მრეწველობა

რას გვიქადის მესამე სამრეწველო რევოლუცია

რამდენიმე ათეული წლის წინ, ადამიანებს ამჟამინდელი მსოფლიოს სურათი, ნამდვილ ტექნოლოგიურ საგიჟეთად მოეჩვენებოდათ. ცოტა მათგანი თუ წარმოიდგენდა, რომ სულ მალე, მაგალითად, მძღოლის გარეშე მოარული მანქანები, რეალობად იქცეოდა. ახლა ამ საკითხზე კომპანია Google-ი მუშაობს და წარმატებებსაც აღწევს. რა თქმა უნდა, ეს მთლიანი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია. უფრო სწრაფი, იაფი და მუდმივად გაუმჯობესებადი პროგრამები, მანქანებს იმ დატვირთვას სძენს, რაც ადრე ექსკლუზიურად ადამიანებს მიეწერებოდათ – იქნება ეს საუბრის ამოცნობა-გაშიფვრა, თარგმნა თუ სხვა. ავტომატიზაცია მხოლოდ ქარხნებისა და მრეწველობის გარდაუვალი ბედი აღარ არის. ის მომსახურების სფეროებშიც მყარად იკიდებს ფეხს – ცხელი ხაზის ცენტრებში, მარკეტინგსა თუ გაყიდვებში. ეს სფეროები კი ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. ცვლილებები თითოეული ჩვენგანის ცხოვრების იმ მიზანს ეხება, რომელიც, როგორც წესი, ყველას გვაქვს – დასაქმების ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნას.

1995 წელს ამერიკელმა ეკონომისტმა, ჯერემი რიფკინმა, ერთი ასეთი წიგნი გამოაქვეყნა: „სამუშაოს დასასრული”. ავტორი ამტკიცებდა, რომ ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, მსოფლიოში უმუშევრობის დონე სულ უფრო გაიზრდება – ინფორმაციული ტექნოლოგიები ჩაყლაპავს ათობით მილიონ საწარმო, სასოფლო-სამეურნეო და მომსახურების სექტორის სამუშაო ადგილებს. სულ უფრო ცოტა მუშახელი იქნება საჭირო მოთხოვნადი პროდუქტისა და სერვისის საწარმოებლად. საბოლოოდ, ტექნოლოგიური პროგრესი ცივილიზიაციას სამუშაო ადგილებისგან დაცლილ მსოფლიომდე მიიყვანს: მაღალტექნოლოგიური სამყაროსგან სარგებელს მცირერიცხოვანი ელიტა მიიღებს, საშუალო ფენა კი უსაშველოდ შემცირდება.

ტექნოლოგიური პროგრესის მიერ გამოწვეულ თანამედროვე შიშს ძველი, სულ მცირე, ორი საუკუნის წინანდელი ვერსიებიც აქვს. ეკონომისტები „ტექნოლოგიურ უმუშევრობას” ჯერ კიდევ ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისში, მე-18 საუკუნეში განიხილავდნენ. მუშახელი კი უფრთხოდა მას.

ამის რადიკალური მაგალითია ლუდიტები – მე-19 საუკუნის დასაწყისის ინგლისში, ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში, მუშახელის მიერ შექმნილი სოციალური მოძრაობა. საკუთარი იდეური მამის, ნედ ლუდის მსგავსად, მისი წევრებიც სტიქიური აჯანყებებითა და საქსოვი დაზგების თუ სხვა მანქანების განადგურებით იყვნენ დაკავებული. მთავარი მამოძრავებელი მოტივი შიში იყო – ლუდიტების აზრით, ინდუსტრიული რევოლუციის მიერ მოტანილი ცვლილებები, მათ საარსებო წყაროს, სამუშაო ადგილებს ემუქრებოდა. დღეისთვის ტერმინით „ლუდიტი” ინდუსტრიალიზაციის, ავტომატიზაციისა და კომპიუტერიზაციის, მოკლედ, ახალი ტექნოლოგიების მოწინააღმდეგეებს მოიხსენიებენ.

მომდევნო საუკუნეების მანძილზეც ბევრი ღელავდა, რომ მანქანები ადამიანებზე ძალაუფლებას მოიპოვებდნენ. 1930 წელს ეკონომისტი ჯონ კეინსი საზოგადოებას „ახალი დაავადების” შესახებ აფრთხილებდა, რომელსაც „ტექნოლოგიურ უმუშევრობად” მოიხსენიებდა. იგულისხმებოდა ეკონომიკის უძლურება – შექმნას ახალი სამუშაო ადგილები იმავე სისწრაფით, როგორც ავტომატიზაცია აქრობს მათ.

ამ ნარატივის მიმდევრები თვლიან, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები სამუშაო ადგილების შემცირებას ან, საერთოდ, გაქრობას იწვევს: დასაქმებულებს მანქანები ანაცვლებს, ან სამუშაოს იმდენად ამარტივებს, რომ ანალოგიური შედეგის მისაღებად ბევრად ნაკლები მუშახელი ხდება საჭირო. ადამიანები ეძებენ სამუშაო ადგილებს, მაგრამ არ არიან სათანადო უნარებით აღჭურვილნი და მომზადებულნი, რომ დასაქმების ბაზარზე არსებული შესაძლებლობები გამოიყენონ. ასეთ დროს, შესაძლოა, სამუშაო ადგილების და უმუშევრების რაოდენობა ერთმანეთს ემთხვეოდეს კიდეც, მაგრამ ეს უკანასკნელნი მათ ასათვისებლად საკმარისად კვალიფიციურნი არ იყვნენ.

ამის საპირისპიროდ, ეკონომისტთა სხვა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროდუქტიულობის ზრდა კარგია – მაშინაც კი, თუ ეს მოკლევადიან პერიოდში დასაქმებულების ხელახალ გადანაწილებას იწვევს. შედეგიანობის ამაღლება პროდუქტზე ფასების დაცემას და მოთხოვნის ზრდას იწვევს. ჯამში, ამას მეტი მუშახელის დაქირავება და ეკონომიკის ზრდა მოჰყვება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკა სამუშაო ადგილებისგან არასოდეს იცლება. პირიქით, ძველის გაქრობასთან ერთად, ახალი სამუშაო ადგილები ჩნდება და კეთილდღეობის საშუალო მაჩვენებელი იზრდება.

ტექნოლოგიურ უმუშევრობაზე საუბარი დასავლეთ სამყაროში კვლავ განსაკუთრებით 1980-იანი წლებიდან გააქტიურდა. მაშინ აშშ-ში უმუშევრობის დონის ზრდა დაიწყო.

ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის განვითარებამ, ცვლილებებმა სასოფლო-სამეურნეო და მანუფაქტურულ წარმოებაში, საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე მართლაც დიდი გავლენა იქონია. შესაბამისად, ეს სამუშაოს ტიპზეც აისახა. თუ ისტორიას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ლუდიტური შიშები არ გამართლდა.

თავის დროზე, ტრაქტორების გამოჩენამ, ქარხნების ავტომატიზაციამ ადამიანის ფიზიკურ ძალაზე მოთხოვნა შეამცირა. სამაგიეროდ, მოთხოვნა გაიზარდა კითხვის მცოდნეებზე, მათზე, ვისაც ინსტრუქციების მიყოლა შეეძლო. სამუშაომ ქალაქებში გადაინაცვლა – სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემის განვითარების კვალდაკვალ, ბიზნესებს სულ უფრო მეტი სატელეფონო ოპერატორი თუ კლერკი სჭირდებოდა. შეიძლება ითქვას, ევოლუციის პროცესმა მუშახელთა ერი კლერკების საზოგადოებით ჩაანაცვლა.

აღმოჩნდა, რომ პირველი ინდუსტრიული რევოლუციის დროს სამუშაო ძალის გადანაცვლება მიწათმოქმედებიდან ქარხნებში, მიწათმოქმედების დასასრულს არ მოასწავებდა. ამას არც მასობრივი უმუშევრობა მოჰყოლია. არც მეორე ინდუსტრიული რევოლუცია ნიშნავდა წარმოების დასამარებას. ნაკლები სამუშაო ძალით პროდუქტიულობის ზრდას მასობრივი უმუშევრობა არ გამოუწვევია.

