რესტორანი

Café De France – ჯაზი და კარამელი

0 კომენტარი

ტაბიძის ქუჩა საინტერესო მიკროუბნად ყალიბდება და ამაში თავის როლს ის რამდენიმე ახალი კაფე და რესტორანიც თამაშობს, რომელიც აქ ბოლო ერთი წლის მანძილზე გაიხსნა. საღამოობით აქაურ კვების დაწესებულებებში ხალხმრავლობაა, თუმცა არ იქნებოდა ურიგო დღის საათებშიც დატვირთულიყო ეს ქუჩა. მაგალითად, შარშან ითხოვდნენ, რომ ტაბიძის ქუჩა თბილისელი ბუკინისტებისთვისაც დაეთმო ქალაქის ხელისუფლებას. მშვენიერი იდეაა – მყუდრო ქუჩა, წიგნები, კაფეები, მუსიკა...

Café De France ორიოდე თვის წინ გაიხსნა და თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ამ დაწესებულების მთავარი ღირსება სასიამოვნო პერსონალი, კარგი მუსიკა და ღვინის შედარებით მრავალფეროვანი ბარათია.

მენიუ, როგორც ბევრ სხვა თბილისურ რესტორანში, არათანაბარია და, შეიძლება ითქვას, მოსაწყენიც. სიახლე და ინტრიგა ნამდვილად არ აწყენდა აქაურ სტარტერებს, წვნიანებსა და თავ კერძებს. მენიუში საკმაოდ ბევრი კორექტურაა, ზოგი სახელი შეცდომით წერია, თუმცა კორექტურას ვინ ჩივის, უფრო არსებითი ნაკლი მის მიღმა იმალება.

სტარტერად ადგილობრივი საფირმო სალათი ავიღეთ (17.90 ლ.), ქათმის ხორცი სოიოს სოუსით, მწვანე ვაშლით, სალათის ფურცლებით და შვეიცარიული ყველის კუბებით. და რაც მთავარია, მაიონეზით (ღმერთო, როდემდე ამდენი მაიონეზი!). სალათი საკმაოდ მძიმე და პირქუში გამოვიდა, ცხადია, ვერც ვაშლი შველოდა საქმეს, მით უმეტეს, რომ საბოლოო შთაბეჭდილებას კარამელი ქმნიდა, რომელსაც ალყაში ჰყავდა მოქცეული ეს უცნაური კერძი. სალათი ცოტათი გამოაკეთა ღვინომ, მართალია, თელავის მარნის წინანდალი (1 ჭ. – 8.00 ლ.) ზედმეტად ნაზი აღმოჩნდა ასეთი მოუქნელი სალათისთვის, სამაგიეროდ, თელიანის ცოლიკოური (1 ჭ. – 6.00 ლ.) მოუხდა ძალიან, შესაძლოა იმიტომაც, რომ ცოტათი გადაჟანგული იყო.

შემდეგ ხახვის სუპის ჯერი დადგა (6.90 ლ.), რომელიც გემოზე სასიამოვნო იყო, მაგრამ არაფრით გამორჩეული – არც ხახვი იყო კარგად ჩახარშული და გემოზეც ნაკლებად კონცენტრირებული ჩანდა.

კალმახი გრილზე ბოსტნეულით (16.90 ლ.) – გული მომიკვდა, როდესაც ე.წ. ბულგარული წიწაკა აღმოვაჩინე თევზის მიმდებარედ. პოპულის კერძები გამახსენდა, იქ ხომ აბსოლუტურად ყველაფერს ამ საშინელებით კმაზავენ, რათა ვერასდროს ვერაფრის გემო ვერ გაიგო. თევზზე უფრო მეტად ბოსტნეული მესიამოვნა, მით უმეტეს, ძალიან მოუხდა თელიანის მუხაში დავარგებული წინანდალი (1 ჭ. – 8.00 ლ.), თუმცა გამიკვირდა, როდესაც ცხვრის ხორციც (18.90 ლ.) ბოსტნეულის ზუსტად ისეთივე შემადგენლობით მოგვიტანეს – ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ლობიო, ყაბაყი, სალათის ფურცლები, თეფშის კიდეებზე კი ისევ კარამელი...

კიდევ კარგი, ცხვრის ხორცის საწებელი ცალკე მოვატანინეთ. ეს იყო ნაღების სოუსი, მანანის ფაფის სურნელითა და გარეგნობით, არც კი მიფიქრია მის გასინჯვაზე. მართალია, ამის გამო ცხვარი შედარებით მშრალი მეჩვენა, სამაგიეროდ, თელავის მარნის მუკუზანმა (1 ჭ. – 13.00 ლ.) მალე დაგვავიწყა ეს ნაკლი.

არც ინტერიერი გამოირჩეოდა განსაკუთრებით, თუმცა განათება სასიამოვნო იყო. ჭარბობდა შინდისფერი, კედლებიდან რონ კარტერი და ოსკარ პიტერსონი დაგვყურებდა კოლეგებთან ერთად. ქურთუკებზე არავის შეუწუხებია თავი, არადა მოგვიანებით შევნიშნე, რომ რესტორანში გარდერობიც იყო.

ღვინო საკმაოდ ფართოდ იყო წარმოდგენილი, თუმცა მხოლოდ 4-5 საწარმოსი – თელავის მარანი, თელიანი, თბილღვინო, შატო მუხრანი, შუხმანი, ბაგრატიონი. კარგია, რომ თითქმის ყველა ღვინოს ჭიქითაც მოგართმევენ, თუმცა სხვა საკითხია როგორი ჭიქით. თეთრი მშრალი ღვინო გიგანტური ბოკლებით მოგვიტანეს, რომელიც მართალია ფორმით კლასიკურ ღვინის სადეგუსტაციო ჭიქას ჰგავდა, მაგრამ მონუმენტური ზომისა იყო და უფრო დეკორატიული ეთქმოდა. როდესაც ვთხოვე ეს მონსტრები გამოეცვალათ, უფრო უცნაური, მრგვალი, მუცელგაბერილი ჭიქები მოგვიტანეს. არადა, მარტივადაა საქმე, მეგობრებო, გახსენით Google-ი და აკრიფეთ Chardonnay Glass – ეს თეთრებისთვის გამოგადგებათ, შემდეგ კი Bordeaux Glass – წითლებისთვის. ღვინისთვის ეს ორი ჭიქა სრულიად საკმარისი იქნება, თუ მაინცდამაინც, შეგიძლიათ ხერესის ბოკალიც შეიძინოთ სადესერტო ღვინოებისთვის.

Café De France – ჯაზკლუბი, რესტორანი. გ. ტაბიძის 3/5, თბილისი

უბანი: სოლოლაკი

ტელ: +995 577 94 01 27 ; +995 32 299 02 21

სამზარეულო: ევროპული

საათები: ყოველდღე, 9:00-02:00

ბარათები: მიიღება

ფასი: 130-150 ლარი (სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)

პარკინგი: მიმდებარე ქუჩები

ელ-ფოსტა: maka.progressgroup@yahoo.com

 

 

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები