ღვინო

საუკეთესო ღვინოები საახალწლოდ

ცქრიალა ღვინოები

ბაგრატიონი, Finest, ბრუტი, 2007
ეს ქართული ცქრიალა ღვინო ქართლში დაკრეფილი ჩინურის ყურძნიდანაა დაყენებული ტრადიციული, ბოთლური მეთოდით. ხასიათდება სასიამოვნო ცქრიალით. სურნელებში წამყვანი ლიმონის ვაფლისა და მოხარშული კრემის ტონებია, გამოირჩევა ხალისითა და მსუსხავი მჟავიანობით. კარგია აპერიტივზე, ასევე კარგი მისაყოლებელი იქნება თევზის ღვეზელთან. თავის დროზე, ღვინის კლუბის მიერ მოწყობილ ცქრიალა ღვინოების დეგუსტაციაზე ამ ღვინომ პირველი ადგილი დაიკავა კატეგორიაში – ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინოები.

ხარება, ცქრიალა ნახევრადმშრალი, 2008
ეს ღვინო, ჩემი აზრით, საუკეთესოა ნახევრადმშრალ ქართულ ცქრიალა ღვინოებს შორის. ხარებას ნახევრადმშრალი ღვინო ტრადიციული ბოთლური მეთოდითაა დამზადებული. ძალიან ეფექტური გარეგნობა აქვს, შესანიშნავი მომწვანო-ოქროსფერი დაკრავს და ხანგრძლივი ცქრიალით ხასიათდება. სურნელებში ხილის ცოცხალი არომატის გარდა თაფლის ნამცხვრის ტონებიც ჩნდება. გემოზე რბილია და შესანიშნავი მისაყოლებელი იქნება ხილთან და მსუბუქ ტკბილეულთან, სუფლეებთან. ღვინის კლუბის მიერ მოწყობილ ცქრიალა ღვინოების დეგუსტაციაზე ამ ღვინომ მეორე ადგილი დაიკავა კატეგორიაში – ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინოები.

თეთრი მშრალი

კონდოლი, მწვანე-ქისი,
თელავის მარანი, 2010
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კლასიკური (ევროპული) ტიპის თეთრი ღვინოა, რაც კი ქართულ ბაზარზე გამოვიდა ბოლო ორი წლის მანძილზე. ამ ორი არომატული და ხალისიანი ჯიშის პროცენტული შეფარდება 50/50-ზეა, რის შედეგადაც საკმაოდ ეგზოტიკული და ხალისიანი ღვინო გამოვიდა. ჩალისფერია, თავიდან მოტკბო სურნელებს იგრძნობთ, რომელიც მალე ხილის ტონებში გადაიზრდება, სადაც ანანასი და ხილის ყვავილები გამოდის წინა პლანზე. ხალასი მჟავიანობით ხასიათდება და დაგემოვნებაც შედარებით დიდხანს გრძელდება. ეს ღვინო საუკეთესო აპერიტივი იქნება. გარდა ამისა, შეგიძლიათ მსუბუქ სალათებსაც მიაყოლოთ.

წინანდალი, თბილღვინო,
განსაკუთრებული მარაგი, 2010
კიდევ ერთი მოსავლის განსაკუთრებული მარაგის წინანდალია, რომელიც თბილღვინომ ჩამოასხა. რქაწითელი-მწვანეს ტრადიციული ნაზავია, ძალიან მკრთალი ჩალისფერი, დავარგებულია მუხაში. სურნელში პირველ რიგში ვანილის, გარგარის ჩირისა და კომშის ტონები ჩნდება. საკმაოდ დაბალანსებული ღვინოა, სადაც გემოს სირბილეს სასიამოვნო მჟავიანობა ერწყმის. ღვინო სუნელებში შემწვარ თევზთან იქნება კარგი.

თეთრი ნახევრადტკბილი

თეთრა, ბუგეული, 2007
რაჭული ადგილობრივი ჯიშიდან, წულუკიძის (რაჭული) თეთრადან დაყენებული ღვინოა. ნახევრადტკბილია, ძალიან გემრიელი, მსუსხავი მჟავიანობით. ცოცხალი სურნელები ახასიათებს, სადაც პირველ რიგში მწიფე თეთრი ხილი იკვეთება – ხილის ყვავილები, მსხალი, თეთრი თუთა, თეთრი ატამი. მკრთალი ჩალისფერი ღვინოა. აშკარად ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ნახევრადტკბილი თეთრი ღვინოა. აუცილებლად გაცივებული დალიეთ, მოუხდება ხილის სალათებს.

ტვიში, თელიანი ველი, 2009
ეს გახლავთ ლეჩხუმში, ტვიშის ზონაში მოყვანილი ცოლიკოურის ღვინო. ფერზე უფრო ოქროსფერი ეთქმის, ვიდრე ჩალისფერი, ძალიან სასიამოვნო სურნელებით ხასიათდება, სადაც ატმის, ლეღვისა და ანანასის ჩირის ტონები გამოირჩევა. რბილი, ხავერდოვანი ღვინოა, კარგი დაბოლოებით. ნახევრადტკბილი ღვინო ტვიში დალიეთ ცივად, მიაყოლეთ თაფლის ნამცხვრებს, ხილის ტორტებს, ხილს.

