ფოკუსი

ხელთათმანებში დაწყებული ვარსკვლავური გზა

წლების წინ ერთი უცნაური სპორტული ჭორი დაირხა – პროფესიონალებს (ასე ვეძახდით NBA-ს კალათბურთელებს) ჩვეულებრივად თამაში მობეზრდათ და ექსპერიმენტს მიმართეს: დარბაზში შუქს აქრობენ, ფოსფორიან ხელთათმანებს იცვამენ, ბურთსაც ფოსფორს უსვამენ და ისე თამაშობენო.

გაგიკვირდებათ და დაახლოებით იმ პერიოდში დაახლოებით იგივე ხდებოდა საქართველოში. ოღონდ მართლა ხდებოდა – ჩაბნელებულ, ფანჯრებჩამტვრეულ, გაყინულ დარბაზში მომავალი კალათბურთელები ხელთათმანებში ვარჯიშობდნენ, თითები რომ არ მოყინვოდათ.

თითქოს წარმოუდგენელია მსგავს პირობებში წარმატებაზე ფიქრიც კი, მაგრამ გავიდა წლები და იმ ხელთათმანიანი ბიჭებიდან, ორი მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენი გახდა. ერთს ვიქტორ სანიკიძე ჰქვია და მეორეს... მამუკა გორგოძე. ისინი ერთად ვარჯიშობდნენ, გუნდელები იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ერთი კალათბურთში დარჩა და მეორე რაგბის გაყვა.

2011 წელს სანიკიძემ ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე იფრინა და ნაკრებიც საუკეთესო თორმეტ გუნდს შორის აღმოჩნდა. გორგოძემ ახალ ზელანდიაში გაიბრწყინა მსოფლიო ჩემპიონატზე და სხვადასხვა გამოკითხვებში თავის პოზიციაზე საუკეთესო იყო. მთელი საქართველო თითქმის მთელი წელი ამ ორი შესანიშნავი სპორტსმენით და მათი თანაგუნდელებით ამაყობდა.

მსგავსი საამაყო ამბები კი საქართველოში იშვიათად ხდება და ამიტომაც ეს მართლა მაგარი ბიჭები ტაბულამ წლის ადამიანებად აღიარა...

ვიქტორ სანიკიძე

დაბადების თარიღი და ადგილი:

1986 წლის 1 აპრილი, თბილისი

წონა, სიმაღლე:

93 კგ. 203 სმ.

მეტსახელი:

სანი

ამპლუა:

ფორვარდი

კლუბები:

დიჟონი, ესტუდიანტესი, ტარტუ როკი, თბილისის დინამო, ბოლონიის ვირტუსი

ტიტულები:

20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) MVP, საფრანგეთის თასი, იტალიის თასის ფინალისტი, ესტონეთში და საქართველოში სლემ დანქის კონკურსის გამარჯვებული, საქართველოს ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP

ფავორიტი სპორტსმენი:

მაიკლ ჯორდანი, დირკ ნოვიცკი

ბავშვობის კერპი:

მაიკლ ჯორდანი

საუკეთესო სპორტსმენი, ვისაც მოედანზე შეხვედრიხართ: ტონი პარკერი

საყვარელი ქალაქი:

ნიუ იორკი

საყვარელი დასასვენებელი ადგილი:

ნიუ იორკი

მუსიკოსი:

მაიკლ ჯექსონი

მწერალი:

გალაკტიონ ტაბიძე

ნაწარმოები:

„დათა თუთაშხია”

ფილმი:

„ცისფერი მთები”

მანქანა:

რეინჯ როვერი

კერძი, სასმელი:

ხინკალი, ფორთოხლის წვენი

ჰობი:

სონი ფლეისთეიშენზე თამაში

ყველაზე ბედნიერი დღე:

ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 12 გუნდში მოხვედრა

ყველაზე მძიმე დღე:

ცოტა ხნის წინ ბაბუა გარდამეცვალა და ძალიან განვიცადე

რას გადასცემთ გულშემატკივრებს:

დიდი მადლობა! თქვენი მხარდაჭერის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია!

 

ვიკა, კალათბურთი, ბოლონია

ბოლონია – ქალაქი, რომელშიც მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტი დგას. ქალაქი, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური კერძი, ბოლონეზე დაიბადა. ქალაქი, სადაც ერთი ლამაზი შენობა დაუგეგმავად შეგახვევინებს პატარა ქუჩაზე და არქიტექტურული შედევრების სამყაროში სასიამოვნოდ გკარგავს. ქალაქი, სადაც შუქნიშანზე ყვითელი კაცუნაც ინთება, თან ყველაზე დიდხანს. ქალაქი, სადაც რობერტო ბაჯო ფეხბურთს თამაშობდა და კალათბურთი მაინც უფრო პოპულარულია. ქალაქი, სადაც ვიქტორ სანიკიძე ცხოვრობს და თამაშობს.

ვიკას ბოლონიის ყველაზე დიდ, ლამაზად გამწვანებულ პარკში შევხვდით კალათბურთის მოედანზე. სანამ ქართველი ვარსკვლავი მოვიდოდა, იქ მყოფ იაპონელ ბიჭებს შევთავაზეთ თამაში. თავიდან დაგვთანხმდნენ, მაგრამ როცა ვიკა დაინახეს, ძალიან ბევრი იცინეს...

ვიქტორ სანიკიძე: „ჩემი მშობლები კალათბურთს თამაშობდნენ, მამა პროფესიონალურ დონეზე, თუმცა ოჯახში არასდროს ყოფილა ლაპარაკი იმაზე, რომ მე ან ჩემს უფროს ძმას ამ სპორტზე უნდა გვევლო. თან პატარაობაში მაღალიც არ ვყოფილვარ. ერთ დღესაც ჩემი ძმის ფიზკულტურის მასწავლებელს უთქვამს მამასთვის, მეგობარი მყავს კალათბურთის მწვრთნელი და იქნებ შენი უფროსი ბიჭი ვაჩვენოთ, სწრაფად აიყარა ტანიო. წავიდნენ. ამ დროს სახლში მივედი და რომ გავიგე, ჩემები ვარჯიშზე იყვნენ, საშინელი ამბავი ავტეხე, მეც წამიყვანეთ-მეთქი. მანამდე კალათბურთის ბურთი ხელშიც არ მჭერია, ეზოში სულ ფეხბურთს ვთამაშობდით”.

ასე უცნაურად და დაუგეგმავად დაიწყო ვიკას კარიერა. თავიდან გასართობად დადიოდა, უფროსების ვარჯიშის ყურება მოსწონდა, დროთა განმავლობაში კი მწვრთნელებმა მასში ტალანტი შეამჩნიეს და ზურა სამხარაძეს გადააბარეს:

„ზურამ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში. მაშინ ბავშვები სპორტზე ხშირად იმიტომ დაჰყავდათ, რომ ქუჩაში არ ყოფილიყვნენ და ენერგია სწორად დაეხარჯათ. თუმცა ზურა სხვანაირი მწვრთნელი იყო, მასთან გასართობად ვერ ივლიდი, ბოლომდე გწურავდა. მე ეს მომწონდა, სკოლაში ბოლო გაკვეთილიდან ხშირად ვიპარებოდი, რომ დიდხანს მევარჯიშა. რთული დრო იყო, გაყინულ დარბაზებში ვთამაშობდით ხელთათმანებში, ძლივს ვხურდებოდით. სხვათა შორის, მამუკა გორგოძეც ჩემთან ვარჯიშობდა, გუნდელები ვიყავით, მერე გადავიდა რაგბიზე”.

სიმაღლეში მალე მოიმატა, თავისი გუნდის ლიდერიც გახდა და საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებშიც აღმოჩნდა. ამ გუნდმა მოსკოვში გამართულ იუნიორთა ოლიმპიადაზე ძალიან კარგად ითამაშა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და სანიკიძისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავიც სწორედ მაშინ მოხდა:

„ბოლო თამაშის შემდეგ ჩემთან ერთ-ერთი მწვრთნელი მოვიდა და სამ ქართველს ნიუ იორკის Globe Tech Junior College-ში გადასვლა შემოგვთავაზა. ვინაიდან ერთი ჩვენგანი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, ამერიკაში მხოლოდ მე და დათო საყვარელიძე წავედით. წარმოიდგინე, ორი 16 წლის ლაწირაკი მარტოები ნიუ იორკში! მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მეგობართან ერთად ვიყავი, თავიდან ძალიან გამიჭირდა სახლიდან ასე შორს. თან ის პირობები არ დაგვხვდა, რასაც დაგვპირდნენ, ოთხას დოლარს გვაძლევდნენ და ამ ფულით უნდა გვეჭამა, ჩაგვეცვა, გვემოძრავა. მერე ნელ-ნელა შევეჩვიე და უზარმაზარი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება მივიღე”.

წესით, ოთხი წლით უნდა დარჩენილიყო კოლეჯში, თუმცა გავიდა ერთი წელიწადი, თბილისში დაბრუნდა და ფიქრობს, რომ სწორადაც მოიქცა. მოხვდა 18 წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც ასევე კარგი შედეგები აჩვენა. პირადი აგენტიც აიყვანა და მალე მისგან შეიტყო საფრანგეთის დიჟონის დაინტერესების შესახებ. სანიკიძე საფრანგეთში წავიდა 2+1 კონტრაქტით.

„თავიდან დიდებში იშვიათად მათამაშებდნენ, დუბლებში ვიყავი და პირველივე სეზონში საფრანგეთის საუკეთესო დუბლ-მოთამაშედ დამასახელეს. აპრილში აგენტმა დამირეკა, NBA-ს დრაფტზე ხარო, თურმე კოლეჯიდან ევროპაში რომ ბრუნდები და იქ აგრძელებ კარიერას, ავტომატურად დგები დრაფტზე. ჩემით სან ანტონიო სპურზი იყო დაინტერესებული და საბოლოოდ სწორედ ამ კლუბმა შეისყიდა ჩემზე უფლებები, ოღონდ მანამდე ატლანტა ჰოუქსმა ამიყვანა და მერე ერთმანეთში მოილაპარაკეს. ზაფხულში შეკრებაზე წავედი სან ანტონიოში, სუპერვარსკვლავებთან ერთად ვვარჯიშობდი და ბედნიერი ვიყავი. წამოსვლის წინ იქაურმა ექიმებმა შემამოწმეს, პატარა პრობლემები აღმომაჩნდა მუხლზე, ამიტომ ზამთრამდე დასვენება მირჩიეს, შემიდგინეს ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამა და საფრანგეთში გამატანეს ფიზმომზადების მწვრთნელთან. იმას არც შეუხედია ფურცლებისთვის, ჩვენ ჩვენი პროგრამა გვაქვსო და სრული დატვირთვებით დავიწყე თამაში. ევროპაში ძირითადად ასეა, ნაკლებად გიფრთხილდებიან, ყველაფერს იღებენ შენგან. შედეგად, ყოველდღე ვსვამდი ვოლტარენს, ყოველდღე! მთელი სეზონი ასე გავატარე და ტრავმაც გამირთულდა”.

სანიკიძე სან ანტონიოში დაბრუნდა, სადაც უთხრეს, რომ სასწრაფო ოპერაციაა გასაკეთებელი. აღდგენამ შვიდი თვე წაიღო. თავად ამბობს, რომ მაშინ არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა არ ჰქონია, „წამითაც არ მიფიქრია, რომ შეიძლება კალათბურთი ვეღარ ვითამაშო”. რეაბილიტაციამ კარგად ჩაიარა, სანიკიძემ ერთხელაც გაიბრწყინა ნაკრებში, ამჯერად ოცწლამდელებში, სადაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის MVP გახდა. სან ანტონიოში ვიკას შესთავაზეს ესპანეთში გადასულიყო, იქ აემაღლებინა კლასი და ამის შემდეგ NBA-ს კარიც გაიღებოდა, თუმცა:

„ესტუდიანტესში ეტყობა არასდროს ჰქონიათ საქმე კალათბურთელთან, ვისაც ვიზა სჭირდებოდა. წინასწარი კონტრაქტი გავაფორმეთ და ესპანეთში წასასვლელად მოვემზადე. ვიზა აქ არ კეთდებოდა, მოსკოვში უნდა ჩავსულიყავი. რუსეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა საბუთები უკვე შეტანილი მქონდა, ტელევიზორს ვრთავ და აცხადებენ, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემას წყვეტს. გავვარდი საელჩოში, მითხრეს, უკვე შეტანილ პასპორტებში შეიძლება ჩაარტყანო. ჩამირტყეს. დავმშვიდდი. თუმცა მეორე დღეს გამოაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაც შეწყდა. კინაღამ გავგიჟდი. ესპანეთში დავრეკე, ვერაფრით გაიგეს, რა ხდებოდა. დრო გადიოდა. გადავწყვიტე ესპანეთის ვიზა თურქეთში ამეღო, რამაც კიდევ ერთი კვირა წაიღო და საბოლოოდ ახალ კლუბში ჩასვლა ძალიან დავაგვიანე. მწვრთნელმაც თითზე დაიხვია ეს ამბავი და სათადარიგოებში დამსვა, ჯერ გარემოს მიეჩვიეო. ეს გარემოს მიჩვევა იმდენ ხანს გაგრძელდა, გადავწყვიტე სხვა, უფრო სუსტ გუნდში წავსულიყავი პრაქტიკის მისაღებად. შევარჩიე გერმანული კლუბი, ჩავედი, გამსინჯეს და მითხრეს, რომ მუხლი საოპერაციო არა, მაგრამ დასასვენებელი და მისახედია. ასე დავბრუნდი თბილისის დინამოში, ცოტა დავისვენე, ვიმკურნალე და ნელ-ნელა ფორმაც აღვიდგინე. მაშინ აქ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი და დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა. ერთი სეზონის შემდეგ უკვე ბოლონიაში ჩამოვედი და ვირტუსთან გავაფორმე კონტრაქტი, რომელიც გაისად მიმთავრდება. ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ სხვაგან წავალ. უკვე დამიკავშირდა ბეშიქთაში, მაგრამ გუნდები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ”.

საქართველოს ეროვნულ გუნდზე სალაპარაკოდ პარკიდან ვირტუსის კალათბურთელების საყვარელ რესტორანში გადავინაცვლეთ, სადაც ვიკას ორი მაისური კიდია – კლუბის და ნაკრების. „თამაშების მერე ყოველთვის აქ ვიკრიბებით, ხანდახან ცოტა ღვინოსაც ვწრუპავთ. მეპატრონე ჩვენი მეგობარი და დიდი გულშემატკივარია”. მალე მეპატრონეც მოვიდა, ვიკას ჩაეხუტა, მოიკითხა და ცალკე გვითხრა, რა მაგარი ბიჭი გყავთ, თქვენ კიდევ არ იცითო.

„ჩემი აზრით, იგორ კოკოშკოვი აუცილებლად უნდა დარჩეს ნაკრებში. კი, მასზე მაღალი დონის მწვრთნელებიც არსებობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან უკეთესად იმუშავებენ. კოკოშკოვი უკვე კარგად გვიცნობს, ჩვენი რთული მენტალიტეტიც გაიგო, ყველას შესაძლებლობები იცის და, შესაბამისად, ამ ნიუანსებზე დროს აღარ დაკარგავს. წინ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, ევროპის ჩემპიონატმა დაგვანახა, რა არის ნაკრების მინუსი და პლუსი. ბოლო წლებში არნახული პროგრესი გვქონდა, ქვედა დივიზიონებიდან თორმეტ საუკეთესოში აღმოვჩნდით და გიჟი უნდა იყო, ეს წარმატება არ დაინახო. მაგრამ უკვე სხვა სიტუაციაში ვართ, უკვე მეტი მოგვეთხოვება და ყველაზე რთული სწორედ ახლაა პროგრესის მიღწევა. არ შევჩერდები კომპონენტებზე, რომლებიც დასახვეწი გვაქვს, ეს მწვრთნელის საქმეა, თუმცა აუცილებლად უნდა მოვუმატოთ სისწრაფეს. რაც უმნიშვნელოვანესია, მივიღეთ მთავარი – გამოცდილება. ხომ გახსოვთ, რამხელა მითქმა-მოთქმა იყო მაკედონიასთან თამაშის შემდეგ. მაშინ გამოუცდელობამ დაგვღუპა და ახლა მსგავსი შეცდომები აღარ მოგვივა. კარგი იქნებოდა, დამატებული ლეგიონერიც უფრო ასაკოვანი, გამოცდილი გვყოლოდა, მაგალითად, როგორც გრინი იყო. სამწუხაროა, რომ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გაგვიხდა. მარკიზ ჰეინსი ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ პატარაა დიდი ტურნირებისთვის, თან კოლეჯის კალათბურთს თამაშობს, ჯერ ვერ მიეჩვია ევროპულ სტილს”.

ვიკას თქმით, ქართველი კალათბურთელებისთვის სულაც არ ყოფილა სასწაული ის, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ და ეს წარმატება გუნდის მოტივაციას, ამბიციებს არ ანელებს, პირიქით, ახლა მიზანი უკვე რვა საუკეთესოს შორის მოხვედრაა:

„სანამ ლიტვაში ტურნირი დაიწყებოდა, სულ ვმარჩიელობდით, როგორი ჯგუფი იქნებოდა ჩვენთვის საუკეთესო. საბოლოოდ სია შევადგინეთ და ზუსტად ეს გუნდები გვერგო მეტოქეებად! შესაბამისად, გარკვეულწილად მზადაც ვიყავით მეორე ეტაპზე გასასვლელად. მალე მორიგი წილისყრა იქნება და ვნახოთ, ვინ შეგვხვდებიან. სასიამოვნოა, რომ პირველ კალათაში ვართ განთესილები სხვა გრანდებთან ერთად, ანუ ეს პრესტიჟიცაა და მოწინააღმდეგეებიც უფრო სუსტი გვეყოლება. აქ სულ დავცინი იტალიელებს, ჩვენ პირველ კალათაში ვართ და თქვენ მეორეში-მეთქი. თან შინ და სტუმრად მოგვიწევს თამაში, რაც ჩვენთვის განსაკუთრებული პლუსია გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებია, თუ არ ჩავთვლით ბელგიასთან ჩავარდნას, თბილისში საერთოდ აღარ ვაგებთ. ჩვენი გულშემატკივრები განსაკუთრებულები არიან – რამდენჯერმე მითხრეს სხვადასხვა ნაკრებში მყოფმა მეგობრებმა, ეს რა ვნახეთ, თქვენთან ჩამოსვლა უკვე გვეშინიაო. მართლებიც არიან, ასეთი ქომაგობა ძალიან იშვიათია”.

რასაკვირველია, ქართული კალათბურთის მომავალზეც ვილაპარაკეთ. ჯერჯერობით ახალი თაობიდან მხოლოდ ერთი მოთამაშეა გამორჩეული – თორნიკე შენგელია, რაც ძალიან ცოტაა:

„ქართველებს რომ კალათბურთის ნიჭი გვაქვს, ამას ჩვენი ძველი და ახალი მიღწევები ადასტურებს. თუმცა ჩვენთან ყველაფერი უკუღმაა – ჯერ შედეგი გვინდა და მერე პირობების შექმნაზე ვიწყებთ ფიქრს. ასე არ გამოვა, მით უმეტეს დღეს, როცა წამყვან საკალათბურთო ქვეყნებში უზარმაზარი ფული ტრიალებს, ვითარდება ინფრასტრუქტურა, იხვეწება მეთოდიკა. ჩვენთან კი, ელემენტარულად, მოედნები არ არსებობს. შეხედეთ თურქეთს. იქ არნახული პროგრესია იმიტომ, რომ ფული იდება, სპორტული ბიზნესი კეთდება, მაღალი დონის მწვრთნელები და კალათბურთელები ჩაჰყავთ და კონკურენციაა. გიო ცინცაძე ადრე რუსეთში თამაშობდა და გუნდელებს, მაგალითად, ვიტალი ფრიძონს სახლში წასასვლელ ფულს აძლევდა, ბოტასებს ჩუქნიდა. დღეს ფრიძონი და სხვები ვარსკვლავები არიან და მილიონიანი კონტრაქტები აქვთ. ეს სწორად მუშაობის შედეგია და თუ ამ ამბავს არ მიეხედა, რასაც მივაღწიეთ, ისიც დაიკარგება. მიხარია, რომ კარგი გუნდი გაკეთდა, არმია, სადაც მაგარი ლეგიონერები არიან და, შესაბამისად, დონე მატულობს. დღეს პატარა ბიჭები უკვე ოცნებობენ იქ მოხვედრაზე და რაც მეტი ასეთი გუნდი იქნება, მით უფრო შორს წავალთ. აუცილებელია მწვრთნელების თანამედროვე მეთოდებით მომზადებაც. ანბანი ყველამ იცის, მაგრამ მთავარი მერე იწყება და უცოდინარი ადამიანის ხელში ჩვენი ნიჭი, უბრალოდ, გაქრება. და თავად დამწყებმა კალათბურთელებმაც უნდა მოინდომონ, სხვების იმედად არ უნდა იყვნენ. მინდა თითოეულ მათგანს ვთხოვო და ვურჩიო, რომ თავდაუზოგავად იშრომონ, არ იჩქარონ, ყველა ნაბიჯი მოზომონ და გააანალიზონ. ჩვენთან ერთი 19 წლის ბიჭი იყო, რომელსაც ძირითადში არ აყენებდნენ. ადგა და სხვაგან გადავიდა ნაკლებ ანაზღაურებაზე, ოღონდ ხშირად ეთამაშა. ასე ვითარდება სპორტსმენში პროფესიონალიზმი”.

საუბრის ბოლოს ვიკას ვთხოვეთ მამუკა გორგოძისთვის მიელოცა წლის ადამიანად აღიარება: „როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ერთად ვთამაშობდით და ვძმაკაცობდით. დღესდღეობით იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს, უფრო ტელეფონით ვურთიერთობთ, თუმცა მამუკა ძველებურად მიყვარს და ვამაყობ, რომ ეგეთი მაგარი დადგა. მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო!”.

ამის შემდეგ ვიკა საღამოს ვარჯიშზე წავიდა, ჩვენ კი მატარებლით მონპელიეში გავემგზავრეთ. სწორედ იმ მატარებელში შევიტყვე ახალი და ძალიან სასიამოვნო ამბავი – პოპულარულმა ფრანგულმა ჟურნალმა – Midi Olympique მამუკა გორგოძე საფრანგეთის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელა და სარაგბო ოსკარი გადასცა.

მამუკა გორგოძე

დაბადების თარიღი და ადგილი: 1984 წლის 14 ივლისი, თბილისი

წონა, სიმაღლე: 118 კგ. 195 სმ.

მეტსახელი: გულივერა

ამპლუა: მეორე, მესამე ხაზი

კლუბები: ლელო, მონპელიე

ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი, საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალისტი, საქართველოს ორგზის საუკეთესო მორაგბე, საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი ჟურნალების – L'Equipe და Midi Olympique – ვერსიით

ფავორიტი სპორტსმენი: მაიკ ტაისონი, მაიკლ ჯორდანი

ბავშვობის კერპი: არ მყავს

საუკეთესო სპორტსმენი, ვისაც მოედანზე შეხვედრიხართ: განსაკუთრებულად არავინ გამომირჩევია

საყვარელი ქალაქი: თბილისი

საყვარელი დასასვენებელი ადგილი: კანი, ნიცა

მუსიკოსი: მაიკლ ჯექსონი

მწერალი: ჭაბუა ამირეჯიბი

ნაწარმოები: „დათა თუთაშხია”

ფილმი: „22 ტყვია”, „თეთრი ბაირაღები”, „დათა თუთაშხია”

მანქანა: როლს როის ფანტომი

კერძი, სასმელი: ელარჯი, მწვადი, წითელი ღვინო

ჰობი: ნადირობა, თევზაობა

ყველაზე ბედნიერი დღე: ჩემი შვილების დაბადება

ყველაზე მძიმე დღე: რუსეთთან ომი რომ დაიწყო და საფრანგეთში ვიყავი უმოქმედოდ

რას გადასცემთ გულშემატკივრებს: დიდი მადლობა იმ სითბოსთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობ. ამის გარეშე ჩვენ არაფერი გამოგვივიდოდა. ყველანი ძალიან მიყვარხართ!
 

