აშშ არჩევნები 2012

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის ნოემბერში ჩატარდება. წინ კიდევ ერთი წელია და, შესაბამისად, ორივე პარტია ემზადება. რესპუბლიკურმა პარტიამ ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა წამოაყენოს, რომელიც ბარაკ ობამას დამარცხებას შეძლებს; ეს კი არც ისე მარტივია. როგორც წესი, მოქმედ პრეზიდენტებს არჩევნებში გამარჯვება ოპონენტზე უფრო უადვილდებათ. 44 პრეზიდენტს შორის მხოლოდ 12-მა ვერ შეძლო არჩევნების საშუალებით მეორე ვადით თანამდებობის შენარჩუნება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თითოეული პარტია საშუალოდ 8 წელი უწყვეტად აკონტროლებდა თეთრ სახლს.

ამას ობამას, როგორც პოლიტიკოსის ძლიერი მხარეებიც ემატება. ის კარგი ორატორია და პირველი შავკანიანი პრეზიდენტი. თუმცა, უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, რესპუბლიკელ კანდიდატს არჩევნების მოგების დაახლოებით იგივე შანსი აქვს.

ობამასთვის, როგორც მოქმედი პრეზიდენტისთვის, არჩევნები გასული ვადის წარმატებაზე ჩატარებული რეფერენდუმია. ამომრჩეველი განსაზღვრავს, რამდენად კმაყოფილია ობამას პრეზიდენტობით. თუ კმაყოფილია, მაშინ ალტერნატივას არც კი განიხილავს, რაოდენ უკეთეს ვარიანტადაც უნდა ეჩვენებოდეს ოპონენტი.

ამავდროულად, ამომრჩევლის უკმაყოფილება ავტომატურად რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვებას არ ნიშნავს. შესაძლებელია, ხალხმა „შეჩვეული ჭირი” ამჯობინოს და არ გარისკოს გამოუცდელი ან რადიკალური შეხედულებების კანდიდატის არჩევა.

რესპუბლიკელები, როგორც კონსერვატიული პარტია, ავტორიტეტებზე ორიენტირებული და იერარქიულია. საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა შედარებით იოლ საქმეს წარმოადგენდა – ისტორიულად, მათ რიგებში ყოველთვის არსებობდა ერთგვარი მედროშე. როგორც წესი, ის ან წინა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ან უკანასკნელ პრაიმერიზე მეორე ადგილზე გასული კანდიდატი იყო – რომლის ირგვლივ პარტია და მისი მომხრეები სწრაფად ირაზმებოდნენ ხოლმე.

2012 წლის არჩევნები ამ მხრივ გამონაკლისია. თითქმის ყოველთვე რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლაში სხვადასხვა ადამიანი ლიდერობს. მიზეზი კი ისიცაა, რომ რესპუბლიკელები არც ისე კმაყოფილები არიან პოლიტიკოსებით, რომლებიც მათი სახელით თეთრი სახლისათვის იბრძვიან. გამოკითხვების მიხედვით, აბსტრაქტული რესპუბლიკელი კანდიდატი ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პრეტენდენტი. „პლატონური” რესპუბლიკელისგან განსხვავებით, ისინი ამჟამინდელ პრეზიდენტს რეიტინგში საშუალოდ 1-დან 7%-მდე ჩამოუვარდებიან.

რესპუბლიკელებს რამდენიმე ახალგაზრდა ვარსკვლავი ჰყავთ, მაგრამ არცერთი მათგანი 2012 წელს კენჭს არ იყრის. ნომინაციისათვის ძირითადად ვეტერანები იბრძვიან. მთავარ კანდიდატებად ითვლებიან მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი, ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი, ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი და ლიბერტარიანელი კონგრესმენი რონ პოლი. ალბათ თებერვალში საბოლოოდ გაირკვევა, თუ რომელი მათგანი გახდება რესპუბლიკელთა რჩეული. ამ დროისათვის ყველაზე მეტი შანსი რომნის და გინგრიჩს აქვთ.

ამერიკული ბეისბოლის ლეგენდას, იოგი ბერას თუ დავესესხებით, პროგნოზების გაკეთება რთულია, განსაკუთრებით კი მომავალთან დაკავშირებით. შედარებით მარტივია იმ ფაქტორების გამოკვეთა, რომელიც 2012 საპრეზიდენტო არჩევნებზე მოახდენს გავლენას: ეკონომიკა და უმუშევრობის დონე; რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის პოპულარობა; ამომრჩევლის დემოგრაფია და განაწილება საარჩევნო კოლეგიაში.

