჩივაძის (1993-1996) და კლაუს ტოპმიოლერის (2006-2008) შემდეგ თემურ ქეცბაია ეროვნულის პირველი მწვრთნელი შეიქნა, რომელმაც ერთი საკვალიფიკაციოს ჩაგდების მიუხედავად, მეორე შესარჩევისთვის თანამდებობა შეინარჩუნა. ცნობისთვის: ჩივაძისგან განსხვავებით, ტოპმიოლერმა ევრო 2008-ის შემდეგ მსოფლიოს 2010 წლის საკვალიფიკაციოს ვერ უწია – ტურნირის დაწყებამდე გაათავისუფლეს...

30 ივლისს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა: ჯვაროსნებს ბრაზილიის საგზურის მოსაპოვებლად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან, საფრანგეთთან, ბელარუსთან და ფინეთთან პაექრობა მოუწევთ.

ჯგუფის კალენდარიც დადგენილია – გაისად საქართველო 4 ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს: 7 სექტემბერს ეროვნული ჯერ ბელარუსს, ოთხ დღეში კი ესპანეთს უმასპინძლებს, 12 და 16 ოქტომბერს კი ჯვაროსნები სტუმრად გაეჯიბრებიან ბელარუსს და ფინეთს. გადაწყდა ერთი ამხანაგური მატჩის გამართვაც: 29 თებერვალს თბილისს ალბანეთი ეწვევა.

2011 წელი ჩვენი ეროვნულისთვის კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა:

ოქტომბერს, ევრო 2012-ის უკანასკნელ შესარჩევ მატჩში, შინ ბერძნებთან, ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა მეასედ მოირგო ქვეყნის პირველი გუნდის მაისური! ასიანთა კლუბის პირველი ქართველი წევრი უეფამ სპეციალური კეპით და მედლით დააჯილდოვა.

ზუსტად ორ თვეში, 11 დეკემბერს, სანაკრებო კარიერა დაასრულა კაპიტანმა კახა კალაძემ. ქვეყნის ოთხგზის საუკეთესო მოთამაშემ, ჩემპიონთა თასის მფლობელმა ერთადერთმა ქართველმა, გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის – ქართული ოცნება – პრეზენტაციაზე განაცხადა.

ეროვნულის შედეგები: სომხეთი – 2:1, ხორვატია – 1:0, ისრაელი – 0:1, ხორვატია – 1:2, პოლონეთი – 0:1, ლატვია – 0:1, მალტა – 1:1, საბერძნეთი – 1:2, მოლდოვა – 2:0

ახალგაზრდული ნაკრები

ეროვნულის დარად, 2011 წელი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმაც ჩააგდო, თუმცა უფრო ზუსტად თუ შევაფასებთ ჩვენი 21-წლამდელების შედეგებს, „ჩააგდოს” ნაცვლად სიტყვა „კატასტროფული” უფრო მისაღები იქნება: 4 ამხანაგური და 5 ოფიციალური მატჩიდან გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო და დაასრულა ფრედ, 7 კი წააგო!

2010 წელს ევრო 2011-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენმა 21-წლამდელებმა ცუდად დაასრულეს, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ ოთარ გაბელია მაინც ნაკრების სათავეში დატოვა. ეს რომ შეცდომა იყო, გაზაფხულზე ნათლად გამოჩნდა: ახალგაზრდულმა ავსტრიაში გათამაშებულ იაკოს თასზე ზედიზედ სამი მატჩი წააგო. ამას ევრო 2013-ის შესარჩევის სადებიუტო მატჩი და ხორვატიაში მოულოდნელად 1:0 გამარჯვება მოჰყვა, მაგრამ შემოდგომით ნაკრების ძალა ნათლად გამოჩნდა: ქართველებს სექტემბერში ჯერ ესპანელებმა ჩაუტარეს ორი საფეხბურთო გაკვეთილი, ოქტომბერ-ნოემბერში კი შვეიცარიელებმა.

განსაკუთრებით მძიმე სანახავი გამოდგა ჩვენი გუნდის დაპირისპირება პირენეელებთან – ქუთაისში ევრო 2011-ის ტრიუმფატორებმა 7:2 გაიმარჯვეს, რამდენიმე დღეში კი შინ კიდევ ერთხელ წაივარჯიშეს, თუმცა „მხოლოდ” 2:0 იკმარეს.

ოთარ გაბელიამ ახალგაზრდული სწორედ ესპანელებთან განადგურების შემდეგ დატოვა.

გაბელია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას თანაშემწემ, სოსო ჭედიამ შეცვალა. სფფ-მ ქვეყნის მეორე გუნდი რატომღაც ანდო კაცს, ვისაც მანამდე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში არასდროს უმუშავია.

ცვლილებამ სასურველი შედეგი, მოლოდინისამებრ, არ მოიტანა: 21-წლამდელებმა, ესპანელებთან მარცხის არ იყოს, შვეიცარიასთან ორმატჩიანი დაპირისპირებაც პირწმინდად დათმეს. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ ჩვენი ახალგაზრდული სტუმრად განადგურდა და არა შინ.

ევრო 2013-ის შესარჩევში ჩვენს გუნდს 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 5 ივნისს ესტონეთში, 15 აგვისტოს და 6 სექტემბერს კი შინ ხორვატიასთან და ესტონეთთან. ამ შეხვედრებში ქართველი 21-წლამდელები, მაქსიმუმ, მესამე ადგილისთვის თუ იბრძოლებენ.

