ალპინიზმი

ყინულის სასახლეებში

წლის აგვისტოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე 7-ათასიან მწვერვალ პობედაზე (7439მ) სამი ქართველი მთამსვლელი დაიღუპა: ილია გაბლიანი, თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი.

ეს იყო ჩვენი ალპინისტების პირველი ტრაგედია უცხოეთის მთებში.

ტაბულა 50 წლის წინანდელ ამბებს ვეტერანი მთამსვლელის, 60-80-იან წლებში საქართველოს და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის შოთა მირიანაშვილის მოგონებებით და იმ ტრაგედიის ერთადერთი თვითმხილველის, რუსი ალპინისტის კირილ კუზმინის წიგნის – „დამარცხებული მწვერვალები” – დახმარებით იხსენებს.

“გვაპატიე, მეგობარო, წელს ვერ შევძელით შენი ჩაყვანა, მაგრამ აუცილებლად ჩაგიყვანთ”.

ჯუმბერ მეძმარიაშვილმა, თეიმურაზ კუხიანიძემ და კირილ კუზმინმა საძილე ტომარაში ჩასვენებული ილია გაბლიანი კარავში გაახვიეს, იქვე, კლდეზე მიაბეს და ჯუმბერის ეს წერილიც დაუტოვეს.

ილია გაბლიანი 1961 წლის 27 აგვისტოს, დილით, მწვერვალ პობედას ქედზე, თითქმის 7 ათას მეტრზე, მზეზე გასათბობად ჩამომჯდარი გარდაიცვალა. პობედამ ოცდამეხუთე მთამსვლელი შეიწირა...

მან და თემურ კუხიანიძემ 25 აგვისტოს ღამე მწვერვალის წვერზე, ყინულში წვალებით გაჭრილ პატარა ბაქანზე, საძილე ტომრების და კარვის გარეშე გაატარეს – ცივმა ღამისთევამ უკვალოდ არ ჩაიარა: ხელ-ფეხი მოეყინათ, ილიას კი სხეული გადაუცივდა. მეორე დილით გაჭირვებით მოძრაობდა, მხოლოდ კუხიანიძის დახმარებით შეძლო კუზმინთან და მეძმარიაშვილთან ჩასვლა, მეორე დილით კი დაიჩივლა, რომ ღვიძლი აწუხებს, იქვე, კარვის წინ ჩამოჯდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

კირილ კუზმინის წიგნიდან „დამარცხებული მწვერვალები”: „ილია გაბლიანის ცხედრის აქ დატოვება არ შეიძლება – ქვემოთ უნდა ჩავასვენოთ და მშობლიურ მიწას მივაბაროთ, მაგრამ ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? თემურ კუხიანიძეს ხელ-ფეხი მოყინული აქვს, მე, ჩამოვარდნის შემდეგ, მხარი მტკივა – მარცხენა ხელს თითქმის ვერ ვამოძრავებ. მიშა ხერგიანი (უფროსი) კადერბეიჩის (მისი ბიძაშვილი, უმცროსი მიხეილ ხერგიანი მთამსვლელთა წრეში ამ სახელით გახლდათ ცნობილი) სამშვიდობოს გაყვანას ცდილობს... მარტო ჯუმბერი ამ საქმეს ვერ გაწვდება. ამიტომ, ილიას ყინულში ჩასვენება გადავწყვიტეთ...”

სამარე ქვებით დაფარეს, შემდეგ კი ჯუმბერ მეძმარიაშვილი, თემურ კუხიანიძე და კირილ კუზმინი ბანაკისკენ დიდი გაჭირვებით ეშვებიან: 6918 მეტრზე ჩრდილოეთის თხემზე გადადიან, ღამეს კი 6750 მეტრზე ათევენ. უბედურების მაუწყებელ წითელ მაშხალასაც იქიდან უშვებენ...

28 აგვისტოს დაშვება გრძელდება: ფეხებმოყინული კუხიანიძე წრიაპებს ვერ იცვამს, მეძმარიაშვილის შეკელტონებს (ტყავგადაკრული თექის სამთამსვლელო ფეხსაცმელი რკინის წვეტიანი კბილანებით, რომელსაც ადრე იყენებდნენ) კი რკინის კბილანები მოცვეთილი აქვს, რაც ყინულზე არცთუ საიმედოა. ამიტომ, ჯერ ისინი ეშვებიან თოკით, შემდეგ კი ჯუმბერს კუზმინი ჩაჰყავს ზედა დაცვით. ნელ-ნელა სამივე პობედას კლდეებამდე ეშვება, მალე კი კლდის ბოლო შვერილზე იკრიბება – თოკით 10-12 მეტრიღაა ჩასასვლელი.

პირველი მეძმარიაშვილი დაეშვა, კუხიანიძემ კი ხელმტკივან კუზმინს დიულფერის (თოკზე ვერტიკალურად დაშვების ერთ-ერთი ხერხი რთულ მონაკვეთებში) გაკეთება შესთავაზა და კლდის შვერილზე მარყუჟის მორგების შემდეგ, ჯერ რუსი ალპინისტი შეუერთდა ჯუმბერს.

ახლა კუხოს ჯერია: ის ნელ-ნელა ჩადის, მეგობრები დასახმარებლად წამოდგნენ, მაგრამ უბედურებაც იქვეა – კუხიანიძე წყდება.

კვლავ კირილ კუზმინის მოგონებები: „მე და ჯუმბერი თოკის მოსახსნელად წამოვდექით, მაგრამ უცბად რაღაც ხდება: კუხო ყვირილით შორდება კლდეს, მომწყდარ თოკთან ერთად ციცაბო მყინვარზე მიგორავს და წამებში ფერდობს იქით უჩინარდება. ვფიქრობთ, რომ იქით, შესაძლოა, მოედანივით იყოს რამე და თეიმურაზს მივაგნოთ – ის ადგილი დაახლოებით ორას მეტრშია. ფერდობზე მარჯვნივ გასვლა გადავწყვიტეთ. საფეხურები კარგად კეთდება, მაგრამ თოვლის ფენა ნელ-ნელა თხელდება და ახლა უკვე ყინულის ჭრა გვიწევს...

ჯუმბერი წინ მიდის. მისი შეკელტონები საიმედო არაა და ვთავაზობ წინ გამიშვას. დუმილით მპასუხობს. ყველაფერი ნათელია: ის ჯგუფის ხელმძღვანელია და კუხიანიძის ახლო მეგობარი...

მივუახლოვდით იმ ადგილს, საიდანაც, ჩვენი აზრით, კუხო უნდა დავინახოთ. ჯუმბერი, რატომღაც, პირით დგება ფერდობისკენ და იმავ წამს ყინულზე ფეხი უცურდება, ფერდობზე ეცემა, ცდილობს წერაყინი მოიშველიოს და შეჩერდეს, მაგრამ ხელიდან უვარდება. ჯერ ნელ-ნელა, მერე კი უფრო სწრაფად მისრიალებს და... უჩინარდება. 400-მეტრიანი ციცაბო კულუარი თითქმის კილომეტრიანი ქარაფით მთავრდება მყინვარ ზვიოზდაჩკაზე...”

პობედამ ოცდამეექვსე და ოცდამეშვიდე მსხვერპლი მიითვალა...

ტრაგედიის ერთადერთი თვითმხილველი კირილ კუზმინი საბაზო ბანაკში გაჭირვებით ეშვება. მან ჯერ არ იცის, რომ იქიდან უბედურებას საქართველოს ნაკრების მეორე შემადგენლობა ბინოკულარით უყურებს. თეიმურაზ კუხიანიძის მოწყვეტიდან რამდენიმე წუთში პირველი დამხმარე ჯგუფი გადის გადარჩენილთა დასახმარებლად, პირველ საათზე კი მაშველებს მეორე ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ ხაზარაძე და ჯუმბერ კახიანიც უერთდებიან – ისინი მხოლოდ კუზმინთან შეხვედრის შემდეგ შეიტყობენ დაღუპულთა ვინაობას...

30 აგვისტოს მიხეილ ხერგიანი (უფროსი) და ჯოკია გუგავა მყინვარ ზვიოზდაჩკას ძირში ჯერ კუხოს ზურგჩანთას, მალე კი თეიმურაზ კუხიანიძის და ჯუმბერ მეძმარიაშვილის ცხედრებს პოულობენ, რომლებსაც ჯერ თოვლში, 2 სექტემბერს კი საბაზო ბანაკში ასვენებენ...

ექსპედიცია თბილისში 13 სექტემბერს დაბრუნდა. აეროპორტში მთამსვლელებს უამრავი ადამიანი დახვდა – ყველამ იცოდა წარუმატებლად და ტრაგიკულად დასრულებული ლაშქრობის შესახებ.

ეს იყო ჩვენი ბიჭების პირველი ტრაგედია უცხოეთის მთებში.

სამწუხაროდ, პირველი და არა უკანასკნელი.

 

შოთა მირიანაშვილი:

„1958 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირს ნეპალის მეფე მაჰენდრა ბირ ბიკრამ შაჰ დევი ესტუმრა. მეფის ვიზიტის განრიგში თბილისში სტუმრობა და კიროვის (ახლანდელი ვერის) პარკში განთავსებული ალიოშა ჯაფარიძის სახელობის ალპური კლუბის მონახულებაც შევიდა. ჩვენი სტუმარი და მისი ამალა კლუბით აღფრთოვანდა: ქართველ მთამსვლელთა უამრავი ფოტოს გარდა, ცალკე სტენდი ევერესტზე პირველამსვლელებს ეთმობოდა – 1953 წელს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ინგლისელთა ექსპედიციის წევრებმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპმა თენსინგ ნორგეიმ დაიპყრეს...

გამოცდილმა მთამსვლელმა ოთარ გიგინეიშვილმა, ვინც მაშინ მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ქართველ სპორტსმენთა სახელით ნეპალის მეფეს ევერესტზე ასვლის უფლება სთხოვა, მან კი, ვინც იმხანად პირადად გასცემდა ამ ნებართვას, განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები მისი პირადი სტუმარი იქნებოდა 1959 წლის სეზონში. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს ალპინიზმის ფედერაციის თავმჯდომარემ, ბატონმა ნიკო კეცხოველმა ნეპალის მეფისგან წერილობითი დასტური ითხოვა, თუმცა სტუმართა დელეგაციამ განაცხადა, რომ: „მეფის სიტყვას ქაღალდზე გადატანა არ სჭირდება”.

მალე ნეპალის მეფის მოწვევაც მოვიდა. ჩვენმა ფედერაციამ გადაწყვიტა ნაკრებს სსრკ-ის 1958 წლის ჩემპიონატში გამოსვლაზე უარი ეთქვა და მთელი წელი ევერესტის ექსპედიციის სამზადისისთვის დაეთმო. შეკრების გასავლელად პამირის მთიანეთი შეირჩა, მთავარ მიზნად კი ლენინის პიკზე (7134მ) დიდი საუკ-დარის მყინვარის მხრიდან ასვლა დავისახეთ. შუა აზიაში მე, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, ლევან და ზურაბ ახვლედიანები, ოთარ და რევაზ ხაზარაძეები, თეიმურაზ კუხიანიძე, ომარ ბერაძე, შოთა ჩართოლანი, პირიბე გვარლიანი, ნოდარ ნადირაშვილი, სოლიკო ხაბეიშვილი და ილია ყავლაშვილი გავემგზავრეთ.

მოსკოვში ჩვენი აქტიურობა, ცხადია, არ მოიწონეს: რუსებმა ჩინელებთან გააბეს მოლაპარაკება. საბოლოოდ გადაწყდა, რომ 1959 წელს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალს საბჭოთა კავშირის და ჩინეთის გაერთიანებული ნაკრებიც შეუტევდა ტიბეტის მხრიდან. პამირში ჩასულებს არც გაგვკვირვებია, რომ ისინიც იქ ემზადებოდნენ. სხვათა შორის, იმ გუნდში ვარჯიშობდნენ მიხეილ ხერგიანი (უფროსი) და იოსებ კახიანი, რომლებიც მაშინ ყაბარდო-ბალყარეთში ცხოვრობდნენ, თუმცა გადაწყვეტილი იყო, რომ ევერესტს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შეუტევდნენ”.

 

...1958 წელს ჩინეთ-ინდოეთის კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, საბჭოთა კავშირმა კი ინდოეთის მხარე დაიჭირა. ევერესტზე ოცნებას სსრკ-ის ნაკრები გამოეთხოვა – ჩინელებმა ექსპედიციაზე უარი თქვეს. ბუნებრივია, მოსკოვმა ნეპალში წასვლის უფლება არც ქართველთა გუნდს დართო.

საოცნებო ლაშქრობის ნაცვლად, საქართველოს ნაკრები 1959 წელს თითქმის იმავე შემადგენლობით ცენტრალურ ტიან-შანს ესტუმრა – დაგეგმილი იყო მწვერვალ პობედას დაპყრობა ახალი, დასავლეთის მარშრუტით. იმ დროს ეს იყო ყველაზე რთული სასიმაღლო ასვლა საბჭოთა კავშირში.

