რელიგია

პატრიარქთა ვნებანი

აფხაზეთის ეპარქიაში, სადაც წლებია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარ იურისდიქციას ვერ ახორციელებს, აქამდე მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არაკანონიკურ მოქმედებებს ვხვდებოდით. რამდენიმე თვის წინ, საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, იქ ჯერ ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი პროკოპიოს პეტრიდისი გამოჩნდა, ხოლო ცოტა ხნის წინ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა, აფხაზეთის ერთ-ერთი სქიზმატური ჯგუფის სასულიერო პირები, სტამბოლში მიიღო.

ახსნა-განმარტების მოთხოვნის შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქომ ვიზიტის „არაოფიციალურ ხასიათზე” მიუთითა და შეხვედრა „ყოველი ქრისტიანის მოსმენის” ვალდებულებით ახსნა. კონსტანტინოპოლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციად აღიარებს. მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის პირველსაყდარმა იცოდა, ვის მასპინძლობდა საკუთარ რეზიდენციაში. ცხადი იყო, თუ რა მესიჯებს გაგზავნიდა აფხაზეთში მისი, „უპირატესი თანასწორთა შორის” სტატუსის მატარებელი პატრიარქის, შეხვედრა სქიზმატურ ჯგუფთან. აფხაზ სასულიერო პირებს, ამ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ კანონიკური საეკლესიო ცხოვრების გაგრძელების იმედი გაუჩნდათ. ამან, აღნიშნულ ტერიტორიაზე, უკვე დააზარალა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტერესები.

არქიმანდრიტმა დოროთე დბარმა აფხაზურ პრესას განუცხადა: „ჩვენ ჩავედით მსოფლიო პატრიარქის მიწვევით... შეხვედრაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თქვა, რომ ყველა მასალა, აფხაზეთის ეკლესიის საკითხის შესახებ, მათ მიიღეს და განიხილეს, საეკლესიო-სახალხო ყრილობის მიმართვაც – მათ შორის. მსოფლიო პატრიარქმა გვითხრა, რომ ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა აფხაზი ერისთვის შემდეგი: კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, როგორც დედა ეკლესია, ყველაფერს იღონებს ამ საკითხის გადასაჭრელად. და პირველი, რაც მოხდება – განიხილება ჩვენი საკითხი კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა სინოდზე”.

ტაბულა უკვე წერდა, რომ წინა წლის 15 მაისს, არქიმანდრიტ დოროთე დბარის მეთაურობით „საეროთა და სასულიეროთა ყრილობამ” ანაკოფიის მიტროპოლია დააარსა, რომლის მმართველადაც კრებამ დბარი დანიშნა. აღნიშნული მოვლენების შემდეგ, აფხაზეთში ორი დაპირისპირებული სასულიერო ჯგუფი გაჩნდა, რომელთაგან ერთს აფლიაა, ხოლო მეორეს დბარი ხელმძღვანელობს. რუსეთის ეკლესია სქიზმატებს შორის დავაში აფლიაას ანიჭებს უპირატესობას.

ორივე ჯგუფი აფხაზური ავტოკეფალიის მომხრეა. თუმცა დბარმა ზაფხულში დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო დაპირებით, რომ ის ბერძნებს აფხაზების მიერ 2009 წელს გამოცხადებული ავტოკეფალიის აღიარებას გამორჩებოდა. ამასთან, მან ღიად დაიწყო რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის კრიტიკა აფხაზეთში.

დბარის ყრილობის შემდეგ აფლიაას ჯგუფმა ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, პროკოპიოს პეტრიდისი აფხაზეთში ჩაიყვანა და „ანაკოფიის მიტროპოლიის” დაპირებების გაქარწყლებას შეეცადა. აფხაზ მრევლს, რომელიც დბარის ჯგუფს უჭერს მხარს, აჩვენეს, რომ ბერძნების მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. პროკოპიოს პეტრიდისი პრორუსული ორიენტაციის ელადელი მღვდელმთავარია და, ამდენად, რუსებს აფლიაას მხარდასაჭერად მისი ვიზიტის ორგანიზება არ გასჭირვებიათ. რუსეთი აფხაზურ საეკლესიო ცხოვრებას მთლიანად აკონტროლებს და მისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას მტკივნეულად აღიქვამს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ გაფრთხილებული ჰყავდათ მსოფლიო საპატრიარქო, რომ დბარსა და რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმოქმედება შეუჩერდათ. მათ, ისევე როგორც აფხაზ სასულიეროთა უმრავლესობას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან აქვთ ხელდასხმა მიღებული. ამის გათვალისწინებით, არავინ მოელოდა, რომ დბარი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან შეხვედრას შეძლებდა. თუმცა, კარგად ინფორმირებულმა კონსტანტინოპოლმა მაინც მიიღო რუსეთთან დაპირისპირებაში მყოფი აფხაზი სასულიერო პირები, რითაც მსოფლიო საპატრიარქო, აფხაზეთში ახალ საეკლესიო მოთამაშედ იქცა.

რატომ დასჭირდა კონსტანტინოპოლს აფხაზთა ერთ ჯგუფთან შეხვედრა? შესაძლოა, ეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. რუსებსა და ბერძნებს შორის დიდი ხანია საეკლესიო ომი მიმდინარეობს. თითქმის ყველა საკითხზე, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების იურისდიქციას ეხება, მათ განსხვავებული პოზიცია აქვთ. მაგალითად, კონსტანტინოპოლს კარგა ხანია სურს უკრაინის ავტოკეფალია აღიაროს. რუსეთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მართლმადიდებელი ეკლესიაა, მაგრამ თუ უკრაინას დაკარგავს, ის პოზიციებს მნიშვნელოვნად დათმობს. თავის მხრივ, კონსტანტინოპოლი არ აღიარებს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და იქ თავისი ეპარქია აქვს, რომელსაც რუსეთი არ ცნობს. არ არსებობს შეთანხმება ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზეც – კონსტანტინოპოლი მიიჩნევს, რომ ავტოკეფალიის მინიჭების პრივილეგია თავად აქვს – სხვათა შორის, სწორედ მან მისცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1990 წელს ავტოკეფალიის ტომოსი. ხოლო რუსები ამბობენ, რომ ეს პრივილეგია დედა ეკლესიას გააჩნია.

რუსულ-ბერძნულ ომში, საქართველოს ეკლესია თითქმის ყოველთვის რუსეთის საპატრიარქოს მხარეს დგება და კონსტანტინოპოლს უპირისპირდება. მაგალითად, ათწლეულებია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მსოფლიო კრების მოწვევას ცდილობს, სადაც ხსენებული საეკლესიო პრობლემების გადაჭრა სურს, თუმცა რუსეთის საპირისპირო პოზიციის გამო ეს ვერ ხერხდება – ამჯერად სტატუს კვო სწორედ რუსეთს აწყობს.

შარშან, მსოფლიო საპატრიარქომ სცადა უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიები შეეკრიბა და ამ „ახალი პენტარქიის” ფორმირებით მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში საკუთარი ხმისთვის წონა მიეცა. ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა, თავის რეზიდენციაში უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიების – ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის, ასევე კვიპროსის ეკლესიის დელეგაციები შეკრიბა. კრება რუსეთის ეკლესიისა და სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა გარეშე ჩატარდა.

კონსტანტინოპოლი მიიჩნევს, რომ, როგორც უპირატესი საპატრიარქო, უფლებამოსილია დამწყემსოს ყველა ის მართლმადიდებელი, რომელიც არ შედის სხვა ეკლესიის იურისდიქციაში. რუსეთის საპატრიარქო განსხვავებულად ფიქრობს და მოქმედებს – საკუთარ ეკლესიებს კონსტანტინოპოლის ნებართვის გარეშე აშენებს. იმ ტერიტორიებზეც კი, სადაც ბართლომეოსს თავისი ეპისკოპოსი ჰყავს დადგენილი.

რუსეთის პოზიციას ემთხვევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აზრი. კონსტანტინოპოლში ვიზიტის შემდეგ, შარშან, საქართველოს პატრიარქმა პრესას ასეთი განმარტება მისცა: „მსოფლიო პატრიარქმა შემოგვთავაზა, რომ ყველა ეკლესია, რომელიც არ შედის ამა თუ იმ ეკლესიის იურისდიქციაში, მსოფლიო პატრიარქს უნდა ექვემდებარებოდეს. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ თუ ასეთია მრევლის ნება, ის უნდა ექვემდებარებოდეს დედა ეკლესიას” – რითაც საქართველოს ეკლესიამ მოცემულ დავაში კვლავ რუსეთის ეკლესიის პოზიცია დაიკავა. ეს მხარდაჭერა მან რუსეთში პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილეზე მოსკოვის სატელიტ ეკლესიებთან სპეციალურ კომუნიკეზე ხელმოწერითაც დაადასტურა. ეს კომუნიკე „ახალი პენტარქიისა” და კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მსოფლიო საპატრიარქოსთვის თითოეული ეკლესიის პოზიციას რუსეთთან კონკურენციისას დიდი მნიშვნელობა აქვს. რომთან სქიზმის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქის სათავეში კონსტანტინოპოლი აღმოჩნდა. თუმცა ეს უპირატესობა, რუსეთის აზრით, მხოლოდ სიმბოლური უნდა იყოს და თან არ ახლდეს რეალური პრივილეგიები. ბუნებრივია, კონსტანტინოპოლი ამ აზრს ეწინააღმდეგება და საკუთარი პირველობის დემონსტრირებას ყველანაირად ცდილობს. მსოფლიო პატრიარქის მიერ რუსეთთან დაპირისპირებული აფხაზური სამღვდელოების საკუთარ კარზე მიღება, ამ ომისთვის ახალი ტერიტორიების ათვისებაა და უპირველესად სწორედ რუსებისთვის ახალი ფრონტის გახსნას ისახავს მიზნად. ამასთან, კონსტანტინოპოლი ხედავს, რომ საქართველოს ეკლესია რუსულ პოზიციებს დიდწილად აფხაზეთის დაკარგვის შიშით იკავებს, ამიტომ გადაწყვიტა სასწორზე საკუთარი სიმძიმე შეაგდოს. აფხაზი სქიზმატების მიღება მკაფიო გზავნილია საქართველოს ეკლესიისთვის: „არ დაგავიწყდეთ – 1990 წელს ჩვენ გიბოძეთ ავტოკეფალიის ტომოსი, გაღიარეთ და გცანით, ამიტომ ჩვენი გათვალისწინებაც მოგიწევთ”.

 

კომენტარები