საგარეო ურთიერთობები

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ნიშნულები 2011 წელს

გეოგრაფიული ექსპანსია სტრატეგიული მიზნის სამსახურში

წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე და ვარდების რევოლუციის მე-8 წლისთავზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის დამსახურებული მოღვაწეები დააჯილდოვა. მათ შორის იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგი კაპანაძე და თორნიკე გორდაძე, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე და საქართველოს ელჩი ბრიუსელში სალომე სამადაშვილი.

კაპანაძე და კოვზირიძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართული დამქანცველი და მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი დიპლომატიისათვის დაჯილდოვდნენ, გორდაძე და სამადაშვილი კი ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებში მიღწეული გარდატეხისათვის. პრეზიდენტმა მიღწეულ შედეგებს „ისტორიული” და დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში მოპოვებული „ერთ-ერთი უდიდესი” დიპლომატიური გამარჯვება უწოდა.

მაგრამ ვმო-სა და ევროკავშირის გარდა, 2011 წელი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებითაც აღინიშნა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, მთავრობისა და პარლამენტის სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა საზღვარგარეთ ათეულობით ვიზიტი განახორციელეს. საქართველოსაც მრავალი ლიდერი და დელეგაცია ეწვია საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზით დაწყებული და სხვადასხვა სავაჭრო მისიებით დამთავრებული. წლის განმავლობაში თბილისი იმ ქვეყნებშიც გზავნიდა წარმომადგენლებს, რომლებსაც მანამდე არასოდეს ენახათ თავიანთ მიწაზე საქართველოს ოფიციალური დელეგაციები. ქართველები მასპინძლობდნენ და სტუმრობდნენ პოლიტიკურ კონსულტაციებს, ბიზნესფორუმებს, კულტურის დღეებს, კონფერენციებსა და დისკუსიებს.

რუსეთის თავდასხმიდან და ქართული მიწების 20%-ის მიტაცებიდან სამი წლისთავზე ქართული დიპლომატია თავდაცვისა და შეტევის რეჟიმში მუშაობდა და მოხერხებულად უმკლავდებოდა კრემლის გაშმაგებულ შემოტევებს. თბილისმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მრავლობითი ტერორისტული აქტების შეწყვეტა მოახერხა. ქვეყანამ მარჯვედ გამოიყენა „არაბული გაზაფხულის” მიერ მოტანილი პოლიტიკური ცვლილებები თავისი რეფორმების ექსპორტისათვის ნიადაგის მოსამზადებლად. დღეს ბევრი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ლაპარაკობს იმაზე, რომ „არაბული გაზაფხულის” სიცოცხლისუნარიანობისათვის საჭიროა ქართული რეფორმატორული გამოცდილების გადმოღება კორუფციის აღმოფხვრის, დანაშაულთან ბრძოლის, ბიუროკრატიის ეფექტიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო სერვისების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

მართალია, საერთაშორისო რეიტინგების ამაღლება თბილისის საშინაო პოლიტიკის შედეგია, მაგრამ მათი სათანადო ფორმითა და შინაარსით გარეთ გატანა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესების, უცხოური ინვესტიციებისა და ტურისტთა შემოდინების გაზრდისათვის ეს მნიშვნელოვანია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რაც ამ ნარკვევში ქვემოთ ითქმება, ალბათ, არაფერი ისე კარგად არ დაახასიათებს საქართველოს 2011 წლის დიპლომატიას, როგორც იმის აღნიშვნა, რომ მისი ახალაღმოჩენილი მისიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ცენტრად (hub) გადაქცევის დიპლომატიური ხელშეწყობაა. დერეფნიდან ცენტრამდე დიდი მანძილია, მაგრამ თბილისის მადასა და ჟინს თუ ვენდობით, არც იმდენად გადაულახავი, როგორც ეს შინაურ თუ გარეულ სკეპტიკოსებს წარმოუდგენიათ.

ლაპარაკია არა კავკასიის ან თუნდაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ჩამოყალიბებაზე, არამედ უფრო დიდმასშტაბიან, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ცენტრად საქართველოს გადაქცევაზე. ამაში იგულისხმება მოდერნიზაციის ქართული მოდელი თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურით, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმითა და თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებებით, რომლებიც, როგორც ახალაღზევებული ქვეყნის პროდუქტი, მიმზიდველი გახდება უძრაობის ჭაობში ჩაფლული განვითარებადი ქვეყნებისათვის ყოფილ საბჭოთა კავშირში, შუა აღმოსავლეთში, აფრიკაში, აზიასა თუ ცენტრალურ ამერიკაში. ამ გზით საქართველო პატიოსნად შეეშველება პოლიტიკურ დასავლეთს ცივილიზაციური ტვირთის ზიდვაში.

პოლიტიკურ დასავლეთში სრული ინტეგრაცია NATO-ში გაწევრიანების ჩათვლით არა მხოლოდ რუსეთის შეკავების მიზანს ემსახურება, არამედ უფრო დიდი სტრატეგიული მიზნის მიღწევის საშუალებას წარმოადგენს – თანაც არა მარტო საქართველოსათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სანუკვარია NATO-ს წევრობა, იგი ფეხიფეხზე გადადებისა და უსაფრთხოებით ტკბობის ან მარტოოდენ მოსკოვის მიერ მიტაცებული ქართული მიწების დროთა განმავლობაში გამოხსნის სქემას კი არ წარმოადგენს – ზოგიერთის მტკიცებით, საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკური ელიტა, თითქოსდა, რუდუნებით რომ ხლართავს თბილისის ოფისებში – არამედ სტრატეგიული შესაძლებლობაა, რომელიც სრულიად ჯდება დასავლეთის ინტერესებში.

უფრო მეტიც, საქართველო არ ელოდება NATO-ს წევრობას და, როგორც 2011 წელი გვიჩვენებს, მანამდე იწყებს განვითარებად ქვეყნებთან თავისი საერთაშორისო ჩართულობის განხორციელებას.

საქართველოს ახალი საშუალებები და სამიზნეები

თბილისი უშუალო მეზობლებთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ტრადიციული კავშირ-ურთიერთობების პარალელურად, ავითარებდა თანამშრომლობას ევროკავშირის საზღვრების აღმოსავლეთით მდებარე უკრაინასთან, ბელარუსთან და მოლდოვასთან. მოლდოვისა და უკრაინის მმართველი პოლიტიკური ძალების გარკვეული წარმომადგენლებისათვის დამაიმედებელია საქართველოს გამოცდილების გადაღება ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ცენტრალურ აზიაში მდებარე ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდანაც სტუმრობდნენ საქართველოს გამოცდილების შესაძენად. სხვა საქმეა ის, თუ რამდენად მოახერხებენ ესენი თუ სხვები თავიანთ ქვეყნებში რეფორმების გატარებას.

არც რუსული პრესა აკლებდა ძალისხმევას საქართველოში განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმების, განსაკუთრებით პოლიციის რეფორმის, განხილვას, თუმცა, მიმომხილველებისათვის მაინც გამოცანად დარჩა ის, თუ რა მიზანს ემსახურებოდა „პოზიტიური საქართველომანია” რუსულ მედიაში. უფრო ადვილი ასახსნელია საქართველოფობია, რომელიც ასევე ძალუმად იყო წარმოდგენილი რუსულ პრესაში.

2011 წელს საქართველო ინტენსიურად აგრძელებდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პროცესს. ძირითად სამიზნეებს წარმოადგენდნენ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, კარიბის ზღვის აუზის, აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის სახელმწიფოები. მარტო დასავლეთ ნახევარსფეროში დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 6 ქვეყანასთან, პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა 10-ზე მეტი განვითარებადი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებთან. მე-3 სამყაროს 15-ზე მეტ ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

სრულფასოვნად ამოქმედდა საქართველოს საელჩოები ბრაზილიაში, მექსიკაში, კანადაში, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ აფრიკასა და რამდენიმე სხვა სახელმწიფოში. ამ საელჩოებიდან თბილისი ბევრ მეზობელ ქვეყანას დიპლომატიურად ფარავს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო პერუს პრეზიდენტის ინაუგურაციაში, მაღალი დონის დელეგაციები ეწვივნენ ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, მექსიკას, ბრაზილიას, კუბას, გვატემალას, სურინამს, ჰონდურასს, ჩილეს, ურუგვაის, საუდის არაბეთს, იორდანიას, ყატარს, ეგვიპტეს, გამბიას, სენეგალს, ფილიპინებს, ფიჯის და რამდენიმე სხვა ისეთ ქვეყანასაც, რომლებსაც საქართველოს დიპლომატია ბოლო წლებამდე გვერდს უვლიდა. ბრაზილიელებმა თბილისში საელჩო გახსნეს. სხვა ქვეყანებმაც გამოთქვეს თავიანთი დიპლომატიური მისიების გამოგზავნის სურვილი. ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ სტიქიური უბედურების გამო დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებს. დავიმკვიდრეთ ადგილი მე-3 სამყაროს ქვეყნების რამდენიმე რეგიონული ორგანიზაციის მეგობართა ჯგუფში. თბილისში გაიმართა ეკვადორისა და ეგვიპტის კულტურის დღეები და საქართველომ, თავის მხრივ, გაიტანა თავისი კულტურის ნიმუშები რამდენიმე განვითარებად ქვეყანაში.

ალბათ, დადგა დრო, საქართველომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფრთებქვეშ, ან სხვა ფორმით, საერთაშორისო განვითარების ქართული სააგენტოს დაარსებაზე იფიქროს, რაც ორგანიზებულს გახდის საქართველოს მიერ გაწეულ საერთაშორისო დახმარებას და დაუმკვიდრებს საქართველოს დონორი ქვეყნის სტატუსს. ქართული რეფორმატორული მიღწევები სააგენტოს ერთ-ერთ პროდუქტად შეიძლება ვაქციოთ.

მესამე სამყაროს ქვეყნებში ჩართულობა ემსახურება არა მარტო იმას, რომ საქართველომ ხელი შეუშალოს კრემლის გამალებულ მცდელობას, „იყიდოს” ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობა” და მოახდინოს თავისი გავლენის სფეროების საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ წარმოჩნდეს საქართველოს, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლი ქვეყნის, იმიჯი, რაც ესოდენ მიმზიდველია კოლონიური წარსულის მქონე განვითარებადი ქვეყნებისათვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ვაჭრობის გაფართოება ამ ქვეყნებთან, ჰუმანიტარული ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველო ცდილობს, თავის უნივერსიტეტებში განვითარებადი ქვეყნების სტუდენტები მოიზიდოს, გამოჰყოფს სტიპენდიებს და აწესებს სხვა შეღავათებს. ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბევრი განვითარებადი ქვეყანა შეემატა იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის პრივილეგია აქვთ. მეორე მხრივ, თბილისმა რამდენიმე ქვეყნისაგან მიიღო მსგავსი შეღავათი. მათ შორის, აღსანიშნავია ბრაზილია, სადაც 2012-14 წლებში დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველი საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებენ.

საქართველოს „ღია კარის” პოლიტიკა არა მარტო ტრადიციული პარტნიორების მიმართ მოქმედებს, არამედ ბევრ განვითარებად ქვეყანაზეც ვრცელდება. დასაფასებელია ის შედეგი, რომელიც ირანთან უვიზო მიმოსვლამ მოუტანა საქართველოს ტურისტთა რიცხვის ზრდის თვალსაზრისით. თუ აქამდე, თბილისი და ბათუმი ის ადგილები იყო, სადაც სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული ტურისტები დღისით ერთსა და იმავე პარკებში ასეირნებდნენ თავიანთ შვილებს და საღამოთი ერთსა და იმავე რესტორნებში ატარებდნენ დროს, ახლა ირანიდან და ისრაელიდან ჩამოსული ტურისტებიც ამასვე აკეთებენ, რაც საქართველოს თავისუფალი, ტოლერანტული, მეგობრული და უხიფათო ქვეყნის იმიჯს უმტკიცებს. ამავე მიზანს ემსახურება ჩრდილოკავკასიელებისთვის დაწესებული შეღავათები, რომლებიც გასულ წელს ამოქმედდა.

განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთი ყველაზე უფრო ხელშესახები მაგალითია იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა საკითხზე გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად წარდგენილი რეზოლუციისადმი მხარდაჭერის ზრდა. 2011 წელს შარშანდელთან შედარებით 7-ით გაიზარდა მომხრეთა რიცხვი და 4-ით შემცირდა მოწინააღმდეგეთა რაოდენობა. ამჟამინდელი 57/13-ზე თანაფარდობა სწორედ განვითარებადი ქვეყნების მხრიდან ქართული რეზოლუციისადმი კეთილგანწყობის ზრდის ხარჯზე მოხერხდა.

განვითარებად სამყაროსთან უშუალო კონტაქტი დასავლური მედიაციის გარეშე (თუმცა, სამართლიანობისათვის აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატები და ევროპა ძალ-ღონეს არ აკლებენ ოკუპირებული ქართული მიწების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არცნობის პოლიტიკის პროაქტიულ მხარდაჭერას მე-3 სამყაროს ქვეყნებთან) იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დასავლელი პარტნიორები ყოველთვის დიდად გიფასებენ შენი საკუთარი „წილის ჩადებას” და ამას მოწიფულობად გითვლიან. 2011 წელი, სხვა ყველაფერთან ერთად, სიმწიფის გამოცდის წარმატებებით ჩაბარების წელიწადიც იყო.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია

შეერთებული შტატები და ევროპა გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს თბილისის ქცევას ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართული ქართულრუსული მოლაპარაკებების დროს. ვაშინგტონსა და ბრიუსელში პოლიტიკოსებსა და მიმომხილველებს აინტერესებდათ არა მარტო ის, თუ რა შედეგით დასრულდებოდა მოლაპარაკებები, არამედ ისიც, თუ როგორ ორგანიზებულად, დისციპლინირებულად, პრინციპულად, ღირსეულად, გულწრფელად და, რაც არანაკლებ მთავარია, დასავლური პოლიტიკური კულტურის შესაბამისად ჩაატარებდა დამქანცველ პროცესს საქართველო. პუტინის რუსეთი, რომელიც, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ბიზანტიური პოლიტიკის გადმონაშთს წარმოადგენს 21-ე საუკუნეში, ყველანაირ ხრიკს მიმართავდა მოლაპარაკებათა ჩასაგდებად, რათა საქართველო თავისი უპირველესი მხარდამჭერების კრიტიკის ობიექტად გაეხადა და საკუთარი პარტნიორებისაგან გარიყული თბილისი იოლ ნადავლად ექცია.

ქართული დიპლომატიის მთავარ პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ არ დაეშვა ისეთ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც დააკანონებდა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილ „ახალ რეალობას”.

საქართველო მოლაპარაკებებში იმთავითვე დასავლელი მეგობრების გამო ჩაება, რადგანაც, ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, ხელშესახებ გამორჩენას (ყოველ შემთხვევაში, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში) არ ელოდა. უფრო მეტიც, მოლოდინი იყო ცუდის ან უარესის, რადგანაც პრინციპულობისა და ღირსების ტესტს თბილისის თვალში დასავლეთიც აბარებდა.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა და ეს შეძლო, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც პოლიტიკური დასავლეთის ორგანული ნაწილი, რამაც საქართველოსადმი ნდობა და პატივისცემა გაზარდა ამერიკასა და ევროპაში, ხოლო რუსეთი იძულებული გახადა, კომპრომისზე წასულიყო ვმო-ში გაწევრიანების ჭეშმარიტი სურვილის საჩვენებლად.

დოკუმენტი, რომელსაც საქართველომ და რუსეთმა მოაწერეს ხელი, არეგულირებს „მთელ ვაჭრობას” ორ ქვეყანას შორის შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მხარის და ამ უკანასკნელის მიერ შექმნილი მექანიზმების მეშვეობით. ის არათუ არ აუარესებს თბილისის მდგომარეობას, არამედ ტექსტში მოცემულ მორიგებათა ბუნებიდან გამომდინარე ქმნის იმის შესაძლებლობებს, რომ საქართველომ მომავალში მიმართოს ლეგალურ ბერკეტებს სავაჭრო დერეფნებში საქონლის გადაადგილების საკითხზე, თუ ამის ნება-სურვილი გაუჩნდება. ის, რომ შეთანხმება დაიდო საქართველოსა და რუსეთს შორის, ეხება მთელ ვაჭრობას ორ სახელმწიფოს შორის და რომ დერეფნები მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მომგებიან მდგომარეობაში აყენებს თბილისს მომავალი დავების (და ასეთები უსათუოდ იქნება) სამართლებრივი გადაჭრის დროს.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველოსადმი საერთაშორისო პატივისცემა გაიზარდა რუსეთთან მოლაპარაკებების ღირსეულად დასრულების შემდეგ, რაზეც დაუფარავად საუბრობენ დასავლეთში პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები. ახლა თბილისზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ეფექტიანად გახარჯავს დასავლეთში დამსახურებულად მოხვეჭილ პოლიტიკურ კაპიტალს.

დასავლეთთან თანამშრომლობა

2011 წელს თბილისმა და ბრიუსელმა დაახლოების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. კონსტრუქციულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე და მხარეებს შორის პრინციპული თანხმობა შედგა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. გაფორმდა შეთანხმება სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ, რომელსაც თბილისი პატიოსნად ასრულებს. უფრო მეტიც, საქართველო იმედოვნებს, რომ, დაპირებისამებრ, სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის თაობაზე დიალოგი 2012 წლის ადრეულ გაზაფხულზე დაიწყება. გარდა ამისა, თბილისმა და ბრიუსელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სხვა სურსათის გეოგრაფიული ნიშნების ერთობლივი დაცვის შესახებ და საერთო საავიაციო სივრცის თაობაზე.

ევროკავშირთან სამართლებრივი ბაზის განმტკიცებას საქართველო თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევადი მხარდაჭერის გარანტად მიიჩნევს. ამასთან, თბილისი სამართლიანად ღიზიანდება, როცა ბრიუსელი მას აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში საერთო კალათში ათავსებს ევრაზიული სივრცის იმ სხვა ქვეყნებთან, რომლებიც კვლავაც საბჭოთა სისტემის პირობებში ცხოვრობენ. ევროკავშირი მთლიანობაში და მისი შემადგენელი ცალკეული ქვეყნები ინდივიდუალურად სიტყვიერად აღიარებენ საქართველოს დაწინაურებას, მაგრამ როცა საქმე ამ რეალობის ქაღალდზე გადატანაზე მიდგება, როგორც წესი, თავს იკავებენ წერილობითი დადასტურებისაგან.

2011 წლის მიწურულს წერილობითი აღიარების პრეცედენტებიც გამოჩნდა. იგულისხმება 17 ნოემბერს ევროპის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც ღიადაა აღნიშნული საქართველოს, როგორც ყველაზე რეფორმატორული ქვეყნის „განსაკუთრებულობა” და ევროპული პერსპექტივა, რაც უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირმა „საქართველოს მიმართ ვალდებულებების აღებისა და მოლაპარაკებების დროს”.

ეს რეზოლუცია არანაკლებ საინტერესოა სხვა თვალსაზრისითაც. იგი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, რუსეთის მიერაა ოკუპირებული „საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით” და ამ მიწებს „ოკუპირებულ ტერიტორიებად” აცხადებს. უფრო მეტიც, დოკუმენტში წერია, რომ „ეთნიკური წმენდა და ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებები განხორციელდა იმ არემარეში, რომელიც საოკუპაციო ძალის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშაა” და საოკუპაციო ძალას აკისრებს „პასუხისმგებლობას ამ ადგილებში ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის”.

ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების გარდა, ევროპარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, „უპირობოდ შეასრულოს” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების „ყველა ვალდებულება”, „შეწყვიტოს ოკუპაცია”, უკან გაიწვიოს ქართული რეგიონების „გამოყოფის აღიარება” და დადოს ძალის არგამოყენების პირობა საქართველოს მიმართ.

2011 წელს აშშ-სთან თანამშრომლობაც დინამიკური იყო. მარტო აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატიდან და სენატიდან საქართველოს 7 დელეგაცია ეწვია. დელეგაციათა შემადგენლობაში შედიოდნენ კონგრესის გავლენიანი პირები, რომლებიც ანგარიშგასაწევი დიასპორის არმქონე საქართველოს ლობისტებად და ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდამჭერებად იქცნენ.

29 ივლისს სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო. რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები და რუსეთს ჯარების გაყვანისაკენ მოუწოდა. უახლოეს მომავალში წარმომადგენელთა პალატაც აპირებს რეზოლუციის მიღებას, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო მკაცრი იქნება და ევროპარლამენტის მსგავსად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ეთნიკურ წმენდაზეც მიუთითებს.

