მუსიკა

მუსიკალური 2011

0 კომენტარი

წელი მუსიკაში სუსტი აღმოჩნდა, მუსიკის ისტორიაში „მთავარ გვერდებზე” ცოტა ნამუშევარი თუ მოხვდება. ცოტა იყო კარგი ალბომი და კიდევ უფრო ნაკლები ისეთი, რომლის მოსმენაც თუნდაც 3 თვის შემდეგ ისევ მოგინდებათ. აქ გაგაცნობთ წლის საუკეთესო ალბომებსა და ტრეკებს. ასევე ყველაზე ცუდი კომპოზიციების კრებულსა და 2011 წლის ყველაზე დიდ იმედგაცრუებას.
 

საუკეთესო ალბომი

PJ Harvey – Let England Shake

1992 წელს ალბომი Dry გამოვიდა. მსოფლიომ პოლი ჯინ ჰარვი იგივე PJ Harvey გაიცნო. Dry ის იშვიათი ნამუშევარია, რომელსაც ნაკლი თითქმის არ აქვს, თითქოს მუსიკოსმა მთელი თავისი სიცოცხლე 11 ტრეკში ჩადო. მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა და PJ Harvey-ს შემოქმედებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ის ისევ თითოეულ ალბომზე ისე მუშაობს, თითქოს ეს მისი უკანასკნელი შანსი იყოს. Let England Shake ჰარვის 2011 წლის ნამუშევარია, ალტერნატიული როკის, ფოლკისა და ყველაფერი იმის ნაზავი რაც ამ ქალბატონისთვისაა დამახასიათებელი, ნამუშევარი, რომლითაც ჰარვიმ არა მხოლოდ ინგლისი, არამედ მთელი მსოფლიო შეაზანზარა. 

Destroyer –Kaputt

ყველაფერი რიგზეა. თითოეული ტრეკი შთამბეჭდავია. მუსიკა, ბენდის წინა ალბომებისგან განსხვავებულია, გაცილებით მრავალფეროვანია. Chinatown, Poor in Love, Downtown… ყველა ტრეკი მნიშვნელოვანია და ნელ-ნელა მიჰყავს მსმენელი Kaputt-ამდე, კარგ Kaputt-ამდე.

საუკეთესო დუეტი (კოლაბორაცია)

Jay-Z & Kanye West – Watch the Throne

ჰიპ-ჰოპის ორი გიგანტის, Jay-Z-ისა და ქანიე უესტის კოლაბორაცია ძალიან კარგი Watch the Throne-ით დასრულდა. ეს არის ალბომი, რომელიც ორი ნარცისი, თავხედი, ცინიკოსი მუსიკოსის ბნელი ფანტაზიაა. ორი მუსიკოსის ისტორია, რომელშიც ისინი თავიანთ სიდიადეს უსვამენ ხაზს. Watch the Throne-ის მოსმენის შემდეგ ძალიან გაგიჭირდებათ, არ დაეთანხმოთ მათ.
 

ყველაზე დაუფასებელი ალბომი

The Antlers – Burst Apart

ალბომში არ არის Bear ან Two-ს მსგავსი ჰიტები, არც Burst Apart არის წინა ალბომის, Hospice, დონის მოვლენა. სამაგიეროდ, ტრიოს ბოლო ნამუშევარი ჰარმონიაა, რომელიც 2011 წლის მუსიკალურ სამყაროში ასე ძნელი საპოვნელი იყო. Burst Apart სევდიანი, მომხიბვლელი, გრძნობებით სავსე ალბომია, რომელიც წლის ერთ-ერთი იშვიათი კარგი ინდი როკ ნამუშევარია 
 

საუკეთესო პოპსიმღერა

Lana Del Rey –Video Games

ელიზაბეტ გრანტს მუსიკალური სამყარო Lana Del Rey-ს სახელით იცნობს. ამ გოგონას ჯერ ერთი ალბომიც არ აქვს გამოშვებული, სამაგიეროდ, 2011 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკის ავტორია. Video Games უდავოდ წლის ყველაზე ემოციური ინდი პოპ სიმღერაა.
 

საუკეთესო როკსიმღერა

The Strokes – Under Cover of Darkness

სიტყვა ინდი თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში რომ პოპულარულია, ეს პირველ რიგში The Strokes-ის დამსახურებაა. მართალია კასაბლანკასის და მეგობრების ბოლო ალბომი, Angles, ისეთი ბრწყინვალე არ იყო, როგორც 2001 წლის Is This It, სამაგიეროდ, Under Cover of Darkness ის კომპოზიციაა, რომელმაც წარსული ნოსტალგია და ნამდვილი The Strokes-ის დაბრუნების იმედი გააღვიძა.
 

საუკეთესო ელექტროსიმღერა

M83 – Midnight City

ენტონი გონსალესის პროექტს M83 ბრწყინვალე წელი ჰქონდა. ალბომი Hurry Up, We’re Dreaming 2011 წლის ელექტრომშვენება იყო. სინგლი Midnight City კი კომპოზიცია, რომელიც ნებისმიერ ეპოქას, განწყობას თუ წელიწადის დროს მოუხდება. ეს არის ტრეკი, რომელიც პირველი ბიტიდან ბოლო წამამდე თქვენზე იმეფებს.

The Rapture – How Deep Is Your Love?

ნიუ იორკელი dance punk გენიოსების დაბრუნება არც ისე შთამბეჭდავი გამოდგა, თუმცა ტრეკი How Deep Is Your Love? ყველაფერს აუფერულებს. Chicago house-ის სტილში გადაწყვეტილი სიმღერა, რომელიც Rapture-ისათვის დამახასიათებელი საქსოფონის აკომპანიმენტით ვითარდება და წლის ერთ-ერთ დაუვიწყარ ტრეკად იქცევა.
 

ყველაზე დაუფასებელი სიმღერა

Elbow – With Love

ეს სიმღერა ალბათ ყველაზე უცნობი ტრეკია ამ სიაში. With Love Elbow-ს მორიგი შედევრია. ეს ბენდი წლებია მაღალი ხარისხის მუსიკას ქმნის და ეს ტრეკი ამის დასტურია. ბრწყინვალე ტექსტი, გაი გარვის მშვენიერი ვოკალი და კლავიშები, რომელიც ტვინსა და გულს ერთნაირად „აზიანებენ”.
 

ყველაზე ცუდი ალბომი

Lou Reed and Metallica – Lulu

თუ გეყოფათ გამძლეობა, მოთმინება და ნერვები, რათა ამ ალბომს მოუსმინოთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ ერთი შეკითხვა: რას ერჩოდნენ ეს მუსიკოსები მსმენელს? ეს არის დეკადის ერთ-ერთი უსაშინლესი ქმნილება. არანაირი მელოდიურობა, ინსტრუმენტული მრავალფეროვნება ან საინტერესო ჟღერადობა. ეს არის ტანჯვა, რომელსაც რატომღაც ალბომის სახე მისცეს. არადა, ლუ რიდი Velvet Underground-ის ვოკალისტი და ფრონტმენი იყო. ეს არის ადამიანი, რომლის ნიჭმაც ათობით თანამედროვე ინდი ბენდს მუსიკის სამყაროში მეგზურობა გაუწია. Metallica-ზე აღარაფერს ვიტყვი. ვისაც სიტყვები თრეში და მეტალი სმენია, ამ საკულტო კოლექტივის შესახებ ისედაც ყველაფერი კარგად იცის.
 

წლის იმედგაცრუება

Red Hot Chili Peppers – I’m with You

სულ ტყუილად ჰქვია ალბომს I’m with You. კომპოზიციების მოსმენისას მიხვდებით, რომ პეპერსები თქვენთან არ არიან. სამწუხაროდ, გიტარისტ ჯონ ფრუშანტეს ბენდიდან წასვლამ საშინლად იმოქმედა Red Hot Chili Peppers-ის შემოქმედებაზე. ახალი გიტარისტი ჯოშ კლინჰოფერი კარგი გიტარისტია, მშვენიერი ტექნიკა აქვს, თუმცა ის სიღრმე, ქარიზმა და „პეპერსობა” აკლია, რომელიც ფრუშანტეს ჰქონდა. ალბომში თითქმის არ არის გამორჩეული ტრეკი. როგორც ჩანს, კალიფორნიელი ბიჭების მზე ჩაესვენა.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები