2011

მთელი წლის ფოსტა

მისტერ ჯასტინმა 2011 უნდა გაიაროს. წელს ისაა ფოსტალიონი. წერილს, ამანათს ამ წლის ყველა პოპულარული სპორტსმენი, მათი დამქირავებელი მიიღებს.

დღეს 2011 წელს ვაჯამებთ. შედეგებით არა, გამორჩეულობით.

სლოგანმა – 2011, 11, 11 ვერ გაჭრა, არაპოპულარული იყო. 2011, 11, 11 მაინც აქტუალურია. ჯასტინმა ამ წლის 11 ტოპტიპს უნდა მიაკითხოს, წერილი ან ამანათი ხელიდან ხელში გადასცეს და დროშიც არ უნდა ჩაიწვას. ჯასტინი სტანდარტული ამერიკელი ფოსტალიონია – კარგი ტანი, პირი სულ გაპარსული აქვს, აფლიქშენის კეტები, როარის პერანგი, დიზელის შარვალი. კისერზე, მკერდზე, ოდნავ პერანგზეც ივ სენ ლორანი მიისხა. დეტროიტ თაიგერზის კეპს ეძებს. თაიგერზის კეპზე რონალდი გდია. რონალდი ჯასტინის ბულდოგია. ინგლისური ბულდოგი. ზარმაცი, ასთმიანი სტეიკი, რომელიც სულ დაღლილია. იძინებს და ძილშიც ვერ ისვენებს. ნაკეცებიანი ღიპი მარჯვნივ გამოაგდო, ზედა თათებით და თითებით კეპი უჭირავს და ხვრინავს. მაგრად ხვრინავს. ჯასტინმა კეპი ფრთხილად გამოაცალა, რონალდი მარცხნივ გადაგორდა, თავი საკუთარ ნერწყვში ჩადო, ესიამოვნა, დაამთქნარა. ჯასტინი მიდის და რონალდთან მისი მეზობელი, სექსუალური ხოსე დარჩება. მიჩიგანში ხოსე ერექციოლოგია. აქვს კერძო კლინიკა, კითხულობს ლექციებს. იმ, საინტერესო თემაზე.

ჯასტინმა თაიგერზის კეპი შარვალზე ჩამობერტყა. რონალდის სუნი ასდის. რონალდი ჯასტინის ძმაკაცია. რომ დაბრუნდება, დორბლიან კონგრესმენს რამე მაგარ ძვალს ჩამოუტანს. საფრანგეთში მაინც ჩასასვლელია და სუპერძვალს იქ, მარსელის ზოომარკეტში იშოვის. რონალდმა ეს დაიმსახურა. უგო ბოსის შარფსაც წამოუღებს. ჯასტინმა კადილაკს გადახედა. გოლფსტრიმის ფერის, დგას და უბანს აფასებს, ბევრკვირიანი მოგზაურობისთის ემზადება. ხოსემ ერთხელ უთხრა, შენი მანქანა 16 წლის ქალწულის ცრემლის ფერია და არა გოლფსტრიმისო. შეიძლება ასეც არის. ჯასტინს 16 წლის ქალწულები ქვითინის დროს ჯერ არ უნახავს. ჯასტინი დაიძრა. კადილაკ ფლიტვუდიც დაიძრა. ჯასტინთან ერთად.

პირველი ამანათი მისტერ სტერნმა უნდა მიიღოს. მისტერ სტერნი NBA-ს კომისარია. წელს NBA არ იქნება და ჯასტინი პისტონზის გასახდელში თავის ძმაკაცს, რიპ ჰამილტონს ვერ ჩააკითხავს. სტერნმა პროვინციულად ივაჭრა, რეგულარული ჩაშალა და დერონ უილიამსი სტამბოლში გაიქცა. ჯასტინს დევიდ სტერნის ბრიფინგები გაახსენდა. მამაკაცი კოსტიუმსა და ჰალსტუხში. არ უხდება. ჯასტინმა მისტერ სტერნის კარზე დააკაკუნა. დევიდმა გაუღო. საცვალში, მარცხენა ხელში ახალი ჰასტლერი ეჭირა. ჰასტლერი ასაკოვანი, დარბილებული ბიძიების საყვარელი ჟურნალია. პირველი წერილი მიმღებმა მიიღო. ჯასტინმა საკანცელარიო ჟურნალში ჩაიხედა. შემდეგი მისამართი მაიამია. ჯასტინმა ფლორიდაში ლებრონ ჯეიმსს, კრის ბოშს და დუეინ უეიდს უნდა ჩააკითხოს.