თბილისისთვის მნიშვნელოვანია კონგრესში დაწყებული საუბარი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ 2012 წელს ეს თემა უფრო აქტუალური გახდება, მით უფრო, რომ კონგრესმა წელს უკვე მოახდინა კორეასთან, კოლუმბიასა და პანამასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა რატიფიკაცია და ახალი ქვეყნების რიგში, ალბათ, საქართველოც ჩადგება.

2011 წელს თბილისსა და ვაშინგტონში აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში 4-ვე სამუშაო ჯგუფის (უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, ეკონომიკური და ვაჭრობის და ხალხთაშორისი თანამშრომლობის) შეხვედრები გაიმართა. შემაჯამებელი სხდომა 2012 წლის დასაწყისში მინისტერიალის დონეზე საქართველოში შედგება.

იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წელია, ბევრი ამერიკელი ანალიტიკოსის მოსაზრებით, თბილისი რამდენიმე საფეხურით აიწევს თეთრი სახლისა და კონგრესის დღის წესრიგში, რადგანაც, სავარაუდოდ, საგარეო პოლიტიკის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად თავისუფლებისათვის მებრძოლი საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის დონე იქცევა. მეორე მხრივ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველომ ოსტატურად უნდა გამოიყენოს ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების შედეგად დაგროვებული კაპიტალი და მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან.

NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის, აღსანიშნავია სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თბილისში ვიზიტი NATO-ს გენერალური მდივნის რასმუსენის მეთაურობით. NATO-ს მიმართულებით საქართველოს დღის წესრიგში 2011 წელს გამოირჩეოდა მზადება 2012 წლის ჩიკაგოს სამიტისათვის და გამოითქმებოდა ზომიერი ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ სამიტი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გზაზე.

ძნელი სათქმელია, მოხდება ეს საქართველოსათვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების სახით თუ სხვა მექანიზმი იქნება გამოყენებული, მაგარამ უფრო ადვილია იმის მტკიცება, რომ ოთხი წლის წინანდელი ბუქარესტის სამიტის ფრაზეოლოგიის მხოლოდ გამეორება (საქართველო გახდება NATO-ს წევრი) საქართველოსათვის ძალიან ცოტა იქნება და არც ალიანსს შემატებს ძლევამოსილებასა და დამაჯერებლობას მსოფლიო თანამეგობრობის თვალში.

ორი დასკვნითი საკითხი, რომელთა გადაჯაჭვაც 2011 წელს დაიწყო და რომელთა შემდგომი დაახლოებაც 2012 და შემდგომ წლებში გაგრძელდება, საქართველოს გერმანიასთან ურთიერთობა და ავღანეთში ჩართულობაა. გერმანია აპირებს, იკისროს მთავარი აღმშენებლის როლი ავღანეთში მას შემდეგ, რაც NATO-ს საბრძოლო მისია დასრულდება. აქედან გამომდინარე, ახლავე უნდა გამოიკვეთოს საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის მიმართულებები ავღანეთის აღმშენებლობის საქმეში. საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ-სა და NATO-ს მხარდამხარ ავღანეთში ბრძოლისას და ავღანეთის ინსტიტუციურ გაძლიერებაშიც თავისი როლი უნდა ითამაშოს გერმანიასთან და მის დასავლელ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის, ახალი აბრეშუმის გზაში თავისი ადგილის დამკვიდრებით.

ევროპაში გერმანიის ცენტრალური როლისა და საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ამ ქვეყნის სკეპტიკური დამოკიდებულების გათვალისწინებით, ავღანეთი შეიძლება საქართველო-გერმანიის პროდუქტიული თანამშრომლობის ასპარეზად იქცეს, რაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული მიზნის მიღწევასაც შეუწყობს ხელს.

გერმანიასთან თანამშრომლობას მეტი დივერსიფიკაცია სჭირდება, რათა ჩვენმა ურთიერთობებმა მრავალფეროვნება შეიძინოს არა მარტო ფედერალური ხელისუფლების დონეზე, არამედ ბიზნესწრეებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, ზოგადად, გერმანულ საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაღრმავებით ბერლინშიც და გერმანიის სხვადასხვა მიწებზეც.

 

კომენტარები