რა ხდება დღეს? თანამედროვე ეპოქას მესამე ინდუსტრიულ რევოლუციადაც აფასებენ. მთავარი, რაც მას წინა ინდუსტრიული რევოლუციებისგან განასხვავებს, ისაა, რომ ტექნოლოგიები არა მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დაფუძნებულ სამუშაოს ანაცვლებენ. დაზღვეულნი არც რაიმე პროფესიის მფლობელები არიან. მაგალითად, წლის დასაწყისში, ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერული სისტემა Watson-ი ცნობილ ამერიკულ ვიქტორინაში – Jeopardy – ადამიანების წინააღმდეგ გამოსცადეს. IBM-ის კორპორაციის მიერ შექმნილმა სუპერკომპიუტერმა ვიქტორინის მონაწილე ცნობილი, რეკორდსმენი ადამიანები დაამარცხა. გასაკვირი არ იქნება, თუ ასეთი შესაძლებლობების მქონე მანქანას, ვთქვათ, იურიდიული საქმეების შესწავლას მიანდობენ – გარკვეულ დონეზე მაინც.

თანამედროვეობის კიდეც ერთი მახასიათებელი და, რიგ შემთხვევაში, გამოწვევა, ბიზნესებისა და სამუშაო ადგილების ქვეყნიდან სხვა ტერიტორიაზე გადატანა – აუთსორსინგია. ეკონომისტების პროგნოზით, ეს პროცესი ახლო მომავალში იმდენად მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, რომ არსებულ ბაზარზე თვისებრივ ცვლილებებს გამოიწვევს: შეუქცევადი გახდება მდიდარი ქვეყნებიდან ე.წ. არაპერსონალური მომსახურებების მიგრაცია. ამის წინაპირობა ტექნოლოგიების მუდმივი განახლება და გლობალური კომუნიკაციების განვითარებაა.

შესაბამისად, ისეთი სამსახურები, რომელთა ქვეყნიდან მიგრაცია შესაძლებელია, აშშ-დან ან სხვა მდიდარი ქვეყნებიდან სრულიად არ გაქრება, თუმცა სამუშაო ძალის საჭიროება მნიშვნელოვნად შემცირდება. ითვლება, რომ ეს პროცესი არაპერსონალურ მომსახურებებს „ემუქრება”. თუმცა, ვარაუდობენ იმასაც, რომ დროთა განმავლობაში განსხვავება პერსონალურსა (რომელიც პირისპირ ურთიერთობას ან ადგილზე ყოფნას საჭიროებს) და არაპერსონალურ მომსახურებას შორის, სულ უფრო შემცირდება. აუთსორსინგს დაექვემდებარება ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია ელექტრონული გზით დიდ მანძილებზე – ისე, რომ ამან მომსახურების ხარისხზე უმნიშვნელოდ, ან საერთოდ არ იმოქმედოს. კვლევების მიხედვით, აშშ-ის სამუშაო ადგილების 11% პოტენციურად ქვეყნიდან გადატანას ექვემდებარება. მათ შორის ისეთები, რომლებიც ოდესღაც პერსონლურ მომსახურებად განიხილებოდა. მაგალითად, უკვე არსებობს დისტანციური სამედიცინო მომსახურების პრაქტიკა (რომ აღარაფერი ვთქვათ ლაბორატორიებზე, რომლებიც “ნაპირის გაღმა” მდებარეობენ) – ზოგიერთი ქირურგიული ოპერაცია დისტანციურად, რობოტების მიერ კეთდება. მათ ექიმები ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის მეშვეობით აკონტროლებენ.

ეკონომისტთა აზრით, მესამე ინდუსტრიული ეპოქა საზოგადოებას მნიშვნელოვნად გარდაქმნის. თუმცა, ეს არც კატასტროფად უნდა აღვიქვათ და არც ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებას ვეცადოთ – წინა შემთხვევების მსგავსად, სამუშაო ადგილების გაქრობა არ მოჰყვება. პირიქით: ასე კომპანიები დანახარჯებს ამცირებენ. მათ შორის კონკურენცია მომხმარებელს თანხის დაზოგვის საშუალებას აძლევს. დაზოგილი თანხა კი სხვა მომსახურებაზე აჩენს მოთხოვნას. ხელოვნური ბარიერები, როგორც წესი, მოიხსნება – წარმოუდგენელია, ვთქვათ, ელექტრონული ვაჭრობის შეჩერება. ამრიგად, შესაძლოა, მომავალში ნაკლები მბეჭდავი, რენტგენოლოგი, ადვოკატი და ა.შ. იყოს საჭირო, მაგრამ ბაზარი, როგორც წინა შემთხვევებში, თავად მოახერხებს ამ გამოწვევის დაძლევას.

ზოგადად, დასაქმების პრობლემას ეკონომისტები სხვადასხვაგვარად ხედავენ. კეინსიანური ნარატივის მიმდევრები თვლიან, რომ დასაქმების პრობლემები სახელმწიფოს უნიათობის ბრალია, გამოსავალი კი შრომის ბაზარზე ჩარევაა – მდგომარეობას მონეტარული და ფისკალური სტიმულების გამოყენებით ეშველება. ამ აზრის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ბიზნესები რეგულაციის წნეხის ქვეშ არიან და გამოსავალი სახელმწიფოს განზე გადგომაა.

ცოტა ხნის წინ ერიკ ბრინჯოლფსონმა და ანდრეუ მაკაფმა გამოაქვეყნეს e-წიგნი „შეჯიბრი მანქანასთან”, რომელიც ვითარების სხვა კუთხეს აღწერს. ავტორთა აზრით, დასავლეთში, კერძოდ კი აშშ-ში, პრობლემის საფუძველია არა დიდი რეცესია ან სტაგნაცია, არამედ ის, რომ საზოგადოება დიდი რეკონსტრუქციის ადრეულ, მტკივნეულ პერიოდში იმყოფება.

ავტორების აზრით, რეცესიის დროს დაკარგული სამუშაო ადგილები, დიდი ალბათობით, აღარც დაბრუნდება. მანქანების უნარები კი მხოლოდ გაუმჯობესდება. მიუხედავად ამისა, თავს „ციფრულ ოპტიმისტებს” უწოდებენ: ინფორმაციული ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ჩვენი ცხოვრების ხარისხს – ადამიანებსა და ეკონომიკებს უფრო პროდუქტიულად და ეფექტურად აქცევენ. ტექნოლოგიები ხელს უწყობს თანამშრომლობასა და კრეატიულობას – მათი დახმარებით უკეთეს გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ხოლო ორგანიზაციები ნაკლები ადამიანური რესურსით მეტი სამუშაოს ასრულებენ.

თანაც, კომპიუტერები, რაც უნდა იყოს, ზუსტი „გონების” მქონენი არიან. ისინი შესანიშნავად ასრულებენ კონკრეტულ ამოცანას, მაგრამ ნაკლებად გამოდგებიან, როცა საქმე ინტუიციასა და შემოქმედებითობაზე მიდგება. ავტორები ასკვნიან, რომ „მედიცინაში, სამართალში, ფინანსებში, გაყიდვებში, წარმოებასა და მეცნიერულ აღმოჩენებშიც კი, ამ შეჯიბრის მოგების გასაღებია არა მანქანების წინააღმდეგ კონკურენცია, არამედ კონკურენცია მანქანებთან ერთად”.

ამის საუკეთესო მაგალითია Amazon-ი და Ebay. ისინი ასიათასობით ადამიანს თანხის ინდივიდუალურად გამომუშავების საშუალებას აძლევენ, გამომცემლობისა თუ სხვა ორგანიზაციების გვერდის ავლით.

ასეა თუ ისე, პროცესები უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს. უმუშევრობის მაღალი დონე აქტუალური პრობლემაა. მაგალითად, აშშ-ში 2007 წელს დაწყებული რეცესია, ოფიციალურად, 2009 წელს დასრულდა. თუმცა, უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ 9%-ზე მაღალი რჩება. საშუალო ფენის სამუშაო ადგილების რაოდენობა კი იკლებს.

უმუშევრობა საქართველოშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლისთვის უმუშევრობის მაჩვენებელი 16,3%-ს აღწევდა. NDI-ს უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების 65% ქვეყნის მთავარ გამოწვევად სწორედ სამუშაო ადგილების გაზრდას ასახელებს. შესაბამისად, პოლიტიკოსთა რიტორიკაშიც ეს საკითხი ფიგურირებს. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას უმუშევრობის შესამცირებლად დაუსაქმებელთა ცენტრის შექმნისკენაც მოუწოდებს. ცენტრის, სადაც უმუშევარი ადამიანები დარეგისტრირდებიან და სახელმწიფო გაარკვევს, რომელ პროფესიებს სჭირდებათ ხელშეწყობა დასაქმების ბაზარზე. ეს მაშინ, როცა მსგავსი ორგანო – დასაქმების სახელმწიფო სააგენტო – რამდენიმე წლის წინ გაუქმდა. სხვა მსგავსი ორგანოების მსგავსად, ეს უკანასკნელიც უფუნქციო იყო და მხოლოდ სახელმწიფო ბიუროკრატიას ზრდიდა. ის, ქმედითობის შემთხვევაშიც, დასაქმების ბაზარზე ხელოვნურ ბარიერებს გააჩენდა.

