JONATHAN SAFRAN FOER

ჯონათან საფრან ფორი

0 კომენტარი

'სიტყვებს არასდროს აქვთ ის მნიშვნელობა, რა მნიშვნელობაც ჩვენ გვინდა რომ მათ მივანიჭოთ' – ჯონათან საფრან ფორი

"ის გამხდარი და ცოტათი ფერმიხდილია, სერიოზული და ჩაფიქრებული სახე აქვს, ხანდახან ბავშვივით მორცხვია. როცა იღიმება, კიდევ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ზამთრის ამ ნაშუადღევს, ფორი მეტალის დასაკეც სკამზე იჯდა, ჯინსებში და საშინაო ფეხსაცმელებში გამოწყობილი, სათვალე ეკეთა და ხელები გულმკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული, ისე თითქოს რაღაცისგან თავის დაცვას ცდილობდა.| – დებორა სოლომონი 25.02.2005 (The New-York Times Magazine)

ჯონათან საფრან ფორი – 34 წლის ამერიკელი რომანისტი 1977 წელს, ვაშინგტონში დაიბადა. მისი პირველი ნოველა (Everything Is Illumunated–2002 წ.) გამოჩენისთანავე ბესტსელერი გახდა, ფორის ჰონორარმა დაახლოებით 500 000 ამერიკული დოლარი შეადგინა, რამაც ჯონათანი 30 წლამდე მწერლებს შორის, ერთ–ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად რომანისტად აქცია.

პრინსტონის უნივერსიტეტის პირველკურსელი ჯონათანი მწერალმა ჯოის კეროლ ოუტსმა შენიშნა. ოუტსმა დიდი ინტერესი გამოიჩინა ფორისადმი და სასარგებლო რჩევებიც მისცა მას. „ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დამაფიქრა, რომ უნდა მეცადა და სერიოზულად მომეკიდა ხელი მწერლობისთვის, ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა.“ 1999 წელს ფორმა ფილოსოფიის განხრით პრინსტონის უნივერსიტეტი დაამთავრა და გადაწყვიტა უკრაინაში გამგზავრებულიყო, რათა დისერტაცია დაესრულებინა. მისი დისერტაცია, საბოლოოდ ნოველაში გადაიზარდა. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა ჯონათან საფრან ფორის სადებიუტო წიგნი. „ერთი კვირა დამჭირდა პირველი წინადადების დასამთავრებლად - ჰყვებოდა მოგვიანებით „Houghton Mifflin Harcourt“–ისთვის მიცემულ ინტერვიუში - ხოლო იმავე თვეში 280 გვერდის დაწერა მოვახერხე. ჩემს გონებას უნდოდა ფიქრებში გადავარდნილიყო და უფრო თვალით დანახული სურათის, ვიდრე ფერებით წარმოდგენილი გამოსახულების მეშვეობით შეეთხზა, გამოეგონებინა. მაგრამ გამიჩნდა

კითხვა, ნუთუ ჰოლოკოსტი ის თემაა, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელია? რა არის ადამიანის პასუხისმგებლობა „ჭეშმარიტი“ ისტორიის წინაშე და რა არის ჭეშმარიტება? შეიძლება ისტორიული სიზუსტე წარმოდგენილი სიზუსტით შეიცვალოს? და თვალთახედვა გონების თვალთახედვით?“.

„Everything Is Illumunated“ ახალგაზრდა ამერიკელი ებრაელის მოგზაურობაზეა უკრაინაში, სადაც ის უცნობ ქალს ეძებს, რომელმაც ბაბუამისს სიცოცხლე შეუნარჩუნა, ნაცისტების მიერ ტრაჩიმბროდის (სოფ. უკრაინაში) ლიკვიდაციის დროს. ჯონათანის (მთავარი გმირი) თავგადასავლები მისი ასაკის უკრაინელთან, ალექსანდრ „ალექს“ პერჩოვთან ერთად იწყება. ალექსი აღფრთოვანებულია ამერიკული პოპ–კულტურით, რომელიც თავად შეერთებულ შტატებში პოპულარულობით აღარ სარგებლობს. მან ინგლისური უნივერსიტეტში ისწავლა, იმისდა მიუხედავად რომ მაინცდამაინც გამართულად ვერ საუბრობს, ალექსანდრი ჯონათანის თარჯიმანი ხდება. ალექსანდრი, მისი უცნაური „ბრმა“ ბაბუა (რომელიც მანქანას მართავს) და ძაღლი სემი დევის II უმცროსი, ჯონათანის თანამგზავრები ხდებიან.

ნაწარმოების რთულმა სტრუქტურულმა აგებულებამ და ფორის წერის განსაკუთრებულმა სტილმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ფორმა მრავალ სხვა ჯილდოსთან ერთად „National Jewish Book Award“ და „Guardian First Book Award“ მიიღო. წიგნი შეიძლება ითქვას , რომ ორი ნაწილისგან შედგება: პირველი – ჯონათანის მიერ მაღალი დონის ინგლისურით მონათხრობი და მეორე – ალექსის დამტვრეული ინგლისურით, ძალიან უბრალოდ და გულღიად მოყოლილი ტრაჩიმბროდის ძიების ისტორია. სხვათაშორის, ამ რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს 2005 წელს, სადაც ჯონათანს ცნობილი მსახიობი ელაიჯა ვუდი თამაშობს. ფილმის რეჟისორი კი, ლივ შრაიბერია.

ორშაბათს დილით 8 წლის ჯონათან ფორი ჩვეულებისამებრ სკოლაში წავიდა. დღე ქიმიის პროექტით დაიწყო, სადაც ცდას ატარებდნენ. ფორს მოსწყინდა და საჭირო ოთახში გასვლის ნებართვა აიღო - ცოტა დრო გავიყვანე, წყალი დავლიე რომელიც მაინცდამაინც არ მინდოდა და კლასში დავბრუნდიო. როდესაც ჯონათანი თავის მაგიდას უახლოვდებოდა, უცბად გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა, რაღაც აფეთქდა, ოთახი გაიბუღა, სიტუაცია აირ-დაირია, ბავშვების ყვირილი ისმოდა... რაღაც მომენტის შემდეგ ფორმა თავისი მეგობარი დაინახა დერეფანში, რომელიც კედელზე იყო მიკრული „ძნელი იყო შემეხედა მისი გასისხლიანებული სახისთვის, მაგრამ უფრო ძნელი იყო არ გამეხედა მისკენ, სათვალე ნაწილებად დაფშვნოდა, სახეზე კი კანი ჰქონდა აგლეჯილი.“ ოთხი ბავშვი დაშავდა აფეთქების შედეგად, ორი მძიმედ, ფორი კი შედარებით მსუბუქად. „ამის შემდეგ, რაღაც ნერვიული აშლილობის მაგვარი დამეწყო, რაც დაახლოებით სამი წელიწადი გაგრძელდა, სახლიდან იშვიათად გავდიოდი, სკოლაში ვერ დავდიოდი და ხალხის წინაშე ლაპარაკის ძლიერი, ინტენსიური შიში ჩამომიყალიბდა.“

ამ აფეთქებას ფორმა დროთა განმავლობაში სხვა თვალით შეხედა - ამ შემთხვევამ პიროვნებად ჩამომაყალიბაო. მისი მეორე ნოველა (Extremely Loud and Incredibly Close–2005), რომელიც ნახევრად ავტობიოგრაფიულია, ნაწილობრივ სწორედ აფეთქების შემდგომ პერიოდს ასახავს. წიგნის მთავარი გმირი 9 წლის ბიჭი ოსკარ შელია. ის ცნობისმოყვარეა, თავისი ასაკისთვის ინტელექტუალურად

საკმაოდ განვითარებული, პაციფისტი, ვეგეტარიანელი, ათეისტი, მეცნიერ–გამომგონებელი, „პერკუსიონისტი“, გატაცებულია ფრანგული ენით და საოცარი წარმოსახვის უნარი აქვს. ოსკარის მამა, ტომას შელი, როგორც შემდეგ ირკვევა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის დროს დაიღუპა (ნიუ–იორკის “ტყუპი თაუერები”).

„ლიტერატურული სამყაროს, შეიძლება ითქვას, სამწლიანი დუმილის შემდეგ ჯონათან საფრან ფორი ერთ–ერთი პირველი იყო, რომელმაც გაბედა და თავის მხატვრულ ნაწარმოებში ამერიკის ისტორიაში მომხდარი, ამ ყველაზე ტრაგიკული, ტერორისტული შეტევის მნიშვნელობა და შედეგი კონკრეტული პერსონაჟების მაგალითზე დაგვანახა.“– ედუარდ უაიეტი (The New-York Times Magazine)

“Extremely Loud and Incredibly Close” –ის მიხედვით ოსკარზე არაერთგზის ნომინირებულიმა სტივენ დოლდრიმ ფილმი გადაიღო (2011). მონაწილეობენ: ტომ ჰენკსი, სანდრა ბულოკი, ტომას ჰორნი, მაქს ფონ სიუდოვი, ჯეფრი რაითი, ჯეიმს განდოლფინი. ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართება, 2012 წელს, თებერვალში.

ფორი ისე ოსტატურად ახერხებს ორი პარალელური ისტორიის შეკავშირებას და სიუჟეტის განვითარებას, რომ გაკვირვებული და აღფრთოვანებული რჩები. სენტიმენტალიზმი კი, თავისებური და ნაკლებად გამაღიზიანებელია. სახასიათო პერსონაჟების და უაღრესად საინტერესო სიუჟეტთან ერთად საფრან ფორს გამოყენებული აქვს ისეთი არასტანდარტული და შეიძლება ითქვას ინოვაციური წერის მეთოდები, რომლებმაც შეუძლებელია უბრალო, თუნდაც ზერელე თვალის შევლებით გულგრილი დაგტოვოს. ასევე დიდ ყურადღებას იქცევს წიგნის უცნაური გაფორმება, მრავალფეროვანი და შეუსაბამო ფოტოები, სხვადასხვანაირი „შრიფტი“, წითლად გადახაზული ტექსტები, გადღაბნილი წერილები და კიდევ უამრავი სხვა “ფორისებურებანი”.

ამ მწერლის შემოქმედება მხოლოდ ბელეტრისტიკულ ნაწარმოებებს არ მოიცავს, მისი ერთ–ერთი ბოლო ნამუშევარი 2009 წელს გამოცემული წიგნი Eating Animals–ია, რომელიც ვეგეტერიანიზმზე, ცხოველებთან სასტიკ მოპყრობასა და იმ უპასუხისმგებლო საქციელზეა, რომლის შედეგადაც ისეთი ვირუსული დაავადებები ვითარდება, როგორიც H1N1–ა. „ჯონათან საფრან ფორის Eating Animals–მა ვეგეტერიანელად მაქცია“– აღნიშნა ნატალი პორტმანმა - ფორის სრულიად ეთიკური ბრალდება ცხოველების ჭამის წინააღმდეგ, თამამად გადადგმული ნაბიჯია, არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს არაპოპულარული თემაა, არამედ იმიტომაც, რომ ფორმა ამ ქმედების წინდაუხედაობაზე დაგვაფიქრა და ამ ქმედების არაჰუმანური მხარე ნათლად დაგვანახა.“

Tree of Codes ფორის ეს ბოლო წიგნი, რომელიც 2011 წელს გამოიცა, „ვიზუალური წერის“ გამოყენებით შექმნილი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია. Tree of Codes, პოლონელი მწერლის, ბრუნო შულცის The Street of Crocodiles- ის (1934) მიხედვითაა აგებული.

ფორმა სიტყვების და ასოების გადაადგილებით, ამოჭრა–ჩაწებებით სრულიად ახალი ნოველა შექმნა. საოცრად საინტერესო გაფორმების, ორიგინალური და განსხვავებული შინაარსიის მქონე ნამუშევრის გარდა, წიგნი თავსატეხებით და მინიშნებებით სავსე გამოცანაა.

საფრან ფორის შემოქმედება სრულიად სხვადასხვაგვარად შეუფასებიათ, ბევრი კრიტიკული წერილიც დაუწერიათ მასზე და მისი თხზულებებისთვის უფერულობის სახელიც დაურქმევიათ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჯონათან საფრან ფორი თანამედროვე ამერიკული მწერლობის შესამჩნევ, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და ეს თავისთავად ძალიან ბევრს ნიშნავს. ის ევროპული მწერლობით იყო შთაგონებული, მაგალითად მოდერნიზმის ისეთი წარმომადგენლებისგან, როგორებიც არიან ფრანც კაფკა, ჯეიმზ ჯოისი, ბრუნო შულცი... როგორც ხელოვნების კრიტიკოსმა, ჟურნალისტმა დებორა სოლომონმა თქვა თავის სტატიაში ფორზე – „ჯონათან საფრან ფორი „ევროპელი“ რომანისტია, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს“.

ამჟამად ჯონათან საფრან ფორი არის პროფესორი ნიუ–იორკის უნივერსიტეტში. თავის ცოლთან ნიკოლ კრაუსთან (ასევე მწერალი) და ორ შვილთან ერთად ბრუკლინში, ნიუ–იორკში ცხოვრობს და მუშაობს ახალ ნოველაზე.

„...რატომ ვწერ? არა იმიტომ რომ ჩემზე იფიქრონ ჭკვიანიაო და არც იმიტომ, რომ მინდა ეგონოთ, რომ კარგი მწერალი ვარ. ვწერ, რადგან მინდა ჩემს სიმარტოვეს თავი ავარიდო. წიგნები ადამიანს ნაკლებად მარტოსულს ხდის. ისინი გვაჩვენებენ, რომ ურთიერთობა, წიგნის მეშვეობით, შესაძლებელია მანძილის სიშორისდა მიუხედავად.“

 

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი მასხულია

კომენტარები