ქვევრის კახური

მწვანე, ხოხბის ცრემლები, 2010
უკვე მეორე წელია, ხოხბის ცრემლები კახური მწვანედან ქვევრის ღვინოს აყენებს და წლევანდელი, მგონი, უფრო მრავალფეროვანი ჩანს, ვიდრე 2009 წლისა. შარშანდელივით, ეს ღვინოც პირველად ახალი ღვინის ფესტივალზე გავსინჯეთ, მაისში, შემდეგ WINEXPO 2011-ზე, ივნისში, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით (როცა მცენარეულ სურნელებს მიყავდათ აღლუმი), მწვანედან დაყენებულ ამ ღვინოში გაცილებით მეტი ხილის ტონები ჩანს, მათ შორის – გარგარის ჩირის და თაფლის. ეს მწვანე კარგად დაძველებულ თუშურ ცხვრის ყველთანაა კარგი.

კახური, ბინეხი, 2009
რქაწითლიდან დაყენებული ძალიან მრავალშრიანი და ღრმა ღვინოა. სასიამოვნო მჟავიანობითაც ხასიათდება. იგი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კახური ღვინოა ქართულ ბაზარზე, პირველ რიგში, ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეხამებით, ასევე ტიპურობით. ხასიათდება გადამწიფებული მუშმალის, თეთრი ბლის, ლეღვისა და გარგარის მურაბის ნოტებით, ბოლოში ზაფრანაც კი ჩნდება. ეს ქარვისფერი ღვინო კლასიკურ კახურ კერძებთან იქნება კარგი.

წითელი მშრალი

ჩელთი, საფერავი, 2007
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საფერავია, რომელიც კი ბოლო წლებში გამისინჯავს. ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარე ჩელთის მიდამოებში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნიდანაა დაყენებული. ძალზე ცოცხალი ალუბლისფერით ხასიათდება, საკმაოდ სხეულიანი ღვინოა, სადაც პირველ რიგში ქლიავის ჩირსა და მაყვლის მურაბას გამოვყოფდი. დარბაისლური, ღრმა, სერიოზული ღვინოა, რომლის გემური სისავსის შეგრძნებაც ძალზე დიდხანს გრძელდება. ღვინო არაჩვეულებრივი ფინალით ხასიათდება. ჩელთმა ღვინის კლუბის მიერ გამართულ დახურულ დეგუსტაციაზე, რომელიც პრემიალურ საფერავებს მიეძღვნა, მეორე ადგილი დაიკავა.

საფერავი, ჯაყელები, 2008
ხაშმური საფერავი ჯაყელებს 2007 წელთან შედარებით, გაცილებით უფრო ხასიათიანი და ძლიერი გამოუვიდათ, სავსე ტანინებით, მუხის ძლიერი კვალით. ღვინის სურნელებში წამყვანი წიწაკის, კენკრისა და შავი ქლიავის ტონებია, ძლიერი მინერალური ფინალით. შინდისფერი ღვინოა, მუქი ჟოლოსფერი რკალით, ძალზე სქლად ისხმება და კედლებზეც დიდხანს რჩება საცეცები. გემოზე ერთმანეთს ერწყმის ახალი ღვინისთვის დამახასიათებელი სიხისტე და მუხა, რომელიც 2-3 წელიწადში უფრო დაიხვეწება და სიღრმეში გადაიზრდება. ღვინოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. მისაყოლებლად კი, რა თქმა უნდა, ნანადირევი და ყველაზე დელიკატური ხორციანი კერძები წავა.

წითელი ნახევრადტკბილი

ქინძმარაული, თელავის მარანი, 2009
ხანდახან ქინძმარაულს საფერავის ერთ-ერთი უმარტივესი მეგზურის როლიც კი შეუძლია იკისროს, იმდენად ცხადად ჩანს ხოლმე მასში ამ ჯიშის ძირითადი სურნელები. თელავის მარნის ქინძმარაული სწორედ ასეთია. ამ შინდისფერ ნახევრადტკბილ ღვინოში პირველად სწორედ ეფექტური სურნელები მიიქცევს ყურადღებას, სადაც მწიფე მაყვალსა და შავ ბალს ტკბილი სანელებლები ავსებს. კარგი სადესერტო ღვინოა. შესაძლოა, ტკბილ სოუსში მომზადებულ ხორცსაც მოუხდეს.

ხვანჭკარა, თბილღვინო, 2010
ეს ღვინოც ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებიდანაა დაყენებული. მკრთალი ლალისფერია, გამჭვირვალე, შესანიშნავი გარეგნობის. სურნელებში კოწახური და ჟოლოს ტონები იგრძნობა ცხადად. ზომიერი მჟავიანობა, სიტკბოსთან შერწყმული, ძალიან სასიამოვნო დასალევს ხდის. გემოც საკმაოდ დიდხანს გრძელდება.

 

კომენტარები