საქართველოში უმუშევრობის შედარებით მაღალ მაჩვენებელს სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. თუ ჩვენს თემას დავუბრუნდებით, შესაძლოა, მასობრივი დასაქმების შემქმნელი საწარმოების არარსებობა, ნაწილობრივ, ტექნოლოგიური განვითარებით და მუშახელზე დაბალი მოთხოვნით ავხსნათ. გამომდინარე იქიდან, რომ საინფორმაციო-ტექნოლოგიური სფერო საქართველოში ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი არც მომავალში იარსებებს.

გამოსავალი, ჩვენს შემთხვევაში, სამუშაო ადგილების მოზიდვაა. იმავე მეთოდით, რითაც ინვესტიციებს ვიზიდავთ – უცხოელი ინვესტორებისთვის მაღალგანვითარებული სახელმწიფოები ინვესტირებისთვის მიმზიდველი არ არის, რადგან იქ ბევრი რეგულაცია და მაღალი გადასახადებია. შესაბამისად, ინვესტიციები იქ მიედინება, სადაც ნაკლები რეგულაცია და გადასახადები აქვთ.

საქართველო, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ბიზნესის აუთსორსინგის თვალსაზრისით, ვერასოდეს გახდება ისეთი ქვეყნების კონკურენტი, როგორიც, მაგალითად, ინდოეთი ან ჩინეთია. უმუშევრობის დონის შესამცირებლად, სახელმწიფომ ერთადერთი რამ უნდა გააკეთოს. ეს არც დასაქმების ცენტრების შექმნაა, არც უმუშევრობის დაზღვევაზე ან შრომის კოდექსის გართულებაზე ფიქრი. მთავრობამ თავისუფალ კონკურენციას ხელი არ უნდა შეუშალოს. ისეთი მოქმედებები, როგორიცაა, მაგალითად, განათლების სამინისტროს მიერ მუსიკოსის, მუშის, მასაჟისტის და სხვა მრავალი პროფესიული სტანდარტის დაწესება, ამას მხოლოდ აფერხებს. პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიულ მიზნად, ოფიციალურად, ბიუროკრატები შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული ახალი პროფესიული განათლების სისტემის შექმნას ასახელებენ. თუმცა, ცხადია, რომ მსგავსი მოქმედებები, შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას, მხოლოდ ბარიერებს უქმნის.

უკანასკნელმა ორმა საუკუნემ აჩვენა, რომ შრომის პროდუქტიულობის ზრდას სამუშაო ადგილებისგან სრულიად დაცლილ მსოფლიომდე არ მივუყვანივართ. ლუდიტური შიში არ გამართლდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს თითოეული ჩვენგანი სამუშაო ადგილის, ან მისი პერსპექტივის გარეშე იქნებოდა. რობოტებმა, შესაძლოა, ცხოვრება გაამარტივეს, მაგრამ, როგორც ასეთი, ადამიანი არ ჩაუნაცვლებიათ. პირიქით – ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები კიდევ უფრო ღირებული ხდება. სავარაუდოდ, მომავალში კრეატიულობა კიდევ მეტად დაფასდება. ადამიანები, რომლებსაც საკუთარ თავზე მუშაობა შეუძლიათ და შემეცნების უნარიც აქვთ, ამ უპირატესობას მეტად გააღრმავებენ. დღეს კომპანიები ასეთ ადამიანებზე „ნადირობენ” – ამ პროცესს „ტალანტების ომსაც” უწოდებენ. ხოლო წარმოსახვის და შესწავლის, ადაპტაციის, იმპროვიზების უნარების, გრძნობებისა და ინტუიციის, სპონტანურად მოქმედების შეცვლა მანქანას გაუჭირდება.

კომენტარები