ახალგაზრდულის შედეგები: ისრაელი – 0:2, ალბანეთი – 1:3, რუმინეთი – 1:2, ხორვატია – 1:0, მოლდოვა – 2:2, ესპანეთი – 2:7, ესპანეთი – 0:2, შვეიცარია – 0:1, შვეიცარია – 0:5

19-წლამდელთა ნაკრები

გიორგი დევდარიანის გუნდმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა! საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ამ ეტაპს ევრო 2007-ის შემდეგ პირველად უწია.

2010 წლის ოქტომბერში, ვლადიმერ გუცაევის თავკაცობით ევრო 2011-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში მარცხის შემდეგ, ქართველი 19-წლამდელები პირველად ივლისში შეიკრიბნენ: დევდარიანის გუნდმა ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართულ მილქ ქაფზე იასპარეზა.

მომდევნო გამოცდა ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ჯგუფი იყო: ნოემბერში მატჩებს თურქეთმა უმასპინძლა. ჩვენმა გუნდმა პოლონეთს და ლუქსემბურგს აჯობა, მასპინძლებთან ფრედ ითამაშა და ელიტ-რაუნდის საგზური პირველი ადგილით მოიპოვა. დევდარიანის 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ელიტ-რაუნდში ბოსნია-ჰერცეგოვინა, ავსტრია და ხორვატია იქნებიან. 25-30 მაისს მატჩებს ხორვატია უმასპინძლებს – კონტინენტის პირველობაზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული იასპარეზებს.

უკვე გაირკვა ჩვენი მეორე 19-წლამდელების (მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი) მეტოქეები ევრო 2013-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში: 26-31 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ხორვატიაში მასპინძლებთან, აზერბაიჯანელებთან და ისლანდიელებთან იბრძოლებს. ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა გუნდმა, რომელსაც ხსენებული საკვალიფიკაციო მატჩები უწევს, წლეულს ევრო 2011-ის ელიტ-რაუნდში ითამაშა, თუმცა უშანსოდ დამარცხდა.

19-წლამდელთა შედეგები: მექსიკა – 2:1, ჩრდილოეთ ირლანდია – 1:3, აშშ – 1:2, პოლონეთი – 3:1, თურქეთი – 1:1, ლუქსემბურგი – 2:0

17-წლამდელთა შედეგები (მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი): ესპანეთი – 1:2, ესპანეთი – 0:0, საფრანგეთი – 0:2, ბელარუსი – 0:1, ნორვეგია – 0:5

17-წლამდელთა ნაკრები

19-წლამდელთა დარად, საქართველოს 17-წლამდელებმაც შეძლეს ევრო 2012-ის ელიტ-რაუნდში გასვლა: ვასილ მაისურაძის გუნდმა სექტემბერში, მოლდოვაში გამართულ საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა შვედეთის შემდეგ.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, 19 და 17-წლამდელებმა ერთდროულად მოიპოვეს ელიტ-რაუნდის საგზური.

ამ ეტაპის თამაშებს 26-31 მარტს საქართველო უმასპინძლებს: გუნდი კონტინენტის ჩემპიონ ესპანეთს, ინგლისს და უკრაინას დაუპირისპირდება.

წარმატებულად დასრულებული ევროშესარჩევის გარდა, ვასილ მაისურაძის გუნდმა თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და ლიტვის საერთაშორისო ტურნირებში იასპარეზა: კუშადასის და პალანგის თასზე საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა (ლიტვაში ჩვენი გუნდი ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა), ბაქოსა და ასტანაში კი საპრიზო ადგილებს ვერ შეწვდა.

ცნობილია იმ ჯგუფის შემადგენლობაც, სადაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (მწვრთნელი გელა შეყილაძე) ევრო 2013-ის ელიტ-რაუნდისთვის იბრძოლებს. ქართველი ყმაწვილები ამ უფლების მოსაპოვებლად შოტლანდიელ, ლუქსემბურგელ და უკრაინელ თანატოლებს გაეჯიბრებიან. საკვალიფიკაციო ჯგუფის თამაშები 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით თბილისში გაიმართება.

საშემოდგომო ოფიციალური მატჩებისთვის მზადების პროცესში შეყილაძის 16-წლამდელთა გუნდმა წლეულს რვაჯერ ამხანაგურად ითამაშა. შედეგები აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.

17-წლამდელთა შედეგები: მაკედონია – 3:1, აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრები – 1:1, სტამბოლის ნაკრები – 3:1, დასავლეთ თურქეთის ნაკრები – 0:3, სომხეთი – 5:3, თურქეთი – 1:2, უკრაინა – 0:1, ირანი – 3:2, ყაზახეთი – 5:1, ტაჯიკეთი – 5:0, ესპანეთი – 1:1, აზერბაიჯანი – 1:1, ლატვია – 3:2, აზერბაიჯანი – 2:1, ბელარუსი – 4:0, ლიტვა – 1:1, ბულგარეთი – 3:2, მოლდოვა – 2:1, შვედეთი – 0:2

16-წლამდელთა შედეგები (მწვრთნელი გელა შეყილაძე): ნიგერიის საფეხბურთო აკადემიის ნაკრები – 2:3, აზერბაიჯანი – 3:1, აზერბაიჯანი – 2:1, სომხეთი – 0:0, სომხეთი – 1:3, ბელგია – 0:9, ბელგია – 0:3, ირანი – 2:0, ირანი – 1:1

 

კომენტარები