რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ვარდების რევოლუციიდან აგვისტოს ომამდე

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების არასრული ქრონოლოგია

-2004

8 დეკემბერი

• პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბურჯანაძემ მხარი დაუჭირა რუსეთთან ჩარჩო-ხელშეკრულების ხელმოწერას და პრეზიდენტი პუტინი საქართველოში მოიწვია.

• რუსეთმა აჭარასთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, გამარტივებული სავიზო რეჟიმი დააწესა.

25 დეკემბერი

• ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა და ორმხრივ ურთიერთობებში გარღვევის შესახებ განაცხადა.
 

10 თებერვალი

• პრეზიდენტი სააკაშვილი არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. მან რუსეთს „მეგობრობის ხელი გაუწოდა” და იქვე, ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. მოგვიანებით გაირკვა – პუტინმა სააკაშვილს უშიშროების მინისტრის პოსტზე ხაბურძანიას დატოვება სთხოვა. დაიგეგმა რუსეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი.

 

14 მარტი

• აჭარის ხელისუფლებამ სააკაშვილს ავტონომიურ რესპუბლიკაში შესვლის უფლება არ მისცა. რუსეთის საგარეო უწყებამ თბილისის მიერ „ძალის გამოყენების მცდელობა” დაგმო და „იარაღის ჟღარუნსა” და შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ცენტრს დააკისრა. სააკაშვილმა რუსეთს ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდა.

 

16 მარტი

• მოსკოვის მერი ლუჟკოვი აბაშიძის მხარდასაჭერად ბათუმში ჩავიდა.

 

2 მაისი

• აჭარის ხელისუფლების ბრძანებით, ადმინისტრაციულ საზღვრებზე მდებარე ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები ააფეთქეს. აჭარაში მასობრივი გამოსვლები დაიწყო.

 

3 მაისი

• საქართველოს უშიშროების სამინისტრომ აჭარაში უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის ხელმძღვანელობაში რუსი გენერალი ნეტკაჩოვი ამხილა.

 

6 მაისი

• ასლან აბაშიძე გადადგა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა იგი მოსკოვში წაიყვანა.

28-29 მაისი

• თბილისმა საქართველო-რუსეთის მასშტაბურ ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა.

 

31 მაისი

• ხელისუფლებამ ცხინვალთან ქართული საგუშაგოები გააძლიერა. მიზეზი – კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების მეთაურის მუქარა გახდა ქართული საგუშაგოების მისამართით, რომლებიც კონტრაბანდის აღკვეთას ემსახურებოდა.
 

11 ივნისი

• დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც ქვეყანაში კონტრაბანდის ყველაზე დიდი წყარო იყო. მის გამო ბიუჯეტი ყოველწლიურად 120 მილიონ ლარს ზარალობდა.

 

8 ივლისი

• სოფელ ვანათში ოსურმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს 50-მდე ქართველი პოლიციელი. ისინი ცხინვალის ცენტრში ტელეკამერების წინ მუხლებზე დააჩოქეს. რეგიონში ორმხრივ სროლებს მსხვერპლი მოჰყვა.

 

9 ივლისი

• რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს დაიცავს.

 

29 ივლისი

• საქართველომ ცალმხრივად გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
 

4 აგვისტო

• სააკაშვილმა რუსებს არ ურჩია აფხაზეთში დასასვენებლად ჩამოსვლა. მისი თქმით, აფხაზეთის წყლებში საქართველოს საზღვრის დამრღვევ გემებს ცეცხლს გაუხსნიდნენ. კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმის ნებისმიერ მცდელობას უპასუხებდნენ.

 

18 აგვისტო

• პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოში მისი ვიზიტი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე „უადგილო იქნებოდა”.

 

19 აგვისტო

• ქართულმა ძალებმა იერიში მიიტანეს და აიღეს თლიაყანას სტრატეგიული სიმაღლე. როკის გვირაბს რუსეთის შეიარაღებული ძალების მძიმე ტექნიკის კოლონა მიადგა. სააკაშვილის ბრძანებით, კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობოების გარდა, ყველა საპოლიციო ძალა გამოვიდა.

 

10 სექტემბერი

• რუსეთმა აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინა.

 

7 ოქტომბერი

• ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთ-საქართველოს თემაზე დებატები გაიმართა. ყველა დელეგაციამ, რუსულის გარდა, მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

23 დეკემბერი

• პრეზიდენტმა პუტინმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არსებული ვითარება კოსოვოში არსებულ სიტუაციას შეადარა.

 

30 დეკემბერი

• ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა საქართველოში ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო.
 

2 თებერვალი

• გორში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც სამი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცერი ბოიკო დააკავა. იგი რუსულ მხარეს გადასცეს.

2005

თებერვალი

• რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი თბილისში ჩამოვიდა. მან უარი განაცხადა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობაზე. მხარეები ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმების, რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის, კონფლიქტების მოგვარებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხების განხილვაზე შეთანხმდნენ.

 

10 მარტი

• პარლამენტმა მიიღო დადგენილება რუსული ბაზების შესახებ. თუ 15 მაისამდე ვერ შეთანხმდებოდნენ საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ, მათი გაყვანის ვადად 2006 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. გაყვანამდე ამოქმედდებოდა სპეციალური რეჟიმი, რომელიც ვიზების გაცემის შეწყვეტას, საბიუჯეტო დავალიანების ამოღებას, რუსი სამხედროებისთვის გადაადგილებისა და კომუნიკაციების შეზღუდვას ითვალისწინებდა.

 

30 მაისი

• საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების 2008 წლის ბოლომდე გაყვანას ითვალისწინებდა.

 

11 ოქტომბერი

• პარლამენტმა მთავრობას კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გასაყვანად ზომების მიღება დაავალა.

 

7 დეკემბერი

• ეუთოს მინისტერიალზე ორგანიზაციის ყველა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმა, მხარი დაუჭირა ქართულ სამშვიდობო გეგმას. გეგმა ცხინვალის კონფლიქტის მოგვარებაში აშშ-სა და ევროკავშირის ჩართვას, რეგიონის დემილიტარიზაციას და სტატუსზე მოლაპარაკებებს ითვალისწინებდა.

 

19 დეკემბერი

• რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალა.

 

28 დეკემბერი

• ენერგეტიკის მინისტრმა გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს გაზსადენის პრივატიზაციის შესაძლებლობას Газпром-ის მიერ.

2006

22 იანვარი

• ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენისა და ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქების შედეგად, საქართველოს რუსეთიდან გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა საბოტაჟი განახორციელა. კრემლმა თბილისის რეაქციას „ისტერიული” უწოდა. მოსკოვთან დაკავშირება 6-7 დღე ვერ მოხერხდა.

 

თებერვალი

• ცხინვალის მახლობლად, ქართველმა სამართალდამცავებმა ვიზის უქონლობის მიზეზით, სამი რუსი მშვიდობისმყოფელი დააკავეს. თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალებისთვის ვიზების აღება სავალდებულოა.

 

15 თებერვალი

• რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვითარება საქართველოში რუსი მშვიდობისმყოფელების გარშემო, „ყველა საზღვარს სცილდება”.

 

27 მარტი

• რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ონიშჩენკომ საქართველოდან და მოლდოვიდან ღვინის იმპორტი აკრძალა.

 

31 მარტი

• საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს რუსული სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ.

 

3 მაისი

• თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 2007 წელს ცხინვალში შეხვდება.

 

4 მაისი

• რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ონიშჩენკომ ქართული მინერალური წყლების – ბორჯომისა და ნაბეღლავის – იმპორტი აკრძალა.

 

13 ივნისი

• პუტინი და სააკაშვილი სანკტ-პეტერბურგში შეხვდნენ. მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ მკაცრი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს ლიდერმა რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიაში დაადანაშაულა.

8 ივლისი

• რუსეთმა რეკონსტრუქციის მიზნით ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტა.

 

22 ივლისი

• კოდორის ხეობის ყოფილმა რწმუნებულმა კვიციანმა ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ამბოხის ლიკვიდაცია რამდენიმე დღეში მოხერხდა. კრემლმა კოდორის ხეობაში ქართული შეიარაღებული ძალების შეყვანის გამო შეშფოთება გამოთქვა. კვიციანი ჯერ სოხუმში, შემდეგ კი მოსკოვში გაიქცა.

 

22 სექტემბერი

• გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ანექსიას ეწევა.

