მოდა

გიორგი ბეჟანიშვილის ევრაზიული ეკლექტიკა

წითელი და ფირუზისფერი მოსასხამები ჩოხის მოტივებზე, ყანწი სამკაულები ბოსხით შთაგონებულ კოლექციაში და თავად კოლექცია –კეთილხმოვანი ქართული სახელწოდებით ODA – ევროპული მოდის სამყაროს ახალი ეგზოტიკური აღმოჩენა, 23 წლის გიორგი ბეჟანიშვილი საერთაშორისო პრესისთვის „ვენური მოდის ახალი „enfant terrible” (Notorious Magazine) და „საგანძური თბილისიდან” (Der Standard) გახდა.

მისი სადიპლომო კოლექცია ODA – იმპროვიზაცია ქართული ეროვნული სამოსის თემაზე – Austrian Fashion Award 2011-ის გამარჯვებული გახდა. გიორგი კი პირველი უცხოელი სტუდენტია, რომელსაც ავსტრიის კულტურის სამინისტრო ერთწლიან პრაქტიკას მსოფლიოს ნებისმიერ მოდის სახლში დაუფინანსებს. დიზაინერის ჯილდოები მესამე კურსზე, შვეიცარიული ტექსტილისა და ვენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერული მაღაზიის, SONG-ის პრიზებით იწყება. ამას მეოთხე კურსზე PENG!-ის (ავსტრიული ჟურნალი მოდისა და ფოტოგრაფიის შესახებ) რედაქციის პრიზი ემატება: მისი კოლექციის ფოტოებს 35 გვერდი დაუთმეს, რის შემდეგაც ბერლინში ნამუშევრების საჩვენებლად მიიწვიეს. თებერვალში ბეჟანიშვილის ზაფხულის კოლექცია იტალიურ VOGUE-შიც დაიბეჭდა.

დასაწყისში მხოლოდ მამაკაცის კოლექციებზე მუშაობდა. 2009 წლიდან უკვე ქალის სამოსსაც ქმნის და ავსტრიელ დიზაინერ, ფრანცისკა ფიურპასთან ერთად, ლეიბლ Femme Maison-ს აარსებს. მათი კოლექციის ჩვენება გუგენჰაიმის მუზეუმშიც მოეწყო – როდესაც ბილბაოს მოდის კვირეულის ფინალში გავიდნენ. თუმცა მამაკაცის ხაზს, კვლავაც საკუთარი სახელით ქმნის.

როგორ გაჩნდა ODA?

სადიპლომო კოლექცია ჩემს სავიზიტო ბარათად უნდა ქცეულიყო. ცოტა ხნით ადრე, თბილისში ვიყავი და ეროვნული სამოსი დავათვალიერე. ვეცადე, კოლექციაში ეთნიკური ხაზი მაქსიმალურად მსუბუქად გამეტარებინა. ოდა – ძირძველი ქართული სიტყვაა, თუმცა უცხოელისათვის ადვილი გამოსათქმელია და არც ზედმეტად ფოლკლორულად ჟღერს. ქართული მოტივები ჩემს ნამუშევრებში მუდამ იგრძნობოდა, თუმცა ODA იყო იმ ერთგვარი ნოსტალგიისა და მოგონებების ანარეკლი, რომლებსაც ჩემში საქართველო იწვევს. აქსესუარები კოლექციების განუყოფელი ნაწილია – კომპოზიციას კრავს. ODA-სთვისაც საკმაოდ ბევრი აქსესუარი შევქმენი – ოქროს სამაჯურები და ქამრები. ჩავთვალე, რომ ამ კოლექციას აღმოსავლური დეტალები კარგად მოერგებოდა. საერთოდაც, ჩემი უპირატესობა სწორედ კომბინაციებია – იმდენად გამჯდარი მაქვს ორივე კულტურა, რომ კოლექციებში მათი სინთეზი უკვე გაუცნობიერებლადაც კი ხდება. ალბათ, სწორედ ამით ვარ საინტერესო საერთაშორისო პრესისთვის.

რა შეიცვლება სამინისტროს სტიპენდიის შემდეგ?