შეხვედრის ადგილი მაიამი ჰიტის ოფისია. „პატარა”, სამოცდაშვიდოთახიანი ოფისი. ჯასტინს წინა ფლეი-ოფი გაახსენდა. ჰიტის ბოსებმა ყველაფერი შეცვალეს. ხუთი წლის წინ, ბუნჩულა შაკთან ერთად ჩემპიონები გახდნენ. მერე შაკმა ჯანმრთელობის ტესტი ჩააგდო და კალათბურთში სამუდამო დისკვალიფიკაცია დაირტყა. შაკი წავიდა და ლებრონი მოიყვანეს. ლებრონისთვის, მოცეკვავე გოგონებს მთელ ტანზე დეკოლტე გაუკეთეს. ლებრონმა ვერჩაგდებული სამიანის ან კიდევ ერთი იდიოტური პასის მერე რომ გამოიხედოს, 20 წლის პემის მკერდის კონტურები დაინახოს და მოინდომოს. ლებრონი რეგულარულის პირველ სამ თვეში მეჯიქ ჯონსონია, რეგულარულის ბოლო სამ თვეში – ჯონ ჰავლიჩეკი. მერე მოდის ფლეი-ოფი და ლებრონი მარტო მოცეკვავე გოგონებს უყურებს. ავიწყდება, რომ კალათბურთით უნდა მოიგოს და კოკო ჯამბოზე დაკუნთული უკანალის ქნევას იწყებს. ლებრონის ამანათში ცნობილი ფსიქოლოგის, ლარი ბერდის რამდენიმე რჩევაა. იქვეა კრის ბოშამდე მისატანი SLAYER-ის Bloodline. ის დისკი სულ ვოქმენში უნდა ეგდოს და კალათბურთი ვოქმენით უნდა ითამაშოს. იმ მუსიკით მოიგებს, აგრესიის დოზას გაზრდის. დუეინ უეიდმა ამანათით მარიო პიუზოს გამოუქვეყნებელი რომანი მიიღო. ზოგადად გამოქვეყნებული და უეიდისთვის გამოუქვეყნებელი. უეიდი პოტენციური დონია. იმ რომანს თუ ჩაუჯდება, მაიამის დონი გახდება. ჯასტინმა წარმოიდგინა, ლებრონი გასახდელში დუეინს ხელზე რომ კოცნის. „ძაან მაგარია”, – გაიფიქრა ჯასტინმა. 7 ამანათი დარჩა.

ჯასტინს ვაშინგტონი არ მოსწონს და იქ მაინც უნდა ჩავიდეს. წერილი გაუპარსავმა ხულიგანმა, ახალი რუსების ახალმა სათამაშომ უნდა მიიღოს. ის ბიჭი რუსია და ამერიკაში ამერიკელებზე ამერიკელია. ჰყავდა ლამაზი მეგობარი გოგონა, ქართული სახელით, ნონა. უყვარს სერფინგი და თეთრ სახლში გაუპარსავი, დახეული ჯინსით, დიზელის “ბალეტკებით” მივიდა. ის რუსი ალექსანდრ ოვეჩკინია. ბოლო სეზონში ჰოკეის თამაში დაავიწყდა. ვაშინგტონის მერისგან ქალაქის გასაღები მიიღო. „მის ვაშინგტონისგან” სხვა გასაღები მიიღო. მონრეალის მეკარისგან მონრეალის კარის გასაღები ვერ მიიღო და ვაშინგტონი ფლეი-ოფის მეორე წრეში ზედმეტი გახდა. ვაშინგტონიც მაიამი ჰიტია. იქ ლებრონია ზედმეტი, აქ – ოვეჩკინი. ერთმანეთს იცნობენ და პატივს სცემენ. ოვეჩკინმა ჯასტინს ხელი ვერ ჩამოართვა, ორივე დაკავებული ჰქონდა. ერთში უჭირავს მიქსერი და მეორეში – მეორე მიქსერი. წერილი იღლიით აიღო, ჯასტინს თვალი ჩაუკრა და გაქრა.

ჯასტინმა ვაშინგტონში კიდევ ერთი ამანათი დატოვა. გილბერტ არენასის ამანათი, რომელზეც ეწერა: „დანიშნულების ადგილზე მიტანისთანავე გახსენით”. ჯასტინმა გახსნა. ამოიღო კონვერტი. გილბერტ არენასიც გაახსენდა. ეს ბიჭი შარშან ელესდეს დიეტაზე იჯდა, გასახდელში კოლტით დადიოდა და ბევრს ეწეოდა. გილბერტი მერე ფლორიდაში, ორლანდო მეჯიქში დუაიტ ჰოვარდთან გაუშვეს და ძირითადად, მაინც ვაშინგტონში ცხოვრობს. იქ ელესდე უფრო იაფია. თან, ძველ კლიენტებს დიდი დისქაუნთიც აქვთ. გილბერტ არენასს საფოსტო ყუთში დენის, გაზის და ტელეფონის ქვითრები დაუტოვა. ორ დღეში თუ არ გადაიხდის, ჩაუჭრიან. ჯასტინმა პირში კრეკერები ჩაიყარა. დაისვენა. პარიზშია ჩასასვლელი.