 

27 სექტემბერი

• შსს-მ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა საქართველოში მოქმედი ГРУ-ს ოთხი ოფიცერი და მათი თანამზრახველი 11 საქართველოს მოქალაქე. შსს-ს მტკიცებით, 2005 წლის 2 თებერვლის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ГРУ-ს ოფიცრის რუსეთისათვის ნებაყოფლობით გადაცემის მიუხედავად, საქართველოში რუსეთის ჯაშუშური ქსელი გააქტიურდა.

 

28 სექტემბერი

• რუსეთის საელჩომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული ვიზების გაცემა შეაჩერა. მოსკოვმა საქართველოდან ელჩი გაიწვია. დაიწყო დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია.

 

1 ოქტომბერი

• პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მიერ ოთხი რუსი ოფიცრის დაკავებას „სახელმწიფო ტერორიზმი” უწოდა.

 

2 ოქტომბერი

• დაკავებული რუსი ოფიცრები ეუთოს გადასცეს.

 

3 ოქტომბერი

• რუსეთმა საქართველოსთან საავიაციო, საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა.

 

6 ოქტომბერი

• რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის კამპანია დაიწყო – თბილისში პირველი 130 დეპორტირებული ჩამოვიდა. სულ 1 300 ქართველი გამოაძევეს. ორი მათგანი დეპორტაციის მოლოდინში გარდაიცვალა.

 

6 დეკემბერი

• რუსეთის დუმამ ორი განცხადება მიიღო, რომლებშიც ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ მოუწოდა.

 

22 იანვარი

• რუსეთის ელჩი კოვალენკო თბილისში დაბრუნდა.

 

31 იანვარი

• სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.

 

1 თებერვალი

• პუტინის თქმით, საქართველოში ელჩის დაბრუნება პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.

 

6 თებერვალი

• რუსეთის ელჩმა კოვალენკომ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს „დამოუკიდებელ, ნეიტრალურ და მეგობრულ სახელმწიფოდ” ხილვა სურს.

 

28 თებერვალი

• რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლი არ დაუშვებს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას – ამის შესახებ „მკაცრად გაფრთხილებულია” თბილისიც და მისი დასავლელი პარტნიორებიც.

 

12 მარტი

• კოდორის ხეობა დაიბომბა სამხედრო ვერტმფრენებისა და არტილერიის გამოყენებით. მოსკოვმა ინციდენტთან კავშირი უარყო. თუმცა, კრემლის განცხადებით, მომხდარი კოდორის ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფნის „კანონზომიერი შედეგია”. გაეროს გამოძიებამ დამნაშავე მხარე ვერ გამოავლინა.

 

9 ივნისი

• საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები სანკტ-პეტერბურგში შეხვდნენ. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს „უნდა ჰქონდეს რუსეთთან ყველაზე მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა”. მოსკოვი და თბილისი საქართველოსთვის დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე შეთანხმდნენ.

 

27 ივნისი

• რუსეთმა ქართულ მხარეს ახალქალაქის სამხედრო ბაზა გადასცა.

 

29 ივნისი

• თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ჩარტერული ავიარეისები აღდგა.

 

19 ივლისი

• რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სასწავლო, საქმიანი, სამუშაო და სატრანზიტო ვიზების გაცემა განაახლა.

 

31 ივლისი

• რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები – კავკაზ-2007 – დაიწყო.

 

7 აგვისტო

• რუსეთიდან შემოფრენილმა სამხედრო თვითმფრინავმა გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან საბრძოლო რაკეტა ჩამოაგდო. კრემლმა ინციდენტთან კავშირი უარყო. საერთაშორისო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იერიში რუსულმა ავიაციამ განახორციელა.

 

20 სექტემბერი

• სვანეთში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე შეტაკება მოხდა საქართველოს შსს-ს სპეცრაზმსა და აფხაზურ დაჯგუფებას შორის. მოკლულია რუსული წარმომავლობის ორი ოფიცერი, შვიდი აფხაზი დაკავებულია.

 

30 ოქტომბერი

• განმუხურის პატრიოტულ ბანაკთან რუსი მშვიდობისმყოფელები თავს დაესხნენ ქართველ პოლიციელებს და სასტიკად სცემეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა, აფხაზეთში რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურს, ჩაბანს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

 

12 ნოემბერი

• სააკაშვილის განაცხადებით, ერთხელ პუტინი საქართველოში კვიპროსის სცენარის განმეორებით დაემუქრა.

 

15 ნოემბერი

• რუსეთმა ახალქალაქიდან და ბათუმიდან ბოლო სამხედრო ეშელონები გაიყვანა.

 

• რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას „აშკარა ფარსი” უწოდა.

2008

8 იანვარი

• მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ინაუგურაციაზე რუსეთის პრეზიდენტი მოიწვია და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა.

 

20 იანვარი

• სააკაშვილის ინაუგურაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი დაესწრო. ის პრეზიდენტს, პატრიარქსა და ოპოზიციას შეხვდა.

 

22 იანვარი

• საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად კომპრომისებისათვის მზადაა.

 

26 იანვარი

• სააკაშვილის თქმით, საქართველო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსი მშვიდობისმყოფელების „გაძევებას” არ აპირებს.

 

4 თებერვალი

• დაღესტანში ყოფნისას პრეზიდენტმა პუტინმა ამ რეგიონის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის იდეა გამოთქვა. მისი თქმით, გზაზე სამხედრო ტექნიკამ უნდა გაიაროს.

 

14 თებერვალი

• პუტინმა განაცხადა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევისათვის რუსეთს მომზადებული საპასუხო გეგმა გააჩნია.

 

17 თებერვალი

• კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სერბეთისგან გამოყოფილი რეგიონის დამოუკიდებლობა აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ ცნო.

 

21 თებერვალი

• პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინს შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინმა სააკაშვილს NATO-ში საქართველოს გაწევრიანების „შესაძლო შედეგები” განუმარტა. ორივე პრეზიდენტმა მდგომარეობის გამოსწორების იმედი გამოთქვა.

 

6 მარტი

• რუსეთი აფხაზეთის წინააღმდეგ დსთ-ს დაწესებული სანქციების რეჟიმიდან ოფიციალურად გამოვიდა. რეჟიმი, სხვა სანქციებთან ერთად, სოხუმისთვის შეიარაღების მიწოდების აკრძალვას ითვალისწინებდა.

 

25 მარტი

• თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარული ავიარეისები აღდგა.

 

28 მარტი

• სააკაშვილმა აფხაზეთს ფართო ფედერალიზმი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში წარმომადგენლობა შესთავაზა.

 

3 აპრილი

• NATO-ს სამიტზე ბუქარესტში ალიანსის წევრებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს საქართველოსა და უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების თაობაზე. სანაცვლოდ, NATO-ს წევრები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანა „გახდება NATO-ს წევრი”.

 

• პუტინმა წერილობით მიმართა სოხუმისა და ცხინვალის ლიდერებს. მან „გაიზიარა მათი შეშფოთება” საქართველოს NATO-ში შესაძლო გაწევრიანების გამო და მხარდაჭერა აღუთქვა. სააკაშვილმა პუტინის ნაბიჯს საშიში უწოდა.

 

9 აპრილი

• რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას.

 

16 აპრილი

• რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მთავრობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარება დაევალა.

 

18 აპრილი

• პუტინმა მთავრობას საქართველოსთან სავიზო შეზღუდვების გაუქმებისა და ქართული საქონლის რუსეთის ბაზარზე დაშვების მიზნით, მუშაობა დაავალა.

 

20 აპრილი

• ქართული უპილოტო საფრენი აპარატი აფხაზეთის თავზე რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ჩამოაგდო. გამოქვეყნდა ინციდენტის ვიდეოჩანაწერი. აპარატის ჩამოგდება საკუთარ თავზე აფხაზურმა მხარემ აიღო. გაეროს გამოძიებამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ თავდასხმა რუსულმა ავიაციამ განახორციელა.

 

21 აპრილი

• რუსეთმა საქართველოსთან საფოსტო კავშირი განაახლა.

 

29 აპრილი

• რუსეთმა აფხაზეთში „სამშვიდობო ძალების გასაძლიერებლად” მძიმე ტექნიკა და არტილერია შეიყვანა.

 

31 მაისი

• სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზის აღსადგენად აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარები შევიდნენ. საქართველოს საგარეო უწყებამ ფაქტი ინტერვენციისთვის მზადებად შეაფასა.

 

6 ივნისი

• საქართველოს პრეზიდენტი რუს კოლეგა მედვედევს შეხვდა. მედვედევის თქმით, რუსეთს და საქართველოს პრობლემების შუამავლების გარეშე გადაწყვეტა შეუძლიათ.

 

10 ივნისი

• სააკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა საქართველოში ტანკების შემოყვანას ემსახურება.

 

18 ივნისი

• ქართველმა სამართალდამცავებმა ზუგდიდში რუსი მშვიდობისმყოფელები დააკავეს. მათ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები გადაჰქონდათ.

 

27 ივნისი

• გაზეთი კომერსანტი აქვეყნებს საიდუმლო დოკუმენტის დეტალებს, რომელიც თბილისმა მოსკოვს წარუდგინა. საუბარია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმაზე. ეს მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა. გეგმა რუსული სამშვიდობო ძალების მდინარე კოდორთან გადაწევას, გალსა და ოჩამჩირეში ერთობლივი ადმინისტრაციების ჩამოყალიბებასა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ითვალისწინებდა. ნოემბერში, საპარლამენტო კომისიის წინაშე გამოსვლისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მედვედევთან შეხვედრის შემდეგ ამგვარი შეთავაზება მას წერილობით გაუგზავნა. თუმცა, რუსი კოლეგისგან უარი მიიღო.

 

3 ივლისი

• დიმიტრი სანაკოევის კორტეჟი ცხინვალის რეგიონში ნაღმზე აფეთქდა. დაშავდა სამი ქართველი პოლიციელი. რეგიონში მდგომარეობა იძაბება.

 

9 ივლისი

• NATO-ში რუსეთის წარმომადგენელმა როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს NATO-ს გაფართოებას „რუსეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული ინტერესების” ზონაში.

 

• თბილისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რაისი ეწვია. ამავე დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე ცხინვალის რეგიონში ორმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია.

 

10 ივლისი

• რუსეთის საგარეო უწყებამ აღიარა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული თვითმფრინავები რუსეთს ეკუთვნოდა. მოსკოვის განცხადებით, ამ აქციის მიზანი ქართული მხარის გაფრთხილება იყო. თბილისმა პროტესტის ნიშნად მოსკოვიდან ელჩი გაიწვია.

 

15 ივლისი

• ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს საზღვრებთან რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი წვრთნები – კავკასია-2008 – დაიწყო. ოფიციალური რუსული წყაროების ცნობით, წვრთნებზე კონფლიქტურ რეგიონებში „მშვიდობისათვის იძულების” ოპერაცია მუშავდებოდა.

 

19 ივლისი

• საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი ეწვია. მან სამშვიდობო, სამპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა: 1. შეთანხმებების გაფორმება ძალის გამოყენებაზე უარის თქმისა და დევნილთა დაბრუნების თაობაზე. 2. აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაცია. 3. აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა მოლაპარაკებების გზით. თბილისმა გეგმა მოიწონა, თუმცა ის სოხუმსა და მოსკოვში უარყვეს. აფხაზურმა მხარემ მოლაპარაკებების წინაპირობად კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანა დაასახელა. ლავროვის თქმით, დევნილების დაბრუნება აფხაზეთში ნაადრევია.

 

25 ივლისი

• სოხუმის რეჟიმის წარმომადგენლებმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრაიზასთან შეხვედრისას, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი განაცხადეს.

 

24 ივლისი

• რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზის აღდგენა ვადაზე ადრე დაასრულეს. გეგმის მიხედვით, სამუშაოები 6 აგვისტოს უნდა დაემთავრებინათ.

 

2 აგვისტო

• ცხინვალის რეგიონში ორმხრივი ცეცხლი გააქტიურდა. ცხინვალმა 6 დაღუპულის შესახებ განაცხადა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

 

აგვისტო

• ცხინვალში რუსეთიდან 300 მოხალისე ჩავიდა.

 

5 აგვისტო

• კონფლიქტის ზონაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ჩავიდნენ. მათ საკუთარი თვალით იხილეს დაბომბილი ქართული სოფლები.

 

6 აგვისტო

• ოსურმა ფორმირებებმა სოფლების, ავნევისა და ნულის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

 

7 აგვისტო

• ქართული სოფლების დაბომბვა გაგრძელდა. ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. რუსეთის საგანგებო წარმომადგენელი პოპოვი ცხინვალში „დაშვებული საბურავის” გამო ვერ ჩავიდა. ცხინვალმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. სააკაშვილმა ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტა ბრძანა. ოსურ ფორმირებებს ქართული სოფლების დაბომბვა არ შეუწყვეტიათ. საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა.

 

კომენტარები