ევროსაბჭო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს შესახებ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი ჟან-კლოდ მინიონი თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გაყინული კონფლიქტების მოგვარებას ასახელებს. ამის შესახებ ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მინიონის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც მას 6-პუნქტიანი შეთანხმებით დაეკისრა.

"ეს ძალიან რთული საკითხია. რა უძღოდა ამ კონფლიქტებს წინ ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ყოფნისას შევიტყვე. როდესაც ევროკავშირს საფრანგეთი ხელმძღვანელობდა, ნიკოლა სარკოზი შეძლებისდაგვარად აკეთებდა ყველაფერს, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის გზა ეპოვა“, - გაცხადა მინიონმა პრესკონფერენციაზე.

ფრანგი პოლიტიკოსი ჟან-კლოდ მინიონი გასული წლის ოქტომბერში საქართველოსაც სტუმრობდა. მაშინ იგი უშუალოდ საოკუპაციო საზღვართან და იქ არსებულ მდგომარეობასაც ადგილზე გაეცნო.

„მე ვიმყოფებოდი სამხრეთ ოსეთსა და აფახაზეთში და მივხვდი: ჩვენს რუს კოლეგებთან ერთად უნდა დავიწყოთ მსჯელობა, რომ გამოსავალი ვიპოვოთ ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, დიალოგის მეშვეობით ეს შესაძლებელია. მე ასევე ვიმყოფებოდი საოკუპაციო საზღვართან სამხრეთ ოსეთში და იქ ისეთი რამ ვნახე, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ამიტომაც უნდა ვესაუბროთ რუს კოლეგებს, რომ შეასრულონ ნიკოლა სარკოზის თაოსნობით გაფორმებული შეთანხმება. რუსეთის მიმართ იგივე მოთხოვნები აქვს ევროსაბჭოსაც. ამიტომ მიმაჩნია, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის გზები აუცილებლად უნდა გამოვნახოთ," - აცხადებს პრეზიდენტი.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ისაუბრებს. როგორც გრიგოლ ვაშაძემ სტრასბურგში "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს განუცხადა, იგი ასევე წარადგენს საკუთარ მოსაზრებებს იმ ამოცანების და გამოწვევების დასაძლევად, რომელიც ევროსაბჭოს წინაშე დგას.

"ვისაუბრებ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, რეფორმებზე, რომელიც ტარდება ევროსაბჭოს ეგიდით და რომელშიც ჩართულია საქართველო", - განაცხადა ვაშაძემ.

მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტსაც შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება და კითხვა-პასუხი თბილისის დროით 16:00 საათზე დასრულდება. დღესვე, ევროსაბჭოს ტრიბუნიდან დეპუტატებს ფინეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიმართავენ.

 

კომენტარები