პარიზში როგორც კი ჩავიდა, ეგრევე ერთ სასტუმროს მიადგა, აიღო ოთახი, ორმაგი ბანანა სპლიტი შეუკვეთა. აბაზანიდან ამოვიდა, გაიმშრალა, ჩაიცვა. ვიღაცამ დააკაკუნა. ჯასტინი გადაღეღილი პერანგით აღებს კარს, იქ დამლაგებელია. გაცვეთილი ინგლისურით უხსნის, რომ რეცეფციის ნომერი ოთახის მომსახურების მენიუში შეცდომით წერია და თან ჯასტინის კრიალა მკერდს უყურებს. ჯასტინს შერცხვა და პერანგი ცერად შეიკრა. „მაპატიე, საყვარელო, მეჩქარება. თან, შენთვის ანაბარი არ მაქვს. სამწუხაროდ”, – გაიფიქრა ჯასტინმა და გოგონას შონ კონერის ღიმილით დაემშვიდობა. პარიზში ანაბარი ამელი მორეზმომ უნდა მიიღოს. ამელი ქალია. ძმაკაცობს კაცებთან. მორეზმომ რამდენიმე კვირის წინ თქვა, საფრანგეთის დევისის თასის ნაკრები (კაცების) ჩამაბარეთ, ეგრევე თასს ავიღებთო. ჯასტინს ხელი ჩამოართვა. ჯასტინი დაიბნა, საცურაო აუზს გადახედა. იქიდან ანარეკლები მოდიოდა. ამელიმ უკანალზე უჩქმიტა, ჯასტინი კინაღამ ატირდა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. ამელის ჯონ მაკენროიმ თავისი მინიშედევრი, როტმანსის კოლოფზე შავი მარკერით დახატული „შიშველი მაკი” გამოუგზავნა. ჯონიმ საკუთარი შედევრი შარშან, აუქციონზე გაიტანა და თვითონვე შეიძინა.

პარიზიდან კიდევ სამი ანაბარია მისატანი. ჯასტინმა იმ ტიპების სიას გადახედა. ცოტას დაისვენებს, აზრზე მოვა და ყველას ყველაფერს მიუტანს. ჯასტინი აბაზანაში ჩაწვა, მოცვის წვენი მოწრუპა, თვალები დახუჭა. გაახსენდა რიჩმონდის საერთო საცხოვრებელი. იქ, მესამე სართულზე ადიოდნენ და გოგოების აბანოში მობანავე სტუდენტებს უჭვრიტინებდნენ. გაეცინა. საკუთარ საქციელზე გაეცინა და წვენი მოსვა.

ჯასტინმა კიდევ სამი ამანათი დაარიგა. კაუნასში, არვიდას საბონისს ანდრეი კირილენკოსგან მელისალის ხუთი ბოთლი ჩაუტანა. საბონისმა ინფარქტი გადაიტანა. მერე ცსკამ კაუნასში ჟალგირისი მიტყეპა. კირილენკო ცსკაა. მელისალი ბალახებზე დამზადებული დამამშვიდებელია. საბონისი უკეთ გახდა. კიდევ ერთი ამანათი იანიკ ნოას ჩაუტანა. ნოა კარგი ჩოგბურთელი იყო. ნოამ ესპანელი სპორტსმენები დოპინგზე ზიანო, თქვა. ჯასტინმა იანიკი ტყის სიღრმეში, კოცონთან ნახა. რაფაელ ნადალთან და მიგელ ინდურაინთან ერთად მეტანდროსტენელონის ნახარშს სვამს, ფორმაშია. ჯასტინს გაეცინა. მეორე ამანათი იქვე, ნადალს დაუტოვა და ბოლო შეკვრას დახედა. წერილი. ლურჯ, ოდნავ დალაქავებულ კონვერტში.

ჯასტინმა კონვერტს ბოლო მოახია, წერილი ამოასრიალა, გაშალა. ბოლო ამანათი ჯასტინმა საკუთარ თავს ჩაუტანა. ბეისბოლისტი ჯასტინ ვერლანდერი სეზონის საუკეთესო პიტჩერი და MVP გახდა. ჯასტინი დეტროიტ თაიგერზის პიტჩერია. მაგარია, გაიფიქრა ჯასტინმა. და ინდურაინთან ერთად მეტანდროსტენელონის ნახარში მოიყუდა. თან შამფური ამოატრიალა. ნადალი ციკნის მწვადს წვავს. ჯასტინი დაიღალა. უნდა დაისვენოს. მალე ახალი სეზონი იწყება.

 

კომენტარები