სამხრეთ საფრანგეთი, პლუს ოცი გრადუსი ნოემბრის ბოლოს, პალმები, რომაული და ფრანგული არქიტექტურის იდეალური ნაზავი, სუნამოს და ყავის სუნი ქუჩებში, ფრანგულად დახვეწილი თხელი გოგოები, ქუჩა, სადაც ფრანსუა რაბლე ცხოვრობდა, ადგილი, სადაც ალენ დელონის და ჟან გაბენის ფილმის „ორნი ქალაქში” დიდი ნაწილია გადაღებული, ქალაქი, რომლის ბინებიც ძალიან ჰგავს მთაწმინდა-სოლოლაკის ბინებს და ქალაქი, სადაც ყველაზე მეტად რაგბი უყვართ. და მორაგბეებიდან – მამუკა გორგოძე.

სწორედ იმ დღეს, როცა მონპელიეში ჩავედით, სტად ივ დუ მანოაზე, რომელიც საგანგებოდ განახლდა მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონატისთვის, დიდი რაგბი იყო – მონპელიე ერთ-ერთ ლიდერ კლერმონს მასპინძლობდა. ერთი ტრიბუნის პირველი იარუსი მთლიანად ვიპ-ლოჟა იყო უზარმაზარი დარბაზით, სადაც მატჩის დაწყებამდე უამრავი ხალხი ირეოდა: ვეტერანი მორაგბეები, ვარსკვლავები, მათი ცოლები, შვილები, რომლებიც იქვე რაგბის თამაშობდნენ პატარა ბურთით. იქ უფასოდაა კანაპეები, ლუდი, რამდენიმენაირი ღვინო, შამპანური. შესვენებაზე მხოლოდ სასმელი რჩება, ხოლო თამაშის შემდეგ დესერტი, ყავა, დიდ ტელევიზორებში გასახდელის კადრები და მატჩის მიმოხილვა, ეკრანზეც და დარბაზშიც. ეს მთელი რიტუალია.

ულამაზეს სტადიონზე მთელი ორი საათის განმავლობაში ზეიმი იყო – ლურჯი (მონპელიე) და ყვითელი (კლერმონი) ფერები, დროშების ფრიალი, გაუჩერებელი ორკესტრი, დოლები, საყვირები, მცხუნვარე მზე, ემოციები, არავითარი აგრესია. ერთ მხარეს გორგოძე და გიორგი ჟღენტი, მეორე მხარეს დათო ზირაქაშვილი და, ჯამში, ზღაპრული რაგბი! პირველად იქ ვიგრძენი, რამხელა წონა აქვს გუნდში, რომელშიც მეშვიდე წელია თამაშობს, მამუკა გორგოძეს. ის სულ ლაპარაკობს მოედანზე, გუნდელებს რჩევებს აძლევს, მას უსმენენ, სადაც გუნდს უჭირს, იქ ჩნდება, ანუ ნამდვილი ლიდერია. ეს ჩემ გვერდით მჯდომმა გულშემატკივარმაც მითხრა, რომელიც ძალიან ჰგავდა ფილიპ ნუარეს – მამუკა უკვე ჩვენი ლეგენდააო.

მონპელიემ უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო. ზეიმი გასახდელებთან გაგრძელდა, მორაგბეები ჯერ გულშემატკივრებთან გამოვიდნენ ავტოგრაფების დასარიგებლად და ფოტოების გადასაღებად (გორგოძესთან ერთად კლერმონის ქომაგებიც სიხარულით იღებდნენ ფოტოებს), შემდეგ კი ტრადიციულ „მესამე ტაიმზე” ავიდნენ.

მამუკას მეორე დღეს შევხვდით ინტერვიუსთვის. ჯერ სახლში გვიმასპინძლა, სადაც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს და რომელიც ზუსტად სტადიონის მეორე მხარესაა, დაახლოებით ას მეტრში. შემდეგ კი ივ დუ მანოაზეც გადავინაცვლეთ, სადაც ფრანგული საკლუბო რაგბის ვარსკვლავმა ექსკურსია ჩაგვიტარა. სადაც ვიყავით, ყველგან დიდი სითბოთი ხვდებოდნენ, უცნობები ხელს იშვერდნენ, მის სახელს იძახდნენ ხმამაღლა. თავად არ მოსწონს ზედმეტი ყურადღება, არ მიაჩნია, რომ ვარსკვლავია, „უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ”. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სხეული დაჟეჟილი ჰქონდა, ფოტოსესიისას ყველაფერს ხალისით, სიცილით და ენთუზიაზმით ეკიდებოდა, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს, მაგრამ ამხელა გზაზე ჩემი გულისთვის ჩამოხვედით და რამდენ ხანსაც გინდათ, თქვენს განკარგულებაში ვიქნებიო. მორიდებული, მშვიდი ადამიანია, მაგრამ როგორც კი რაგბიზე იწყებს ლაპარაკს, თვალები ენთება:

