ფოტოგრაფია

ფოტოჟურნალისტიკის Grande Dame

ამერიკელი ფოტოგრაფი ივ არნოლდი, 99 წლის ასაკში, ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

არნოლდი იმ თაობის ფოტოგრაფებს მიეკუთვნება, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფოტოჟურნალისტიკის „ოქროს ხანა” შექმნეს.

„თუკი ფოტოგრაფს საკუთარ აპარატურაზე მეტად ადამიანები აინტერესებს და თანაუგრძნობს მათ, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. მთავარი ინსტრუმენტი არა კამერა, არამედ სწორედ ფოტოგრაფია”, – ამბობდა მსოფლიოს დამოუკიდებელ ფოტოდოკუმენტალისტთა ყველაზე პრესტიჟული ასოციაციის, მაგნუმ ფოტოს ფოტოგრაფი ივ არნოლდი. მაგნუმი გასული საუკუნის პირველ ნახევარში, რობერტ კაპას, ანრი კარტიე-ბრესონის, დევიდ სეიმურისა და ჯორჯ როჯერის მიერ დაარსდა. არნოლდი ასოციაციასთან 1951 წლიდან თანამშრომლობდა, სრულუფლებიანი წევრი კი 1957 წელს გახდა. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი ქალი, რომელიც მაგნუმს შეუერთდა.

1949 წლიდან დღემდე, არნოლდის ობიექტივში ავღანეთის, ჩინეთისა თუ რუსეთის რიგითი მოსახლეებით დაწყებული, მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებითა და ჰოლივუდის ვარსკვლავებით დამთავრებული – სრულიად განსხვავებული ისტორიული ფაქტები თუ პიროვნებები ხვდებოდნენ.

სწორედ ის „თანაგრძნობა”, რომელსაც არნოლდი ფოტოგრაფისათვის ასე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, აძლევდა მას საშუალებას, მარლენ დიტრიხი, მერლინ მონრო, ჯოან კროუფორდი, ამერიკელი სენატორი, მონღოლი მწყემსი თუ რიგითი საბჭოელი კარტოფილის გამყიდველი – ერთი სიტყვით, ნებისმიერი, ვინც მის ობიექტივში მოხვდებოდა, თანაბარი ინტერესით წარმოეჩინა.

განსხვავებით მრავალი ფოტოდოკუმენტალისტისგან, რომელთათვისაც მუშაობის მთავარი პრინციპი უჩინმაჩინად „ქცევა”, ანუ გადასაღები ობიექტისათვის სრულიად შეუმჩნევლად დარჩენაა, არნოლდი არასოდეს იმალებოდა საკუთარი კამერის უკან – პირიქით, მის ნამუშევრებში ფოტოგრაფსა და რესპონდენტს შორის მუდმივი ინტერაქცია მიმდინარეობს.

ივ კოენი 1912 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიაში, უკრაინელი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით – რუსი) ებრაელი

ემიგრანტის ოჯახში დაიბადა. 28 წლის ასაკში პენსილვანიელი რაბინის ქალიშვილი, დოქტორის წოდების მიღების მიზნით, ნიუ იორკში წავიდა. „ეს არის ქალაქი, სადაც ბიჭები არიან!” – განაცხადა მან მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში. სწორედ მისმა ნიუ იორკელმა მეგობარმა ბიჭმა აჩუქა ფოტოკამერა. ივი ფოტოგრაფიამ იმდენად გაიტაცა, რომ მალევე New School for Social Research-ში, ფოტოგრაფიის ფაკულტეტზე, ჟურნალ Harper Bazaar’s-ის არტდირექტორთან, ალექსეი ბროდოვიჩთან ჩააბარა.

როდესაც ბროდოვიჩმა სტუდენტებს fashion-სერიის გაკეთება დაავალა, ივმა არატრადიციულ გზას მიმართა: მას საკუთარი ძიძის მონათხრობი გაახსენდა და დავალების შესასრულებლად ჰარლემს მიაშურა, სადაც მოდის ჩვენებები ეკლესიებსა და ბარებში იმართებოდა. მოგვიანებით, ბროდოვიჩის რჩევით, არნოლდი კვლავ დაბრუნდა ჰარლემში უფრო ვრცელი პორტფოლიოს გასაკეთებლად. მისი პირველი სერიოზული წარმატებაც სწორედ ეს სერია აღმოჩნდა, რომელიც ბრიტანულმა ჟურნალმა Picture Post-მა შეიძინა.

1948 წელს ივ კოენი ცოლად ინდუსტრიულ დიზაინერს, არნოლდ არნოლდს გაჰყვა და მისგან ვაჟიშვილი, ფრენკი შეეძინა. 1961 წლიდან ოჯახი შტატებიდან საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა, სადაც არნოლდი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიის მთავარი გმირი ჰოლივუდის ვარსკვლავი მერლინ მონრო გახდა. „მერლინმა ჩემი გადაღებული მარლენ დიტრიხის ფოტოები ნახა და მკითხა, შევძლებდი თუ არა იმავეს მასთან ერთად გაკეთებას. ის მითი, რომ მერლინს მუშაობა მამაკაც ფოტოგრაფებთან ერჩივნა, სინამდვილეს ნაკლებად შეესაბამება. მისთვის მთავარი იყო, რომ ზოგადად კამერა აკვირდებოდა”.

იმ 40 ჰოლივუდურ ფილმს შორის, რომლის გადაღებებიც არნოლდმა სხვადასხვა დროს ფირზე აღბეჭდა (არამხოლოდ მერლინ მონროს მონაწილეობით), მონროს უკანასკნელი ნამუშევარიც – The Misfits – შედის.

დანარჩენ ჰოლივუდელებთან ერთად, არნოლდის ობიექტივში ჯოან კროუფორდიც მოხვდა. როგორც არნოლდი მოგვიანებით იხსენებდა, ჯოან კროუფორდი გადაღებაზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, მას ტუჩებში აკოცა, გაშიშვლდა და გადასაღებად მოემზადა.

მეორე დღეს, კროუფორდმა ფოტოგრაფისგან უკლებლივ ყველა ნეგატივი მიიღო – დასტურად იმისა, რომ მისი სიმთვრალით სარგებლობას არავინ აპირებდა და შიშველი ვარსკვლავის ფოტოებიც, შესაბამისად, არსად დაიბეჭდებოდა. არნოლდის თქმით, მისი თვითმიზანი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება არასოდეს ყოფილა – არც კროუფორდის და არც ნებისმიერი სხვა ობიექტის შემთხვევაში. მადლობის ნიშნად, ჯოან კროუფორდმა არნოლდს მისი ცხოვრების ერთი დღის ამსახველი რეპორტაჟის გაკეთების ნება დართო. სერია, რომელიც ხანში შესული ვარსკვლავის კადრსმიღმა, ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავდა, ჟურნალმა LIFE-მა გამოაქვეყნა.

ფაქტი, რომ არნოლდის ჰოლივუდური ნამუშევრები ზოგ შემთხვევაში მის პოლიტიკურ თუ სოციალურ სერიებს ჩრდილავდა, ხშირად ნერვებსაც კი უშლიდა: „ღმერთო, ნუთუ მხოლოდ ამით უნდა მიცნობდეს ხალხი? არადა საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური რეპორტაჟები მაქვს გაკეთებული ავღანეთში, ჩინეთსა თუ რუსეთში!” – აღნიშნა არნოლდმა 1997 წელს, მონროს სერიისადმი მიძღვნილი გამოფენისას ჩაწერილ ერთ-ერთ ინტერვიუში.

სწორედ ივ არნოლდს ეკუთვნის ცნობილი სერია სენატორ ჯოზეფ რ. მაკკარტის მიერ ეჭვმიტანილი კომუნისტების დევნის შესახებ (1954). „ფოტოგრაფი მუდამ დგას ცდუნების წინაშე, რომ ობიექტი განსხვავებული, ჯერ კიდევ უცნობი კუთხით წარმოაჩინოს. ხშირად, ჩემს ძირითად მიზანს ადამიანების ჭეშმარიტი სახის ჩვენება წარმოადგენს – როგორც, მაგალითად, ეს მაკკარტის შემთხვევაში გავაკეთე, რომლის კისერზეც მრავალი ადამიანის ცხოვრების დანგრევაა”.

1979 წელს, ვიზისათვის 10-წლიანი ლოდინის შემდეგ, ივ არნოლდი ორჯერ ეწვია ჩინეთს, სადაც ყოველდღიური კომუნისტური ყოფით დაწყებული, მონღოლი მწყემსებით დამთავრებული – აქამდე უცნობი ჩინეთი აღბეჭდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენაც ამ სერიას მიეძღვნა.

„პოლიტიკა და ცხოვრება ჩემთვის განუყოფელია. საბოლოო ჯამში, ყველანი პოლიტიკური აგენტები ვართ. როგორ წარმოგიდგენიათ, გაემიჯნოთ სისტემას, რომელშიც ცხოვრობთ?” – განუცხადა არნოლდმა ბრიტანულ The Independent-ს 1997 წელს მიცემულ ინტერვიუში.

ფოტოგრაფი, რომლის ობიექტივმაც ნახევარსაუკუნოვანი ისტორია შტატებიდან ჩინეთამდე, ბაზრის გამყიდველიდან კინოვარსკვლავსა თუ სენატორამდე, აღბეჭდა და რომელიც ფოტოგრაფიას, პირველ რიგში, ფოტოგრაფსა და ობიექტს შორის ურთიერთობად აღიქვამდა, თავის საქმიანობას მაინც ძალადობის ერთგვარ აქტს უწოდებდა – „გვინდა თუ არა, ფოტოგრაფია რაიმეს დაუფლება, გნებავთ, დაპყრობაა. ერთხელ ინდიელებმა კამერა წამართვეს, რადგან, მათი თქმით, მე მათი სული აღვბეჭდე”.

ფოტოჟურნალისტიკის Grande Dame (როგორც მას პრესამ შეარქვა) სიცოცხლეში მრავალი ჯილდოს (მათ შორის: ამერიკის პრესის ფოტოგრაფთა საზოგადოების პრიზი ცხოვრებისეული მიღწევებისთვის და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ფოტოგრაფიაში – ნიუ იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრისგან) მფლობელი გახდა, გამოსცა 12 წიგნი და მოაწყო 5 პერსონალური გამოფენა.

საკუთარ ოჯახის წევრებს კი თითქმის არასოდეს იღებდა, არგუმენტით: „რთულია, გადაიღო ის, ვინც გიყვარს”.

 

კომენტარები