 

შოთა მირიანაშვილი:

„იმ წელს პობედას დალაშქვრას ჩრდილოეთის მხრიდან საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სპორტული კლუბის ნაკრებიც ცდილობდა...

ჩვენ სრულად გავიარეთ მოსამზადებელი ეტაპი, 5800 და 6400 მეტრზე საშუალედო ბანაკებიც მოვაწყვეთ, ავიტანეთ აღჭურვილობა და პროდუქტები და იერიშისთვის მოსამზადებლად საბაზო ბანაკში დავბრუნდით. იმავე საღამოს მივიღეთ რადიოგრამა – სამხედროები 8-10 კაცით დახმარებას გვთხოვდნენ. ვიფიქრეთ, რომ საშიში არაფერი იყო და მცირედი აღჭურვილობით მხოლოდ 10 მთამსვლელი გავუშვით, რეალურად კი სიტუაცია კატასტროფული იყო: ისინი 6900 მეტრზე გაიჭედნენ – ვერც ზევით იწევდნენ და ვერც ეშვებოდნენ! ეს მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც სპორტული კლუბის ნაკრების რამდენიმე წევრმა საშველად გასული ჯუმბერ მეძმარიაშვილის წერილი მოგვიტანა – ჯუმბერი საკვების და აღჭურვილობის სამხედროებისთვის მიშველებას ითხოვდა. ჩვენ სრული შემადგენლობით გავყევით. სამაშველო სამუშაოები თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა – მხოლოდ სამი ალპინისტი ვერ გადავარჩინეთ...”

სამხედროთა ტრაგედიის შემდეგ საკავშირო ფედერაციამ რეგიონში სპორტული ასვლები აკრძალა.

1961 წელს საქართველოში სასიმაღლო ასვლების ხელმძღვანელად ოთარ გიგინეიშვილი დაბრუნდა, რომელსაც არ სურდა ტიან-შანში ლაშქრობა. ყველაფერი გასაგები იყო: იმჟამად პობედას ძალიან ცუდი სახელი ჰქონდა – ცვალებადი ამინდის გარდა, იმ მწვერვალებს მიეკუთვნებოდა, რომელზეც ამსვლელთა რაოდენობა დაღუპულთა რიცხვზე გაცილებით ნაკლები იყო.

თბილისელი მთამსვლელების დაჟინებული მოთხოვნით, ექსპედიციის მოწყობა მაინც ტიან-შანში გადაწყდა.

 

შოთა მირიანაშვილი:

„ოთარი მართალი იყო, როცა თბილისიდან, ქუთაისიდან, მესტიიდან და ლენტეხიდან საუკეთესონი მიიწვია, მაგრამ გუნდური პრინციპის კუთხით, ასეთ მიდგომას ნაკლიც აქვს, რამაც იჩინა კიდეც თავი.

მან მწვრთნელებად ჯუმბერ მეძმარიაშვილი და ლევან ახვლედიანი დანიშნა. გუნდი თბილისშივე უნდა დაკომპლექტებულიყო. ოთარის გადაწყვეტილებამ არ გაამართლა – მწვრთნელები შემადგენლობაზე ვერ თანხმდებოდნენ და პრობლემაც ექსპედიციის გასვლამდე ვერ გადაიჭრა. გაურკვევლობის გამო ტიან-შანში გამგზავრება ვიუარე და ტექნიკური ასვლების კლასში სსრკ-ის ჩემპიონატში მონაწილეობა ვარჩიე – ჩვენი ნაკრების კაპიტანი ვიყავი...”

ტიან-შანში გამგზავრებულ ქართველთა გუნდს ბოლო მომენტში დაემატა კირილ კუზმინი, ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელი. 1960 წლის სეზონში 30-კაციანმა ჯგუფმა მისი ხელმძღვანელობით ერთი წლით ადრე პობედაზე დაღუპული სამხედროების ცხედრების ჩამოსვენება სცადა, თუმცა ექსპედიცია ტრაგედიით დასრულდა – 5300 მეტრ სიმაღლეზე ზვავში მოყვა და დაიღუპა 11 წევრი. კუზმინმა, საქართველოს ნაკრების შესახებ რომ შეიტყო, პირადად სთხოვა ოთარ გიგინეიშვილს გუნდში ჩართვა.

საწყისი გეგმით პობედაზე ერთდროულად ორი ჯგუფი უნდა გასულიყო.

პირველი ძიკის მყინვარიდან უნდა ასულიყო უსახელო მწვერვალზე (6919მ) და შემდეგ პობედა დაეპყრო (1959 წლის მარშრუტი). მეორე ჯგუფის მიზანი იყო ჩონტორენის უღელტეხილიდან აღმოსავლეთ პობედაზე ასვლა და შემდეგ მთელი პობედას მასივის ტრავერსი (მრავალმწვერვალიან მთათა სისტემაზე მწვერვალიდან მწვერვალზე დაუშვებლად გადასვლა).

ორივე მარშრუტს სათანადო მომზადება სჭირდებოდა და, სულ ცოტა, 6000 და 6500 მეტრის ფარგლებში შუალედური ბანაკების მოწყობა. სხვადასხვა მიზეზთა გამო მეორე მარშრუტის მომზადება ვერ მოხერხდა – ჩონტორენიდან პობედას ტრავერსი გამოირიცხა და დარჩა მხოლოდ პირველი გზა.

ხელმძღვანელობამ დარჩენილ ერთადერთ მარშრუტზე ორი ჯგუფის გაშვება გადაწყვიტა: პირველს უსახელო მწვერვალზე ასვლის შემდეგ უნდა განეხორციელებინა პობედას მასივის სრული ტრავერსი, მეორეს კი მხოლოდ პობედაზე ასვლა.

13 აგვისტოს, საბაზო ბანაკში გატარებული ორი კვირის და ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარების შემდეგ, მთელი შემადგენლობა იკრიბება ჯგუფების დასადგენად. კვლავ გათიშულობა და ქიშპი: მეძმარიაშვილი და ახვლედიანი ისევ ვერ თანხმდებიან. ვერც მეორე დღეს გადაწყდა პრობლემა და მხოლოდ 15 აგვისტოს, ოთარ გიგინეიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დადგინდა ჯგუფების შემადგენლობა: პირველი – ჯუმბერ მეძმარიაშვილი (ხელმძღვანელი), კირილ კუზმინი, თეიმურაზ კუხიანიძე, ილია გაბლიანი, მიხეილ ხერგიანი (უფროსი), მიხეილ ხერგიანი (კადერბეიჩი). მეორე – ოთარ ხაზარაძე (ხელმძღვანელი), რეზო ხაზარაძე, ზურაბ ახვლედიანი, ომარ ბერაძე, დიმიტრი დანგაძე, ჯუმბერ კახიანი.

შოთა მირიანაშვილი:

„თავდაპირველად კადერბეიჩი პირველ ჯგუფში ვერ მოხვდა, მაგრამ უფროსი ხერგიანის დაჟინებული თხოვნის შემდეგ ოთარმა გადაწყვეტილება შეცვალა და ჯგუფში ისიც ჩართო. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო: უმცროს ხერგიანს, კავკასიონზე ნაჩვენები მაღალი შედეგების მიუხედავად, სათანადო სასიმაღლო გამოცდილება არ გააჩნდა და არავინ იცოდა, როგორ აიტანდა ასეთ სიმაღლეს...”

 

გადაწყდა: ჯგუფები გავიდოდნენ ერთი დღის ინტერვალით – პირველი 18 აგვისტოს, მეორე – 19-ში. ერთმანეთში და საბაზო ბანაკთან კავშირი მაშხალების დახმარებით უნდა განეხორციელებინათ. ექსპედიციამ თბილისიდან რადიოგადამცემებიც წაიღო, თუმცა ყველა მათგანი მალევე გამოვიდა მწყობრიდან, გაიყინა.

23 აგვისტოს პირველი ჯგუფი უსახელო მწვერვალზე – 6918 მ – ავიდა და ვაჟა-ფშაველას დაბადების საუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად, მისი სახელი უწოდა, შემდეგ კი სვლა პობედასკენ განაგრძო.

25 აგვისტოს, ქარბუქის და მწვერვალზე ასვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ექვსეული მორიგ იერიშს იწყებს, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ კადერბეიჩს ძალა გამოელია: ბარბაცებს, ხშირად ეყრდნობა წერაყინს, მძიმედ სუნთქავს, თითოეული ნაბიჯის გადადგმა უჭირს... ბოლოს თოვლში ჩამჯდარი ამბობს, რომ სიარული აღარ შეუძლია.

საგანგებო თათბირზე ერთადერთ ვარიანტს განიხილავენ: კადერბეიჩს კარავში თბილად აწვენენ, ადიან მწვერვალზე, უარს ამბობენ ტრავერსზე და დაბრუნებისას თან მიჰყავთ მეგობარი.

უფროსი მიშა უარზეა – ამბობს, რომ ვერ მიატოვებს ბიძაშვილს და მასთან ერთად ეშვება.

მეძმარიაშვილი, კუზმინი, კუხიანიძე და გაბლიანი ზურგჩანთებს ქედზე ტოვებენ, მწვერვალისკენ სვლას აგრძელებენ და მალე პობედაზეც ადიან.

შოთა მირიანაშვილი:

„პობედას მწვერვალი სამკილომეტრიანი თხემია და სათქმელად რთულია, რომელი წერტილია უმაღლესი. საბჭოთა ალპინისტურ წრეებში ფიქრობდნენ, რომ პირველდამპყრობმა ვიტალი აბალაკოვმა პობედა ვერ დალაშქრა. კუზმინმა ჯუმბერს შესთავაზა, ქედის იქეთ გადავიდეთ და აბალაკოვის წერილი მოვძებნოთო... ჩემი აზრით, ეს უდიდესი შეცდომა იყო, რამაც გამოიწვია კიდეც ტრაგედია! მათ კუხიანიძეს და გაბლიანს დაშვება შესთავაზეს, მით უმეტეს, რომ ზურგჩანთები და საძილე ტომრები თან არ ჰქონდათ. მეძმარიაშვილი და კუზმინი წავიდნენ, მაგრამ კუხომ და ილიამ, იმის შიშით, რომ მეგობრებს დახმარება დასჭირდებოდათ, დაშვება გადაიფიქრეს. ჯუმბერმა და კირილმა მწვერვალზე აბალაკოვის აგებული ქვის ტური იხილეს, მკვეთრად გაუარესებული ამინდის გამო წერილი აღარ გახსნეს, მობრუნდნენ, მაგრამ მალე მოწყდნენ და დაახლოებით 150 მეტრი „იფრინეს”. სასწაულით გადარჩნენ...”

 

ისევ „დამარცხებული მწვერვალები”: „მოწყვეტის შემდეგ ქედზე ასვლის თავი აღარ გვქონდა, გზა გვერდზე გავჭერით და ადგილი, სადაც თურმე კუხიანიძე და გაბლიანი გველოდნენ, ზემოთ მოვიტოვეთ. მე და ჯუმბერი დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ისინი კარავში დაგვხვდებოდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ მათი ზურგჩანთები ხელუხლებლად იდო. ბევრი ვიყვირეთ, მაგრამ ხმა ვერავის გავაგონეთ. კარავი არც გაგვიშლია – პირდაპირ საძილე ტომრებში ჩავწექით...”

დილით კუხიანიძე და გაბლიანი, რომლებმაც წინა ღამე პობედას წვერზე საძილე ტომრების და კარვის გარეშე გაათენეს, მეძმარიაშვილს და კუზმინს უერთდებიან.

მეორე დილით, 27 აგვისტოს, ძალიან დასუსტებული ილია გაბლიანი, ვისაც ჯუმბერი შეკლტონების ჩაცმაში დაეხმარა, კარვის წინ, მზეზე გასათბობად ჩამოჯდა და...

1962 წელს პამირში მოეწყო ექსპედიცია, რომლის მთავარი ამოცანა პობედადან გაბლიანის ჩამოსასვენებლად გუნდის მომზადება იყო. სამწუხაროდ, მიზანი ვერ შესრულდა, მეტიც, ორი ალპინისტი დაიღუპა – დარსაძე და ჩაქსელიანი ნაპრალში ჩავარდნენ და დროულად ვერ ამოიყვანეს.

1966 წელს ჩვენი ნაკრები იმავე მიზნით კვლავ ეწვია ტიან-შანს, მაგრამ უამინდობის გამო არათუ ცხედრის მოძიება, ვაჟა-ფშაველაზე ასვლაც არ მოხერხდა.

ამ ამბების შემდეგ ილია გაბლიანის სამშობლოში გადმოსვენების სურვილი არაერთხელ გამოითქვა, მაგრამ სიტყვა საქმედ ერთხელაც ვერ იქცა.

ამასობაში, არც მეტი, არც ნაკლები, ნახევარი საუკუნე გავიდა.

 

კომენტარები