მამუკა გორგოძე: „მთელი ღამე არ მძინებია, სულ დალეწილი ვარ. ყოველთვის ასეა, თამაშის შემდეგ ჩემი ძილი გამორიცხულია. საერთოდ, ჩემი პრინციპი ასეთია, რასაც ვაკეთებ, იმ საქმეში ბოლომდე ვიხარჯები. როდესაც მოედანზე ვარ, რაც არ უნდა მტკიოდეს, როგორც არ უნდა მიჭირდეს, გამორიცხულია, მოწინააღმდეგეს თავი არ შევაკლა. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ამას აქაც ხედავენ და აფასებენ. ამიტომაც არ მივდივარ არსად. მონპელიელების სიყვარულს მუდმივად ვგრძნობ და მიხარია, ამიტომ საპასუხოდ ყველაფერს ვტოვებ მინდორზე. თუ საჩხუბარია, ყოველთვის მე ვჩხუბობ და ესეც მოსწონთ აქ. ჩხუბი არ მიყვარს, მაგრამ როცა წაქცეული ხარ და სახეში წიხლს ჩაგარტყამენ, რასაკვირველია, ვერ მოითმენ. უკვე ყველამ იცის, რომ ხურდის დაბრუნება ვიცი. ერთხელ ერთი შემომელახა, ცოტა ხნის წინ ჩვენს გუნდში გადმოვიდა და არ მეკარებოდა”.

მთელი სტადიონი მოვიარეთ – გასახდელები, ფიზმომზადების დარბაზი, სარეაბილიტაციო ოთახი, სადიაგნოსტიკო ცენტრი. რასაკვირველია, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა და საფრანგეთში სხვანაირად ვერც იქნება:

„ხომ ხედავთ, რაც ხდება, როგორი პირობებიცაა. მარტო ეს სადიაგნოსტიკო აპარატი 250 ათასი ევრო ღირს. აქ რაგბი მხოლოდ სპორტის სახეობა არაა და ეს იმ წუთასვე ვიგრძენი, როგორც კი საფრანგეთში ჩამოვედი. სამი წლის დაწყებული მქონდა რაგბის თამაში, აქ რომ აღმოვჩნდი. მანამდე კალათბურთში ვვარჯიშობდი და ეგ სპორტი დღემდე ძალიან მიყვარს, თუმცა ჩემი მაინც რაგბი იყო ყოველთვის, ყოველთვის ვგრძნობდი ამას. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ქართულ რაგბიშიც კი ახალბედა ვიყავი და უცებ აქ აღმოვჩნდი. საფრანგეთში რაგბი იციან და უყვართ. აქ შეგხვდება 70 წლის ქალბატონი და თამაშს დეტალურად გაგირჩევს. აქ წარმოუდგენელი კონკურენციაა და ეს საუკეთესო პირობაა მორაგბის განსავითარებლად. თუმცა თავიდან, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, აქ მარტო ყოფნა, თან ოჯახის გარეშე, ძალიან გამიჭირდა”.

სატრენაჟორო დარბაზის ერთი კუთხე მოკრივეების ფოტოებითაა სავსე – მონპელიეს ფიზმომზადების მწვრთნელი ყოფილი მოკრივეა. მისი მეთოდი სისწრაფეზე, აფეთქებებზეა აწყობილი, რადგან თანამედროვე რაგბიში ტემპი უმნიშვნელოვანესი გახდა:

„ფიზიკურად იდეალურად მზად უნდა იყო, რომ საფრანგეთში მაღალ დონეზე ითამაშო. მე თავიდან მეორე ხაზში ვიყავი, ოთხ-ხუთ ნომერზე, მერე კარგა ხანს რვა ნომერს ვთამაშობდი, ანუ პოზიციაზე, სადაც ბურთი გაქვს და ჩანხარ. მერე ჩვენმა ახალმა მწვრთნელმა შვიდ ნომერზე გადამიყვანა, ცოტა გული დამწყდა, უკვე მიჩვეული ვიყავი რვას, თუმცა ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ გუნდებს შვიდ ნომერზე ყველაზე დიდები და გამგლეჯები ჰყავთ. ჩვენ დაცვაში მეტი სამუშაო გვაქვს, რადგან რვიანი უფრო დამზღვევია. თან ბურთიც გვაქვს, გარღვევებსაც აკეთებ და ჯახაობ კიდევაც. ახლა შვიდი ნომერი ჩემი საყვარელი პოზიციაა. თუმცა ყველაზე მეტი მოძრაობა გიწევს და ფიზიკური კონდიციები, წონა, მუდმივად უნდა აკონტროლო. მაკდონალდსში ან სადმე რომ შევდივართ, ჩემი ოჯახი გემრიელად მიირთმევს, მე კიდევ, მაქსიმუმ, უკალორიო სასმელი დავლიო. მუდმივად ფორმაში ყოფნა ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელი”.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბევრი ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ნაკრები, როგორ უნდა გადაინაცვლოს შემდეგ საფეხურზე, აქცენტი ისევ ძალაზე უნდა გააკეთოს თუ უფრო ხელით და ფეხით თამაშზე გადაერთოს. საინტერესოა ისიც, თუ ვინ იქნება მომდევნო მწვრთნელი:

„ჩემი აზრით, მწვრთნელი აუცილებლად ფრანგი უნდა იყოს. აქ ძალიან მაღალი კლასის რაგბის თამაშობენ და ბევრი მაგარი სპეციალისტია. რაც მთავარია, ნაკრების 90 პროცენტი საფრანგეთში ვთამაშობთ, რაც მწვრთნელს ძალიან გაუადვილებს ინფორმაციის მიღებას და მორაგბეთა განვითარების კონტროლს. კომუნიკაციის პრობლემაც არ იარსებებს. ეს უკვე ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება სტილს, მგონი რაღაც საშუალო უნდა იყოს. თუ შერკინება ვერ თამაშობს, ხაზი ვერაფერს იზამს. ჩვენ კარგი შერკინება გვყავს და როცა ამით უპირატესობას ვიღებთ, მერე აუცილებელია ხელით, ტექნიკური თამაშით დავასრულოთ შეტევა. კი, აქცენტი ძალისმიერზე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ხანდახან ზედმეტი მოგვდის, შუალედია საპოვნელი. 2007 წლის შემდეგ ნაკრები განვითარდა, თუ ადრე ზერელედ გვიყურებდნენ, ამ ჩემპიონატზე ყველა საგანგებოდ მოემზადა ჩვენთან შესახვედრად. შოტლანდიამ რუმინეთთან ხალხი დაასვენა. შოტლანდიელებს მაგარი გუნდი ჰყავთ და მათთან მოგების მოთხოვნა ჯერ ადრეა. ყველაფერი რეალურად უნდა შევაფასოთ. ჩემმა არგენტინელმა გუნდელებმაც მითხრეს, ვიცოდით, თქვენთან ომი გვექნებოდაო. ანუ ჩვენ უკვე ძალას წარმოვადგენთ. განვითარდნენ მოთამაშეებიც. პირადად მე ძალიან მოვუმატე 2007-ის მერე. სხვებიც ასე არიან და ამ პროგრესმა შედეგი უნდა მოიტანოს”.

სტად ივ დუ მანუას გარშემო კიდევ სამი მოედანია, აქედან ორი ხელოვნურსაფარიანი, უამინდობაში სავარჯიშოდ. ანუ საფრანგეთის ერთი პატარა ქალაქის ერთ უბანში ოთხი მოედანია:

„ჩვენ პირობები არ გვქონდა და გარკვეულ დონემდე მივედით. ბოლო წლებია ნელ-ნელა უკვე მოედნებიც კეთდება, რაგბი ძალიან პოპულარულია პატარებში, რომლებმაც აქედანვე უნდა იცოდნენ, რომ თუ თავს არ გადადებენ, ძალიან ბევრს არ ივარჯიშებენ და იშრომებენ, გამორიცხულია, წარმატებას მიაღწიონ. თავიდან ბავშვს ბევრი არაფერი უნდა, მიუშვი და ათამაშე, ნუ შეზღუდავ. ჩვენთან რომ იციან, მამები რომ დასდევენ და ასე ქენი, ისე ქენი, მერე მსაჯებსაც რომ აგინებენ. სირცხვილია. ბავშვმა თავისუფლება უნდა იგრძნოს.

რაგბის დღეს მეტი ყურადღება ექცევა და ეს აუცილებელიცაა, რადგან ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა მომატება, განვითარება ყველაზე რთულია. აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრი ქართველი თამაშობდეს ძლიერ კლუბში. ჩვენ კარგი ტესტები უნდა ვითამაშოთ, მაღალი კლასის მოწინააღმდეგეებთან, იაპონიასთან, კანადასთან, ამერიკასთან. ეს რთული საფეხური თუ არ გაიარე, სულ ზედა ეშელონში ვერ მოხვდები. ჯერ იქამდე ძალიან შორსაა, ეს კარგად უნდა გვესმოდეს. მინიმუმ ათი წელი და სწორი მიმართულებით მუშაობაა საჭირო, რომ დიდ გუნდებს მივუახლოვდეთ”.

მონპელიედან წასვლას ჯერ არ აპირებს და, სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთში დაასრულებს:

„მეშვიდე წელია აქ ვარ, შევეჩვიე, ჩემი მეორე სახლია. მონპელიელების სიყვარულს ძალიან ვაფასებ და სწორედ ამიტომ არ წავედი ტულონში, რის გამოც ახლა სასამართლოში მიწევს სირბილი. ვგრძნობ იმასაც, რომ კიდევ შემიძლია მომატება. საერთოდ, მორაგბისთვის მთავარი ხასიათია. თუ ხასიათი არ გაქვს, სულ რომ ორასი კილო იყო, ცარიელი კუნთები, მოედანზე ბევრს ვერაფერს გააკეთებ. იქ ასი კი არა, ათასი პროცენტით უნდა დაიხარჯო. იქ ჯერ ხასიათების ბრძოლაა და მერე რაგბი. შეიძლება მაინც გაჯობონ, ვინმე შენზე მაგარი იყოს, მაგრამ რაგბიში მთავარია ბოლომდე იბრძოლო...

ბოლოს, მინდა ვიკას მივულოცო ის, რომ წლის ადამიანი გახდა. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ, რადგან დიდ პატივს ვცემ, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანია და მინდა, რაც შეიძლება კარგად იყოს!”.

 

 

კომენტარები