კინო

თბილისელი ჰოლივუდში: რუბენ მამულიანი (1897-1987)

0 კომენტარი

გასულ კვირას გამართულ თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალს ფრანგი პროდიუსერი და დოკუმენტალისტი – პატრიკ კაზალსი სტუმრობდა. რეჟისორმა ფესტივალის სექციაში „თბილისელი დიდოსტატები” სამი დოკუმენტური ფილმი წარმოადგინა. სურათები ეძღვნება თბილისში დაბადებულ რეჟისორებს: მიხეილ კალატოზიშვილს („ქარიშხალი სახელად კალატოზოვი”, 2009), სერგო ფარაჯანოვს („სერგო ფარაჯანოვი – მეამბოხე”, 2003) და რუბენ მამულიანს („რუბენ მამულიანი – ბროდვეისა და ჰოლივუდის ოქროს ხანა”, 2007). კაზალსმა აღნიშნა, რომ ამ რეჟისორებმა მსოფლიო კინოს ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მათი ფილმების რეტროსპექტივები დღესაც ხშირად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ფესტივალებზე. სტუმარმა აღნიშნა, რომ მას უნდოდა დამწყები რეჟისორებისთვის მოეთხრო, თუ რა გზა გაიარეს ამ რეჟისორებმა და ამით იმედი მიეცა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კინემატოგრაფის რთული გამოწვევების წინაშე დგანან. მიუხედავად ამისა, ფილმის ჩვენება, რომელიც მამულიანს ეძღვნებოდა, თითქმის ცარიელ დარბაზში გაიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ რუბენ მამულიანზე ჩვენთან იშვიათად საუბრობენ, ვამჯობინე მის შესახებ მცირე ბიოგრაფიული ცნობები შემეკრიბა.

სომხური წარმოშობის ამერიკელმა რეჟისორმა – რუბენ მამულიანმა ბავშვობა და სიყმაწვილე ტფილისში გაატარა. რუბენის დედა – ვირჯინ ქალანთარიანი მსახიობი იყო და ტფილისის სომხურ თეატრში მსახურობდა, რუბენის მამა ბანკირი იყო. გასული საუკუნის დასაწყისში რუბენ მამულიანი ნერსესის სომხურ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. ამ სემინარიას მისი მოსწავლეობის დროისთვის უფრო საერო სასწავლებლის სახე ჰქონდა. მისი თანასკოლელი იყო საბჭოთა პარტიული მოღვაწე ანასტას მიქოიანი. უფრო ადრე კი, 1880-იან წლებში, ნერსესის სემინარიაში ჯერ სწავლობდა და შემდეგ უკვე ასწავლიდა გამოჩენილი სომეხი პოეტი ოვანეს თუმანიანი.

1918 წელს, რუბენ მამულიანმა ტფილისში საკუთარი დრამატული წრე ჩამოაყალიბა. თუმცა ორი წლის შემდეგ სწავლა ლონდონის უნივერსიტეტში განაგრძო. 1922 წელს, ლონდონში, 25 წლის რუბენმა პირველი სასცენო დადგმა განახორციელა, რამაც წარმატება მოუტანა და არაერთი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.

ერთ-ერთი შემოთავაზებით, 1923 წელს ის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ნიუ იორკის შტატში, როჩესტერში, ჯორჯ ისტმენის თეატრში დაიწყო ოპერებისა და ოპერეტების დადგმა. ასე დაიწყო რუბენ მამულიანის კარიერა თეატრსა და მოგვიანებით კინოში, რაც თითქმის ოთხი ათწლეული გაგრძელდა.

წელს, რუბენ მამულიანმა ბროდვეიზე დუბოზ ჰეივარდის პიესა „პორგი” დადგა. სწორედ ამ ინსცენირებამ შთააგონა ამერიკელი კომპოზიტორი ჯორჯ გერშვინი დაეწერა ოპერეტა – „პორგი და ბესი”, შემდგომში ცნობილი როგორც პირველი „ამერიკული ხალხური ოპერა”. რუბენ მამულიანი ამ ოპერის პირველი სასცენო დადგმის ავტორია.