2012 წლის საპრეზიდენტო ამომრჩევლისთვის საინტერესო საშინაო პოლიტიკა იქნება, განსაკუთრებით კი ეკონომიკა და უმუშევრობა. CBS/NYT-ის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 57%-ისთვის ეკონომიკური პრობლემები ყველაზე მნიშვნელოვანია. დანარჩენი საკითხი 5%-ზე დაბალ მაჩვენებელს იღებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. წლის დასაწყისში მოსახლეობა შედარებით ოპტიმისტურად იყო განწყობილი.

ამომრჩევლის ამ განწყობას ეკონომიკური მაჩვენებლებიც ამყარებს: Wall Street Jounal-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2007-2009 წლებში ამერიკელი ოჯახების შემოსავალი 3.2%-ით შემცირდა. 2009 წლის ზაფხულიდან, მიუხედავად იმისა, რომ რეცესია ოფიციალურად დამთავრდა, ამერიკელი ოჯახების შემოსავალმა, დამატებით, 6.7%-ით იკლო. დღეს ამერიკელი ოჯახის საშუალო შემოსავალი 2000 წლის დონეს უტოლდება.

ობამას ვადის დასაწყისში ამერიკელთა დიდი ნაწილი კრიზისს ჯორჯ ბუშს აბრალებდა. დღეს გამოკითხულთა 53% კი ამჟამინდელ პრეზიდენტს ადანაშაულებს. ამერიკელთა 64% ეკონომიკურ კრიზისში მთავრობას სდებს ბრალს, კორპორაციების დანაშაულზე მხოლოდ 30% თანხმდება. ეს მეტ-ნაკლებად რესპუბლიკური პარტიის ნარატივს ჰგავს და შეიძლება ამ პარტიის კანდიდატს მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

ობამას თავდაპირველი მცდელობა, ყველა ეკონომიკური პრობლემა წინა პრეზიდენტისთვის გადაებრალებინა, შეიძლება წამგებიანი გამოდგეს. საზოგადოებას სურს ლიდერი, რომელიც პრობლემების მოგვარებას შეძლებს და არა ადამიანი, რომელიც სირთულეთა სხვაზე გადაბრალებას ცდილობს. საარჩევნო კამპანიისას ობამა აცხადებდა, რომ თუ ეკონომიკურ პრობლემებს შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვერ მოაგვარებდა, ის შეიძლება ერთვადიანი პრეზიდენტი ყოფილიყო. მისი წინასწარმეტყველება შესაძლოა ახდეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმუშევრობის თემა. აშშ-ში ამ მომენტისთვის მოსახლეობის 8.6%, 14 მილიონი ადამიანი, უმუშევარია. ეს, დიდი დეპრესიის შემდეგ, ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან, მეორე ვადით არჩევის დროს 7%-იანზე მაღალი უმუშევრობა, 7-ჯერ აღინიშნა. უმუშევრობის ასეთმა დონემ ყველა შემთხვევაში უარყოფითად იმოქმედა პრეზიდენტის მეორედ არჩევის შანსებზე. გამონაკლისები მხოლოდ ფრანკლინ რუზველტი და რონალდ რეიგანი იყვნენ. რუზველტმა შეძლო უმუშევრობა 20-25%-დან 11%-მდე სამ წელიწადში შეემცირებინა. რეიგანმა ვადის მესამე წლის 8.5%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე 7.5%-მდე დასწია. მიუხედავად უმუშევრობის მაღალი ნიშნულისა, ამ პრეზიდენტების მმართველობისას მშპ სწრაფად იზრდებოდა, რაც ხალხისთვის იმედისმომცემი იყო. 1935 წლისათვის შემცირების გზაზე მდგომი ეკონომიკა უკვე 7.7%-ით იმატებდა, რეიგანის ვადის მეოთხე წელს ეკონომიკური ზრდა 7.2% იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი კვლევების მიხედვით, რუზველტის პოლიტიკამ დიდი დეპრესია რამდენიმე წლით გაახანგრძლივა, ხალხში მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ობამასთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სახიფათოდ დაბალია – 1.4% და ამომრჩევლის უმრავლესობას, არათუ მდგომარეობის გაუმჯობესების, არამედ რეცესიაში დაბრუნების ეშინია. ამერიკელ ამომრჩეველს განსაკუთრებით საჯარო ვალის მდგომარეობა აშინებს: თუ ობამას ინაუგურაციისას საჯარო ვალი 9 ტრილიონი იყო, ახლა ეს მონაცემი თითქმის 15 ტრილიონია.

