ტურიზმი

2012 წელი - კახეთის ტურისტული წელი

დღეს სასტუმროში „ჰოლიდაი ინ" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შიდა ტურიზმის განვითარებისათვის კახეთში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში, 2012 წლის განმავლობაში რიგი ღონისძიებები განხორციელდება. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში უკვე შეიქმნა კახეთის ტურისტული ბრენდი, მომზადდა ლოგო, სადაც ძირითადი აქცენტები ღვინის, კულტურულ და სათავგადასავლო ტურიზმზე გაკეთდება. ასევე შეიქმნა ახალი ვებ გვერდი - www.kakheti.travel - სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია როგორც ზოგადად რეგიონზე ასევე გაეცნოს განახლებულ ამბებს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეიქმნა გვერდები ფეისბუქზე: “აღმოაჩინე შენი კახეთი“ და „ტურიზმი თელავში“. გარდა ამისა, მომზადდა კახეთის ტურისტული გზამკვლევი და ახალი ტურისტული პროდუქტი „ღვინის გზა“.  

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მოხდება ტურისტულად მიმზიდველი ადგილების რეაბილიტაცია თელავში, ყვარელსა და თუშეთის სოფელ დართლოში. ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან და ღირშესანიშნაობებთან მოხდება ახალი ინფრასტრუქტურის აშენება, როგორიცაა ავტოსადგომი, საზოგადოებრივი სანიტარული კვანძი, სუვენირების მაღაზია და სხვა.

2011 წლის განმავლობაში კახეთში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ სულ 175 ათას 906 შეადგინა. ვიზიტორებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ლაგოდეხი (39.6 ათასი ვიზიტორი), სიღნაღი (38.3 ათასი ვიზიტორი) და თელავი (20.9 ათასი ვიზიტორი). 

კომენტარები