მიღებული სტიპენდიით მოვეწყობი პრაქტიკანტად რომელიმე დიდ სახლში, არჩევანში თავისუფალი ვარ. ნიუ იორკზე ვფიქრობ, არ იქნება ცუდი, თუ ჩემს ევრაზიულ ეკლექტიკაში ამერიკანიზაციაც შემოვა. ალბათ, კიდევ უფრო ექსტრემალურს გამხდის. ამერიკაში წასვლით, კიდევ ერთი ვაკუუმის ამოვსება მსურს. თუმცა ვენის სამუდამოდ დატოვებას არ ვგეგმავ, ფრანცისკა და Femme Maison აქ რჩებიან. თანაც, აქაურობა წარმოუდგენლად კომფორტულია სამუშაოდ – შედი თუნდაც ხელოვნების ისტორიის მუზეუმში და 2400 კოლექციით გამოხვალ! სასწავლებლად საუკეთესო ქალაქია – მთელი ეს ურბანული ხმაური სადღაც ქრება. თერაპიასავითაა – კოლექციები სამყაროს ჩემებური აღქმისა და რეაგირების ანარეკლია.

იყო პერიოდი, როდესაც 24 საათი დევენდრა ბანჰარტის მუსიკას ვუსმენდი და კოლექციაც მას მივუძღვენი. ბოლოს შევხვდი კიდეც, მას ჩემი სამოსიც აქვს. შემდეგ იყო ბოსხი – მისი ნამუშევრები მუზეუმში ვნახე და იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ შემდეგი კოლექცია სწორედ ამ თემაზე შევქმენი. ბოლოს კი გაჩნდა ODA. საერთოდ, მუზების ეპოქა ნამდვილად დასრულდა – აღარავინ ქმნის ერთი ქალისთვის; მაქსიმუმ, შეიქმნას კოლექცია ქალის გარკვეული ტიპაჟისთვის. მაგრამ მუდბორდის კეთებისას, ცხადია, ტვინში ვიღაც კონკრეტული აუცილებლად გიტრიალებს.

საქართველოსთან ახლა რაიმე კავშირი თუ გაქვს?

ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ მე დაბრუნებას არ ვგეგმავ. თუკი ოდესმე დიდ წარმატებას მივაღწევ, აუცილებლად დავეხმარები დამწყებ ქართველ დიზაინერებს – ეს თანადგომა მე ძალიან მაკლდა. მოდის სწავლა შეუძლებელია – ამით უნდა ცოცხლობდე. ერთწლიანი სიკვდილის შემდეგ – კოლექციაზე მუშაობა სწორედაც სიკვდილია – მეორე დღეს, კვლავ მოდის კეთება რომ გინდა, ეს უკვე დიაგნოზია. ამ მხრივ, მე ნამდვილად ავად ვარ.

როგორც უცხოელს, უნივერსიტეტში ათჯერ მეტი მუშაობა მჭირდებოდა, თუმცა სწორედ ეს სტრესი გახდა ჩემთვის ბიძგი. მიხარია, რომ შრომა ნელ-ნელა მიფასდება. საქართველოში მოდას რატომღაც გართობად აღიქვამენ. არ შეიძლება, არსებობდეს მოდის ოთხი კვირეული... უნდა იყოს ერთი, მკაცრი სელექციით, მაგრამ ხარისხიანი.

აქ რომ ჩამოვედი, პირველი ორი წელი მხოლოდ ჟურნალებს ვათვალიერებდი – რომ მენახა, რა გამოვტოვე. ყველაფერი ვერ გეცოდინება, მაგრამ ამ პროფესიაში დროსთან ფეხის აწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში კი ამ მხრივ ინფორმაციული ვაკუუმია. სამწუხაროდ, არ არსებობს პიროვნება, ვინც ქართველ დიზაინერებს სწორ გზაზე დააყენებდა.

როგორი მოდა არ მოსწონს გიორგი ბეჟანიშვილს?

არ მომწონს, როდესაც მოდა ფუტურისტული ხდება. სანამ ადამიანს ორი ფეხი აქვს, შარვალი უნდა იყოს შარვალი.

დღეს, მსოფლიოს გემოვნება არის ლედი გაგა. ამიტომ რეალური მოდის აუდიტორია სულ უფრო ვიწროვდება. მსოფლიო სისტემაა ასეთი, მაგრამ არ მიყვარს, როდესაც ეს ყველაფერი მოდის ნაწილი ხდება. პროგრესის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ რაღაც უნდა რჩებოდეს უცვლელი. ამიტომაც მაინტერესებს ამერიკა – ვნახო ეს ყოველივე, მაგრამ ვიცი, ეს არ გახდება ჩემი. მარტივად რომ ვთქვა: Star Wars-ს მუდამ ალმოდოვარს ვამჯობინებ.

კომენტარები