ამჟამინდელი პრეზიდენტი უკვე ეცადა რუზველტისთვის მიებაძა და ეკონომიკური სტიმულის ერთ-ერთი უდიდესი პაკეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად დაეხარჯა. მისი გეგმის მიხედვით, 2009 წლისათვის უმუშევრობა 8%-ზე უნდა შეჩერებულიყო და შემდეგ შემცირება დაეწყო. სამწუხაროდ, უმუშევრობა 11%-მდე გაიზარდა და მხოლოდ 2011 წლის ნოემბერში ჩამოვიდა 8.6%-მდე. არჩევნებამდე, უმუშევრობის 7%-მდე შესამცირებლად, თვეში 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა არის საჭირო. თუმცა ბოლო თვეებისას პრაქტიკულად არცერთი სამუშაო ადგილი არ შექმნილა. ობამას საუკეთესო შედეგი თვეში 100 ათასი სამუშაო ადგილი იყო.

ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაც კი, საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად, შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება არა მხოლოდ კანდიდატის პოპულარობას, არამედ მისი მხარდამჭერების კონცენტრაციას რეგიონების მიხედვით. პრეზიდენტს ოფიციალურად შტატები ირჩევენ. შტატში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, საარჩევნო კოლეგიაში ხმების გარკვეულ რაოდენობად გადაითარგმნება.

პარტიების მხარდაჭერის მიხედვით შტატებს ჰყოფენ წითელ (შტატები, სადაც რესპუბლიკელები იმარჯვებენ) და ლურჯ შტატებად (შტატები, სადაც დემოკრატები იმარჯვებენ). წითელი შტატები უმეტესწილად აშშ-ის დასავლეთ-ცენტრალური მხარე და სამხრეთია, ლურჯი შტატები კი აშშ-ის დასავლეთ სანაპირო და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილი. ამ შტატებში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს თითქმის გარანტირებული აქვთ გამარჯვება და შედარებით ნაკლები ძალისხმევის დახარჯვა უწევთ. რეალური ბრძოლის ველი, როგორც წესი, ე.წ. იასამნისფერი შტატებია – ისინი მუდმივად არცერთ პარტიას არ აძლევენ ხმას.

წითელი და ლურჯი შტატების საარჩევნო კოლეგიაში განაწილება კანდიდატების საარჩევნო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. რესურსები – როგორც დრო, ისე ბიუჯეტი – შეზღუდულია. შესაბამისად, ისინი დროს ძირითადად იმ შტატებში ხარჯავენ, რომელიც საბოლოოდ საარჩევნო კოლეგიაში მეტ ხმას მოუტანს.

1992 წლის არჩევნებიდან 2008 წლის არჩევნების ჩათვლით, დემოკრატი კანდიდატები მუდმივად იგებდნენ 242 ხმას ლურჯი შტატებიდან, წითლები კი – 174 ხმას.

თუმცა 2012 წლის არჩევნებზე წითელი შტატების ხმები საარჩევნო კოლეგიაში 6-ით გაიზრდება. ამის მიზეზი ის არის, რომ წითელი შტატები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ლურჯები, რაც ადეკვატურად არ იყო ასახული საარჩევნო კოლეგიაში. ეს ობამას ავტომატურად აკარგვინებს 6 ხმას.

ამასთან ერთად, ობამას რეიტინგი ლურჯ შტატებშიც ეცემა. ლურჯი შტატების 242 ხმიდან დღეს მას გარანტირებული მხოლოდ 215 აქვს. გარანტირებულად წითელი ამ მომენტისთვის 162 ხმა არის. დარჩენილი 161 ხმა მერყევ შტატებზე ნაწილდება. იასამნისფერ შტატებში, ობამას რეიტინგი 2008 წლის არჩევნებთან შედარებით მკვეთრად დაეცა. მაგალითად, 13 მერყევ შტატში ობამას და რესპუბლიკელი კანდიდატის რომნის რეიტინგი თითქმის თანაბარია. მაშინ როცა ამ 13-დან 10 შტატი (აიოვა, პენსილვანია, ფლორიდა, ჩრდილოეთ კაროლინა, ვირჯინია, ნიუ მექსიკო, ოჰაიო, ნევადა, კოლორადო, ორეგონი) 2008 წელს ობამამ მოიგო. ობამასთვის განსაკუთრებით დიდი საფრთხის შემცველი ვირჯინია, პენსილვანია, ოჰაიო და ფლორიდაა.

რა შეიძლება იყოს ობამას საარჩევნო სტრატეგია, მაშინ როცა მერყევ შტატებში დაბალი რეიტინგი აქვს? ერთი ნაწილი მას ტრადიციულად დემოკრატების მხარდამჭერ ამომრჩეველზე კონცენტრაციას ურჩევს. ტრადიციულად დემოკრატების ამომრჩეველი არის ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე ამერიკელები ჩრდილო-აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე. ამასთან ერთად, ობამა განსაკუთრებით დიდი პოპულარობით აფროამერიკელებს შორის სარგებლობს. ამ ჯგუფში მისი მხარდაჭერა, სტაბილურად, 85%-ია. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტირებული ხმების რაოდენობა. ბევრის აზრით, უმუშევრობის განსაკუთრებით მაღალი დონე (15.7%) შავკანიანებს შორის, შეიძლება არჩევნებზე მათი აქტიურობის შემცირების მიზეზად იქცეს.

ტრადიციული ამომრჩევლებიდან, ობამას რეიტინგი დემოკრატებს შორის სტაბილურად მაღალია – 2008 წელს მას 89% უჭერდა მხარს, დღეს კი 88%. ობამას რეიტინგი მინიმალურად შემცირდა ლიბერალური შეხედულების ამერიკელებს შორის, 2008 წლის ნოემბერში ამ ჯგუფის 89% ემხრობოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 83%-ია.

ტრადიციულ ამომრჩეველთან ერთად, ობამასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ე.წ. დამოუკიდებელი ამომრჩეველი. ხსენებულ ჯგუფში მისი რეიტინგი დაეცა 52%-დან 41%-მდე. ამავდროულად, თუ 2008 წელს ამ უკანასკნელთა 54% თვლიდა, რომ ობამა კარგად ართმევდა თავს პრობლემებს, დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 36%-ია. დამოუკიდებელი ამომრჩევლების დიდ ნაწილს ცენტრისტული მემარჯვენე შეხედულებები აქვს. ობამას ტრადიციულად მემარცხენე შეხედულებების შერბილება მოუწევს, რაც, თავის მხრივ, შეიძლება მემარცხენე ამომრჩევლის განაწყენების მიზეზად იქცეს. 2004 წელს ჯონ კერიმ დამოუკიდებლების 49% მოიგო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 2010 წლის კონგრესის არჩევნებში დემოკრატებმა დამოუკიდებელი ამომრჩევლის მხოლოდ 37% მოიპოვეს და არჩევნებში დამარცხდნენ. ობამას დღევანდელი რეიტინგი დამოუკიდებელ ამომრჩევლებს შორის, საკმარისი არ არის არჩევნების მოსაგებად.

ტრადიციულ ამომრჩეველზე კონცენტრაციის ალტერნატიული ვარიანტი ე.წ. ახალ პროგრესულ კოალიციაზე კონცენტრაციაა. ახალი კოალიციის ქვეშ მოიაზრებენ უმცირესობათა მზარდ ჯგუფს: ესპანური წარმომავლობის, უმაღლესი განათლების შემდგომი ხარისხის (მასტერის ან დოქტორის ხარისხის) მქონე ამერიკელებს, 18-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, ლგბტ ამერიკელებს, განათლებულ თეთრ ქალებს და სოციალურად ლიბერალური შეხედულების ამერიკელებს.

2010 წლის სენატის არჩევნებზე დემოკრატმა კანდიდატმა შეძლო ტრადიციულად რესპუბლიკურ შტატში, კოლორადოში ახალ პროგრესულ კოალიციურ ჯგუფზე დაყრდნობით გამარჯვება. ბევრის აზრით, სწორედ ეს შეიძლება იყოს ობამას სტრატეგია 2012 წლის არჩევნებში.

თუმცა ეს არც ისე მარტივია. ერთი მხრივ, ობამას რეიტინგი ამ ჯგუფში სწრაფად ეცემა. ალ გორთან და ბილ კლინტონთან შედარებით ობამას მხარდაჭერა ესპანური წარმომავლობის ამომრჩეველთა შორის მაღალი – 67% – იყო, თუმცა დღეს ეს მაჩვენებელი 48%-ია. განსაკუთრებით სწრაფად ეცემა პრეზიდენტის რეიტინგი 18-29 წლის ახალგაზრდებს შორის – 2 წელიწადში 67%-დან 45%-მდე იკლო.

მეორე მხრივ, ახალ პროგრესულ კოალიციაში ობამას რეიტინგის ამაღლების შემთხვევაშიც კი, ეროვნულ დონეზე არჩევნების მოსაგებად, ამ სტრატეგიამ შეიძლება არ გაამართლოს. ბევრის აზრით, კოლორადოს უმცირესობებზე მორგებული სტრატეგიის ნაცვლად, გასამარჯვებლად, უფრო ადეკვატურ ოჰაიოს მსგავს დემოგრაფიულ ჯგუფზე (თეთრ, ანგლო-საქსური წარმომავლობის პროტესტანტ ამომრჩეველზე) დაფუძნებული მიდგომაა საჭირო.

ოჰაიოში და ცენტრალური დასავლეთის მერყევ შტატებში, მოსახლეობის დიდი ნაწილი თეთრი, საშუალო შემოსავლების ადამიანებია. ობამა მათ შორის არცთუ ისე პოპულარულია, მან ეს ნაწილი (მთლიანი ამომრჩევლის 40%) ჰილარი კლინტონთან პრაიმერიზე წააგო 2:1 შეფარდებით. მაკკეინმა კი ხსენებული ჯგუფი 58%-ით 40%-ის წინააღმდეგ მოიგო. ამასთან ერთად, უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის ეს ნაწილი განსაკუთრებით უკმაყოფილოა პრეზიდენტის პოლიტიკით: მხოლოდ 14% ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა წარმატებულია.

სხვა მერყევი შტატების დემოგრაფიაც ოჰაიოს მსგავსია. 2008 წლის მონაცემების მიხედვით, იმ ცხრა მერყევი შტატიდან, რომელიც ობამამ მოიგო, მაგრამ კერიმ ვერა, სამ შტატში – ინდიანაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ფლორიდაში, პრეზიდენტის მხარდაჭერა უფრო დაბალი იყო, ვიდრე ოჰაიოში. ეს ნიშნავს, რომ ოჰაიოში წარუმატებლობის შემთხვევაში, ობამა დიდი ალბათობით, კიდევ სამ მერყევ შტატში დამარცხდება. ეს კი შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს.

როგორც წესი, ოჰაიოში გამარჯვებული, მთლიან არჩევნებს იგებს. არცერთ რესპუბლიკელ კანდიდატს არ მოუგია საპრეზიდენტო არჩევნები იქ წარმატების გარეშე, დემოკრატებს შორის კი ეს მხოლოდ კენედიმ შეძლო.

რა თქმა უნდა, ეს ორი საარჩევნო სტრატეგია ერთმანეთისგან მკვეთრად არ არის გამიჯნული. თუმცა ტაქტიკურ დონეზე, ანუ თითოეული შტატისთვის ბრძოლისას, ზოგადი სტრატეგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან დემოკრატების ტრადიციული ამომრჩევლისა და ახალი პროგრესული კოალიციის ინტერესებს შორის შეიძლება არათუ თანხვედრა, არამედ მნიშვნელოვანი კონფლიქტი არსებობდეს.

2012 წლის არჩევნების მოსაგებად, ობამას განსაკუთრებით დიდი ძალისხმევის ჩადება მოუხდება ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ეს შეიძლება დემოკრატებისთვის მნიშვნელოვან ზოგიერთ პროგრამაზე უარის თქმასაც ნიშნავდეს.

ობამამ ტრადიციული დემოკრატიული ამომრჩევლის დაკმაყოფილებასთან ერთად, მერყევი შტატების შედარებით განსხვავებული ჯგუფების მიმხრობაც უნდა შეძლოს.

არჩევნების მოსაგებად ობამას რეიტინგი ყოველთვიურად საშუალოდ 1%-ით უნდა გაიზარდოს ან პრეზიდენტმა მერყევი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ რესპუბლიკელების გამარჯვება ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს.

 

 

 

კომენტარები