რუბენ მამულიანის მოღვაწეობა კინოში 1920-იანი წლების ბოლოდან იწყება. ეს პერიოდი ჰოლივუდში ხმოვანი კინოს გამოჩენას უკავშირდება. რუბენ მამულიანი ამ დროს თავისი პირველი ფილმის გადაღებას იწყებს. იგი არა მარტო შემოქმედებითად ეკიდება კინოს ახალ შესაძლებლობებს, არამედ მზადაა, ახალი, ექსპერიმენტული მეთოდებით გაამდიდროს გადაღების პროცესი. რუბენ მამულიანმა პირველად განახორციელა ხმის სინთეზური, სტერეო ჩაწერა ორი მიკროფონით. ასევე პირველად გამოიყენა ორი კამერა, რითაც ერთ მოქმედებას დამატებითი ხედვის კუთხე შესძინა.

რუბენ მამულიანი იყო იმ დროისთვის ჯერ არნახული კამერის მოძრაობის, უჩვეულო ხედვის კუთხეების არქიტექტორი, ხანგრძლივი, რეალობის სისრულით აღსავსე პლანების უბადლო ოსტატი და ინოვატორი. საქმისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ მას ჰოლივუდში მალე დაუმკვიდრა განსაკუთრებული რეპუტაცია.

მათ, ვინც ბავშვობა 1980-იან წლებში გაატარეს, კარგად ემახსოვრებათ ზოროს ნიშნით მოფენილი სკოლების კედლები თუ ქალაქის ქუჩები. “ზოროს ნიშანს” 1980-იან წლებში ილუზიონი აჩვენებდა. ეს რუბენ მამულიანის მიერ 1940 წელს გადაღებული ფილმია. ვერცერთმა მომდევნო ვერსიამ ვერ შეძლო გადაეფარა ის მომაჯადოებელი შთაბეჭდილება, რაც მაყურებელს ამ ფილმის ნახვისას ეუფლება.

ჩვეული ნოვატორობით შეეგება რუბენ მამულიანი ფერადი კინოს გამოჩენას. „ფერთა გამის პროგრესია უნდა გადაწყდეს ერთ, წითელ ფერში”. რუბენ მამულიანმა შექმნა კინოს ისტორიაში პირველი, ტექნიკოლორის სამფირიანი სისტემით გადაღებული ფერადი ფილმი – “ბეკი შარპი”. ყოველგვარ სიახლეს მამულიანი იღებდა როგორც გამოწვევას, საკუთარი სტილის, ახალი ფორმის დახვეწის საშუალებას. იგი მუდამ მზად იყო, დიდი ძალისხმევის, ხშირად საკუთარი რისკის ფასად დაემკვიდრებინა სრულიად ახალი გამომსახველობითი ხერხები, ფერის, კამერის მოძრაობის, კინოენის რევოლუციური მეთოდები.

„როდესაც ფილმის გადაღებას იწყებ, აუცილებელია ყველა ადამიანი შეგიყვარდეს, ვისთანაც მუშაობ”, – უბრალოდ ხსნიდა რუბენ მამულიანი საკუთარ წარმატებას, რომელმაც კინემატოგრაფს გრეტა გარბოსა („დედოფალი ქრისტინა”, 1933) და ტაირონ პაუერის („სისხლი და ქვიშა”, 1941) დაუვიწყარი სახეები შესძინა.

ბოლო ათწლეულები რუბენ მამულიანმა სასცენო მოღვაწეობასა და ლიტერატურულ საქმიანობაში გაატარა. 1964 წელს, მან საბავშვო წიგნიც გამოაქვეყნა. კარგად უკრავდა ვიოლინოზე და დიდად არ წუხდა, რომ მისი ერთ დროს სახელოვანი კინოკარიერა, შედარებით მივიწყებას მიეცა. მივიწყება დროებითი აღმოჩნდა. მისი გამონათქვამი – „დრო ყველაზე მნიშვნელოვანი მსაჯულია”, ნათლად გამოხატავს არა მარტო საკუთარი შემოქმედების, არამედ ზოგადად ხელოვნების არსის ღრმა გააზრებას. მომავალმა თაობებმა ის არაერთგზის აღიარეს, როგორც უდიდესი რეჟისორი და რეფორმატორი. 1982 წელს, სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, მამულიანს ამერიკის რეჟისორთა გილდიის უმაღლესი ჯილდო – დ.უ. გრიფიტის სახელობის პრიზი გადაეცა.

ჰოლივუდიდან შორს, თბილისში, სანკტ-პეტერბურგის ქუჩის 13 ნომრის კედელზე მემორიალური დაფაა გაკრული: „ამ სახლში 1897 წელს დაიბადა და 1922 წლამდე ცხოვრობდა რუბენ მამულიანი” – სულ ეს არის.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები